Thumbnail

გია ხადური: 10+1 სიმღერა კრიმინალურ დანაშაულზე და დამნაშავე კრიმინალებზე

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► ნახე სრული ფლეილისტი

წინასწარ უნდა ვთქვა, რომ ე.წ. გენგსთა რეპი ათეულში შეგნებულად არ ჩავსვი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს უკვე ჟანრული კრიმინალია, რაც მოსაწყენია. მეორეც, იმდენი პროდუქცია დაგროვდა ამ ჟანრში, რომ ქექვა დამეზარა. და მესამე, ამ სიაში შესული ტრეკები უფრო ორიგინალურად და საინტერესოდ მომეჩვენა

10. Chalino Sanchez - Renato Avendano (2010)

არსებობს ასეთი მექსიკური მუსიკალური ფორმა - ნარკოკორიდო, ერთგვარი დრაგ ბალადები, რომლებიც ადგილობრივი ნარკობარონების “საგმირო” ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობენ, თავისი სისხლიანი მკვლელობებით, ნარკოტრეფიკით, პოლიციასთან სასტიკი ბრძოლით, უმოწყალო შურისძიებებითა და ა.შ. იყო ამ ჟანრის შემსრულებელი, უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შენც ცალი ფეხი სამარეში გაქვს. 

ჩალინო სანჩესი მოზარდობისას არალეგალურად გადავიდა კალიფორნიაში, იქ სიმღერების ჩაწერა დაიწყო და მექსიკურ დიასპორაში დიდი სახელიც მოიხვეჭა ისე, რომ კრიმინალური საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია - სცენაზე გამოსვლის დროსაც კი იარაღი ჰქონდა ქამარში გარჭობილი. ერთ-ერთ კონცერტზე, როცა ესროლეს, მანაც უპასუხა და ორი კაცი გააგორა. სულ საფრთხისა და მუქარის ქვეშ ცხოვრობდა და 31 წლის ასაკში მოკლეს კიდეც. 

ეს სიმღერაც, რასაკვირველია, რომელიღაც ნარკოვაჭარზე, რენატო ავენდანოზეა. ვიდეოში, ძალიან სასაცილოა, როგორ აძრობს თვითონ ჩალინოც რევოლვერს - ალბათ რაღაც დრამატულ ამბავს გვიყვება. როგორც მომღერალი, ნამდვილი თვითნაბადი ტალანტია, უნიკალური ხმის ტემბრითა და შესრულების მანერით. უკვე საკულტოდ ქცეული ლოუ ფაი მუსიკოსი, არიელ პინკიც კი მისი დიდი თაყვანისმცემელია და საერთოდ, ჩალინო სანჩესი ითვლებოდა და დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მექსიკელ ავტორ-შემსრულებლად და არა მარტო ნარკოკორიდოს ჟანრში. 

9. Bob Marley - I Shot the Sheriff (1973)

ბობ მარლის უსახელგანთქმულესი სიმღერა. სხვათა შორის, თავდაპირველად ერიკ კლეპტონის შესრულებით მოხვდა ჩარტებში, რის შემდეგაც უკვე მთელი მუსიკის სამყარო დაინტერესდა მარლითა და მისი შემოქმედებით.

რაღაც პონტში, ეს ტრეკი იამაიკური ყოფის ამსახველია, სადაც კრიმინალის დონე დღემდე უკიდურესად მაღალია და სადაც ძალიან ძნელია, გაავლო ზღვარი დამნაშავეებსა და კანონდამცველებს შორის.

როგორც სიმღერის გმირი ირწმუნება, მან თავდაცვის მიზნით ესროლა შერიფს და გააგორა, ხოლო მისი მოადგილე ვერა, ვერ მოასწრო და ტყუილად ტენიან მის მკვლელობასაც. თუმცა, თავად ბობ მარლი თვლიდა, რომ I Shot the Sheriff სამართლიანობაზე და მის აღდგენაზეა და არა ვიღაც ნაძირალა კრიმინალზე. 

8. Beastie Boys - Sabotage (1994)

ვისზე აპელირებს სიმღერის გმირი, ვის მიმართავს, თანამზრახველს თუ დეტექტივს, გაუგებარია. ჩემი აზრით, ორივეს. კლიპი კიდევ უფრო აბუნდოვნებს ყველაფერს. მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სახეზეა, დანარჩენს კი ამჯერად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

სპაიკ ჯონსის მიერ 70-იანი წლების გრაინდჰაუსის ესთეტიკით გადაღებული ეს ბოევიკი, ვიზუალური მწკრივითა და დინამიზმით, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესოა MTV-ის ისტორიაში. "ბისთი ბოიზის" მუსიკაც ძალიან ეფექტურია - ნამდვილი აკუსტიკური ექშენი, ისტერიული და როგორც ამ ნიუ იორკულ ტრიოს ყოველთვის ჩვევია, ირონიულიც. თანაც, ნამდვილი ინტრუმენტებითაა ჩაწერილი, რაც ძალიან აცოცხლებს ტრეკს.

მოკლედ, გინდ მუსიკალური, გინდ ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან ეფექტურია ეს ყველაფერი და ამიტომაც, იმთავითვე ნათელი იყო, რომ "საბოტაჟი" აუცილებლად მოხვდებოდა ჩვენს ათეულში.

7. The Clash - Bankrobber (1980)

ერთი შეხედვით, მსუბუქი და მოლაზღანდარო რეგეი ტრეკია. ვიდეოც ასეთია, თან თვითონვე გადაიღეს. მაგრამ ტექსტი, თანაც ჯო სტრამერის უკმაყოფილო, გაღიზიანებული ვოკალით ნამღერი, სულ სხვა პათოსს სძენს ამ სიმღერას.

"მამაჩემი ბანკების მძარცველი იყო, მაგრამ ერთხელაც არავინ დაუჭრია. მას მოსწონდა ასე ცხოვრება, მას მოსწონდა თქვენი (ანუ მდიდრების) ფულის მოპარვა“, - მოკლედ, "ქლეშის" მთელი ატრიბუტიკა სახეზეა. 

ეს სიმღერა ქავერი მეგონა, მაგრამ არა, ავტორი "ქლეშია". ეს ბენდი არსებობის განმავლობაში ბევრ მუსიკალურ ჟანრსა და მიმართულებას მოედო, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებდა საკუთარი სახის შენარჩუნებას. ალბათ იმიტომ, რომ ბოლომდე იმ იდეალების ერთგული დარჩა, რომლითაც ბრიტანულ, მაშინ ჯერ კიდევ იატაკქვეშა პანკ სცენაზე შემოქმედებით კარიერას იწყებდა. Bankrobber ამის მკაფიო მაგალითია.

6. Renaldo and the Loaf - Songs for Swinging Larvae (1981) 

პათოლოგოანატომისა და არქიტექტორისგან შემდგარი ეს ბრიტანული დუეტი 80-იანების პირველ ნახევარში The Residents-ის "რალფ რექორდსთან" თანამშრომლობდა და უაღრესად უცნაურ მუსიკასაც წერდა. ყველაფერი ცოცხალი, მაგრამ აშლილი ინტრუმენტებით სრულდებოდა, შემდეგ კი ელექტრონული მანიპულაციებითა და თეიფლუპინგით ისეთ სახეს იღებდა, რომ ბგერის წარმოშობის წყაროს ვეღარავინ არკვევდა. 

Songs for Swinging Larvae პროექტის სადებიუტო ალბომში შესული ტრეკებითაა აწყობილი, სპეციალურად ამ ვიდეოსთვის. სიუჟეტს საფუძვლად რეალური კრიმინალური ისტორია უდევს. სადღაც, ვიღაცამ ბავშვი მოიტაცა და გარკვეული დროის განმავლობაში მალავდა. საბოლოოდ პატარა ბოროტმოქმედს გამოექცა და ოჯახში დაბრუნდა, მაგრამ ის, თუ როგორაა ეს ამბავი გადათამაშებული, ნამდვილი კონტროვერსიული სიგიჟეა, რომლის სატელევიზიო ეთერში თუ კინოფესტივალებზე ჩვენება კარგა ხანს აკრძალული იყო. ამ პატარა მუსიკალურ ფილმს ნამდვილად გააჩნია თავისებური მორალი, რომელშიც ნახვისას სჯობს თავადვე გაერკვეთ.

5. Eleanoora Rosenholm - Maailmanloppu (2007)

ძალიან უცნაური და ორიგინალური ფინური ბენდია. განსაკუთრებით საინტერესო და მომხიბლავი ვოკალისტი გოგონა, ნოორა ტომილაა. მისი სირინოზის ხმა, ერთის მხრივ, საოცრად ლამაზი და უმანკოა, მაგრამ მეორეს მხრივ, ნოორას სიმღერის მანერაში აშკარად იგრძნობა რაღაც ფარული კომპლექსები.

ყველაფერი ნათელი მაშინ გახდა, როდესაც ჯგუფის სახელის მნიშვნელობა გავიგე. "ელენოორა როსენჰოლმი" ნოორა ტომილას მიერ მოგონილი პერსონაჟია, მუსიკოსის ალტერ ეგო, სიმღერები კი მის მიერ ჩადენილი საშინელი მკვლელობების ისტორიებს მოგვითხრობს.

ეს ტრეკიც, სახელად "სამყაროს დასასრული", პატარა გოგონაზეა, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ ისე აიჭრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს ჯერ აცდუნებს, შემდეგ აწამებს, თავს აჭრის  და სახლთან ახლოს, ტბაში ძირავს. ტექსტში ელენოორას შინაგანი მდგომარეობა და აპოკალიპტური ხილვებია აღწერილი. ის, რაც მას ამ საზარელი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. მუსიკალურად ეს კომპოზიცია ყველაზე "პაპსაა" ბენდის შემოქმედებაში, რაც პირადად ჩემთვის ამ ყველაფერს კიდევ უფრო შემაძრწუნებელს ხდის.  

4. Serge Gainsbourg & Brigitte Bardot - Bonnie and Clyde (1968) 

ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, ალბათ, ყველაზე ცნობილი და კონტროვერსიულ-რომანტიკული კრიმინალური წყვილია კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ლეგენდა იუწყება, თავზეხელაღებული მძარცველები მზად იყვნენ, პოლიციას ჩაბარებულიყვნენ, მაგრამ ხელისუფლებას მათი ფიზიკური განადგურება უფრო აწყობდა და ამიტომაც, ბონი და კლაიდი იძულებული გახდნენ სროლაზე სროლით ეპასუხათ.

გენსბურს ბონი და კლაიდი სიმღერის გმირებად შემთხვევით არ აურჩევია. მას მაშინ გაცხარებული რომანი ჰქონდა ბრიჯიტ ბარდოსთან. ამ უკანასკნელს კი ქმარი ჰყავდა და ამიტომაც, სერჟი და ბრიჯიტი საყოველთაო გაკიცხვისა და თავდასხმის ობიექტებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ბონისა და კლაიდის ცნობილი დევიზი "ჩვენ ორნი მთელი სამყაროს წინააღმდეგ", ბრიჯიტის და სერჟის ლოზუნგადაც იქცა. თუმცა, ისევე, როგორც პირველი წყვილის შემთხვევაში, მათი ისტორიაც სევდიანად დასრულდა - ბარდო ქმარს დაუბრუნდა, გენსბური კი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.

"ბონი და კლაიდი" გარდამტეხი ტრეკია გენსბურის შემოქმედებაში. სწორედ აქედან იწყება ახალი ერა მის შემოქმედებაში. ბრიჯიტ ბარდო, როგორც მომღერალი, ძალიან სუსტია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ის ხომ ბარდოა. თანაც ის უცნაური შეძახილი, რომელიც მთელ ტრეკს მიჰყვება, ვეჭვობ, მასზე კარგად ვინმეს გამოსვლოდა. ამ შეძახილის გარეშე კი, სიმღერა მთელ ეფექტს დაკარგავდა.

3. The Stranglers - La Folie (1981)

ისტორია, რომელზეც ეს სიმღერაა აგებული, მართლაც დაუჯერებელია. ისეი საგავა სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო კურსზე. ერთ მშვენიერ დღეს სახლში თანაკურსელი გოგონა რენე ჰარტეველტი დაპატიჟა, მაღალ მატერიებზე საუბრის შემდეგ თოფი ესროლა, მოკლა და ორი დღის განმავლობაში მის გვამს მიირთმევდა (როგორც თვითონ განაცხადა, იმისთვის, რათა რენეს სასიცოცხლო ენერგია შეესრუტა). სწორედ ამ ამბავს უყვება ჟან ჟაკ ბერნელი (The Stranglers-ის ბასისტი და შიგადაშიგ ვოკალისტიც) თავის მეგობარს, ჰიუ კორნუელს (ბენდის ფრონტმენსა და გიტარისტს) ფრანგული დეკადანსის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილ და შესრულებულ ტრეკში. 

რაც შეეხება ისეი საგავას, იგი დაიჭირეს, მაგრამ შეურაცხადად მიიჩნიეს და იაპონიაში დააბრუნეს, 15-თვიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ის დღესაც ცოცხალია, წიგნებსაც წერს, კრიმინალურ კორესპონდენციასაც და კინორეჟისორები კონსულტანტადაც კი იწვევენ გარკვეული ხასიათის სცენების გადაღებისას.

2. Sonic Youth feat. Lydia Lunch - Death Valley 69 (1985)

Death Valley 69 ამ საკულტო ჯგუფის პირველი და ისტორიული კლიპია. ყველაზე კონტროვერსიული, სასტიკი, რიტუალური ძალადობითა და ბევრი დამახინჯებულ-გაფატრული გვამით. შემთხვევითი არაა, რომ მისი რეჟისორი ტრანსგრესიული კინემატოგრაფის ერთ-ერთი პიონერი, რიჩარდ კერნია. 

ვიდეოში ჩარლი მენსონისა და მისი ბანდის მიერ ჩადენილი სისხლიანი დანაშაულის ისტორია 80-იან წლებშია გადმოტანილი. ამერიკული ყოფის ის ბნელი მხარე, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარ ადამიანებს სადისტ მკვლელებად აქცევს, ამდენი ხნის შემდეგაც, თურმე, არსად წასულა. სწორედ ესაა Sonic Youth-ის გზავნილი.

ის, რომ ლიდია ლანჩია მიწვეული ამ ტრეკში, სრულიად ლოგიკურია. ეს ხომ მისი ბუნებრივი სივრცეა. აკი ამბობდა კიდეც: "პოზიტივი? რატომ უნდა ვიყო პოზიტიური? განა, მაქვს ამის მიზეზი? თუ პოზიტივი გინდათ, წადით მედისონ სქვერ გარდენში, მე თავი დამანებეთ". 

 1. Otello Profazio - Non Sugnu Briganti (1973) 

კალაბრია იტალიის რეგიონია. რუკაზე ქუსლი სადაც მოჩანს, იქ მდებარეობს. ერთი პატარა, ღარიბი პროვინციაა. კალაბრიული მაფია, რომელსაც ნდრანგეტა ჰქვია, ისეთი გაპიარებული არაა, როგორც სიცილიური ან ნეაპოლიტანური, მაგრამ მათზე არანაკლებ მძლავრი და გავლენიანია.

ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ მთელი სასიმღერო კულტურა არსებობს, რომელიც ნდრანგეტას წევრების მაფიოზურ-კრიმინალურ ყოფაზე, მათ პირად ცხოვრებისეულ დრამებზე, ბედნიერებასა თუ უბედურებაზე მოგვითხრობს. სხვათა შორის, ძალიან ემოციური, რომანტიკული და მელოდიური ჟანრია. 

ეს ყველაფერი კი მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც კალაბრიაში სახელგანთქმული ჯუზეპე მუსოლინო ცხოვრობდა და "მოღვაწეობდა" - მუდმივად მალვაში მყოფი ყაჩაღი, რომელიც ჩვენებური არსენას მსგავსად, მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა. უბრალო ხალხს ის ისე უყვარდა, რომ სიმღერებსაც კი უძღვნიდა.

ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს კალაბრიელი ფოლკ შემსრულებელის, ოტელო პროფაციოს მიერ 1973 წელს გამოშვებული ალბომიც, საოცრად გულისამაჩუყებელი სიმღერებით. "მე არ ვარ ბანდიტი" მათ  შორის საუკეთესოა. ჰოდა, სწორედ ეს ლამაზი, კრიმინალური ოდა წამოსკუპდა ჩვენი სიის საპატიო პირველ ადგილზე.


0. Ronald Biggs & Sex Pistols - No One is Innocent (1978)

ბრიტანელი რონალდ ბიგსი, 1963 წლის "მატარებლის დიდი ძარცვის" ერთ-ერთი ორგანიზატორია. დაიჭირეს, 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გაიქცა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ ბრაზილიაში გადაბარგდა, ახალი ცოლი მოიყვანა, შვილიც შეეძინა და ამით ექსტრადიციაზე იმუნიტეტიც მოიპოვა (ასე კანონი ყოფილა ბრაზილიაში).

1978 წელს რიო დე ჟანეიროში უდარდელად მცხოვრებ რონის უკვე დაშლილი "სექს პისტოლსის" წევრებმა სტივ ჯონსმა და პოლ კუკმა ჩააკითხეს და ტრეკის ჩაწერა შესთავაზეს. ასე გაჩნდა ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული და ნიჰილისტური ტრეკი როკ-ენ-როლის ისტორიაში - "არავინ არის უმწიკვლო". 

ტექსტის ავტორი თავად ბიგსია - ღმერთი ფარავდეს ყველა დამნაშავეს და უდანაშაულოს, ქურდებს და მკვლელებს, მარტინ ბორმანს და გაქცეულ ნაცისტებს,"სექს პისტოლსსა" და რონალდ ბიგსს. მისამღერისას კი საქმეში უკვე ჯონსი და კუკი ერთვებიან - რონი ბიგსმა სინათლე იხილა და პანკისთვის სული გაყიდა. მოკლედ, ძალიან მხიარული სიმღერაა. 

საინტერესოა, რომ 2001 წელს, 71 წლის რონი ბიგსი დიდი ზარ-ზეიმით სამშობლოში დაბრუნდა. როგორც თვითონ განაცხადა, ჭეშმარიტი ინგლისელივით პაბში ლუდის დასალევად. მისი საქციელით ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა სამართალდამცველებმა, რონის ხელი სტაცეს და ისევ ციხეში უკრეს თავი, სადაც სასჯელის დარჩენილი 28 წელი უნდა მოეხადა. თუმცა, 2009 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს, ოთხ წელიწადში კი მოკვდა კიდეც. ისე, ერთი-ორი ასეთი პატრიოტი პანკ-მძარცველი ჩვენც არ გვაწყენდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბედკრულ საქართველოს კრიმინალებშიც არ უმართლებს. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული