Thumbnail

როჯერ უოტერსი: რუსეთს ცუდი არაფერი გაუკეთებია, პუტინის დემონიზება სამწუხაროა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

აგვისტოს ბოლოს, ლეგენდარული Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამაარსებელი როჯერ უოტერსი მსოფლიო ტურნეს Us+Them ფარგლებში მოსკოვსა და პეტერბურგში კონცერტებს გამართავს.

რუსეთში ჩასვლამდე, ცნობილმა მუსიკოსმა გამოცემა iz.ru-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ოკუპანტი სახელმწიფოსა და მისი ლიდერის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას დაუჭირა მხარი.

"მინდა მთელ მსოფლიოს მივმართო - თქვენ რა, რუსებთან ომის დაწყება გინდათ? გიჟები ხართ? იცით მაინც, ვისთან გაქვთ საქმე? რუსებმა ფაშისტებისგან გაგათავისუფლეს 20 მილიონი საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის ხარჯზე! და თქვენ მათთან ომი გინდათ? რა გაგიკეთეს ცუდი?"

"იმავეს თქმა შემიძლია უკრაინასთან დაკავშირებით. ყველაფერში დამნაშავე ვიქტორია ნულანდია (აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი 2012-2013 წლებში). მან მოაწყო ყველაფერი და ახლა ქვეყანა ორადაა გაყოფილი. არ ვიცი, როგორ გამოვა უკრაინა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ რუსეთის დადანაშაულება უბრალოდ სასაცილოა. 

მე არც ისე ძლიერი ვარ გეოპოლიტიკაში. ვიცი, რომ სევასტოპოლი ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. არსებობს ბევრი შეთანხმება და საბუთი, რომელთა მიხედვით რუსეთს ამ ქალაქზე ყველა უფლება აქვს. უკრაინაში ხელისუფლების შეცვლამ, რაც ვაშინგტონის მიერ იყო პროვოცირებული, მოსკოვს უბრალოდ შემდგომი მოქმედებებისკენ უბიძგა. 

რუსეთის, რუსი ხალხისა და პუტინის დემონიზება - სამწუხაროა. ეს რუსეთთან ბრძოლის გამო არ ხდება. მიზანი საკუთარი მოქალაქეების გაკონტროლება და მეტი ფულის შოვნაა". 

"რაც შეხება ადამიანის უფლებებს, რუსეთში ამასთან დაკავშირებით პრობლემებია. მაგრამ ეს თქვენი ქვეყანაა და თავადვე უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცევით. თუ პუტინი გიყვართ, გიყვარდეთ, ეს ჩემი საქმე არ არის". 

როჯერ უოტერსი ცნობილია მსგავსი რადიკალური და არაადეკვატური განცხადებებით. მუსიკოსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში პალესტინის აქტიური მხარდამჭერია. 2017 წლის ზაფხულში Radiohead-ის ტურნეს დროს მან ჯგუფის ფრონტმენს, ტომ იორკს ისრაელში ჩასვლაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, თუმცა, "რედიოჰედი" თელ ავივში მაინც გაემგზავრა. 

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა იმავე წლის შემოდგომაზე, ისრაელში ნიკ ქეივის გამოსვლის წინ. უოტერსი მუსიკოსისგან კონცერტის გაუქმებას მოითხოვდა, თუმცა, უფროსი კოლეგის აზრს ანგარიში არც ქეივმა გაუწია. 

თავად როჯერ უოტერსი რუსეთში საგასტროლოდ ბოლოს 2011 წელს იმყოფებოდა. წლევანდელი ტურნეს ფარგლებში კონცერტი პეტერბურგში 29, მოსკოვში კი 31 აგვისტოს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული