Thumbnail

1977 წელს გამოსული 10 საუკეთესო მუსიკალური ალბომი

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

1970-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს თვალს თუ გადავავლებთ, ხელთ უმეტესად ომები, არეულობები, სახელმწიფო გადატრიალებები და ტერორისტული აქტები შეგვრჩება. ამ ყველაფრის ფონზე ტექნოლოგიური პროგრესიც არ ნელდებოდა. სწორედ ამ ათწლეულს უკავშირდება ელექტრონული ფოსტის დანერგვა, მიკროპროცესორის გამოგონება, პირველი ვიდეოთამაშების, ფლოპი დისკების, ჯიბის კალკულატორების, ფიჭური ტელეფონების და რა თქმა უნდა, იმდროინდელი მელომანების განუყრელი მეგობრის, Sony-ს პორტატული აუდიოფლეიერის, Walkman-ის გამოჩენა.

► ნახე სრული ფლეილისტი

ამ დეკადაში გამორჩეულად საინტერესო მონაკვეთი კი 1977 წელია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება, დაწყებული ელვის პრესლის გარდაცვალებით და დამთავრებული "ვარსკვლავური ომების" კინოპრემიერით. ჩვენს სტატიაში სწორედ ამ წელს გამოსულ ათ საუკეთესო ალბომს გაგაცნობთ.

10. Sex Pistols – Never Mind the Bollocks, Here’s the Sex Pistols

მას შემდეგ, რაც Sex Pistols-ს გაუთავებელი სკანდალების გამო ზედიზედ ორმა ლეიბლმა გაუწყვიტა კონტრაქტი და ინგლისის კლუბების უმეტესობამ საკუთარ სცენაზე გამოჩენა აუკრძალა, ისინი Virgin Records-მა შეიკედლა. ცოტა ხანში კი დღის სინათლე ჯგუფის სადებიუტო სტუდიურმა ალბომმა Never Mind the Bollocks, Here’s the Sex Pistols იხილა.

ნიჰილიზმითა და ანარქისტული სულისკვეთებით გაჯერებული ალბომი გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩარტების სათავეში აღმოჩნდა. თუმცა, სახელწოდების გამო (Bollocks ინგლისურად მამაკაცის სათესლე ჯირკვლებს ნიშნავს), სიებში მისთვის განკუთვნილ ადგილს წარწერის გარეშე, სრულიად ცარიელს ტოვებდნენ.

Never Mind the Bollocks როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება. სწორედ ამ ჩანაწერმა შეუწყო ხელი პანკის გლობალურ მოვლენად ქცევას და ამ ჟანრში მოღვაწე ასობით არტისტს წარმატებისაკენ გაუხსნა გზა.

9. Queen - News of the World

70-იანებში პანკები პროგრესივ როკის წარმომადგენლებს "გაბღენძილ იდიოტებად" მოიხსენიებდნენ და მათი რთული და დახვეწილი მუსიკის მიმართ ზიზღით იყვნენ აღვსილნი. სწორედ ამ დროს პომპეზურობითა და ელიტიზმით ცნობილ Queen-ს ახალი ალბომის ჩაწერა იმ სტუდიაში მოუწია, რომელსაც Sex Pistols-იც იყენებდა. ცნობილია, რომ ჩანაწერზე მუშაობისას ფრედი მერკურისა და პანკ კოლექტივის ბასისტს, სიდ ვიშეზს შორის შეხლა-შემოხლაც კი მოხდა.

ბუნებრივია, რომ "ქუინის" წევრები პანკებს დასანახად ვერ იტანდნენ. თუმცა, მაშინ მუსიკალურ ინდუსტრიას ტენდენციებს სწორედ ეს ჟანრი კარნახობდა და ლეგენდარულ ჯგუფსაც მწარე რეალობასთან შეგუება მოუხდა. 

ასე ჩაიწერა News of the World - ალბომი, რომელიც ჯგუფის წინა ნამუშევრებთან შედარებით გაცილებით მარტივი ჟღერადობით გამოირჩევა. თუმცა, ეს ფაქტი ოდნავადაც არ უკარგავს მუსიკალურ ღირებულებას ისეთ კომპოზიციებს, როგორებიცაა We Will Rock You და We Are The Champions.

8. Eric Clapton - Slowhand

სანამ პანკები და პროგრესივ როკის წარმომადგენლები ურთიერთლანძღვით იყვნენ დაკავებული, ბლუზ როკის ლეგენდამ ერიკ კლეპტონმა რიგით მეხუთე სოლო ალბომი Slowhand გამოსცა. 

სტუდიური ჩანაწერის სახელწოდება - "სლოუჰენდი" კლეპტონის მეტსახელია, რომელიც, თავად მუსიკოსის თქმით, მისი დაკვრის მანერით მოხიბლულმა ამერიკელმა პროდიუსერმა, თბილისში დაბადებულმა ჯორჯიო გომელსკიმ შეარქვა. ცნობილია, რომ ალბომზე მუშაობისას კლეპტონიც და მისი ბენდიც ხან ალკოჰოლის, ხანაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თუმცა, ამას ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტისთვის ხელი არ შეუშლია ისეთი ჰიტების შექმნაში, როგორებიცაა Wonderful Tonight, Cocaine და Lay Down Sally.

ნამუშევარმა კრიტიკოსთა და მსმენელთა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. განსაკუთრებული წარმატება კი  ჩანაწერს შეერთებულ შტატებში ხვდა წილად, სადაც ალბომმა ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა.

7. Giorgio Moroder - From Here to Eternity

70-იანები რომ მუსიკალური ძიებებისა და თამამი ექსპერიმენტების ეპოქა იყო, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ლეგენდარული პროდიუსერის, ჯორჯო მოროდერის შემოქმედებაა.

იტალიელმა არტისტმა საცეკვაო პოპ მუსიკაში ელექტრონული ჟღერადობის დანერგვა დაისახა მიზნად, რაც 1977 წელს წარმატებით განახორციელა კიდეც ჯერ დისკოს დედოფლის, დონა სამერის კომპოზიციაში I Feel Love, შემდეგ კი თავისივე სოლო ალბომში From Here to Eternity.

მოროდერის მიერ სინთეზატორების საშუალებით შექმნილმა ფუტურისტულმა, ინოვაციურმა ჟღერადობამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჰაუს მუსიკის განვითარებაზე. ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიცია კი არაერთი თანამედროვე არტისტისათვის იქცა შთაგონების წყაროდ.

6. Iggy Pop - Lust for Life

სანამ Sex Pistols, The Clash, The Ramones და სხვა ჯგუფები პანკს ეპიდემიასავით გაავრცელებდნენ, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ჟანრის პიონერი ჯეიმს ნიუელ ოსტერბერგი, იგივე იგი პოპი იყო. 

საკულტო ბენდის, The Stooges-ის ფრონტმენმა 1977 წელს მეორე სოლო ალბომი Lust for Life გამოსცა, რომელიც მის ბრწყინვალე შემოქმედებაშიც კი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. ჩანაწერის განსაკუთრებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ მის პროდიუსერად ლეგენდარული დევიდ ბოუი მოგვევლინა.

კომპოზიციებში Lust for Life, Some Weird Sin და Tonight დევიდის უნიკალური ხელწერა იმდენად ნათლად იგრძნობა, მხოლოდ იგის ვოკალი თუ გვახვედრებს, რომ მის ალბომს ვუსმენთ და არა ბოუისას. ნამუშევარში შესული ტრეკებიდან გამორჩეული პოპულარობით The Passenger სარგებლობს, რომელიც მუსიკოსმა ჯიმ მორისონის პოეზიის გავლენით დაიწერა.

5. Earth, Wind & Fire - All ‘n All

სოულის, ჯაზისა და ფანკის დიდოსტატებმა 1977 წელს  დისკოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი All ‘n All გამოსცეს. ნამუშევარს ლათინოამერიკული რიტმების სიუხვე გამოარჩევს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კოლექტივის დამაარსებელს, მორის უაითს მისი ჩაწერის იდეა ბრაზილისა და არგენტინაში მოგზაურობის დროს მოუვიდა.

სამმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ნამუშევარი ჰიტების დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის. ალბომში შესული სიმღერები დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მუსიკალური ღირებულების გარდა, მათ ისტორიული მნიშვნელობაც გამოარჩევს - 80-იანებიდან მოყოლებული ეს კომპოზიციები ათობით ცნობილ ჰიპ ჰოპ ჩანაწერში გადაისემპლა 

ასე მაგალითად, Beijo სხვადასხვა დროს საკუთარ ნამუშევრებში ისეთმა არტისტებმა გამოიყენეს, როგორებიც არიან Grandmaster Flash & The Furious Five, The Fugees და A Tribe Called Quest. კომპოზიცია I'll Write a Song For You თუფაქ შაკურმა გასემპლა, Fantasy კი ჯეი ზიმ, ნასმა, პაფ დედიმ და უორენ ჯიმ.

4. Fleetwood Mac - Rumours

Rumours ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფოლ როკ ალბომია. რაც ნამდვილად გასაკვირია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მუსიკის ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება სხვა ნამუშევარი, რომლის ჩაწერასაც თან ამდენი დრამა ახლდა.

ალბომზე მუშაობის დასაწყისისთვის ბენდის კლავიშისტის კრისტინ მაკვისა და ბასისტის ჯონ მაკვის განქორწინების პროცესი ახალი დასრულებული იყო, ხოლო გიტარისტ ლინდსი ბაკინგემსა და ვოკალისტ სტივი ნიქსს ჩახლართული, კონფლიქტებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. შედეგად, სტუდიაში ჯგუფის წევრების ნაწილი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, ნაწილი კი გამუდმებით ჩხუბობდა.  

ბუნებრივია, რომ "ფლიტვუდ მეკის" წევრებს შორის არსებული დაძაბული ატმოსფერო მათ სიმღერებზეც აისახებოდა. The Chain, I Don’t Want to Know, Dreams - ამ და სხვა კომპოზიციების ტექსტებში ნათლად იგრძნობა, რამდენად რთული იყო მუსიკოსებისთვის ალბომის ჩაწერის პროცესი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, შედეგი უაღრესად შთამბეჭდავი გამოვიდა. 

3. David Bowie - Heroes

როდესაც დევიდ ბოუი ბერლინში ამ ალბომზე მუშაობდა, სტუდიიდან ნახევარ კილომეტრში მდებარე კედელი ქალაქს ორად ჰყოფდა, მსოფლიოს კი ცივი ომის აჩრდილი გადასწოლოდა. პროდიუსერი ტონი ვისკონტი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სათვალთვალო კოშკებზე მყოფი ჯარისკაცები ჩაწერის პროცესს ჭოგრიტით აკვირდებოდნენ. ბუნებრივია, რომ ეს დაძაბული ატმფოსფერო ნამუშევრის საერთო განწყობაზეც მოახდენდა გავლენას. 

ალბომის მთავარი კომპოზიცია Heroes ბოუიმ ლეგენდარულ ბრაიან ინოსთან ერთად დაწერა. სიმღერა შეყვარებულ წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც ბერლინის კედელთან საიდუმლოდ, სიცოცხლის რისკის ფასად ხვდება ერთმანეთს. ინოს გარდა, ჩანაწერზე საკულტო პროგ როკ კოლექტივის, King Crimson-ის გიტარისტი რობერტ ფრიპიც მუშაობდა, რომელიც სამწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ნიუ იორკიდან ბერლინში სპეციალურად ამ ალბომის ჩასაწერად ჩავიდა. 

ნამუშევარმა გამოსვლისთანავე საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია და უამრავი არტისტისათვის შთაგონების წყაროდ იქცა. "მინდა, ჩემი ჩანაწერიც ისეთივე დიდებული გამოვიდეს, როგორც Heroes", - ასეთი კომენტარი გააკეთა ჯონ ლენონმა 1980 წელს ალბომზე Double Fantasy მუშაობისას.

2. Kraftwerk - Trans-Europe Express

"კრაფტვერკი" მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კოლექტივია. მას ხშირად "ბითლზსაც" კი ადარებენ იმ უზარმაზარი გავლენის ხაზგასასმელად, რაც ჯგუფმა თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე მოახდინა. 

ელექტრონული ჟღერადობის გერმანელმა პიონერებმა დროს ათწლეულებით გაუსწრეს და მომავალი თაობების არტისტებს კრეატიული იდეების ნამდვილი საბადო დაუტოვეს. სინთპოპი, ტექნო, ელექტროპოპი, ჰიპ ჰოპიც კი - ეს იმ ჟანრების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩამოყალიბებაშიც "კრაფტვერკს" უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. 

ფიქრები კულტურული იდენტობის კრიზისზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში - 1977 წლის ჩანაწერში ჯგუფმა საბოლოოდ გადაუხვია კრაუტროკს და ინდუსტრიული აუდიოპეიზაჟებით შთაგონებული მინიმალისტური, მაქსიმალურად მონოტონური მუსიკის შექმნა სცადა. შედეგად Trans-Europe Express მივიღეთ, რომელიც სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად მათ შემოქმედებაში.

1. Pink Floyd - Animals

როგორც აღვნიშნეთ, 1977 წელს პანკი დიდ ბრიტანეთში პოპულარობის მწვერვალზე იმყოფებოდა და იმდროინდელ მუსიკალურ ინდუსტრიას ტენდენციებსაც კარნახობდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სხვა ჟანრების წარმომადგენელთა შემოქმედებაშიც ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება და მის მიმართ პროტესტი უფრო და უფრო ნათლად აისახებოდა.

უცნაურია, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი სწორედ პანკების საძულველმა ბენდმა, Pink Floyd-მა შექმნა.

ჯგუფის რიგით მეათე სტუდიური ალბომი ჯორჯ ორუელის თხზულების "ცხოველების ფერმის" შთაგონებით დაიწერა. ჩანაწერში შესულ კომპოზიციებში კი დისტოპიური საზოგადოების სამი ფენაა აღწერილი. Animals, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში არსებულ რეალობას სრული სიმძაფრით გადმოსცემს, როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული