Thumbnail

როკ ჯგუფ Eagles-ის ეს სიმღერა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისი სახელწოდება ამა თუ იმ მოვლენის აღმნიშვნელ ტერმინადაც კი დამკვიდრდა. ეკონომისტები უცხოურ ინვესტიციებზე ფინანსური რეგულაციების ნეგატიურ გავლენას "სასტუმრო კალიფორნიის ეფექტს" უწოდებენ. ეს სახელი დაარქვეს აგრეთვე ერაყის ომის დროს ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ სამხედრო ოპერაციას და ა.შ. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. 

1977 წელს გამოცემული Hotel California "იგლზის" კარიერაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი, ქართველ მსმენელთა უდიდესი ნაწილისათვის კი ის ერთადერთი სიმღერაა, რომელსაც ამ ამერიკული ბენდის შემოქმედებიდან იცნობენ. 

კომპოზიციას ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია უკავშირდება. ზოგის აზრით, სიმღერის ტექსტი რეალურად არსებული, დაწყევლილი სასტუმროს ამბითაა შთაგონებული. ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ მელანქოლიური გრძნობების გადმოცემის მცდელობაა.

სინამდვილეში, სიმღერის ტექსტი ე.წ. ამერიკული ოცნების სიყალბესა და სიმყიფეს ეხება. "იგლზის" წევრები საზოგადოების საშუალო და ღარიბი ფენიდან გამოსული ბიჭები იყვნენ, რომლებმაც თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციაში ლოს ანჯელესის ჰედონისტური, დაუნდობელი სამყარო ასახეს. მოგვიანებით, ჯგუფის ვოკალისტმა დონ ჰენლიმ ისიც აღნიშნა, რომ სიმღერა უმანკოების ასაკიდან გამოსვლასა და მწარე ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ზიარებაზე მოგვითხრობდა. 

არსებობს მოსაზრება, რომ Hotel California-ში გამოყენებული გიტარის რიფი ლეგენდარული როკ ჯგუფის, Jethro Tull-ის კომპოზიციიდან We Used to Know იქნა აღებული. ეს ეჭვი თავად ამ ბენდის ფრონტმენმა, იენ ანდერსონმაც დაადასტურა. მისი თქმით, 1972 წელს "იგლზი" მათთან ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა და ადვილი შესაძლებელია, რომ მუსიკოსებს სიმღერის მელოდიისთვის ერთ-ერთი რეპეტიციისას მოეკრათ ყური.

დასკვნა შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ:

ორიგინალური ნაწარმოებია თუ კარგად შენიღბული პლაგიატი, ფაქტი ფაქტად რჩება - Hotel California ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია როკ მუსიკის ისტორიაში, გიტარების ეფექტური პარტიით, შთამბეჭდავი ვოკალითა და შესანიშნავი ტექსტით.

აქვეკომპოზიციის რამდენიმე გამორჩეულ ქავერს შემოგთავაზებთ. 

Gipsy Kings-ის მიერ ფლამენკოს სტილში შესრულებული ვერსია, რომელიც საკულტო ფილმის The Big Lebowski საუნდტრეკად იქცა.

ინგლისელი ინდი ფოლკ შემსრულებელი მაიკლ დევიდ როზენბერგი, იგივე Passenger. 

მისი უდიდებულესობა, ქალბატონი ნენსი.

და ბოლოს, განუმეორებელი ფრენკ ოუშენის ბრწყინვალე ვერსია, გადაკეთებული ტექსტით.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული