Thumbnail

1984 წელს გამოსული 10 საუკეთესო მუსიკალური ალბომი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1980-იან წლებს ექსტრავაგანტულობისა და ორიგინალურობის მხრივ, ალბათ, სხვა ვერც ერთი დეკადა შეედრება. მკვეთრი ფერებით, ნეონის კაშკაშა ნათებით, უცნაური ვარცხნილობებითა და მოდის ერთობ საინტერესო ტენდენციებით გამორჩეული ეპოქა განსაკუთრებულ მოვლენად იქცა დასავლური კულტურის ისტორიაში. ბუნებრივია, რომ ოთხმოციანებს დღესაც კი ნოსტალგიით იხსენებენ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ამ პერიოდიდან განსაკუთრებულ ინტერესს 1984 წელი იწვევს. ამ თარიღს მუსიკალურ ინდუსტრიაში მომხდარი გარდამტეხი ცვლილებების მთელი ციკლი უკავშირდება, დაწყებული ახალი ჟანრების დაბადებით და დამთავრებული ფუტურისტული, ელექტრონული ჟღერადობის დომინაციით. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ანდერგრაუნდ არტისტები შედევრს შედევრზე ქმნიდნენ.

ერთი სიტყვით, წინ უკიდურესად მრავალფეროვანი და საინტერესო მოგზაურობა გელოდებათ. წარმოგიდგენთ 1984 წელს გამოსულ ათ საუკეთესო მუსიკალურ ალბომს.

10. Madonna - Like a Virgin

სადებიუტო ალბომის Madonna წარმატების შემდეგ, 26 წლის ლუიზა ჩიკონემ მომდევნო სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერობა თავადვე მოინდომა. თუმცა, ლეიბლის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ მუსიკოსი ამისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო და ეს საქმე ლეგენდარული დისკო კოლექტივის, Chic-ის დამაარსებელს, ნილ როჯერსს მიანდეს.

1984 წელს გამოსული Like a Virgin ძალზედ შთამბეჭდავი ნამუშევარი აღმოჩნდა. მუსიკის ისტორიაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი იმის მაუწყებლად იქცა, რომ პოპ სამყაროს ახალი დედოფალი მოევლინა და ეს უკანასკნელი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. ჰიტებში Like a Virgin, Material Girl, Angel და Dress You Up სწორედ ის ეპატაჟურობა, ხაზგასმული ინტიმურობა და ვარსკვლავური შარმია ასახული, რომელიც მომავალში მადონას იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

9. Deep Purple - Perfect Strangers

ლეგენდარული "დიფ ფარფლის" ეს სტუდიური ნამუშევარი კოლექტივის კლასიკური შემადგენლობის (იენ გილანი, ჯონ ლორდი, რიჩი ბლექმორი, იენ პეისი და როჯერ გლოვერი) მიერ თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ ჩაწერილი პირველი ახალი ალბომი იყო. 

Perfect Strangers-მა კრიტიკოსთა თუ მსმენელთა მხრიდან საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა. ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა და ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაც ითვლება. ამავე სახელწოდების კომპოზიცია კი ბენდის გიტარისტის, რიჩი ბლექმორის ფავორიტი ტრეკია "ფარფლების" დისკოგრაფიიდან. 

8. Coil - Scatology

80-იანი წლების დასაწყისში ლეგენდარულმა ჯენესის პი-ორიჯმა ინდასტრიალის ეპოქა დასრულებულად გამოაცხადა. ჟანრის წამყვანი კოლექტივი Throbbbin Gristle დაიშალა, მის ბაზაზე კი ახალი ჯგუფი Psychic TV შეიქმნა. სწორედ მის შემადგენლობაში დაუახლოვდნენ ერთმანეთს ჯონ ბელანსი და კრის კრისტოფერსონი, რომლებმაც მცირე ხანში საკულტო პოსტ-ინდასტრიალ ბენდი Coil ჩამოაყალიბეს. 

1984 წელს გამოსული ჯგუფის სადებიუტო ალბომი Scatology ნაწილობრივ ალქიმიით, ნაწილობრივ კი მარკიზ დე სადის, ჩარლზ მენსონისა და სხვა გამოჩენილ შეშლილთა ცხოვრების გზითაა შთაგონებული. ჟანრის ნამდვილ მარგალიტად მიჩნეული ნამუშევრის ერთადერთი სინგლი Panic საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რაც დიდწილად იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ ფირფიტაზე ამავე სახელწოდების კომპოზიციასთან ერთად, პოპ ჰიტის Тainted Love ერთობ საინტერესო ქავერი იყო ჩაწერილი.

7. Bronski Beat - The Age of Consent

1980-იან წლებში სექსუალური იდენტობის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა ლონდონური სინთპოპ ბენდის Bronski Beat სადებიუტო ალბომი The Age of Consent. ჩანაწერის სახელწოდება - "თანხმობის ასაკი" იმ ფაქტს უსვამდა ხაზს, რომ ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალური სქესობრივი აქტი კანონით მხოლოდ 21 წელს გადაცილებულ პირთათვის იყო ნებადართული.

ალბომში არაერთი დასამახსოვრებელი კომპოზიცია შევიდა, მათ შორის WhyIt Ain’t Necessarily So და სხვა. ტრეკმა Smalltown Boy კი უზომო პოპულარობა მოიპოვა და დღემდე ლგბტ თემის არაოფიციალური ჰიმნის სტატუსით სარგებლობს. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რომელიც ჰომოფობიისა და ბულინგის პრობლემების შესახებ დაწერილა.

6. Manuel Göttsching - E2-E4

1984 წელი მუსიკალური ინოვაციებითა და ექსპერიმენტებით გამოირჩეოდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი კრაუტროკ კოლექტივის Ash Ra Tempel წევრის, მანუელ გიოტშინგის სოლო ალბომია.

E2-E4 ყველაზე გავრცელებული პირველი სვლაა ჭადრაკში. გიოტშინგმა ეს ნამუშევარი ბერლინიდან ჰამბურგში გაფრენამდე ერთი დღით ადრე, გზაში მოსასმენი მუსიკის ფლეილისტის შესავსებად ჩაწერა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის ასობით არტისტის შთაგონების წყაროდ იქცეოდა.

ამ სპონტანურად შექმნილი, საოცარი ალბომით ჯერ ნიუ იორკელი, შემდეგ კი დეტროიტელი დიჯეები დაინტერესდნენ და გერმანელი კოლეგისგან არაერთი იდეაც ისესხეს. გიოტშინგის ჩანაწერმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოს, ჰაუსისა და სფეის-დისკოს განვითარებაზე. ასე იქცა კრაუტროკის ლეგენდა ელექტრონული მუსიკის საკულტო ფიგურად.

5. Metallica - Ride the Lightning

80-იანი წლების მუსიკაზე საუბრისას შეუძლებელია, მეტალს გვერდი აუარო. ეს ჟანრი სწორედ ამ ეპოქაში სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით. განსაკუთრებულ ინტერესს კი მსმენელთა და კრიტიკოსთა მხრიდან თრეში და ამ მიმდინარეობის გამორჩეული წარმომადგენელი, ლეგენდარული Metallica იმსახურებდა.

ბენდის 1984 წლის ალბომი Ride the Lightning ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარია ამ მუსიკალური მიმდინარეობის ისტორიაში. ეს პირველ რიგში ჯგუფის ბასისტის, კლიფ ბარტონის დამსახურებაა. სწორედ მან უკარნახა "მეტალიკის" დანარჩენ წევრებს ის მიმართულება, რომლის მეშვეობითაც კოლექტივმა უკიდურესად მძიმე, მაგრამ ამავე დროს უნაკლოდ ჰარმონიული ჟღერადობის მიღება შეძლო. ახალგაზრდა მუსიკოსი ამ ჩანაწერის გამოსვლიდან სულ რაღაც ორ წელიწადში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, მემკვიდრეობად კი სხვა ბრწყინვალე ტრეკებთან ერთად, ეს საოცარი კომპოზიციაც დაგვიტოვა.

4. Queen - The Works

1984 წელს Queen-მა რიგით მეთერთმეტე სტუდიური ალბომი გამოუშვა. The Works ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა - ჩანაწერმა პლატინის სტატუსი მოიპოვა, ხოლო მასში შესული კომპოზიციები Radio Ga Ga, Hammer to Fall და It’s a Hard Life დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

სიმღერაზე I Want to Break Free გადაღებულმა ოფიციალურმა ვიდეორგოლმა, რომელშიც ჯგუფის წევრები ქალის ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილნი და თავს გამომწვევი მაკიაჟით იწონებდნენ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილი "ქუინის" ამ ნაბიჯს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია. თუმცა, ამ სკანდალმა ლეგენდარულ კოლექტივს და მათ შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს ბევრი ვერაფერი დააკლო.

3. Run-D.M.C. - Run-D.M.C.

1984 წელს დღის სინათლე ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ჩანაწერმა იხილა. ნიუ იორკული კოლექტივის Run-D.M.C. სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომი ჟანრისთვის რევოლუციური მოვლენა იყო. 

აგრესიული ტექსტებითა და ინოვაციური ჟღერადობით გამორჩეული ნამუშევარი მკვეთრად განსხვავდებოდა მათი კოლეგების შემოქმედებისგან. ლეგენდარული ტრიოს გამოჩენამდე ჰიპ ჰოპი ფანკითა და დისკოთი საზრდოობდა, Run-D.M.C.-მ კი მსმენელებს სრულიად სხვა, გაცილებით უფრო მძიმე მუსიკა შესთავაზა. ბუნებრივია, რომ სწორედ ეს კოლექტივი თვლება "ახალი სკოლის" პიონერად.

ჯგუფის ჰიტი Rock Box სწორედ ამ ალბომშია შესული. კომპოზიციაზე გადაღებული ოფიციალური ვიდეორგოლი კი რეპის ისტორიაში პირველი კლიპი აღმოჩნდა, რომელიც MTV-მ საკუთარ ეთერში დაატრიალა. 

2. The Smiths - The Smiths

1984 წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკავშირდება - მანჩესტერში ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა The Smiths ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გამოსცა, რომელმაც მყისვე მიიპყრო მსმენელთა და კრიტიკოსთა ყურადღება. სწორედ ამ ჩანაწერით გააცნო თავი მსოფლიოს ლეგენდარულმა ბენდმა, რომელიც ინდი როკის პიონერად ითვლება.

ალბომმა ბრიტანულ ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალზედ რთულია ამ ნამუშევრის ცალკეული ღირსების  გამოყოფა - მორისის გულშიჩამწვდომი ტექსტები, ჯონი მარის მიერ გიტარაზე შესრულებული საოცარი რიფები თუ დასარტყამი ინსტრუმენტებისა და ბას გიტარის შესანიშნავი ჰარმონია. არავინ იცის, რა გზით განვითარდებოდა როკ მუსიკა ამ ჩანაწერის გარეშე.

1. Prince - Purple Rain

პრინსის 1984 წლის ალბომი Purple Rain ამავე სახელწოდების ფილმისთვის შექმნილი საუნდტრეკების კრებულია. მუსიკოსის რიგით მეექვსე სტუდიურ ნამუშევარს გამორჩეული წარმატება ხვდა წილად და დღემდე მისი 25 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 2012 წლიდან კი ჩანაწერი, მისი განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების აღსანიშნავად, შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული.

ალბომში შესული ტრეკებიდან ყველაზე პოპულარული ამავე სახელწოდების კომპოზიციაა. სხვათა შორის, პრინსმა Purple Rain-ზე მუშაობისას ჯგუფ Fleetwood Mac-ის ვოკალისტს, სტივი ნიქსს შესთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ ინსტრუმენტალის მოსმენის შემდეგ, თვით ამ ლეგენდარულ მომღერალსაც კი შეეპარა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. სიმღერა თავდაპირველად ქანთრის სტილის ჩანაწერად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მოგვიანებით მუსიკოსის გეგმები ძირფესვიანად შეიცვალა და შედეგად ეს შედევრი დაიბადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული