Thumbnail

აგვისტო: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2018 წლის აგვისტოში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Bаs - Tribe Feat. J. Cole

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა აბას ჰამადმა, ფსევდონიმით Bas, ახალი კომპოზიცია Tribe და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში რეპერის პოპულარული კოლეგა და მეგობარი, ჯეი ქოული მონაწილეობს. ნამუშევარი ბასის ალბომის Milky Way ერთ-ერთი სინგლია. 

9. François X - Intersection

ფრანგმა ელექტრონულმა მუსიკოსმა François X მსნელებს ახალი კომპოზიცია Intersection შესთავაზა. ნამუშევარი ხორვატიულმა Out of Place Records-მა გამოსცა. ჩანაწერი ლეიბლის რიგით მეოთხე რელიზში შევა, რომელიც სხვადასხვა არტისტის 4 ტრეკს გააერთიანებს.

8. Soap&Skin - Heal

ავსტრიელმა მუსიკოსმა ანია პლაშგმა პროექტის Soap&Skin ფარგლებში ახალი სიმღერა Heal გაავრცელა. ტრეკი მუსიკოსის ახალ ალბომში From Gas to Solid / you are my friend შევა, რომელიც გაყიდვაში 26 ოქტომბერს ჩაეშვება.

7. Aphex Twin - T69 Collapse

ინგლისელმა არტისტმა და პროდიუსერმა რიჩარდ ჯეიმსმა, სასცენო სახელით Aphex Twin, ახალი ტრეკი T69 Collapse და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სპეციალისტების თქმით, კლიპი ისეთ ვიზუალს შეიცავს, რომელსაც ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ამიტომაც ის სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს. 

6. Travis Scott - Sicko Mode

ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ჰიპ ჰოპ არტისტი ტრევის სკოტი მსმენელებს ახალი ალბომით Astroworld დაუბრუნდა. კომპოზიცია Sicko Mode ჩანაწერის ერთ-ერთი ნამუშევარია. ტრეკზე არტისტმა კანადელ რეპერთან დრეიქთან ერთად იმუშავა.

5. Mac Miller - Hurt Feelings

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მალკოლმ ჯეიმს მაკკორმიკმა, ფსევდონიმით Mac Miller, გაყიდვაში მისი რიგით მეხუთე ალბომი Swimming ჩაუშვა. ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერში თავი 13 კომპოზიციამ მოიყარა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული Hurt Feelings გახლავთ. 

4. Low - Disarray

ამერიკულმა ჯგუფმა Low ახალი სიმღერა Disarray გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის რიგით მე-12 ალბომში Double Negative შევა, რომელიც დღის სინათლეს 14 სექტემბერს იხილავს. ნამუშევარი ცნობილი ინდი ფოლკ კოლექტივის, Bon Iver-ის დამაარსებლის, ჯასტინ ვერნონის სტუდიაში ჩაიწერა.

3. Blood Orange - Saint

ბრიტანელმა მუსიკოსმა დევ ჰაინსმა, სასცენო სახელით Blood Orange, სიმღერა Saint და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევარის ავტორი თავად არტისტია. კომპოზიცია შემსრულებლის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Negro Swan შედის, რომელიც გაყიდვაში 24 აგვისტოს ჩაეშვა. 

2. Sleaford Mods - Stick In a Five and Go

ბრიტანულმა დუეტმა Sleaford Mods ახალი სიმღერა Stick In A Five and Go გამოუშვა. კომპოზიცია მათ მომავალ, 5-ტრეკიან EP-ში შევა, რომელიც სექტემბერში გამოიცემა.

1. Eminem - Lucky You (feat. Joyner Lucas)

ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე, ლეგენდარული დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, მსმენელებს რიგით მეათე ალბომით Kamikaze უბრუნდება. სტუდიური ნამუშევარი 13 კომპოზიციას აერთიანებს, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული ტრეკი Lucky You გახლავთ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული