Thumbnail

გია ხადური: წვეულებაზე დასაკრავი 10+1 საუკეთესო სიმღერა

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Sylvester - You Make Me Feel (Mighty Real) (1978)

პროტო ჰაუს ტრეკი. სილვესტერი - ჰარვი მილკის თანამებრძოლი და საკულტო პერსონაა. დღესაც კი, სან ფრანცისკოს გეი ტუსოვკისთვის ის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც გორელი კომუნისტებისთვის სტალინი. 

საინტერესოა, რომ ამ ტრეკის დარემიქსება, ისევე როგორც სემპლად გამოყენება, ძალიან რთული საქმეა. ის იმდენად თვითკმარი და სრულყოფილი ჰედონისტური ნამუშევარია, ვერაფერს ვერც მიამატებ და ვერც გამოაკლებ. ამიტომაც ვერ სარგებლობს დიდი პოპულარობით ყალთაბანდ დიჯეებსა და ფსევდო ქლაბერებში. სწორედ ესაა ამ კომპოზიციის მთავარი კოზირი.

9. Chic - Good Times (1979) 

აბა, რა უნდა ვთქვა ამ ტრეკზე? უკვდავი კლასიკაა. ის რომ არა, დისკო კიდევ დიდხანს დარჩებოდა უშინაარსო და ფუქსავატური მუსიკის სიმბოლოდ, რეპი კი ბრონქსის ჯურღმულებში იქნებოდა გამოკეტილი.

80-იანებში Chic-ის ლიდერი ნილ როჯერსი დევიდ ბოუის თანაავტორი და მადონას პირველი ალბომების პროდიუსერი გახდება, ითანამშრომლებს ლორი ანდერსონთან, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, Daft Punk-თან.

დღესაც კი, როცა როჯერსი თავის რეანიმირებული ანსამბლით უზარმაზარ დარბაზებსა თუ მრავალათასიან ფესტივალებზე ამ სიმღერას ასრულებს, სექსისა და ეროტიზმის ისეთი ატმოსფეროს აყენებს, რომ დამსწრე აუდიტორია მზადაა, ერთმანეთს დაერიოს (გენდერულ კუთვნილებას არა აქვს მნიშვნელობა) და მასობრივ ორგიაში დაიხრჩოს თავი.

სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ ტრეკის მოსმენისას მივხვდი, რომ ჩემიანები "მტრის“ (ანუ დისკოს) ბანაკშიც არიან.

8. Squeeze - Cool For Cats (1979)

ვისაც უნდა, "კრუტოი" ფართი მოაწყოს ლუდხანაში, თამამად შეუძლია ეს ტრეკი ჩააგდოს და მთელი საღამო ატრიალოს. ვერავინ მოიწყენს ვერცერთი წუთით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მწყრალად არ ხართ ალკოჰოლთან. მაგრამ ჩემი განსაკუთრებული სისუსტე ამ აშკარად ამჩატებული სიმღერის მიმართ, უკვე სამი ათწლეულის მანძილზე, სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული. 

გადამწყვეტი გახდა მომენტი, როცა ეს ვიდეო ვნახე. არც მანამდე და არც მერე, არსად მინახავს მუსიკასა და რიტმზე გახურებული და აღტკინებული ასეთი "ქულ" ინკოგნიტო ნაშები. მათ სიმბოლურად ბექ ვოკალისტების ფუნქცია აკისრიათ, მაგრამ ისეთ დღეში არიან, რომ სხვა ყველაფერი კლიპში უკანა პლანზე გადადის. კულმინაცია კი მაშინ დგება, როდესაც "კასუხებში" და ელასტიკებში გამოწყობილნი, კამერას ზურგს შეაქცევენ.

კლავიშებზე რომ ბლატაობს, სიგარაგაჩრილი პერსონა, დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ჯულს ჰოლანდია, რომელსაც უკვე ოცდაათი წელია ოკუპირებული აქვს BBC-ის მუსიკალური სივრცე და არავის ახარებს.

7. $hit & $hine - Long Island City (2017)

კრეიგ კლაუზი ამ 13-წლიანი ისტორიის მქონე პროექტის ერთადერთი მუდმივი წევრია და მას ყოველთვის ძალიან ახალისებდა ის ფაქტი, რომ მისი შემოქმედების ჟანრული დეფინიცია შეუძლებელი იყო (ნოიზი, ექსპერიმენტული როკი, გლიჩი, IDM და ა.შ. და ა.შ.). 

კლაუზს მუსიკა ყოველთვის არაპროგნოზირებადი გამოსდიოდა, მაგრამ ეს დაგეგმილი არაპროგნოზირობადობა თანდათან სრულიად პროგნოზირებადი გახდა. კრეიგიც ჩაფიქრდა და თავის ბოლო ალბომს "ტოტალური მძღ**რი" დაარქვა.

სახელწოდების მიუხედავად, ალბომში მაინც არის ერთი მოულოდნელი სუპერ დისკო გამონათება Long Island City, რომელშიც კრეიგის საფირმო სემპლ-ჩხირკედელაობა კიდევ უფრო ეფექტური და აქტუალურია, ვიდრე მის ეზოთერულ ტრეკებში. 

რაც შეეხება ვიდეოს, აქ პირდაპირი ციტირებაა 70-ის მიწურულის ტრენდის - "როლიკებით" დისკოს ცეკვის, რომელიც მაშინ უაღრესად მოდური იყო სნობურ ლონგ აილენდზე. 

6. The Supremes - Where Did Our Love Go (1965)

ამ ტრეკზე 60-იანებში გულაობდა ყველა - კონგრესმენები და სენატორები, კუ კლუქს კლანი და შავი პანტერები, როკერები და  პაპსავიკები, ამერიკელები და ფრანგები, ჟაკლინ კენედი და მარტინ ლუთერ კინგიც. მაგრამ, როგორც  აღმოჩნდა, ყველაზე მაგარი ფართი მაინც ამ ლეგენდარული ტრიოს წევრებს მოუწყვიათ პარიზის ქუჩებში, თანაც გაგანია პიკის საათში.

საზოგადოებრივ წესრიგსაც უტიფრად არღვევენ და პოლიციელსაც მასხრად იგდებენ. დაიანა როსიც უკვე ძალიანაა გაბლატავებული, თუმცა, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. მოკლედ, უნიკალური ვიდეოფუტაჟია, რომელსაც გოდარი თუ არა, კლოდ ლელუში ნამდვილად მოაწერდა ხელს.

5. Sisters Of Mercy - More (1990)

რომ არა სამამულო ანდერგრაუნდის ისტორიული კონტექსტი, "მოწყალების დები" ამ სიაში ვერ მოხვდებოდნენ. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ გოთურ-ობსკურული ჰედონიზმის გარეშე, იატაკქვეშა "დღესასწაულების" სასახელო ისტორია არასრულყოფილი და მოსაწყენიც კი იქნებოდა.

ვსარგებლობ შესაძლებლობით და დიდ მადლობას ვუცხადებ ჩეხ არტისტს ირჟი შიმიჩეკს, რომელიც ამ 30-იოდე წლის წინ თბილისს სტუმრობდა და რატომღაც თან ამ კოლექტივის შემოქმედების ამსახველი უამრავი ვიდეო თუ აუდიო მასალა ჩამოიტანა. ვერ ვიტყვი, რომ Sisters of Mercy-ს გავლენა დიდად შეეტყო ქართულ სცენას, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთი ტუსოვკა თუ ბოჰემური აქცია ამ ჯგუფის სიმღერების გარეშე არ ტარდებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს შავი რომანტიზმით გაჯერებული გოთური მუსიკა იყო იმ პირქუშ წლებში სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ელემენტი. 

ამ თვალსაზრისით, ეს ტრეკი იდეალურად მეჩვენა. მასში ყველაფერია, მელანქოლიაც, პათეტიკაც, დრაივიც, მანერიზმიც, დეკადანსიც და სექსიც. თუმცა, თავად ბენდის ლიდერი ენდრიუ ელდრიჩი ჩემზე გაცილებით ხატოვნად ახასიათებს საკუთარ შემოქმედებას - "უკანასკნელი წვეულება ბორჯიების სასახლეში". 

4. Cafe Tacuba - Las Flores (1995)

მინდა გაგანდოთ, რომ ჩემი საყვარელი სასმელი ტეკილაა. სიამოვნებით გავილაღებდი ტიხუანის მიყრუებულ ბარში, ვნებიანი მექსიკელი  ქალების და საეჭვო რეპუტაციის მქონე გაუპარსავი მუჩაჩოების გარემოცვაში. ხოლო, თუ სცენიდან Cafe Takuba "ყვავილებსაც" შემისრულებდა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნებოდა (ცოცხალი თუ გადავრჩებოდი რასაკვირველია).

ეს ბენდი საკეთესოა მექსიკური როკ-ენ-როლის ისტორიაში. მისი 1994 წლის ალბომი Re ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო ლათინოამერიკულ ჩანაწერადაც კი გამოაცხადა. Las Flores-იც ამ ალბომში შედის, მაგრამ მე შეგნებულად ლაივ ვერსია ავირჩიე, სადაც კომპოზიცია მოულოდნელად მარიაჩების ტრადიციულ სიმღერაში გადადის.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ ორი დამოუკიდებელი და ერთი შეხედვით, შეუთავსებელი მუსიკალური ნაწარმოების ერთმანეთთან თითქმის მექანიკური მიერთება სრულიად ექვემდებარება ლოგიკას და საკმაოდ ეფექტურადაც ჟღერს. მათ მექსიკური კონტექსტი და მსოფლშეგრძნება აერთიანებთ. სწორედ ამიტომ მახსენდება ტეკილის ბოთლის ყოველ დანახვაზე ეს სიმღერა, რომელიც, ტეკილაზე არანაკლებ მიყვარს.

3. Kid Creole & The Coconuts - Stool Pigeon (1982)

მე პრინციპულად ვთქვი უარი ამ კომპოზიციის ალბომის ვერსიასა და მასზე გადაღებულ კლიპზე და დასავლეთ გერმანიაში ჩაწერილი კონცერტის ვიდეო ავარჩიე. ეს არის ნამდვილი ცუნამი, ეგზალტაცია, ექსტაზი და აკუსტიკური ბაკხანალია. ერთმანეთში შეჯვარებული ლათინოამერიკული და კარიბული მუსიკა, გამდიდრებული ამერიკული ჯაზით, დისკოთი და ფანკით, პლუს ნიუ იორკული ბოჰემური სენსიტიურობა.

ეს ყველაფერი იმდენად ეფექტურად ისმინება და იყურება, რომ ვერც ყურს მოწყვეტ და ვერც თვალს მოაშორებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კადრში ქოქოსები (ბექ ვოკალისტი გოგონების ტრიო) ჩნდებიან და ისეთ დამაინტრიგებელ საცეკვაო მოძრაობებს აკეთებენ, რომ შეიძლება კაცს გული გაგიჩერდეს. 

სამწუხაროდ, მუსიკოსების მთლიანი შემოქმედება არათანაბარია და ხშირად მოსაწყენიც, მაგრამ Stool Pigeon იმდენად შთამბეჭდავია, რომ ყველა მინუსს უპრობლემოდ გადაწონის. 

2. The B-52's - Private Idaho (1980)

B-52 ერთადერთი და განუმეორებელია, მისი ანალოგი არ არსებობს და ვერც იარსებებს. ამ ჯგუფის შემოქმედება თითქოს ერთი უსასრულო ფართია, მაგრამ მეორეს მხრივ, ის იმდენად ორიგინალური და დელიკატურია, რომ ნებისმიერ სნობს განაიარაღებს. 

ჯონ ლენონი, თავის მტარვალ იაპონელ შამან ცოლს სახლიდან როგორც კი გაიგულებდა, 42-ოთახიან აპარტამენტებში მათ მუსიკაზე შეუსვენებლად ცეკვავდა და ბოლო ალბომის შექმნაც თურმე ამ ჯგუფის ნამუშევრებმა შთააგონა. ცინიკოსი და ქედმაღალი ფრენკ ზაპა კი B-52-ს ახალი ტალღის საუკეთესო ბენდად მიიჩნევდა და მათ ლაივებზე თავაშვებული ლაღობდა. 

დღესაც კი, როდესაც ბენდის ერთ დროს უზომოდ ექსცენტრიკული მდედრობითი ნაწილი ისე დაბერდა, რომ გერონტოფილი თინეიჯერების სექსუალური ფანტაზიების ობიექტად თუ გამოდგება, B-52 ლაივებზე ისეთ დრაივსა და ენერგიას გამოსცემს, რომ მკვდარსაც კი აცოცხლებს. რაც შეეხება Private Idaho-ს, ეს ტრეკი სპონტანურად, ლოტოტრონის პრინციპით ამოვარჩიე. შეიძლება, ნებისმიერი სხვა შემხვედროდა, თუმცა, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა.

1. The Communards - Don’t Leave Me This Way (1986)

70-იანების დისკო ჰიტის ეს ქავერი აშკარად ჩრდილავს წინამორბედს და არა მხოლოდ იდეალური არანჟირების და პროდიუსინგის ხარჯზე. Don’t Leave Me This Way მკაფიოდ გამოხატულ მემარცხენე-ულტრალიბერალური მესიჯია და ეს მკაფიოდ ჩანს ვიდეოკლიპშიც.

სტიგმატიზებული ახალგაზრდები სადღაც გარეუბანში კონსპირაციულ დენს ფართის აწყობენ, რომელზეც სრულდება კიდეც ეს ტრეკი. სიმბოლურია კლიპის საწყისი კადრები, სადაც "კულტურის სამინისტრო" "კომუნარებს" ვეტოს ადებს, შემდეგ კი წვეულებაზე შენიღბულ მსტოვრებს აგზავნის, მისი ჩაშლა-დისკრედიტაციის მიზანით.

მაგრამ კომუნარები არასდროს ნებდებიან და ეს განსაკუთრებით კარგად მათი ლიდერისა და შეთავსებით გეი-აქტივისტის, ჯიმი სამერვილის პათოსში ვლინდება. მის ნამღერში ძნელია ჰედონიზმის პროტესტისგან გამოყოფა. მუსიკოსის ფალცეტი ერთდროულად უკომპრომისოცაა და ემპათიურიც. ამ ყველაფერს კი კიდევ უფრო ამძაფრებს ჯიმის თანამებრძოლის, ჯაზ შემსრულებელ სარა ჯეინ მორისის მძლავრი კონტრალტო.

ეს სიმღერა ყველაზე გაყიდვადი ტრეკი გახდა 1986 წლის დიდი ბრიტანეთში, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით იქოქებოდა მთელი თაობა მაშინ და რა სოციალურ დატვირთვას ატარებდა ზოგადად დენს კულტურა.

ქართველი ქლაბერების ლოზუნგი We dance together, we fight together, იდეალური ეპიგრაფია ამ ვიდეოსთვის. სწორედ ეს იყო ჯიმი სამერვილის ცხოვრებისა თუ შემოქმედების კრედოც. არტისტის, რომელიც ყოველთვის შევიწროებულთა და დამცირებულთა უფლებების დასაცავად იბრძოდა და ამას აკეთებდა სიმღერით, გრიალითა და ცეკვა-თამაშით.


0. Leslie Hall - Tight Pants / Body Rolls (2010)

ლესლი ჰოლის მუსიკა და კლიპები ერთიმეორეზე უგემოვნო, უმწეო და სასაცილოა. ერთი შეხედვით, ის ტიპიური მარგინალია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მხოლოდ ერთი შეხედვით.

ამ ქალის მთელი შემოქმედება არის სატირა და ღადაობა 21-ე საუკუნის პაპსაზე. რა თქმა უნდა ლესლი ჰოლი აუტსაიდერია, შოუბიზნესის მიღმა მდგარი პერსონა, ყველაფერს დამოუკიდებლად რომ აკეთებს, მხოლოდ თანაკლასელი გოგონების დახმარებით, რომლებიც შეადგენენ კიდეც მისი ბენდის Leslie and the Ly’s ბირთვს. ლესლის ყველა ტრეკი და კლიპი უკანმოუხედავი გართობა და მაიმუნობაა, Tight Pants / Body Rolls კი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ მათგან ყველაზე ტრეშული და სარკასტულია.

ლესლის გაბარიტები, ტანსაცმელი, მიმიკა და მოძრაობები იმდენად დამთრგუნველია, რომ ქალის სურვილი შეიძლება სამუდამოდ გაგიქროს. მაგრამ, როგორც ჩანს, მისი მიზანიც ეს არის. ანგარებიან პოპ ინდუსტრიაში ქალი ხომ სექსუალური სათამაშოა, ვნების აღმძვრელი საქონელი, რომელიც კარგად იყიდება. სწორედ ამას აპროტესტებს, ალბათ, ლესლი კლიპში, მაგრამ ისე მხიარულად და უკომპლექსოდ აკეთებს ამას, რომ გულის სიღრმეში მაინც ეჭვი გეპარება მის ადეკვატურობაში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული