Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა. 

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Public Enemy & Moby - Make Love Fuck War (2004)

მახსოვს, ერთხელ გერმანულ MTV-ზე უახლესი ანტისაომარი ტრეკების ოცეულს ვუყურე. არცერთი ვარგოდა. ცარიელი პათეტიკა და რიტორიკა, თითქოს მუსიკოსები ვალდებულნი იყვნენ პაციფისტურად გამოხმაურებოდნენ ამ მათთვის უაზრო ომს და გაეკიცხათ რესპუბლიკელი ბუში (დაკვირვებული ვარ, დემოკრატებს არტისტები უფრო ადვილად პატიობენ რაღაცებს).

არა, მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი სიღრმისეული განცდა ამ სიმღერებში არ იგრძნობოდა. ერთადერთი ეს კომპოზიცია დამამხსოვრდა, თუმცა, ისიც დიდად არ მომწონს - რა ცუდია ბუში და მისი "შესტიორკა" ტონი ბლერი. ძალაუფლება ხალხს! აღსდექ, ამერიკა! გაკვრით გუანტანამო და ერაყული ციხის ამბებიცაა მოხსენიებული.

ამ ტიპის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, კლიპში გამოკვეთილი იყო აზრი იმის შესახებ, რომ ომის შედეგად ძირითადად არაბი მოსახლეობა ზარალდება. ეს მაშინ, როდესაც ამერიკულ ანტისაომარ სიმღერებში, როგორც წესი, იმაზე სწუხან, თუ როგორ უაზროდ იღუპება ამერიკელი ახალგაზრდობა, სხვისი მკვდრები კი უმთავრესად სულ კიდიათ.

მოკლედ, ომის საწინააღმდეგო, საპროტესტო სიმღერები აღარაა 21-ე საუკუნის საქმე. ეს ძველ გვარდიას უფრო კარგად გამოსდის, რაც ერთსა და იმავე დროს ლოგიკურიცაა და სევდის მომგვრელიც.

9. Foetus - I’ll Meet You in Poland Baby (1984)

აქ უკვე საკმაოდ სერიოზულადაა საქმე. ავსტრალიელი ფსიქოპატი ჯეიჯი თერლუელი, იგივე კლინტ რუინი, იგივე ფრენკ ვონთი, იგივე Foetus, მუსიკალური ანდერგრაუნდის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ შემოქმედებაში ნოუ ვეივს, ინდასტრიალს, პოსტ პანკს, ჰარდკორს, ჯაზსა და ავანგარდს აერთიანებს. რაც შეეხება ამ ტრეკს, კი იფიცება ავტორი, რომ სიმღერა ღალატზეა, რომელიც ისევე დესტრუქციულად მოქმედებს ადამიანზე, როგორც ომიო, მაგრამ ტექსტიდან გამომდინარე ცოტა ძნელი დასაჯერებელია.

„მე მსმენია, რომ უსაფრთხოების მყარი გარანტია გაქვს, მაგრამ მე და სტალინმა ახლახანს თავდაუსხმელობის პაქტს მოვაწერეთ ხელი, ასე რომ მოემზადე კონფლიქტისთვის, საყვარელო. მე მოგიმზადებ მოშუშულ ხორცს, რომელიც დაგახრჩობს, მე შევწყვიტე შენი ვერსალის ზავი, დღეს პირველი სექტემბერია (მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი), ერთმანეთს შენს საფლავზე ვნახავთ ,მე შეგხვდები შენ პოლონეთში, საყვარელო“.

მოღალატე შეყვარებული რომ პოლონეთია, გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ გამოდის ავტორი?

8. The Doors - Unknown Soldier (1968)

60-იანების ფსიქოდელიური როკი მარტო ჰალუცინოგენი ნარკოტიკების, ცნობიერებაზე ექსპერიმენტების და კონტრკულტურული ჰედონიზმის შედეგი არ არის. მისი წარმოშობა და აქტუალობა ვიეტნამის ომით გამოწვეული სტრესებისა და ემოციური რყევების შედეგიცაა. 

ფსიქოდელია აკუსტიკურად  ყველაზე კარგად ასახავდა ომის ბაკხანალიას და სიკვდილის ორგიას. რა თქმა უნდა "დორზიც", როგორც ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო, აქტიურად იყო ჩართული ანტისაომარ როტორიკაში. ამ სიმღერაშიც, ერთი მხრივ, მინიშნებაა იმაზე, თუ როგორ აგოიმებდა ამერიკული მასმედია რიგით ობივატელს და აიმედებდა, ცოტაც მოიცადეთ, თქვენც გაიზრდებით და ომიც დამთავრდებაო, მეორე მხრივ კი, სასტიკი რეალობაა ნაჩვენები - "ტყვია ხვრეტს  ჩაჩქანს და ყველაფერი მთავრდება უცნობი ჯარისკაცისთვის". 

მე სპეციალურად შევარჩიე სიმღერის საკონცერტო, ფაქტობრივად, თეატრალური ვერსია. შესანიშნავი პოეტი და შემსრულებელი ჯიმ მორისონი, ალბათ, პირველი ნამდვილი "არტისტი" იყო როკ-ენ-როლის ისტორიაში. ჭეშმარიტი გმირი, რომელსაც მთელი სამყარო სურდა და თანაც მყისვე. ასეთები კი განწირულნი არიან ბედისწერისგან. მათთვის სიბერეც კი მიუწვდომელია.

7. Ryuichi Sakamoto - War & Peace (2004)

რუიტი საკამოტო თავის სტიქიაში. მოემბიენთო მინიმალიზმი, ახალი კლასიკა,  მისი საფირმო, ამჩატებული პოპსენსიტიურობა, ბევრი ელექტრონიკა, ცოცხალი ინსტრუმენტებიც და პლუს ვერბალური ფრაზები, რომლებიც როგორც საუნდი ისე აღიქმება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ფრაზებს კონცეპტუალური დატვირთვაცჰქონიათ და თანაც როგორი. ფაქტობრივად, ეს არის უპასუხო კითხვები ომსა და მშვიდობაზე. 

რატომაა მშვიდობა უტყვი? როდესაც ბავშვები საკუთარ და-ძმას ეჩხუბებიან, მაშინ სწავლობენ, როგორ უნდა იომონ? რატომ ადარებენ ომს კაცებს, მშვიდობას კი ქალებს? არის თუ არა მშვიდობა ყველაზე მძიმე სამუშაო? რატომ არის ომი ასეთი აღმგზნები? და ა.შ. და ა.შ.

სულ 19 ასეთი შეკითხვაა, აკუსტიკურ ქსოვილში ვირტუოზულად იმპლანტირებული. ტექსტის ავტორი არტო ლინდსეია, რაც ნამდვილი სიურპრიზია. ტოკიოში ლაივის დროს ტექსტი იაპონურად ითარგმნა. მეც ჩემი სიისთვის სწორედ ეს საკონცერტო ვერსია ავირჩიე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უფრო ეფექტურია. მეორეც, სცენაზე საკამოტოსთან ერთად მისი ძველი მეგობრები დგანან ლეგენდარული Yellow Magic Orchestra-დან, ჰარუომი ჰოსონო და იუკიჰირო ტაკაჰაში. ასეთ ცდუნებას კი ნამდვილად ვერ გავუძლებდი.

6. The Dicks - No Fuckin' War (1984)

პანკ და ალტერნატიული სამყაროს მიერ უსამართლოდ იგნორირებული ბენდი. არადა, 90-იანების გრანჟი თითქმის ისევე ჟღერს, როგორც "სირები" ჯერ კიდევ 80-იანების პირველ ნახევარში.

საინტერესოა, რომ ჯგუფის წევრები პირწავარდნილი სოციალისტები იყვნენ. მათი ლიდერი გარი ფლოიდი კი ტრანსვესტიტი გახლდათ, მსუქანი და უაპეტიტო. სიმღერა ტიპიური ანტისაომარი შეტევაა ხელისუფლებაზე მემარცხენე პოზიციიდან: "ჩვენ კვლავ მივდივართ მორიგი ომის მოსაგებად, ეს ამერიკული ოცნებაა, მაგრამ გესმით ჩვენი ყვირილი? აღარ გვინდა ეს დედამოტ*ნული ომი!" 

ეს რეიგანის ეპოქაა, ამერიკის მილიტარიზაციის ხანა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ცივი ომი რეალურში გადაიზრდებოდა და ამაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს ადანაშაულებდა. ცოტა თუ ხვდებოდა, რომ მისი მთავარი მიზანი "ბოროტების იმპერიის"  გამალებული შეიარაღების პროცესში ჩართვა და საბჭოთა ეკონომიკის მორყევა იყო, რაც მოხდა კიდეც.

5. Phil Ochs - I Ain’t Marching Anymore (1965)

ფაქტობრივად, იდეალური ანტიმილიტარისტული სიმღერა. პაციფისტური ტრეკის ეტალონი, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერავინ აჯობებს. თავისი ფორმით უაღრესად მარტივი და ტექსტუალურად ძალზედ ტევადი კომპოზიცია, რომელშიც ამერიკის საომარი კატასტროფებია აღწერილი. თანაც პირველ პირში. ისე, თითქოს ავტორი წინაპრების მაგივრადაც იღებს პასუხისმგებლობას მომხდარ მოვლენებზე.

I Ain’t Marching Anymore აქტუალური იქნება მანამ, სანამ იქნება ომები და თუ ოდესმე სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს, მაშინაც გამოგვადგება, როგორც ისტორიული დოკუმენტი, რომლის დავიწყებაც უბრალოდ არ შეიძლება. 

1965 წელს ვიეტნამში გაჩაღებული ომი ჯერ არ იწვევდა ახალგაზრდობის მასობრივ პროტესტს. ამერიკელობაც ჯერ კიდევ საამაყო იყო, მაგრამ ფილ ოქსი უკვე უარს აცხადებდა მწყობრი ნაბიჯით სიარულზე.

სიმღერა მართლაც ანტისამხედრო მარშივით ჟღერს. მერე რა, რომ მარტო აკუსტიკური გიტარით სრულდება. ასეთი რამ მხოლოდ 60-იანებში თუ იყო შესაძლებელი. კომპოზიციის საკონცერტო ვიდეოც მოიპოვება, მაგრამ მე მაინც "გაკეთებული" ვარჩიე, ეპოქის ამსახველი ფოტოსურათებითა და ტექსტით, რათა ყველამ წაიკითხოს და მიხვდეს, თუ რა ბრძოლებშია მოპოვებული ის ფასეულობები, რომლითაც ასე ძლიერია ამერიკა.

4. Kate Bush - Army Dreamers (1980)

ამ სიმღერის შინაარსსა და მუსიკალურ ფაქტურას შორის ისეთი აშკარა წინააღმდეგობაა, რომ კომპოზიცია ძალაუნებურად სატირის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს ირონიაა იმ მოზარდებისკენ მიმართული, რომლებიც სამხედრო კარიერაზე ოცნებობენ. 

ქეით ბუში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ჯარისკაცის დედის როლში გვევლინება: "დედის სიამაყე, რა შეეძლო მას გაეკეთებინა? გამხდარიყო როკვარსკვლავი, მაგრამ მას ხომ გიტარის საყიდელი ფული არ ჰქონდა. გამხდარიყო პოლიტიკოსი, მაგრამ მას ხომ შესაბამისი განათლება არ ჰქონდა. გამხდარიყო მამა, მაგრამ ის ხომ ჯერ ქალთანაც არ იყო ნამყოფი. ის ხომ ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო".

Army Dreamers 1979 წელს, უმძიმესი ეკონომიური კრიზისის დროს შეიქმნა, როდესაც ბრიტანელი ახალგაზრდებისთვის სამხედრო სამსახური ფაქტობრივად ერთადერთი გამოსავალი იყო. ქეით ბუში აქ უფრო იმაზე მღერის, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს. კომპოზიცია მუსიკოსმა 20 წლის ასაკში დაწერა და ის ალბათ საუკეთესო ანტიმილიტარისტული სიმღერაა, რომელიც კი შეიძლება ქალმა შექმნას. 

3. The Jam - Little Boy Soldiers (1979)

ბრიტანელების როკ თუ პოპ კერპის, პოლ უელერის შთამბეჭდავი კარიერა Jam-ის  უკომპრომისო, საპროტესტო სიმღერებით დაიწყო. ტექსტები ყოველთვის უელერის კოზირი იყო და ეს რადიკალური ანტისაომარი და ანტისამთავრობო კომპოზიციაც სწორედ ამის დასტურია. 

აქ რაღაც თანამედროვე კოლონიურ საომარ თამაშებთან გვაქვს საქმე, სადაც ბრიტანეთის იმპერიის ლოცვა-კურთხევით, ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე შეგიძლია მოკლა ადგილობრივები. ღმერთი და ვაშინგტონიც ჩვენს მხარეზეა, მსოფლიოსა ჩვენ ვმართავთ, ბევრსაც ვკლავთ და ვძარცვავთ, ოღონდ დემოკრატიის სახელით და ამის უნდა გჯეროდეს. ბოლოს კი შენს წილ ტყვიასაც მიიღებ და იაფი კუბოთი გაგაგზავნიან შინ, დედისთვის განკუთვნილ საბუთთან ერთად, სადაც მითითებულია "ერთი შვილი, ერთი მედალი" და მინაწერი "მან გაიმარჯვა". 
 
მკაფიოდ გამოხატული მესიჯის მიუხედავად, კომპოზიციის ტექსტი არაერთგვაროვანია, აზრობრივად არცთუ მარტივადაა მოწყობილი და სოციალურ-პოლიტიკური სასიმღერო პოეზიის ნიმუშსაც წარმოადგენს (ისევე, როგორც უელერის თითქმის მთელი იმდროინდელი შემოქმედება). ასე რომ, სჯობს თავადვე წაიკითხოთ. ამიტომაც, ლირიკის თანხლებით შემოგთავაზებთ. 

2. Edwin Starr - War (1970)

ეს სიმღერა პირველად 1969 წელს გამოვიდა, The Temptations-ის ვინილზე და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა. ამიტომ გადაწყდა სინგლადაც გამოეშვათ. რაკი Temptations-ის პუბლიკა მაინც კონსერვატიული იყო, კომპოზიციის ავტორებმა, სთრონგმა და უითფილდმა გადაწყვიტეს საკუთარი ტრეკი უფრო გაეხისტებინათ და ის სრულიად უცნობ შემსრულებელს, ედვინ სთარს ჩააწერინეს. გაარტყეს კიდეც, War ბილბორდის ჩარტებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 

საინტერესოა, რომ ლეიბლ Motown-ის შეფი, ბერი გორდი მთელი 60-იანების განმავლობაში თავის არტისტებს (სტივი უანდერი, მარვინ გეი, სმოკი რობინსონი, დაიანა როსი და ა.შ.) საპროტესტო სიმღერების ჩაწერას უკრძალავდა. თუმცა, 1970 წლისთვის ობივატელური ამერიკა და შესაბამისად მეინსტრიმული აზრიც უკვე ომს დაუპირისპირდა. 

ასე რომ, გარკვეულწილად, კონიუნქტურასთან გვაქვს საქმე. მაგრამ იმდენად მძაფრი და ნერვიულია სიმღერა, იმდენად უკომპრომისოა ედვინი, რომ მის მიერ შესრულებული, იმ დროისთვის უკვე ბანალურად ქცეული საპროტესტო ტექსტი, როგორც დრამა ისე გაჟღერდა. 

საკაიფო სატელევიზიო ვიდეოა. აი, ესაა ცეკვით-თამაშით გამოხატული პროტესტი. თან რომ ვერც შეედავები, ისეთი.

1. Marlene Dietrich - Sag mir, wo die Blumen sind (1965)

ეს სახელგანთქმული პაციფისტური შედევრი, Where Have All the Flowers Gone? ამერიკული ფოლკ მუსიკის პატრიარქმა, პიტ სიგერმა ჯერ კიდევ 1955 წელს დაწერა. დიტრიხამდე ბევრი ასრულებდა ამ სიმღერას, თვითონ სიგერიც, მაგრამ მარლენის ვერსიასთან შედარებით, ყველა სხვა უმწეო და უსუსური ჩანს. 

"მითხარი, სად გაუჩინარდა ყვავილები? ყვავილები გოგონებმა მოწყვიტეს დიდი ხნის წინ. მითხარი, სად გაუჩინარდნენ  გოგონები? გოგონები ბიჭებმა წაიყვანეს დიდი ხნის წინ. მითხარი, სად გაუჩინარდნენ ბიჭები? ბიჭები ჯარისკაცები გახდნენ დიდი ხნის წინ. მითხარი, სად გაუჩინარდნენ ჯარისკაცები? ჯარისკაცები საფლავში ჩაწვნენ დიდი ხნის წინ. მითხარი, რა დაემართა საფლავებს? საფლავზე ყვავილები აყვავდა. როდის მოვლენ გონს, როდის?" - ძალიან კი გავაპროზაულე ტექსტი, მაგრამ საოცარი სიმღერაა, შესანიშნავი მელოდიითა და ლირიკით. 

რა თქმა უნდა, კომპოზიცია ინგლისურადაა დაწერილი და დიტრიხიც ასრულებდა ამ ენაზე, მაგრამ გერმანული ვერსია ნამდვილი კათარზისია და ვინ თუ არა მან იცოდა ეს ყველაზე კარგად.


0. Иосиф Кобзон - Пока не поздно (1983)

80-იანი წლებიდან, ცივი ომის გამწვავების ფონზე, ე.წ. საბჭოთა სამშვიდობო პროპაგანდამ ისტერიული ხასიათი მიიღო და ესტრადაზე გადაინაცვლა. ასეთი ხასიათის ზღვა სიმღერებში, ყველაზე ცნობილი "სანამ გვიან არ არის" გახდა, კომუნისტური პარტიის უპირობო ადეპტისა და იდეოლოგიური ბურჯის, იოსიფ კობზონის შესრულებით.

"ატომი სულ უფრო გაბოროტებული და სახიფათოა. მრისხანე აფეთქებების საშინელებაც სულ უფრო ახლოა. კიდევ რამდენიმე დღე-ღამე და უკვე გვიან იქნება. პლანეტას აღმოხდება - დამიფარე ამ სასიკვდილო ღრუბლისგან, დამიფარე  ცეცხლის მრისხანე ტალღისგან, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. სიხარულიც და უბედურებაც აქვეა და მტკიცედ უნდა გავცეთ პასუხი. მზიან სამყაროს - კი! კი! კი! ბირთვულ აფეთქებას - არა! არა! არა!" - ვერაფერში შეედავები მოკლედ.

პერესტროიკისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სიმღერა მიივიწყეს, მაგრამ მე-20 საუკუნის  მიწურულს, რუსეთში საბჭოთა რიტორიკის აღმავლობის ფონზე, სიმღერის ახალი, ეპატაჟური და ცინიკური ვერსია გავრცელდა, რომელშიც მისამღერი ასე ჟღერდა: "მზიან სამყაროს - არა! არა! არა! ბირთვულ აფეთქებას - კი! კი! კი!"

ამას მაშინ დიდი სკანდალი მოყვა, მაგრამ მალე ესეც მიივიწყეს და აი, ორი წლის წინ ვიღაცას კვლავ გაახსენდა სიმღერის კურიოზული და მკრეხელური ვერსია. უფრო მეტიც, 1983 წლის  საკონცერტო ვიდეოჩანაწერიც მოიძია და ერთი კუპლეტის ვიდეორედაქტირებაც გააკეთა. ავტორის მესიჯი აშკარაა - თანამედროვე რუსეთს არანაირი "ნათელი" იდეოლოგია არ აქვს, ანგარების, აგრესიისა და სახიფათო, ავადმყოფური ამბიციების გარდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული