Thumbnail

5 ცნობილი მუსიკოსი, რომელმაც ზომბის როლი მოირგო

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ზომბების თემა უკვე წლებია, აქტუალურობას არ ჰკარგავს. თუ გადახედავთ მათ ევოლუციას ჯორჯ რომეროს კლასიკური ფილმიდან "ცოცხალი მკვდრების ღამე" თანამედროვე სერიალებამდე, დარწმუნდებით, რომ პოპ კულტურის ეს ტრენდი, თავად პერსონაჟებისგან განსხვავებით, საკმაოდ სიცოცხლისუნარია. ზომბი-ისტერიის ფონზე კი გასაკვირი არაა, რომ მუსიკის ვარსკვლავებიც ცდილობენ, ტვინი შეგვიჭამონ - ამ ფრაზის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

5. ტეილორ სვიფტი

თუ პლანეტის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს მიეკუთვნებით, რომელსაც ტეილორ სვიფტის კლიპი Look What You Made Me Do ჯერ არ უნახავს, მოკლედ გეტყვით - ვიდეოში ჩანს საფლავის ქვა, რომელსაც "ტეილორ სვიფტის რეპუტაცია" აწერია. შემდეგ კი მკვდრეთით აღმდგარი მუსიკოსი მიწიდან ამოდის და სიმღერას იწყებს. ნამდვილად დასაფასებელია, რომ შემსრულებელი გარდასახვას სერიოზულად მიუდგა და კომიკური ან სექსუალური პერსონაჟის ნაცვლად, საშიში ზომბის როლი მოირგო.  

4. ბილი აიდოლი

ბილი აიდოლსა და მისი ჯგუფის, Generation X-ის ბასისტ ტონი ჯეიმსს ამ სიმღერის შექმნის იდეა იაპონიაში ტურნეს დროს მოუვიდათ. ტოკიოს ერთ-ერთ დისკო კლუბში ვიზიტისას ისინი გააოცა ახალგაზრდა იაპონელების ხილვამ, რომლებიც სარკეში აღბეჭდილ საკუთარ გამოსახულებებს ეცეკვებოდნენ. სოლო კარიერის დაწყების შემდეგ, აიდოლმა კომპოზიცია თავიდან ჩაწერა და მუსიკალური ვიდეოც გადაიღო, რომელშიც სიმპათიური ზომბის როლში მოგვევლინა.  

3. დები ჰარი

გასაკვირი არაა, რომ Blondie-ის ვოკალისტმა კომპოზიციაზე Mother გადაღებულ კლიპში ზომბის როლი მარტივად მოირგო. მას ხომ საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს. 1983 წელს ქერა ლამაზმანი დევიდ კრონენბერგის საკულტო სურათში "ვიდეოდრომი" ვიხილეთ, შემდეგ კი მუსიკოსმა საშინელებათა ჟანრის კიდევ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა. მართალია, Blondie-ის ვიდეოს კრონენბერგის ნამუშევარს ვერ შევადარებთ, მაგრამ ზომბი-ვირუსით დაავადებული დები ჰარი მაინც საინტერესო სანახავია. 

2. აესოფ როქი

იენ მატიას ბევიცი, სასცენო სახელით Aesop Rock, ალტერნატიული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. არტისტის სიყვარულზე მისტიკური და საშინელებათა ჟანრის კინოსურათებისადმი მის სხეულზე გამოსახული სვირინგებიც მეტყველებს. მის ხელებზე დაწერილი Must Not Sleep (არ უნდა დაიძინო) და Must Warn Others (უნდა გაფრთხილო სხვები) ორმოცდაათიანი წლების საკულტო ფილმით "სხეულის გამტაცებელთა შემოჭრა" არის ინსპირირებული. კომპოზიციაზე Coffee გადაღებული მუსიკალური ვიდეო კი მუსიკოსმა გრაინდჰაუსის ესთეტიკაში გადაწყვიტა და პირსისხლიანი ზომბებით აავსო.

1. მაიკლ ჯექსონი

ჩვენი სტატიის კითხვის დაწყებისას უკვე იცოდით, რომ ამ კლიპს აქ ნახავდით, ხომ მართალი ვარ? მაიკლ ჯექსონის Thriller-მა პოპ მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. 14-წუთიანმა ეპიკურმა ნამუშევარმა ძირფესვიანად შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს მუსიკალური ვიდეო. რეჟისორი ჯონ ლანდისი იხსენებს, რომ მონსტრის როლის შესრულების იდეა თავად ლეგენდარულ მუსიკოსს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1983 წლისთვის "თრილერი" შოუბიზნესის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ვიდეოკლიპი იყო.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული