Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Sham 69 - Rip Off (1978)

პროლეტარიატის რუპორი, Sham 69 ე.წ. ოი! პანკის წინამორბედად ითვლება, მუსიკალური ჟანრის, რომლის მიზანიც პანკ როკის მუშათა კლასის წიაღში დაბრუნება იყო. ოი! პანკი კი, თავის მხრივ, სკინჰედების აკუსტიკური იდენტობის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. 

დღეს სკინჰედები მემარჯვენე ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლებად ითვლებიან, არადა თავის დროზე ისინი უბრალოდ მანერიზმს, არტ-ჟესტებსა და სოციალურ პრობლემატიკაზე ინტელექტუალურ ბოდვებს უპირისპირდებოდნენ. ეს თემა მათთვის ძალიან მტკივნეული იყო. სკინ მოძრაობა ხომ ყველაზე ღარიბი ფენიდან გამოსული მოზარდებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ მათთვის და მათზე მღეროდა Sham 69. მერე რა, რომ სკინჰედებთან ბევრი არაფერი აკავშირებდა. 

ეს სიმღერა არ არის საუკეთესო Sham 69-ის კარიერაში, მაგრამ ყველაზე სიმპტომატურია - ერთწუთიანი, ლაკონური, პრიმიტიული, უკომპრომისო და პირდაპირი, ყოველგვარი მეტაფორების გარეშე. ჯგუფის ლიდერი ჯიმი პერსი ნამდვილი პანკ ორატორი იყო. ძალიან უყვარდა კონცერტზე სიმღერების შესრულების წინ დეკლამაცია და აქტიური ქმედებებისკენ მოწოდება. ამიტომაც ავირჩიე სიმღერის ეს ვერსია.

9. Dead Boys - All This and More (1977)

ლეგენდარული კლუბის CBGB ერთ-ერთი მთავარი რეზიდენტი იმ შორეულ წლებში. სხვათა შორის, All This and More პირველი პანკ ტრეკია, რომელიც 1977 წელს "ამერიკის ხმაზე" მოვისმინე. დიქტორის ტექსტიც მახსოვს, ძლიერ განვიცდით იმ ფაქტს, რომ ასეთი მუსიკოსები პანკში ფლანგავენ საკუთარ ნიჭსო. 

ნიჭი არა, მაგრამ ახალგაზრდობა და კარიერა რომ გაფლანგეს ამ ბენდის წევრებმა, ფაქტია. ცხოვრებაშიც ისეთივე მოურჯულებლები და უკონტროლოები იყვნენ, როგორც სცენაზე. მათ საკუთარი ლეიბლიც კი ვერ იტანდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ "მკვდარი ბიჭები" ფაშისტური სიმბოლიკით იყვნენ გატაცებული, Sire Records-ის მფლობელები კი ებრაელები იყვნენ. მეორეც იმიტომ, რომ მათგან მუდმივად აკუსტიკური ბრუტალობის "გალაითებას" ითხოვდნენ, მუსიკოსები კი ამას არაფრის დიდებით არ თანხმდებოდნენ. 

ამიტომაც, იმის მიუხედავად, რომ "დედ ბოისის" სადებიუტო ალბომს კრიტიკა დიდი მოწონებით შეხვდა, ლეიბლმა უარი თქვა ბენდის პრომოუშენზე, ვალები დაადო და ფაქტობრივად გაწირა როგორც მუსიკოსები, ასევე მათი მენეჯერი ჰილი კრისტალი, რომელიც პარალელურად CBGB-ის მფლობელიც იყო. სხვა მხრივ, ამერიკული პანკის ნამდვილი კლასიკა და ერთ-ერთი მწვერვალი, რაზეა საუბარი.

8. Dead Kennedys - California Uber Alles (1979)

ეს ტრეკი პოლიტიკური პანკ სატირაა, მაგრამ არა განზოგადებული, არამედ კონკრეტული, კალიფორნიის იმჟამინდელი გუბერნატორის წინააღმდეგ მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით იდეალური კომპოზიციაა, როგორც აკუსტიკურად, ისე ლირიკის თვალსაზრისით. 

სათაური California Uber Alles ალუზიაა ნაცისტური გერმანიის ჰიმნზე. მუსიკალურ ნაწილში ძალზედ ეფექტურია ტემპის ვარდნა, რომელიც ბარაბნების პარტიით ივსება, ასევე ნაცისტურ მარშს რომ წააგავს და კიდევ უფრო მუხტავს ისედაც მძაფრ და უაღრესად სარკასტულ სიმღერას. ჯელო ბიაფრას ვოკალი ერთდროულად ცინიკურიცაა, რიტორიკულიც და მამხილებელიც. ტექსტში შექსპირისა და ორუელის ციტატებზე მინიშნებებსაც შეხვდებით. მოკლედ, უცნაური ეფექტი იქმნება - სიმღერა ერთი შეხედვით სულაც არაა ინტელექტუალური, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ამ ყველაფრის უკან ისეთი ნონკომფორმისტი ერუდიტი დგას, როგორიც იყო კიდეც "დედ კენედისის" ფრონტმენი.  

სიმღერის ტექსტებისა და გამონათქვამების გამო, 80-იანებში ჯელოს ხშირად დაატარებდნენ სასამართლოებში. ერთხელ კონგრესის სხდომაზეც კი დაიბარეს ახსნა-განმარტებების მისაცემად. ეს გასაგებიცაა, რადგან ბიაფრა ისე გათავხედდა, რომ 1982 წელს სან ფრანცისკოს მერის თანამდებობაზეც კი იყარა კენჭი, რა თქმა უნდა, წარუმატებლად. 

7. The Damned - New Rose (1976)

ქრონოლოგიურად პირველი და შესაბამისად ისტორიული სინგლი ბრიტანულ პანკში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ "დემნედს" ამერიკაში უფრო აფასებდნენ, ვიდრე ინგლისში, მუსიკალური თვალსაზრისით საინტერესო და განსწავლული ბენდიაო.

შემდგომი თაობის პანკ არტისტებიც იგივეს ამბობდნენ, მაგრამ თავის დროზე ეს ჯგუფი "სექს პისტოლსის" და "ქლეშის" ფონზე აშკარად დაიჩაგრა. იმიტომ არა, რომ უარეს მუსიკას უკრავდნენ. საქმე იმაშია, რომ მათ შემოქმედებაში ნაკლებად იგრძნობოდა ეპოქის მაჯისცემა, ისინი სათანადოდ ვერ გამოხატავდნენ სულისკვეთებას, რომლითაც გამსჭვალული იყო იმდროინდელი ბრიტანეთის ახალგაზრდობა და რაც მთავარია, მათში არ იყო ის სოციოკულტურული პათოსი, რაც ასე უხვად გააჩნდათ პანკისა და ნიუ ვეივის ლიდერებს. 

The Damned - ეს უფრო პანკ რომანტიკაა, არა რევოლუციური, უფრო არტისტული და მანერული. თუმცა, აგერ უკვე ოთხი ათწლეულის გადმოსახედიდან, ეს სიმღერა როგორც ჰიმნი ისე აღიქმება და არც არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, 1976 წლის 22 ოქტომბერს ლონდონის მუსიკალური მაღაზიების თაროებზე New Rose რომ არ გამოჩენილიყო. 

6. X-Ray Spex - Oh Bondage! Up Yours! (1977)

ისტორიული ტრეკი და არა მარტო პანკისთვის. Oh Bondage! Up Yours! პირველი ღიად ფემინისტური სიმღერაა.

რა თქმა უნდა, მანამდე არსებობდა პატი სმიტი, მაგრამ ის პოეტი იყო, რომელიც მეტაფორებით აზროვნებდა და გამოხატავდა სათქმელს, 20 წლის პოლი სტირენი კი ყველაფერს პირდაპირ, ღია ტექსტით.. კი არ მღეროდა, არამედ კიოდა, ყვიროდა, აგრესიულად და ისტერიულად უტევდა მამაკაცურ სექსიზმსა და კონსუმერიზმს. თანაც ყველაფერ ამას სადომაზოხისტურ კონტექსტში აქცევდა, სადაც ქალი მსხვერპლია, კაცი კი დომინანტი და სწორედ ასეთი კავშირების დანგრევისკენ მოუწოდებდა ყველას. 

სიმღერა კლუბ Roxy-შია ჩაწერილი ჯგუფის კონცერტზე. ვიდეოც სწორედ ამ ლაივის დროსაა გადაღებული. ინგლისის დროშიან პიჯაკში მოცეკვავე ყმაწვილი კი თვით The Pogues-ის შეინ მაკგოუენია.

5. The Ramones - Blitzkrieg Bop (1977)

კლუბ CBGB-ში პირველი კონცერტის წინ "რემოუნსმა" რეპეტიციაზე ლეგენდარული პროტო პანკ ბენდის, New York Dolls-ის ფრონტმენი დევიდ იოჰანსენი მიიწვია. დევიდმა ჯგუფის რეპერტუარი მოისმინა და გაოგნებულმა იკითხა, თქვენ რა, სერიოზულად ფიქრობთ, ასეთი სიმღერებით გახვიდეთ სცენაზეო? 

აღმოჩნდა, რომ სერიოზულად ფიქრობდნენ. პირველივე კომპოზიცია პუბლიკამ ისე მიიღო, როგორც კარიკატურა როკ-ენ-როლზე. კონცერტის მსვლელობისას, იქ მყოფი ბევრი ცნობილი მუსიკოსი თუ ჟურნალისტი ცდილობდა, მეგობრებს დაკავშირებოდა, რათა ეთქვა, მოდით აქ, რაღაც გაუგონარი ამბავი ხდებაო.

"რემოუნსმა" 30 წუთში 27 სიმღერა შეასრულა და სცენიდან გავიდა. პირდაფჩენილი პუბლიკა კი მიხვდა, რომ როკ-ენ-როლში ნამდვილი გადატრიალება შედგა, რომელსაც მყისვე პანკ-რევოლუცია უწოდეს. ერთი შეხედვით, არაფერი ახალი მათ მუსიკაში არ იყო. "სთუჯისი" და "ნიუ იორკ დოლსი", ტრადიციული ამერიკული  პოპი, გლემი, ე.წ. ბაბლ გამ როკიც კი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩატენილი მაქსიმუმ 2-წუთიან სასიმღერო ფორმატში, უტიფრად და "პოხუისტურად", ყოველგვარი წინასწარ ჩაფიქრებული კონცეფციის გარეშე. უბრალოდ, ასეთი იყო მათი მსოფლშეგრძნება და ფილოსოფია.

Blitzkrieg Bop "რემოუნსის" პირველი სინგლია. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფი ლაივში უკეთესია, უფრო სწრაფი, ქაოტური და დაქოქილი, ვიდრე სტუდიურ ჩანაწერებში. ამიტომაც ავარჩიე სიმღერა სწორედ ამ ცოცხალი ალბომიდან. საბედნიეროდ, ვიდეო ჩანაწერიც არსებობს. 

ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ბენდის გიტარისტს, ჯონი რემოუნს ჰკითხა, არცერთი თქვენი სიმღერა 3 აკორდს არ სცდება და აბა, ეგ რა მუსიკააო? რაზეც ჯგუფის წევრებმა ერთხმად მიუგეს, სამაგიეროდ, ყველაზე სწორი აკორდებიაო. აი, ესაა მთელი "რემოუნსი", რომლის კლასიკური შემადგენლობიდან არცერთი წევრი ცოცხალი აღარაა. ამაშიც კი უნიკალურია ეს ბენდი.

4. Sex Pistols - E.M.I. (1977)

რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა ეს ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ცნობილი პანკ ბენდი მისი პირველი ორი ლეგენდარული სინგლით წარმოგვედგინა, მაგრამ პირადად მე სწორედ ეს სიმღერა მომწონს, რომელიც ჯგუფის ერთადერთ და განუმეორებელ ალბომს ასრულებს. 

ტრეკი აშკარად ვეღარ ეტევა ჟანრის ჩარჩოში. აკუსტიკური პრეზენტაცია არასწორხაზოვანია, მაგრამ ესთეტიკურად მაინც წმინდა პანკია. ნამდვილი "სექს პისტოლსი". ჯონი როტენის ვოკალი, ვფიქრობ, აქ უკეთესია ვიდრე სხვა სიმღერებში. აშკარად ჩანს, რომ ქვეყნის ამომგდები ანარქისტის როლს ემიჯნება, თუმცა, მისი ცინიზმი კვლავ უსაზღვროა და უკომპრომისო. ტექსტი კი რიტორიკული და რაღაც მომენტში ფოკუსირებულ-კონცეპტუალური. 

E.M.I. უმსხვილესი ლეიბლია, რომელმაც "პისტოლსებს" პირველმა შესთავაზა კონტრაქტი, მაგრამ ბენდის მართვა შეუძლებელი აღმოჩნდა და კომპანიამაც სწრაფადვე, ცალმხრივად გააუქმა ხელშეკრულება. ფინანსურ ზარალზეც კი წავიდა ამის გამო. როტენი სიმღერაში სწორედ ამაზე ღადაობს - ჩვენ ვერავინ ვერაფერს გვაიძულებს, არავის ვემორჩილებით, უკან გაიკეთეთ მთელი თქვენი მუსიკალური ინდუსტრია, თუ ფიქრობთ, რომ რამეს ფულის გამო ვაკეთებთ, ეგეც გვკიდია და საერთოდ, ერთი თქვენი ყველას დედაცო.

"სექს პისტოლსი" მთელი თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ქადაგებდა, ჩვენ ანტი-ბენდი ვართ, მენეჯერიც "განდონი" გვყავს, ვერც ერთმანეთს ვიტანთ, ვერც ფანებს, ვერც მტრებს, მთელი სამყარო გვეზიზღება, არც პანკები ვართ, უბრალოდ ისეთები ვართ, როგორებიც ვართო. სწორედ ეს მესიჯია კრისტალიზებული ამ სიმღერაში. ის მოსაზრებაც კი, რომ ჯგუფის მუსიკა არ ვარგა, იდეალურად ჯდება მათ კონცეფციაში. ტყუილად კი არ ამბობდა თავის დროზე როტენი, სულ სირზე მკიდია მუსიკა, მხოლოდ ქაოსი მაინტერესებსო.

3. The Clash - Know Your Rights (1982)

მე სპეციალურად გავემიჯნე "ქლეშის" ადრეულ პანკ რეპერტუარს და სიაში შევიტანე სიმღერა ჯგუფის უკანასკნელი კლასიკური ალბომიდან, რომელსაც ამ ტრეკის გარდა, პანკთან უკვე არანაირი კავშირი აღარ აქვს. 

ვფიქრობ, ეს კომპოზიცია სოციო-პანკის მწვერვალია. ნამდვილი შედევრი, მინიმალისტური, გასხეპილი საუნდით, საოცარი პათოსითა და პასუხისმგებლობით გამსჭვალული. გამწარებული და შეურაცხყოფილი ჯო სტრამერის აგრესიულად შეუპოვარი და უკომპრომისო დეკლამაციები მართლაც ფანსტასტიკურად ჟღერს და იდეალურად ესადაგება ტექსტს, რომელსაც ოდნავადაც კი არ დაუკარგავს აქტუალობა. განსაკუთრებით ჩვენთან, დღევანდელ საქართველოში.

"იცოდე შენი სამი უფლება. პირველი - შენ გაქვს უფლება, არ მოგკლან, თუ ეს მკვლელობა პოლიციელის მიერ არ იქნება ჩადენილი. მეორე - შენ გაქვს უფლება იშოვო ფული, თუ წინააღმდეგი არ ხარ, შეურაცხგყონ და დაგამცირონ. მესამე - შენ გაქვს სიტყვის თავისუფლება, თუ არასდროს იქნები იმდენად სულელი, რომ ეს უფლება გამოიყენო". ამის შემდეგ, ნებისმიერი საპროტესტო პანკ სიმღერა აღიქმება, როგორც კონიუნქტურა და პოზა. პრინციპში, არც აღიქმება, ასეც არის.

2. Metal Urbain - Paris Maquis (1977)

ფრანგების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იმ მუსიკასაც კი, რომლის ექსპორტსაც შეერთებული შტატებიდან თუ დიდი ბრიტანეთიდან ეწევიან, ბრმად არ აკოპირებენ. როგორც წესი, ისინი არ ეპიგონობენ და სუროგატებს არ ქმნიან, ყოველთვის ცდილობენ ფრანგულ სენსიტიურობას დაეყრდნონ და მშობლიურ ენაზე იმღერონ.

ასეა Metal Urbain-ის შემთხვევაშიც. სუფთა პანკი, მაგრამ ისეთი, რომლის ანალოგიც არც ამერიკაში და არც ინგლისში მაშინ არ იყო. ორი დისთორშენიანი გიტარა. არანაირი ბასი და დრამი. რიტმს სინთეზატორი და დრამ მანქანა უზრუნველყოფენ. არანაირი დრამ ბრეიქები და როკ-ენ-როლური "შტუკები". ანუ სახეზეა ელექტროპანკის პირველი ნიმუში, საგიტარო ნოიზის ელემენტებით.

აკუსტიკური ეფექტი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, საპროტესტო-კონფრონტაციული სულისკვეთება კი დამუხტული, ნერვიული და გამძაფრებული. მოკლედ, საქმე გვაქვს ფრანგული მუსიკალური კონტრკულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშთან, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მის ბრიტანულ და ამერიკულ ანალოგებს. 

და კიდევ, ეს სინგლი დღეს უკვე ლეგენდარული ლეიბლის Rough Trade Records-ის პირველი, ისტორიული რელიზია. მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა ამ ბენდის მეორე საპატიო ადგილზე გაყვანა.

1. Crass - Big A Little a (1980)

ანარქო პანკის ფუძემდებლები, ამხელენ ყველას და ყველაფერს - ეკლესიას, მონარქიას, სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს. არც პანკ კერპებს ინდობენ, მათაც თაღლითებად და აფერისტებად მოიხსენიებენ. სწორედ ამ ჯგუფის სიმღერის სახელი იქცა ცნობილ სლოგანად - Punk is Dead.

"კრასისთვის" პანკი არც მუსიკალური ჟანრია და არც სუბკულტურა. ის მათი ანარქისტული იდეების გამტარია. ამიტომაცაა მათი მუსიკა უნიკალური, კონკრეტულ მიზანზე ფოკუსირებული, სწორხაზოვანიც, მაგრამ ამავე დროს უამრავი აკუსტიკური იდეით გაჯერებული. ვოკალისტები (რამდენიმე ჰყავთ) უფრო დეკლამირებენ, ვიდრე მღერიან, ტექსტები კი ანარქისტული პოეზიის ნიმუშებია. 

ამ ტრეკში თავმოყრილია ყველაფერი ის, რითაც ფასეულია ეს ანარქისტების კომუნა. თანაც, რაღაც-რაღაცებში ჩვენს დღევანდელ პრობლემებსაც ეხმაურება. კლიპებს ეს ჯგუფი არ იღებს, მაგრამ მუსიკის თანხლებით მონიტორზე მათი ტექსტების კითხვა ნებისმიერი ვიდეოს ყურებას სჯობს და თუ ინგლისური არ გესმით, მოიმარჯვეთ ლექსიკონები, რათა უკეთ შეიგრძნოთ ანარქისტული იდეების ძლევამოსილი ხიბლი.


0. GG Allin & The Criminal Quartet - Outskirt of Life (1995)

თქვა ის, რომ ჯი ჯი ალინი კონტროვერსიული პიროვნებაა, იგივეა, რომ საერთოდ არაფერი თქვა. ის ნამდვილი ანომალიაა, შეშლილი, კაცთმოძულე, აგრესიული და საზიზღარი, პანკის ყველაზე ბნელი, რადიკალური და პერვერსიული ბექგრაუნდის კვინტესენცია. დაბადებისას დედამ ჯესუს ქრაისთი დაარქვა - მამამისი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი გამოეცხადა და მის ახალშობილ ბიჭს დიდი მომავალი აღუქვა. ისევე, როგორც ყველა არანორმალურს, მასაც უნიკალური ორგანიზმი ჰქონდა. შეეძლო, ორი ბოთლი ვისკი ჩაეცალა, ცხენის დოზა ჰეროინი გაეჩხირა, სრულიად შიშველი გამოსულიყო სცენაზე, იქვე მოესაქმებინა, თავისივე განავალში ეკოტრიალა, შემდეგ მაყურებლისთვის თავი გაეტეხა, საკუთარი თავიც დაეზიანებინა და ამ ყველაფერთან ერთად, ემღერა კიდეც. 

1993 წელს ერთ-ერთ კონცერტზე კლუბმა უკვე მეორე სიმღერის დროს დენი გაუთიშა. შიშველმა, საკუთარ ფეკალიებსა და სისხლში ამოთხვრილმა ალინმა დარბაზი დალეწა და აჟიტირებული ფანების თანხლებით ნიუ იორკის ქუჩებს გაუყვა. ერთსაათიანი სეირნობის შემდეგ, მეგობრის სახლს მიადგა, თაყვანისმცემლები შეიპატიჟა, წვეულება გააჩაღა და ჰეროინის ზედოზირებით გარდაიცვალა. თავიდან ყველა ფიქრობდა, რომ ეძინა. ფოტოებიც კი გადაიღეს მკვდართან. მხოლოდ მეორე დღეს გამოიძახეს სასწრაფო, მაგრამ გვიანი იყო. 

ალინის პანკ რეპერტუარი სრული საშინელებაა, მაგრამ აი, სიკვდილის წინ, სრულიად მოულოდნელი ალბომი ჩაწერა, რომელშიც ეს ტრეკი ეულად "ბრწყინავს". ტექსტი საოცარია, ნამდვილი მანიფესტი, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება: "ჩემი სულის გახედნა შეუძლებელია, რადგან მე სიკვდილისთვის ვცხოვრობ. მარტო, სიცოცხლის უკანასკნელ ზღვარზე". მაგრამ ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ Outskirt of Life ტიპიური ქანთრი სიმღერაა, აკუსტიკური და სრულიად კურიოზული. თუმცა, კურიოზების და პარადოქსების გარეშე, პანკი აბა, რა პანკია? 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული