Thumbnail

Aphex Twin-ის ახალმა ვიდეომ ეპილეფსიის ტესტი ვერ გაიარა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისელი არტისტისა და პროდიუსერის რიჩარდ ჯეიმსის, სასცენო სახელით Aphex Twin, ახალი მუსიკალური ვიდეოს ტელეპრემიერა 6 აგვისტოს, Adult Swim-ზე უნდა შემდგარიყო. თუმცა, კომპოზიციაზე Collapse გადაღებულმა ნამუშევარმა ჰარდინგის ტესტი ვერ გაიარა, რის გამოც კლიპი სატელევიზიო ბადიდან ამოიღეს. 

► ნახეთ: Aphex Twin-მა ახალი EP-ის Collapse გამოსვლა დააანონსა

სპეციალისტების თქმით, ვიდეორგოლი ისეთ ვიზუალს შეიცავდა, რომელსაც ფოტოსენსიტიური ეპილეფსიისკენ მიდრეკილი ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. როგორც გადაწყდა, ვიდეორგოლი ონლაინ სივრცეში აიტვირთება. ამის შესახებ განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე Adult Swim-ის დირექტორმა ჯეისონ დე მარკომ გაავრცელა.

 Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული