Thumbnail

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

ლიკა მაისურაძე პროფილის ფოტო
ლიკა მაისურაძე

"შუგარჰილ გენგის" სინგლის კომერციული წარმატებით შეგულიანებულმა კერტის ბლოუმ სოლო კარიერის შექმნა დიჯეის გარეშე მოახერხა. თუმცა, დიჯეინგიდან ემსიინგზე ყურადღების გადატანა არ იყო ერთადერთი ცვლილება, რომელიც ინდუსტრიამ 1980-იანი წლების დადგომასთან ერთად განიცადა.

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა 

სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით, ჰიპ ჰოპი თანდათან ყველაზე რელევანტურ ჟანრად ყალიბდებოდა. 1970-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ჰიპ ჰოპი მხოლოდ თინეიჯერების გიჟური ხმაური იყო და მუსიკადაც არ აღიქმებოდა, მომდევნო ათწლეულში ის უკვე ჩაგრულთა ხმა გახდა. ამ ცვლილებების ფონზე, კერტის ბლოუ მოდიდან გადავიდა, მისი გართობაზე ორიენტირებული თემატიკა მოძველდა, პრიმიტიული რითმების ზედაპირულობა კი სულ უფრო და უფრო აშკარა ხდებოდა. იმის გამო, რომ მეტი აქცენტი რეჩიტატივზე კეთდებოდა, რეპერების ტექსტების რითმული განვითარება, ანუ ფლოუ უფრო დინამიკური და კომპლექსური გახდა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

ამ გარდამავალმა პერიოდმა, კერტის ბლოუს მსგავსად, კიდევ ერთი პიონერი ემსის, Busy Bee Starski-ის კარიერაზე იმოქმედა. დევიდ პარკერი ნიუ იორკის ჰიპ ჰოპ სცენაზე 1977 წელს გამოჩნდა და სახელი რეპ ბეთლების მეშვეობით გაითქვა. ის ხშირად მონაწილეობდა ადგილობრივ შეჯიბრებში და საკმაოდ წარმატებულიც იყო, თუმცა, ჰიპ ჰოპის ტენდენციების ცვლილებას ჩამორჩენილმა არტისტმა 1981 წლის ერთ მშვენიერ საღამოს მწარე კრახი განიცადა.

Busy Bee Starski

ბეთლი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ბიზი ბის შემოქმედება იმ დროისთვის კლასიკურ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნებოდა, რომელიც დენსფლორზე იყო ორიენტირებული. წვეულებაზე მუხტის შესაქმნელად არტისტი ხშირად ყოველგვარ აზრს მოკლებულ რითმებსაც კი იყენებდა. 1981 წლის 25 დეკემბერს მანჰეტენის კლუბ Harlem World-ში გამართულ ფართიზე ბიზი ბი ტრადიციულად მსმენელთა წახალისებას შეუდგა. არტისტისთვის ეს ჩვეული რუტინა იყო. სტარსკი კლუბში შეკრებილ საზოგადოებას მის მიერ მოგონილი შეძახილების სკანდირებას სთხოვდა და სხვა რეპერების შესაძლებლობებს აკნინებდა. მისთვის სამწუხაროდ, ერთ-ერთი ემსი, რომელიც მან სახელით მოიხსენია, დარბაზში იმყოფებოდა. Kool Moe Dee-ის გამოსვლა სწორედ ბიზი ბის შემდეგ იყო დაგეგმილი. მოუ დი სცენაზე ავიდა და მეტოქეს არცერთი სიტყვა არ შეარჩინა.

დამსწრე საზოგადოებამ ჰიპ ჰოპის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბეთლი იხილა. მოუ დიმ ოპონენტის შემოქმედება დეტალურად მიმოიხილა და გააკრიტიკა ყველაფერი, მისი სახელისა და პერფორმანსის ჩათვლით, გაცხარებული ბიზი ბი კი მიკროფონში "ხმა ჩაიგდეს" გარდა ვერაფრის თქმას ახერხებდა. დისის ბოლოს ქულ მოუ დიმ სწრაფი ფრისტაილიც წაიკითხა, რაც იმ დროისთვის უჩვეულო სიახლე იყო.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმ საღამოს გაჟღერდა პირველად ისეთი რეპი, როგორიც დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვესმის. ბიზი ბი სტარსკისა და ქულ მოუ დის დაპირისპირებამ ჰიპ ჰოპს სრულიად ახალი ფორმა და მიმართულება მისცა.

"იმ საღამოს ქულ მოუ დის ბეთლი რომ არ მოეგო, დღეს არც მე ვიქნებოდი და არცერთი სხვა პოპულარული რეპერი", - ამბობს ლეგენდარული ბრონქსელი არტისტი KRS-One.

Kool Moe Dee

ქულ მოუ დის ინოვატორული ფლოუს ფონზე ნათლად გამოჩნდა, რამდენად ძველმოდური იყო ბიზი ბის შემოქმედება. აშკარა გახდა, რომ ჰიპ ჰოპი ტრანსფორმაციას განიცდიდა და მსმენელი უფრო დახვეწილ ტექნიკას ითხოვდა. შესაბამისად, სცენაზე სულ უფრო და უფრო მეტი არტისტი ჩნდებოდა, რომელიც წარმატებას ახალი სტილის საშუალებით აღწევდა.

ყველა ხვდებოდა, რომ ინდუსტრია ფუნდამენტურად იცვლებოდა. სწორედ ასე დამკვიდრდა ტერმინი New School (ახალი სკოლა). ეს არ იყო ახალი ქვეჟანრი, რომელიც ერთი კონკრეტული ჟღერადობით ხასიათდებოდა. აღნიშნული დასახელება უბრალოდ ძველსა და ახალ ჰიპ ჰოპს შორის არსებულ განსხვავებას გულისხმობდა.

პირველი დოკუმენტური ფილმი

70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ჰიპ ჰოპს სერიოზულად ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქვამდა. თუმცა, ახალი სკოლის არტისტების გამოჩენამ ცხადყო, რომ ჟანრმა საკუთარი თავის გარდაქმნა შეძლო. ეს ერთგვარი მუსიკალური ევოლუცია თვითგადარჩენის ინსტინქტივით ამოქმედდა, რომელიც მომავალში ჰიპ ჰოპის, როგორც კულტურის არსებობასა და განვითარებას უზრუნველყოფდა. ეს ყველაფერი ძალზედ კარგად დაინახა ამერიკელმა რეჟისორმა ჩარლი ეჰირნმა, რომელმაც ჰიპ ჰოპის ისტორიაში პირველი ფილმი Wild Style გადაიღო.

ფილმის Wild Style აფიშა გრაფიტი არტისტს, Dondi-ს ეკუთვნის. ამ კადრში ნამუშევარს არტისტები Zephyr, Revolt და Sharp ასრულებენ. 

ეკრანებზე 1983 წელს გამოსული სურათი მიუზიკლისა და დოკუმენტური კინოს ნაზავი იყო. ის ჰიპ ჰოპს არა მხოლოდ მუსიკის, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგისგან შემდგარი კულტურის სახით წარმოაჩენდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლეგენდარულმა არტისტმა Fab 5 Freddy-მ m ჩარლი ეჰირნი ბიზი ბი სტარსკის კონცერტზე წაიყვანა.

ნანახით მოხიბლულმა რეჟისორმა გადაწყვიტა, საკუთარ სურათში ბრონქსელი არტისტების ყოველდღიური ცხოვრება ეჩვენებინა და ბიზი ბის როლი შესთავაზა. ამ უკანასკნელს ბევრი არ უფიქრია, სცენაზე ავიდა და ეს ყველაფერი მიკროფონში საჯაროდ გამოაცხადა. ორი წლის შემდეგ ფილმის პრემიერა შედგა. მასში ყველა მნიშვნელოვანი რეპერი, დიჯეი, ბრეიქ დანსერი და გრაფიტი არტისტი მონაწილეობდა.

სამი იდიოტის შედევრი

ჰიპ ჰოპის შესახებ გადაღებულ პირველ კინოსურათში ამ იატაკქვეშა კულტურის ყველა ასპექტი იყო ნაჩვენები. აშკარა იყო, რომ ეს მოძრაობა ბრონქსისა და აფროამერიკული სოციუმისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით იყო გაჯერებული. თუმცა, წარმოსახვითი რასობრივი და კლასობრივი საზღვრები ნელ-ნელა ქრებოდა. ამის ნათელი მაგალითი ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ ტრეკი Cooky Puss იყო, რომელიც ამერიკულმა ჰარდქორ პანკ ჯგუფმა Beastie Boys-მა სინგლის სახით 1983 წელს გამოსცა.

Beastie Boys და Rick Rubin

ჰიპ ჰოპსა და პანკს ბევრი რამ აქვთ საერთო. თუ ბრონქსში მცხოვრებმა აფროამერიკელებმა ჰიპ ჰოპი გაუსაძლისი სოციალური პირობების საპასუხოდ შექმნეს, თეთრკანიანმა მუშათა კლასმა მსგავსი პრობლემების გავლენით პანკ მოძრაობა წამოიწყო. როდესაც პიონერმა დიჯეებმა - აფრიკა ბამბაატამ, ქულ ჰერკმა და გრენდმასტერ ფლეშმა მანჰეტენის კლუბებში დაიწყეს დაკვრა, ამის საშუალება მათ პირველად სწორედ იმ დაწესებულებებში მიეცათ, სადაც პანკები იკრიბებოდნენ. ისინი ჰიპ ჰოპის მოყვარულ ბრეიქ დანსერებთან ერთ სივრცეში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ.

Beastie Boys და Madonna

ეს ორი მოძრაობა შეერთებული შტატების მეინსტრიმ კულტურიდან ერთნაირად იყო გარიყული. ორივე მიმდინარეობა ნოვატორული და მეამბოხე სულისკვეთებით ხასიათდებოდა. ჰიპ ჰოპმა პანკზე მუსიკალური გავლენა სემპლინგისა და ლუფინგის განვითარების ხარჯზე მოახდინა. სანაცვლოდ კი პანკების სავიზიტო ბარათი, მათი ჩაცმულობისა და სტილის უნიკალურობა აიღო, რაც ყველაზე ნათლად აფრიკა ბამბაატას ლაივ შოუებსა და გრენდმასტერ ფლეშის ვიდეოკლიპებში ჩანდა.

"ბისთი ბოიზის" სინგლი Cooky Puss საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჯგუფის წევრები მაიკ დი, ემ-სი-ეი და ედ-როკი შეთანხმდნენ, საკუთარ შემოქმედებაში მეტი ჰიპ ჰოპ ელემენტები შეეტანათ. მათ კოლექტივში დიჯეის დამატება გადაწყვიტეს და არჩევანი ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტზე, რიკ რუბინზე შეაჩერეს. ამ უკანასკნელმა ძალიან მალე ჯგუფის პროდიუსერის როლიც შეითავსა და რასელ სიმონსთან ერთად ლეიბლი Def Jam Recordings დააარსა.

1984 წელს "ბისთი ბოიზმა" ახალი ლეიბლის დახმარებით მორიგი სინგლი
Rock Hard გამოუშვა. ეს რუბინისა და სიმონსის ლეიბლის რიგით მეორე რელიზი იყო. მომდევნო წელს კი ჯგუფმა პოპ დივას, მადონას ტურნეში The Virgin მიიღო მონაწილეობა და ლეგენდარული შემსრულებლის კონცერტებს ახურებდა. 

Beastie Boys-ის სცენის დეკორაციები

1986 წელს გამოსული "ბისთი ბოიზის" სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Licensed to Ill ძალზედ წარმატებული გამოდგა. ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" ნამუშევრის რეცენზია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა - "სამმა იდიოტმა შედევრი შექმნა". ეს იყო პირველი რეპ ალბომი, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. დღემდე მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით ამ იუმორითა და პროვოკაციებით სავსე ჩანაწერის ათ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 

ალბომის რელიზის შემდეგ, ჯგუფმა მსოფლიო ტურნე მოაწყო. "ბისთი ბოიზის" კონცერტები საკმაოდ სკანდალური გამოდგა სცენაზე განთავსებულ გალიებში მოცეკვავე გოგონებისა და გიგანტური გასაბერი პენისის გამო. ისეთის, როგორსაც ჯგუფი The Rolling Stones 1970-იან წლებში იყენებდა.

ტურნე ასევე სასამართლო სარჩელებითა და დაკავებებით გამოირჩა. დიდ ბრიტანეთში მუსიკოსები ლეიკემიით დაავადებული ადამიანების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და კინაღამ ქვეყნიდან გააძევეს. ქალაქ ლივერპულში კი კონცერტის დაწყებიდან 10 წუთში მასობრივი არეულობა დაიწყო. შედეგად, ედ-როკი დააპატიმრეს და მსმენელთა გამიზნულად წაქეზება დასდეს ბრალად. ასეა თუ ისე, "შეშლილმა სამეულმა" აჩვენა, რომ ჰიპ ჰოპი ბევრად უფრო დიდი მოვლენა იყო, ვიდრე მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფის სუბკულტურა. 

ჰიპ ჰოპი, როგორც მეინსტრიმ კულტურა

პიონერი რეპერის, კერტის ბლოუს კონცერტებზე დიჯეის აპლუაში ზემოთ უკვე ნახსენები Def Jam Recordings-ის დამფუძნებლის, რასელ სიმონსის ძმა, ჯოზეფი (იგივე Run) გვევლინებოდა. 1982 წელს მან თავის მეგობართან, დერილ მაკდენიელსთან (შემდგომში D.M.C.) ერთად ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი Run-D.M.C. ჩამოაყალიბა. 

ცოტა ხანში მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ჯგუფს სქრეჩ არტისტი ესაჭიროებოდა. ასე დაემატა კოლექტივს ჯეისონ მიზელი, რომელიც Jam Master Jay-ს სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი ადრეული ასაკიდანვე მუსიკით იყო გატაცებული და არაერთ ინსტრუმენტს ფლობდა. თუმცა, 13 წლის ასაკში ფირსაკრავი აღმოაჩინა და დიჯეინგით დაკავდა. 

Run-D.M.C.

1980-იან წლებში ჰიპ ჰოპი ბრონქსის საზღვრებს გასცდა. მან ჯერ მანჰეტენი მოიცვა, შემდეგ მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და მცირე ხანში ოკეანის გადაღმაც გავრცელდა. ამ პერიოდში ჟანრი აქტიურად შეიჭრა მასობრივ კულტურაში, Run-D.M.C. კი ამ მოვლენის სავიზიტო ბარათად იქცა.

Run-D.M.C. პირველი ჰიპ ჰოპ ჯგუფი იყო, რომელიც ჟურნალ "როლინგ სთოუნის"  გარეკანზე გამოჩნდა. ის იყო ასევე პირველი ჰიპ ჰოპ კოლექტივი, რომლის ნამუშევრებმაც ოქროსა და პლატინის სტატუსები მოიპოვეს. სწორედ ქუინსელი ბიჭების კლიპი Rock Box აღმოჩნდა პირველი რეპ ვიდეო, რომელიც MTV-ის ეთერში გავიდა. თუმცა, მათი გავლენა ბევრად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე მუსიკის ინდუსტრიაში მიღწეული კომერციული წარმატება.

ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომის Raising Hell ერთ-ერთ სინგლი სპორტული სამოსისა და ინვენტარის ცნობილი ბრენდის, "ადიდასის" სახელს ატარებდა. საქმე იმაში იყო, რომ Run-D.M.C. წევრებმა ამ ფირმის სპორტული ფეხსაცმლის თასმების გარეშე ტარება საკუთარ უნიკალურ სტილად აქციეს.

"ეს ჩვენი საზოგადოების სიმბოლო იყო. აფროამერიკელებს მასობრივად გვიჭერდნენ და ციხეში თასმებს გვართმევდნენ, რათა თავი არავის მოეკლა", - იხსენებდა დი-ემ-სი.

1986 წელს, როდესაც ჯგუფი მედისონ სქვერ გარდენში კონცერტს მართავდა, მათი ტურნეს მენეჯერმა ლიორ კოენმა შოუზე "ადიდასის" მარკეტინგის დირექტორი ანჯელო ანასტასიო მიიწვია. ეს უკანასკნელი ნიუ იორკში საჩუქრებით დატვირთული ჩავიდა, თუმცა, მუსიკოსებს უფასო სპორტულ ტანსაცმელზე გაცილებით მეტის მიღება ჰქონდათ დაგეგმილი.

კომპოზიციის My Adidas შესრულებისას, რანმა დარბაზში შეკრებილ მსმენელებს მათი "ადიდასების" ჰაერში აწევა სთხოვა. ათიათასობით ადამიანის ხელში საიმიჯო სამზოლიანი ბოტასების დანახვამ ანჯელო ანასტასიო ისე განაცვიფრა, რომ მეორე დღესვე გერმანიაში დარეკა და კომპანიის მფლობელ დასლერების ოჯახს მომხდარის შესახებ უამბო. 

Run-D.M.C.-ის კონცერტზე მიუნხენში ანასტასიომ უკვე "ადიდასის" დირექტორი, კომპანიის დამფუძნებლის, ადი დასლერის შვილი, ჰორსტ დასლერი მიიწვია. შედეგად, Run-D.M.C. გახდა პირველი ჯგუფი ჰიპ ჰოპის ისტორიაში, რომელსაც უდიდესმა კორპორაციამ პარტნიორობის სანაცვლოდ 1 მილიონი აშშ დოლარი და ფეხსაცმლის საკუთარი ხაზი შესთავაზა.

"საკმაოდ ბევრი არტისტის წარმატების მიუხედავად, ხალხი მაინც არასერიოზულად გვიყურებდა. როდესაც "ადიდასი" ჩვენი ოფიციალური სპონსორი გახდა, ამ მოვლენამ მასობრივ კულტურაში ჰიპ ჰოპის ლეგიტიმაცია მოახდინა", - ამბობს დი-ემ-სი.

Run-D.M.C.

Run-D.M.C. ერთგვარი კატალიზატორი იყო, რომელმაც ჰიპ ჰოპის ქუჩიდან მეინსტრიმ კულტურაში გადასვლა დააჩქარა. ეს დიდწილად ჩვენს მიერ უკვე ნახსენები, ჯგუფის მესამე სტუდიური ნამუშევრის, Raising Hell-ის დამსახურებაა.

ალბომზე მუშაობისას, მათმა პროდიუსერმა და Def Jam Recordings-ის თანადამაარსებელმა რიკ რუბინმა არტისტებს "აეროსმიტის" ალბომი Toys In The Attic მოასმენინა. სწორედ მისი იდეა იყო ამ ბენდის 1975 წლის ჰიტის, Walk This Way-ს შესრულება. კომპოზიციის ახალი ვერსია ორივე ჯგუფის წევრებმა სტუდიაში ერთად ჩაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ბილბორდის ჩარტში სიმღერის რიმეიქი მის თავდაპირველ ვერსიაზე უფრო უკეთეს, მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. რეპი საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა. კომპოზიციამ ქუინსელი ბიჭები როკ მუსიკის მსმენელსაც გააცნო და მათი შემოქმედება მეინსტრიმად აქცია. ჰიპ ჰოპის მასობრივად მოსმენა ამერიკამ სწორედ ამ კოლაბორაციული ტრეკის მეშვეობით დაიწყო. სინგლს ყველა მუსიკალური რადიოსადგური უკრავდა.

ეს თანამშრომლობა არანაკლებ სასარგებლო აღმოჩნდა "აეროსმიტისთვისაც". ლეგენდარული როკ კოლექტივი იმ დროისთვის საკუთარი დიდების წლებს უკვე გაცდენილი იყო და პოპ კულტურის პერიფერიებში არსებობდა. ჰიპ ჰოპის დახმარებით, სტივენ ტაილერმა და მისმა კოლეგებმა ამერიკის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციეს.

1970-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჰიპ ჰოპი მუსიკალურ ჟანრად ჩამოყალიბდა, არავის წარმოედგინა, რომ როკვარსკვლავები რელევანტურობის შენარჩუნებას სწორედ ამ კულტურის დახმარებით შეეცდებოდნენ. ქუინსელმა ბიჭებმა ახალი მწვერვალი დაიპყრეს. სწორედ ამ მიღწევების გამო, Grandmaster Flash and the Furious Five-ის შემდეგ, Run-D.M.C. მეორე ჰიპ ჰოპ ჯგუფი გახდა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

Eminem და Run როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის დაჯილდოებაზე

2009 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლეგენდარულმა ემინემმა ჯგუფს სრულიად დამსახურებულად უწოდა "რეპის ბითლზი". თამამად შეიძლება ითქვას, რომ Run-D.M.C. აღზევებასთან ერთად ჰიპ ჰოპის ოქროს ხანა დაიწყო, რომლის შესახებაც ჩვენს მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. 

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეორე. ემსიინგი

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული