Thumbnail

ყველა დროის 10 საუკეთესო ტრიპ ჰოპ ალბომი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ტერმინი "ტრიპ ჰოპი" პირველად 1994 წელს მუსიკის კრიტიკოსმა ენდი პემბერტონმა DJ Shadow-ს სინგლის In/Flux და Mo' Wax Records-ის სხვა ჩანაწერების დასახასიათებლად გამოიყენა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

90-იანების დასაწყისში ბრიტანელმა დიჯეებმა ჰიპ ჰოპთან ელექტრონიკის შერწყმა დაიწყეს. მიღებულ ნაზავს ფანკის, სოულის, დაბის, ფსიქოდელიის, არენბის, ჰაუსისა და ელექტრონული მუსიკის სხვა მიმართულებების ელემენტები დაუმატეს და შექმნეს ჟანრი, რომელმაც იმდენად დიდი კომერციული წარმატება მოიპოვა, რომ "ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრის ევროპის ალტერნატიული არჩევნის" სახელიც კი დაიმკვიდრა.

ტრიპ ჰოპის მექად მისი დაბადების ადგილი, ინგლისური ქალაქი ბრისტოლი იქცა. ჟანრისათვის დამახასიათებელი მელანქოლიური, ატმოსფერული ჟღერადობაც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ამ მიმდინარეობის პიონერები დიდწილად მათი თანამემამულე პოსტ პანკ ჯგუფების The Cure, Siouxsie and the Banshees, Joy Division და სხვათა შემოქმედებით იყვნენ შთაგონებულნი.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო ალბომს ტრიპ ჰოპის ისტორიაში.

10. Tricky - Juxtapose (1999)

ახალბედა მსმენელისათვის ტრიპ ჰოპის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საუკეთესო გზა სწორედ ედრიან თოუზის, იგივე Tricky-ს შემოქმედებაზე გადის. არაორდინარული იმიჯით განთქმულმა მუსიკოსმა 1990-იან წლებში გავრცელებული, უკიდურესად მასკულინური შავკანიანი მამაკაცის სტერეოტიპი თავდაყირა დააყენა - თუნდაც ის რად ღირს, რომ სადებიუტო ალბომის გარეკანზე ქალის ტანისამოსში გამოწყობილი პოზირებდა.

ბრისტოლური სკოლის სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, თრიქის მუსიკაც დიდწილად პოსტ პანკისა და ნიუ ვეივის ჟღერადობითაა შთაგონებული. რთულია, მისი ბრწყინვალე დისკოგრაფიიდან რომელიმე ერთი ნამუშევრის გამოყოფა. თუმცა, ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Cypress Hill-ის წევრ დიჯეი მაგზთან და რეპერ დეიმ გრეიზთან ერთად ჩაწერილი ალბომი Juxtapose ამ სიაში მოხვედრას ცალსახად იმსახურებს. Call Me, For Real, Contradictive და სხვა კომპოზიციები სრული სიმძაფრით გადმოსცემენ ტრიპ ჰოპის სპეციფიკურ ესთეტიკას.

9. Lamb - Lamb (1996)

ენდი ბარლოუსა და ლუ როუდსის მიერ 1996 წელს მანჩესტერში ჩამოყალიბებული დუეტის სადებიუტო ალბომმა Lamb განსაკუთრებულ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა, მუსიკის კრიტიკოსთა და ჟანრის მოყვარულთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. 

ჩანაწერში შესული კომპოზიციებიდან განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას Gorecki ტოვებს, რომლისთვისაც სემპლი კლასიკური მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლის, ჰენრიკ გურეცკის რიგით მესამე, ე.წ. "სევდიანი სიმღერების სიმფონიიდანაა" აღებული. ეს ნამუშევარი ბრიტანული დუეტის შემოქმედებაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრეკად რჩება და მას არაერთი მხატვრული ფილმის, სატელევიზიო სერიალისა თუ ვიდეოთამაშის საუნდტრეკების ალბომში შეხვდებით.

8. Morcheeba - Charango (2002)

ბრიტანულ ბენდს Morcheeba როგორც წესი, მუსიკის კრიტიკოსები დიდად არ სწყალობენ. თუმცა, 1995 წელს ლონდონში ჩამოყალიბებული კოლექტივი ტრიპ ჰოპის მსმენელთა გამორჩეული სიყვარულით სარგებლობს. მათი დაუნტემპოს, ფოლკისა და ჰიპ ჰოპის ელემენტებით სავსე შემოქმედება მსუბუქი, სასიამოვნო ჟღერადობით გამოირჩევა.

ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი Charango 2002 წელს გამოიცა და მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩარტების ტოპ ათეულში დაიმკვიდრა ადგილი და მნიშვნელოვანი კომერციული მოგებაც ნახა. თუმცა, მთელ ამ წარმატებას ფონად კოლექტივის წევრთა შორის არსებული უთანხმოება გასდევდა, რაც მცირე ხანში ვოკალისტ სქაი ედვარდსის ჯგუფიდან წასვლით დასრულდა. ეს უკანასკნელი Morcheeba-ს შემადგენლობაში მხოლოდ 2010 წელს დაბრუნდა.

7. Air - Moon Safari (1998)

ელექტრონული მუსიკის ყველა დანარჩენ მიმდინარეობასთან ერთად, ფრანგებს ტრიპ ჰოპის შექმნაც შესანიშნავად გამოსდით. ამის საუკეთესო მაგალითი ნიკოლა გოდენისა და ჟან-ბენუა დუნკელის მიერ 1995 წელს დაარსებული Air-ია. მათი სადებიუტო, 1998 წელს გამოცემული სტუდიური ალბომი Moon Safari დაუნტემპოს ერთ-ერთ პირველ ნიმუშია. ეს მიმართულება ტრიპ ჰოპის მცირედ სახეცვლილი ფორმაა, სადაც აქცენტი ბითებზე და მაქსიმალურად არაამქვეყნიურ ჟღერადობაზე კეთდება.

ჩანაწერი, რომელმაც გამოსვლისთანავე კრიტიკოსთა და მსმენელთა ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა, სამართლიანად ითვლება ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. Moon Safari ფრანგული დუეტის მელანქოლიური, ინტიმური ესთეტიკის საუკეთესო გამოვლინებაა. ედვინ სტარის შემოქმედებიდან დასემპლილი La Femme d’argent, ლეგენდარულ ჟან-ჟაკ პერისთან ერთად დაწერილი Remember და სხვა კომპოზიციები დიდი ალბათობით, თქვენზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

6. Thievery Corporation - The Mirror Conspiracy (2000)

როგორც აღვნიშნეთ, ტრიპ ჰოპის სცენაზე მისი დაარსების დღიდან ბრიტანელები ცალსახად დომინირებდნენ. თუმცა, ჟანრის ისტორიაში ამერიკელმა არტისტებმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. 1995 წელს ვაშინგტონში ჩამოყალიბებული კოლექტივი Thievery Corporation ინდივიდუალური ჟღერადობითა და ხელწერით გამოირჩევა, სადაც აშკარად იგრძნობა ბოსა ნოვასა და ბრაზილიური მუსიკის სხვა მიმართულებების გავლენა.

ჯგუფის მეორე სტუდიური ჩანაწერი The Mirror Conspiracy მათ შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი და ამერიკული ტრიპ ჰოპის თვალსაჩინო მაგალითია. შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჟანრის წარმომადგენელთა ჟღერადობა გაცილებით მსუბუქია და ბრიტანელი კოლეგებისათვის დამახასიათებელი მისტიციზმიც ნაკლებად დაჰკრავს. ამ შესანიშნავი ალბომიდან თქვენთვის წარსადგენად კი ჯაზ შემსრულებელთან, პამელა ბრიკერთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Lebanese Blonde შევარჩიეთ.

5. UNKLE - Psyence Fiction (1998)

საკულტო ბენდ UNKLE-ის სადებიუტო ალბომი Psyence Fiction მათ შემოქმედებაში ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც ჩვენს მიერ ზემოხსენებულ DJ Shadow-ს მონაწილეობით შეიქმნა. ამ უკანასკნელის უნიკალური სტილი ჩანაწერის ჟღერადობაზე მკვეთრად აისახა - ათობით სხვადასხვა ტრეკიდან აღებული ელემენტები, აგრესიული ბითები, არაორდინარული ექსპერიმენტები და სემპლინგის ტექნიკის ინოვაციური ხერხებით გამოყენება.

როგორც თითქმის ყველა სხვა სტუდიურ ჩანაწერში, UNKLE-ს აქაც უამრავმა მუსიკოსმა გაუწია პარტნიორობა. მაგალითად, კომპოზიციაში Rabbit in Your Headlights "რედიოჰედის" ფრონტმენის, ტომ იორკის ფალცეტი გვესმის, Lonely Soul-ში კი ბრიტპოპის თვალსაჩინო წარმომადგენლის, რიჩარდ ეშკროფტის ბარიტონი. ალბომში შესული ტრეკებიდან გამორჩეულად შთამბეჭდავი The Stone Roses-ის ვოკალისტთან, იენ ბრაუნთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Be There აღმოჩნდა.

4. Archive - Lights (2006)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრიპ ჰოპი ათობით მუსიკალური იდეის ნაზავია. ზოგ შემთხვევაში კი ეს მრავალფეროვანი მიქსი თავად ხდება ამა თუ იმ არტისტის სტილის ცალკეული ელემენტი. ამ ტენდენციის საუკეთესო გამოვლინებად ბრიტანული ჯგუფის, Archive-ის შემოქმედება იქცა. ეს კოლექტივი ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დიდი მოწონებით სარგებლობს, თუმცა, სამშობლოში გამორჩეული პოპულარობა ვერ მოიპოვა. 1994 წელს ლონდონში დაარსებული ბენდის ჟღერადობა შუგეიზს, ნიუ პროგრესივს, ელექტრონიკასა და პოსტ როკს აერთიანებს.

ბენდის რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Lights ძალზედ თვითმყოფადი, სახასიათო ნამუშევარია. ამავე სახელწოდების სიმღერა კი ტრიპ ჰოპისა და პროგრესივ როკის საოცარ სინთეზს წარმოადგენს. ეს თითქმის 19-წუთიანი ტრეკი Archive-ის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად ითვლება.

3. DJ Shadow - Entroducing..... (1996)

ჯოშუა დევისის, იგივე DJ Shadow-ს სადებიუტო ალბომი Entroducing.... სამართლიანად ითვლება არა მხოლოდ ტრიპ ჰოპის, არამედ მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე სემპლებით შექმნილი ჩანაწერი მომავალი თაობების პროდიუსერთა სახელმძღვანელოდ იქცა და ამ ჟანრში მოღვაწე არტისტებს  სავსებით ახალ შესაძლებლობებათა თვალსაწიერი გადაუშალა.

დევისის თქმით, ალბომზე მუშაობისას მძიმე დეპრესია ჰქონდა და მასში შესული ტრეკები სწორედ ამ პერიოდში განცდილი იმედების, ეჭვების, ფიქრებისა და სასოწარკვეთის ანაბეჭდებია. მართლაც, ამ ჩანაწერში სრული სიცხადით იგრძნობა ის პარანოიდული ატმოსფერო და გაორებული ემოციები, რომლებიც ამ ერთი შეხედვით მარტივად მოსასმენ მუსიკას ყრუ ექოდ გასდევს. დიჯეი შედოუმ დღემდე არაერთი ბრწყინვალე ნამუშევარი გამოსცა, თუმცა, მის სავიზიტო ბარათად ისევ და ისევ Entroducing რჩება.

2. Portishead - Dummy (1994)

საკულტო ბრიტანული კოლექტივის, Portishead-ის წევრის, ბეტ გიბონსის ვოკალი განსაკუთრებული  მოვლენაა ტრიპ ჰოპის ისტორიაში. ნინა სიმონესა და ედიტ პიაფის სტილით შთაგონებული მომღერლის ხმისა და ბენდის მომაჯადოებელი ინსტრუმენტალის სინთეზი მსმენელებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ბუნებრივია, რომ 1991 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფი დღემდე უზარმაზარი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს.

"ფორთისჰედის" სადებიუტო ნამუშევარი Dummy მათ დიდებულ დისკოგრაფიაშიც კი ბრწყინავს. ოქროს სტატუსის მქონე ალბომში ისეთი კომპოზიციები შევიდა, როგორებიცაა Numb, Roads, Sour Times, Wandering Star და სხვა. Glory Box კი ბენდისათვის საიმიჯო, უაღრესად ინტიმური და მელანქოლიური ესთეტიკის დიდებულ გამოვლინებად იქცა. ფანკისა და სოულის ლეგენდის, აიზეკ ჰეიზის ტრეკიდან Ike’s Rap II აღებული სემპლით შექმნილ სიმღერას ჯგუფის მსმენელთა გულებში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

1. Massive Attack - Mezzanine (1998)

ტრიპ ჰოპის ბრისტოლელი ტიტანების მესამე სტუდიური ალბომი უდავოდ საუკეთესო ნამუშევარია ჟანრის ისტორიაში. არტ როკის, ელექტრონული მუსიკის, ჰიპ ჰოპის რიტმებისა და პოსტ პანკის პარანოიდული ატმოსფეროს სინთეზი Massive Attack-ის შემოქმედების მწვერვალად იქცა. ამ ჩანაწერის ღირსებათა ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, მისი უმთავრესი უპირატესობა ზედმიწევნითი დახვეწილობაა - თითოეული კომპოზიციის მოსმენისას ნათლად იგრძნობა, თუ რაოდენ დიდი შრომის ნაყოფთან გვაქვს საქმე.

Mezzanine-დან კონკრეტული კომპოზიციის გამოყოფა ძალზედ რთული საქმეა. Angel, Risingson, Man Next Door, Inertia Creeps, Black Milk, Dissolved Girl - ჩვენი სიის პირველ ადგილზე ამ გენიალურ ალბომში შესული არაერთი ტრეკი შეიძლებოდა მოხვედრილიყო. თუმცა, როდესაც საქმე ტრიპ ჰოპს ეხება, შედევრი სახელად Teardrop უკონკურენტოა. ეს საოცარი სიმღერა ჯგუფმა შოტლანდიური ტრიოს, Cocteau Twins-ის ვოკალისტთან, ელიზაბეთ ფრეიზერთან ერთად ჩაწერა, მისი ტექსტი კი ამ უკანასკნელის უახლოესი მეგობრის, ლეგენდარული ჯეფ ბაქლის ხსოვნითაა შთაგონებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული