Thumbnail

15 საინტერესო ფაქტი მერილინ მენსონის შესახებ

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

მერილინ მენსონი იმ არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საზოგადოების გაოცებას არასდროს წყვეტენ. ხმაურიანი ჰიტების გარდა, მუსიკოსი ეპატაჟური ქცევითა და თამამი განცხადებებითაც არის ცნობილი. გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრების შესახებ. 

15. არტისტის ნამდვილი სახელი და გვარი ბრაიან ჰიუ უორნერია

1969 წლის 5 იანვარს, ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში დაბადებულმა მუსიკოსმა ფსევდონიმი ამერიკული პოპ კულტურიდან აიღო. სახელი ცნობილ მსახიობსა და სექს სიმბოლოს, მერილინ მონროს უკავშირდება, გვარი კი შემზარავ სერიულ მკვლელს, ჩარლზ მენსონს.

14. მუსიკოსი ქრისტიანულ სკოლაში სწავლობდა

სკოლა, რომელშიც მერილინ მენსონი პირველიდან მეათე კლასამდე დადიოდა, მოსწავლეებს მუსიკის ზოგიერთი ჟანრისა და ცალკეული შემსრულებლების მოსმენას უკრძალავდა. მენსონი კი სწორედ იმ ალბომებს ყიდულობდა, რომელთა "მავნე ზეგავლენაზეც" სასწავლებელში აფრთხილებდნენ. მისი მძიმე მეტალით გატაცებაც ასე დაიწყო. 

13. სანამ როკ ვარსკვლავი გახდებოდა, მენსონი ჟურნალისტად მუშაობდა

მენსონი კოლეჯში ჟურნალისტიკას სწავლობდა. პარალელურად ის ფლორიდის შტატში გამომავალ ჟურნალში 25th Parallel მუშაობდა და ცნობილი მუსიკოსებისგან ინტერვიუებს იღებდა. ამავე პერიოდში შეიქმნა მისი პირველი ჯგუფიც სახელწოდებით Marilyn Manson and the Spooky Kids.

12. სანამ ცნობილი გახდებოდა, მენსონი ფოტოსესიებისთვის შიშველი პოზირებდა

მუსიკოსის შიშველი ფოტოები 1999 წელს გეი ჟურნალში Honcho გამოქვეყნდა. ისინი მენსონს 5 წლით ადრე კინორეჟისორმა რიჩარდ კერნმა გადაუღო. გამოცემის განცხადებით, სურათები არტისტის დაბადების დღის აღსანიშნავად გავრცელდა.

11. კოლუმბინის სკოლაში მომხდარი მკვლელობები მენსონის მუსიკის მავნე ზეგავლენას დაუკავშირეს

საზოგადოების ნაწილში გავრცელებული აზრით, თავდამსხმელები, რომლებიც 1999 წელს კოლორადოს შტატის ქალაქ კოლუმბინის სკოლაში შეიჭრნენ და 13 ადამიანი იმსხვერპლეს, მერილინ მენსონის ფანები იყვნენ. საბოლოოდ ეს ჭორი მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, თავად მუსიკოსის განცხადებით, ამ შემთხვევამ მის კარიერას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. 

10. სავაჭრო ქსელებმა მენსონის ალბომის Mechanical Animals გაყიდვაზე უარი თქვეს

სტუდიური ჩანაწერის ყდაზე გამოსახულმა მენსონის სახის მქონე შიშველმა ანდროგენმა უცხოპლანეტელმა "ვოლმარტის", "ქეი მარტისა" და "თარგეთის" გაღიზიანება გამოიწვია. კოლუმბინის ინციდენტის შემდეგ კი "ვოლმარტმა" გაყიდვიდან არტისტის სხვა ალბომებიც ამოიღო.

9. მერილინ მენსონს პირველი სიგარეტი მაკოლეი კალკინმა მოაწევინა

გაგიკვირდებათ, მაგრამ ფილმში Party Monster გადაღებამდე მერილინ მენსონს ერთი ღერიც კი არ ჰქონდა გასინჯული. მუსიკოსი მოწევას ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევად თვლიდა. როდესაც ერთ-ერთი სცენაში მენსონის პერსონაჟს თამბაქო უნდა გაებოლებინა, მუსიკოსს მის ცხოვრებაში პირველი სიგარეტის კოლოფი "მარტო სახლშის" ვარსკვლავმა მაკოლეი კალკინმა უყიდა. 

8. მერილინ მენსონი სამჯერ იყო დანიშნული

მუსიკოსი სხვადასხვა დროს მსახიობ როუზ მაკგოვანზე, მოდელ დიტა ფონ ტიზსა და მსახიობ ევან რეიჩელ ვუდზე იყო დანიშნული. მენსონი მხოლოდ დიტაზე დაქორწინდა, თუმცა, წყვილი ერთმანეთს დაოჯახებიდან ორ წელიწადში დაშორდა.

7. ჯონი დეპი და მერილინ მენსონი ახლო მეგობრები არიან

ექსცენტრიკულობით განთქმულ მეგობრებს ზურგსა და მაჯაზე ერთნაირი სვირინგებიც კი აქვთ, წარწერები No reason და Charles Baudelaire, the flower of evil, this giant skeleton thing. ჯონი დეპი მენსონის მუსიკალურ ვიდეოებშიც მონაწილეობს.

6. მენსონმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, რომელშიც ბაბუის სექსუალურ ფეტიშებზე ისაუბრა

1998 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "გრძელი, რთული გზა ჯოჯოხეთიდან" მუსიკოსმა დეტალურად აღწერა ბაბუის ზოოფილური და სადომაზოხისტური მისწრაფებები და აღნიშნა, რომ სწორედ ის გახდა მისი პირველი ბენდის შექმნის ინსპირაცია. იქვე მენსონმა ისიც გაამხილა, რომ სხეულზე თვითდაზიანებით გამოწვეული 450-ზე მეტი ნაიარევი აქვს.

5. მერილინ მენსონი სატანის ეკლესიის დამფუძნებლის, ანტონ ლავეის ფანია

1966 წელს შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ეკლესია არა ეშმაკის მსახურების, არამედ სკეპტიკოსი ათეისტების თავშესაფარია. სატანა კი მის სახელწოდებაში მხოლოდ ღირსების, ინდვიდუალიზმისა და განათლების სიმბოლოა. ლავეის გარდა, მუსიკოსის შეხედულებებზე დიდი გავლენა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ და ოკულტისტმა ალისტერ კროულიმ მოახდინეს.

4. ერთხელ მენსონმა სახეზე Fuck You დაიწერა

ავიარეისის მომლოდინე ცნობილი ადამიანები ხშირად ხდებიან პაპარაცების სამიზნე. ერთ მშვენიერ დღეს მენსონმა გადაწყვიტა აბეზარი ფოტოგრაფებისთვის ჭკუა ესწავლებინა და აეროპორტში წარწერიანი სახით გამოცხადდა. მუსიკოსის განმარტებით, უცენზურო სიტყვას კონკრეტული ადრესატი არ ჰყავდა და ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ პაპარაცებს მისი ფოტოები ვეღარ გაეყიდათ. 

3. მენსონის სხვადასხვა ფერის ლინზები დევიდ ბოუის თვალებითაა შთაგონებული

ლეგენდარულ მუსიკოსს, დევიდ ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა. მან მარცხენა თვალის გუგა 15 წლის ასაკში, მეგობართან ჩხუბის დროს დაიზიანა. მენსონი არ მალავს, რომ ფერად ლინზებს სწორედ ბოუის პატივსაცემად ატარებს. 

2. მენსონს სექსი მხოლოდ სიბნელეში აქვს და საცვალს არასდროს იხდის.

გამოცემა "როლინგ სტოუნთან" ინტერვიუში მუსიკოსმა განაცხადა, რომ ხანძრის ფობია აქვს და ეშინია, რომ სახლს მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდება, თვითონ კი ამ დროს სრულიად შიშველი იქნება. სწორედ ამიტომ ის საცვალს არასდროს იხდის. ამ სიტყვებს მენსონმა ისიც დაამატა, რომ საშინლად მორცხვია და ამიტომაც სექსის დროს სინათლეს ყოველთვის თიშავს. 

1. მერილინ მენსონს ძალიან უყვარს ვიდეოთამაშები

მუსიკოსს თავის პორტატული Nintendo DS ტურნეებშიც კი დააქვს და დროდადრო თამაშობს ხოლმე. მისი განსაკუთრებული სიყვარულით Mario Kart სარგებლობს. ცნობილია, რომ თამაშში Area 51 მენსონი ერთ-ერთ პერსონაჟს, ედგარს ახმოვანებს. ამის გარდა, მისი სიმღერები რამდენიმე ვიდეოთამაშის საუნდტრეკებადაც არის გამოყენებული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული