Thumbnail

სიმღერის ისტორია: Bohemian Rhapsody

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

Is this the real life, is this just fantasy? დარწმუნებული ვარ, გულში მომდევნო სტრიქონი წაიმღერეთ. ამ სიმღერის ტექსტი ხომ ყველამ იცის.

ძნელად თუ მოიძებნება კომპოზიცია, რომელსაც ისეთივე მონდომებით, ხალისითა და ერთსულოვნებით აჰყვება ყველა, როგორც Bohemian Rhapsody-ს. ლეგენდარული Queen-ის მიერ 1975 წელს გამოშვებულ ალბომში A Night at the Opera შესულ უკვდავ სიმღერას, რომელიც როკისა და საოპერო მუსიკის ელემენტებს აერთიანებს, უამრავი ინტერპრეტაცია უკავშირდება.

მიღებულია მოსაზრება, რომ მისი მთავარი გმირი მოზარდია, რომელსაც ადამიანი შემოაკვდა. ამის გამო ის ჰალუცინაციებით იტანჯება და საბოლოოდ თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ამბობენ იმასაც, რომ ფრედი მერკურიმ ტექსტი ალბერ კამიუს "უცხოს" შთაგონებით დაწერა. თუმცა, ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემელთა მდიდარი ფანტაზია ასეთ "მარტივ" პასუხებს არ სჯერდება და ორიგინალურ ვერსიებს თხზავს. 

ასე მაგალითად, არსებობს თეორია, რომ Bohemian Rhapsody ფრედიმ საკუთარი ბისექსუალობის გაცნობიერების შემდეგ დაწერა. მისი ავტორების თანახმად, სიმღერის ტექსტში არაერთხელ ნახსენები Mamma მერკურის იმდროინდელი მეგობარი გოგონა, მერი ოსტინია. ხოლო მონაკვეთში Mamma mia let me go, მისგან გაქცევისა და სასურველ მამაკაცთან ყოფნის სურვილია გამოხატული.

თავად ფრედიმ ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა:

"Bohemian Rhapsody ჰაერიდან არ დაბადებულა. მის შექმნას დიდი დრო მოვანდომე. ეს ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომლებიც ფანტაზირების საშუალებას იძლევიან. ადამიანებმა უბრალოდ უნდა მოუსმინონ მას, იფიქრონ მის შესახებ, საკუთარ განცდებს დაუკავშირონ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტონ, რას ეუბნება ის მათ". 

ალბათ, ფრედი მართალი იყო. ავტორის მიერ სიმღერაში ჩადებული აზრი შეიძლება საიდუმლოდ დარჩეს. მთავარია, თქვენ რას იგრძნობთ მისი მოსმენისას, რომელ მოგონებებს დაუკავშირებთ და რა ფიქრებს აღგიძრავთ.  

კომპოზიციის იმდენი ქავერი მოიძებნება, ექვს-შვიდ ალბომს თავისუფლად შეავსებდა. ამიტომაც, მხოლოდ რამდენიმე გამორჩეულ ვერსიას შემოგთავაზებთ.

ელტონ ჯონი და ექსლ როუზი ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე "ქუინის" დანარჩენ სამ წევრთან ერთად: 

მონსერატ კაბალიე და ბრიუს დიკინსონი:

Flaming Lips მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ სტილში:

ჩვენი ფავორიტი:

65,000 ადამიანი ლონდონში Green Day-ს კონცერტის წინ:

და ბონუსად, სიმღერის ტექსტზე დაფუძნებული სცენარის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ნახეთ, სახალისო რამეა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული