Thumbnail

დემი ლოვატოს მეგობრები: თუ მას გამოჯანმრთელება სურს, კარიერაზე უარი უნდა თქვას

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დემი ლოვატო ჰეროინით ზედოზირების გამო კვლავ საავადმყოფოში იმყოფება. გამოცემა People-ის ცნობით, მეგობრები მას მუსიკალური კარიერის დასრულებას ურჩევენ, რადგან თვლიან, რომ ეს დემის სრული გამოჯანმრთელების ერთადერთი ეფექტური გზაა.

► დემი ლოვატო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში რჩება

► ნარკოტიკის ზედოზირების შემდეგ, დემი ლოვატოს სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსებენ

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

"დემი 13 წლიდან მუშაობს. მასზე განსაკუთრებით დედამისი წუხს, რომელიც შვილის დახმარებას არაერთხელ შეეცადა. თუმცა, მან ეს ვერ შეძლო, რადგან დემი ფინანსურად დამოუკიდებელი იყო. მეგობრები ლოვატოს ეუბნებიან, რომ, თუ გამოჯანმრთელება სურს, მაშინ კარიერაზე უარი უნდა თქვას“, - განუცხადა წყარომ გამოცემა People-ს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დემი ლოვატო საავადმყოფოს კვირის ბოლომდე დატოვებს. ის ლოს ანჯელესიდან მოშორებით მდებარე სპეციალურ დაწესებულებაში სარეაბილიტაციო კურსის გავლას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ შემსრულებელი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკური პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო რეაბილიტაციის ცენტრში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში დემიმ აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

აღსანიშნავია, რომ პოპვარსკვლავის საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, მუსიკალურ პლატფორმებზე ნამუშევრის Sober მოსმენის მაჩვენებელი 200%-ით გაიზარდა. კომპოზიცია ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. ლოვატოს 2017 წლის ჰიტმა Sorry Not Sorry კი ოთხმაგი პლატინის სტატუსი მიიღო.

ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული