Thumbnail

კეიპოპის დახასიათება რამდენიმე სიტყვით შეიძლება - ეკლექტური, არაპროგნოზირებადი, სექსუალური და დამაინტრიგებელი. სამხრეთკორეული შოუბიზნესი, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მუსიკალური სივრცეა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

ქვეყნის მუსიკალური ინდუსტრია ყოველწლიურად ცდილობს მსმენელებს საინტერესო და ორიგინალური პროექტები შესთავაზოს. კორეელი არტისტების ახალ ნამუშევრებს მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელის. დღეს 10 საუკეთესო კეიპოპ სიმღერას გაგაცნობთ, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ სამხრეთკორეული მუსიკისთვის დროის დათმობა ნამდვილად ღირს. 

10. Girls' Generation - Gee (2010)

კეიპოპ ინდუსტრიაში Girls' Generation-ს გამორჩეული ადგილი უჭირავს. გოგონებმა კარიერის განმავლობაში არაერთი კარგი თინ პოპ (პოპ მუსიკის ქვეჟანრი) ნამუშევარი შემოგვთავაზეს, მათ შორის საუკეთესოდ კი 2009 წელს ჩაწერილი სიმღერა Gee მიმაჩნია.

შეუძლებელია, ამ კომპოზიციას მოუსმინო და მისი მარტივი და ლამაზი მელოდია არ აგეკვიატოს.

9. f(x) - Shadow (2013)

ამ ალტერნატიული პოპ ჩანაწერის მთავარ მუსიკალურ ხაზს ქსილოფონზე შესრულებული მელოდია ქმნის. Shadow-ს ერთ-ერთი ავტორი ინგლისელი პოპვარსკვლავი სოფი ელის-ბექსტორია, რომლის ხელწერაც ნამუშევარში განსაკუთრებით არენბის ელემენტების შემოსვლის დროს იგრძნობა.

უნდა აღინიშნოს ჯგუფის წევრების შესრულების მანერაც - გოგონების ვოკალი ეფექტურად ერწყმის ერთმანეთს, რაც ტრეკს მეტ ჰარმონიულობას სძენს. 

8. Orange Caramel - Catallena (2014)

თუ რაიმე ეკლექტურის მოსმენა გსურთ, Orange Caramel-ის შემოქმედებას უნდა გაეცნოთ. ეს ჯგუფი ბრწყინვალედ ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის გემოვნებით შეზავებას. ამის ნათელი მაგალითია სიმღერა Catallena, რომელშიც ინდური საქორწილო ფოლკ კომპოზიცია Jutti Meri Jandiye არის დასემპლილი.

ჩანაწერის ჟღერადობა 80-იანი წლების დისკოს მოგაგონებთ, რომელიც თანამედროვე სინთპოპის ელემენტებითაა გამდიდრებული. 

7. Seo Taiji & Boys - Nan Arayo (1992)

გასული საუკუნის 90-იანი წლები ბოიბენდების ოქროს ხანაა. სწორედ ამ დროს, სეულში სამი ბიჭისგან შემდგარი კოლექტივი Seo Taiji & Boys ჩამოყალიბდა, რომელმაც სამხრეთკორეული პოპ მუსიკა შეცვალა და კეიპოპის, როგორც ახალი მუსიკალური მიმდინარეობის სტრუქტურა განსაზღვრა. 

Nan Arayo ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც იმ პერიოდის დასავლური პოპ, არენბი და ჰიპ ჰოპ მუსიკის მახასიათებლებს ზედმიწევნით იმეორებს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში რამდენჯერმე ელექტრონული გიტარის სოლოც გვხვდება, რაც ჩანაწერს ექსპერიმენტულ ჟღერადობას სძენს. ამიტომაცაა ეს ნამუშევარი სამხრეთკორეული მუსიკალური სივრცისთვის საეტაპო და ღირებული. 

6. BIGBANG - Fantastic Baby (2012) 

BIGBANG-ის სახელი სამხრეთკორეული მუსიკის ყველა მოყვარულისთვისაა ცნობილი. ჯგუფმა პოპულარობა შექმნიდან მოკლე ვადაში მოიპოვა და წარუშლელი კვალი დატოვა კორეულ შოუბიზნესზე. 

Fantastic Baby ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი კომპოზიციაა, რომელიც კეიპოპ ინდუსტრიაში ოდესმე ჩაწერილა. ნამუშევარში ჰიპ ჰოპის, EDM-ისა და ელექტროპოპ მუსიკის იმპულსები იდეალურადაა დაბალანსებული, რაც ჯამში საინტერესო და ენერგიულ ჟღერადობას გვაძლევს. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჟურნალმა Rolling Stone ბოიბენდების მიერ ჩაწერილ ყველა დროის 50 საუკეთესო კომპოზიციას შორის ეს სიმღერა 22-ე პოზიციაზე დაასახელა. 

5. E.via - Pick Up! U! (2010)

მსგავსი არაორდინარული ჰიპ ჰოპ კომპოზიციები თითზე ჩამოსათვლელია. სამხრეთ კორეაში ყველაზე სწრაფი ფლოუს მქონე ქალი რეპერის, ივიას მოსმენის შემდეგ, შესრულების უტრირებული მანერით მას სხვა არტისტებისგან ყოველთვის გამოარჩევთ.

Pick Up! U! საინტერესო ნამუშევარია, მისი ელექტრონული ჟღერადობა კი კეიპოპ მეინსტრიმისთვისაც ზედმეტად ექსპერიმენტულია. ალბათ, ამიტომაცაა ეს ჩანაწერი ასეთი არასტანდარტული და მიმზიდველი. 

4. EXO - Lucky One (2016)

მსოფლიოში კეიპოპის მზარდი პოპულარობა სამხრეთკორეულ შოუბიზნესზე აშკარად დადებითად აისახება - ბოლო წლებია ქვეყანაში წარმოებული მუსიკალური პროდუქციის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი ბოიბენდ EXO-ს ნამუშევრებია.

კომპოზიციაში Lucky One ბიჭები თავიანთი ეფექტური ვოკალური მონაცემების წარმოჩენას შესანიშნავად ახერხებენ. დახვეწილი არენბი და ელექტრონული ჟღერადობა კი ჩანაწერს ორიგინალურობას მატებს. ამ სიაში თავისუფლად შეიძლებოდა ბენდის სხვა ტრეკებიც მოხვედრილიყო, მაგრამ Lucky One-ზე არჩევანი ნამუშევრის გამორჩეული ხასიათისა და მანერულობის გამო გავაკეთე. 

3. BTS - DNA (2017)

BTS-ს წარდგენაც კი არ სჭირდება. ეს ბოიბენდი დღეს მსოფლიოში ალბათ ყველაზე პოპულარული კეიპოპ პროექტია, რომლის თაყვანისცემელთა რიგებში ამერიკელი სუპერვარსკვლავები ჯარედ ლეტო, კამილა კაბეიო, სტივ აოკი და სხვები შედიან.

DNA ერთ-ერთი საუკეთესო კორეული კომპოზიციაა, რომლის თითეული დეტალი უზადო გემოვნებით არის დამუშავებული. სიმღერის ხასიათი ჯგუფის თითოეული წევრის ვოკალურ თავისებურებებზე იდეალურადაა მორგებული. ტრეკის EDM ჟღერადობა კი მოდუნების საშუალებას არ იძლევა. 

2. Bolbbalgan4 - Some (2017)

მაშინ, როდესაც კეიპოპ სამყაროში საცეკვაო და ელექტრონულ მუსიკას წამყვანი პოზიციები უჭირავს, ერთი შეხედვით, სარისკოა მსმენელებს ინდი-ფოლკ პროექტი შესთავაზო, რომელიც აქცენტს აკუსტიკური ინსტრუმენტების ჟღერადობაზე აკეთებს.

თუმცა, Bolbbalgan4-ის ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა. Some-ის მსგავსი თბილი, ლამაზი და ნატიფი ნამუშევარი მე პირადად სამხრეთკორეულ შოუბიზნესში არ მეგულება. 

1. 2NE1 - I Am the Best (2011)

სამხრეთკორეული საკულტო ჯგუფი 2NE1 ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პროექტი იყო, რომელმაც ჟანრს არაერთი კარგი და მნიშვნელოვანი ნამუშევარი შესძინა. სამწუხაროდ, ბენდი შარშან დაიშალა. მუსიკოსები თაყვანისცემლებს  სინგლით Goodbye დაემშვიდობნენ. 

I Am the Best მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კეიპოპ ტრეკად ითვლება, რომლის ხიბლი მის მრავალფეროვნებაშია. ჩანაწერი საცეკვაო, ჰიპ ჰოპ და ელექტრონული მუსიკის იდეალური და გემოვნებიანი ნაზავია, რომელიც აღმოსავლური ფოლკის ელემენტებით ბოლოვდება. ამ კომპოზიციაში შეხვდებით ყველაფერ იმას, რაც კეიპოპს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის - ამბიციას, კონკურენცია გაუწიოს დასავლურ შოუბიზნესს, მასშტაბურობას და ადვილად დასამახსოვრებელ ჟღერადობას. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული