Thumbnail

სიახლე არ არის, რომ ცრემლები არა მხოლოდ მწუხარების გამოხატვის, არამედ სხვა ადამიანებზე ზემოქმედების საშუალებაცაა. ამ იარაღს მუსიკოსებიც იყენებენ, როდესაც მსმენელებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ.

წარმოგიდგენთ ექვს მუსიკალური ვიდეოს, რომელშიც შემსრულებლები ტირიან.

6. Sinead O'Connor - Nothing Compares 2 U

კლიპის გადაღებისას მუსიკოსს დედა გაახსენდა, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ის მას ბავშვობაში სცემდა კიდეც. ქალი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა, როდესაც მომღერალი 19 წლის იყო.

„დედა, ყველა შენი დარგული ყვავილი გახმა, როდესაც წახვედი,“ - ამ სიტყვების სიმღერისას შინეიდი ატირდა. რეჟისორი ჯონ მაიბერი თავდაპირველად დაიბნა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მუსიკოსის ცრემლები ვიდეოს დამატებით ხიბლს შესძენდა. 

5. Michael Jackson - She's Out of My Life

კლიპის გადაღებისას პროდიუსერი ქუინსი ჯონსი ღელავდა, რადგან არ იცოდა, გაართმევდა თუ არა ახალგაზრდა მაიკლი თავს რთულ დავალებას - ემღერა დასრულებულ სიყვარულზე და ეჩვენებინა სინანული, რომელი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას მოსდევს.

"9 თუ 10 ვერსია გადავიღეთ და მაიკლს ყოველ ჯერზე ცრემლი ერეოდა. ბოლოს კი მითხრა, ესე იგი ასეც უნდა იყოს, ეს კადრები არ ამოჭრათო", - იხსენებს ჯონსი. 

4. Miley Cyrus - Wrecking Ball

ამ კლიპზე ფიქრისას, ალბათ, პირველ რიგში გიგანტურ ბურთზე ამხედრებული შიშველი მაილი და პოპ ვარსკვლავების ზედმეტად სექსუალური იმიჯის შესახებ დაუსრულებელი დისკუსია გახსენდებათ. თუმცა, თავად სიმღერა საყვარელ ადამიანთან დაშორებით გამოწვეულ მძიმე განცდებს ეხება და ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა რეჟისორმა მუსიკალურ ვიდეოში მომღერლის ცრემლების ჩვენება.

მოგვიანებით მაილიმ ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ატირებაში მას გარდაცვლილ ძაღლზე ფიქრი დაეხმარა. მისივე თქმით, ხალხის წინაშე ემოციების ღიად გამოხატვა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

3. Mary J. Blige - No More Drama

ვიდეოკლიპში მერი ჯეი ბლაიჯი რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, ოჯახურ ძალადობასა და ნარკოდამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. თუმცა, მომღერალი არა კონკრეტულ პრობლემებზე, არამედ მათი გადაჭრით მოგვრილ შვებაზე გვესაუბრება. 

მუსიკოსი მსმენელებს ახსენებს, რომ გამოსავლის პოვნა ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი არის შესაძლებელი. „მიზანი იყო იმედის გაჩენა იმ ადამიანებისთვის, ვისთან ერთადაც ვტიროდი“, - აღნიშნა მუსიკოსმა.

2. Yeah Yeah Yeahs - Maps

ვიდეორგოლში გადასაღებ მოედანს ვხედავთ - სცენა, ოპერატორები, დამხმარე პერსონალი. რეჟისორი დავალებებს იძლევა, ბენდი დაკვრას იწყებს, კარენ ო კი მღერის და ცრემლები სდის.

როგორც მომღერალმა მოგვიანებით განმარტა, კლიპის გადაღების შემდეგ Yeah Yeah Yeah მსოფლიო ტურნეში მიემგზავრებოდა. მანამდე კი ის შეყვარებულს ელოდა, რომელსაც უნდა დამშვიდობებოდა. მამაკაცს 3 საათით დააგვიანდა, რამაც კარენი ააფორიაქა. სწორედ ამიტომ, სიმღერის შესრულებისას მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.

არ იდარდოთ, ამ ამბავს კარგი დასასრული აქვს. ანგუს ენდრიუსი (ჯგუფ Liars-ის წევრი) საბოლოოდ მაინც მივიდა გადასაღებ მოედანზე და კარენს ჩაეხუტა. 

1. Kanye West - Wolves

ცნობილმა რეპერმა კლიპი მოდის სახლ "ბალმანის" 2016 წლის კამპანიის ფარგლებში გადაიღო. ვიდეოში ქანიეს, კიმ კარდაშიანს, სინდი კროუფორდსა და სხვა მოდელებს ხსენებული ბრენდის სამოსი აცვიათ და ტირიან.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი კამპანიაა, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. როდესაც დავინახე ცრემლიანი ქანიე, რომელიც მღეროდა, კიმი, მოდელები, უბრალოდ, განცვიფრებული დავრჩი“, - აღნიშნა "ბალმანის" კრეატიულმა დირექტორმა ოლივერ რუსტანმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული