Thumbnail

30 ივლისს, 4:20 საათზე (სიმბოლურია, დაგვეთანხმებით ალბათ), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურად გამოაცხადა.

ჩვენ კი ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, გთავაზობთ, ერთად მოვუსმინოთ კანაბისის შესახებ შექმნილ ათ საუკეთესო კომპოზიციას.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Afroman - Because I Got High

იცოდით, რომ ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა თავისი ჰიტი ორ წუთში დაწერა? აფრომენის უკვდავი სინგლი 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე იქცა უდარდელი სთოუნერების ჰიმნად. ჭეშმარიტება სიმარტივეშია, მეგობრებო. 

9. The Beatles - Got to Get You Into My Life

როგორ გგონიათ, თეთრ სახლში თუ ექნება ვინმეს მარიხუანაზე ნამღერი? არ ვიცით, ვისზე მიიტანეთ ეჭვი, მაგრამ ეს ადამიანი სინამდვილეში ლეგენდარული პოლ მაკკარტნია. 2010 წელს მან პრეზიდენტ ობამას წინაშე Got to Get You Into My Life შეასრულა. 

როგორც მუსიკოსი იხსენებს, "ბითლზის" ალბომში Revolver შესული კომპოზიცია მაშინ შექმნა, როდესაც პირველად დაბოლდა. შესაბამისად, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, სიმღერა ქალს კი არა, მოსაწევს ეძღვნება. 

8. Muddy Waters - Champagne & Reefer

"არ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ადამიანებს მოწევას უკრძალავს" - ლეგენდარულმა ბლუზმენმა მადი ვოტერსმა სიმღერით Champagne & Reefer მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1981 წელს მოითხოვა. ამავე წელს The Rolling Stones-თან ერთად კონცერტიც ჩაატარა და მუსიკის მოყვარულებს ეს საოცარი ვიდეო დაგვიტოვა. 

7. Ray Charles - Let's Go Get Stoned

როგორ უნდა მოიქცე, როცა დიდებული რეი ჩარლზი მასთან ერთად მოწევას გთავაზობს?დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხი თავადაც კარგად იცით. გენიალური მუსიკოსის 1966 წლის კომპოზიციას სწორედ ასე ეწოდება - "მოდი, დავბოლდეთ".

6. Peter Tosh - Legalize It

იამაიკელი მომღერლის პიტერ ტოშის ალბომში Legalize It შესულმა ამავე სახელწოდების სიმღერამ დღის სინათლე 1976 წელს იხილა და მალევე კანაბისის თავისუფალი მოხმარების მოთხოვნის სიმბოლოდ იქცა.

სხვათა შორის, როდესაც ჩანაწერის სპონსორმა, ერთ-ერთმა მაიამელმა დრაგდილერმა შეიტყო, მუსიკოსი აპირებს ალბომს Legalize It დაარქვასო, გაბრაზდა, მარიხუანის ლეგალიზება ხომ სამსახურს დამაკარგვინებსო. თუმცა, მოსაწევის სიყვარულმა თავისი ქნა და მანაც ტოშს საჭირო ფული მაინც მისცა. 

5. Bob Marley & The Wailers - Easy Skanking

მარიხუანისადმი ბობ მარლის დამოკიდებულების შესახებ ისედაც საკმარისადაა ცნობილი. მისთვის მოსაწევს რიტუალური დატვირთვა ჰქონდა. მუსიკოსი ხშირად აღნიშნავდა, კანაფი თავის შეცნობის მშვენიერი გზააო. ასე რომ, რეგეის მამის მიერ ღვთაებრივი მცენარისთვის მიძღვნილი სიმღერა, ალბათ, არავის გააოცებს.

სხვათა შორის, პიტერ ტოშის ხმა ამ კომპოზიციაშიც ისმის, ის ხომ მარლის ჯგუფის The Wailers-ის წევრი იყო. 

4. Neil Young - Roll Another Number (For the Road)

ნილ იანგის ალბომის Tonight’s the Night თემატიკა მისი ტკბილ-მწარე მოგონებების გარშემო ტრიალებს. სიმღერაში Roll Another Number ლეგენდარული მუსიკოსი ვუდსტოკის თაობას იხსენებს. ამ ფესტივალზე შეკრებილი ადამიანები მას აღმერთებდნენ, თუმცა, თავად ჰიპების სუბკულტურას მაქსიმალურად ერიდებოდა. ამიტომაც მიანიშნებს ტექსტში, რომ აღარასდროს დაუბრუნდება ჰალუცინაციებით სავსე, შეშლილ გარემოს. ამის სანაცვლოდ კი დამღლელი დღის მიწურულს მარიხუანას გაახვევს და მშვიდად გაუყვება მტვრიან ამერიკულ გზატკეცილებს.

3. Black Sabbath - Sweet Leaf

"ბლექ საბათის" ალბომი Master of Reality ჰალუცინაციების, აპოკალიპტური ზმანებებისა და ფსიქოდელიის ნამდვილი კალეიდოსკოპია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, ალბათ, ის იყო, რომ ჩაწერის პროცესში ჯგუფის წევრები გამორჩეული მონდომებით ეტანებოდნენ კანაფს.

ეს კომპოზიციაც მარიხუანისადმი მიძღვნილ სასიყვარულო ბალადას წარმოადგენს. სიმღერის სტუდიური ვერსიის დასაწყისში ბენდის გიტარისტის, ტონი აიომის ხველება ისმის, რის გამომწვევ მიზეზს თავადაც მიხვდებით. 

2. Jimi Hendrix - Purple Haze

ჯიმი ჰენდრიქსი კი ირწმუნებოდა, ამ კომპოზიციას კანაფთან არაფერი აკავშირებს, სიყვარულზე დავწერეო, მაგრამ აშკარაა, რომ მისი შექმნისას მუსიკოსის შთაგონების წყაროდ სწორედ ეს მცენარე იქცა.

ყველაზე ნათელი მინიშნება სათაურშივე დევს - Purple Haze კანაფის ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდებაა. ამის გარდა, მთელი ტექსტი, ფაქტობრივად, ერთი დიდი თრიფის აღწერაა. ტრეკი სწრაფადვე გაჰიტდა და თავის დროზე სწორედ მისი დახმარებით გაიცნო ფართო აუდიტორიამ ჰენდრიქსის უნიკალური, ფსიქოდელიური ჟღერადობა.

1. Cypress Hill - Hits from the Bong

კალიფორნიულ ჰიპ ჰოპ ჯგუფს მარიხუანის შესახებ არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი. ამ მცენარისთვის საკუთარი სიყვარულის დასამტკიცებლად ბიჭებმა 1993 წელს არც პოპულარული გასართობი გადაცემის SNL-ის პირდაპირ ეთერში მოწევაზე თქვეს უარი, რისთვისაც სამუდამო ბანი დაიმსახურეს. თუმცა, არამგონია ამაზე ბევრი ედარდათ - საკმარისია Hits from the Bong-ის ლაივი ნახოთ და მაშინვე მიხვდებით, როგორ ლაღ ხალხთან გაქვთ საქმე. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული