Thumbnail

ყველაზე ეფექტური გარეკანის მქონე მუსიკალური ალბომები (ნაწილი II)

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

რა ქმნის ალბომის კარგ ყდას? ჩვენი სტატია იმის ნათელი მაგალითია, რომ ამ შეკითხვაზე არაერთი განსხვავებული პასუხი მოიძებნება.

► ყველაზე ეფექტური გარეკანის მქონე მუსიკალური ალბომები (ნაწილი I)

ზოგ შემთხვევაში გამოსავალი მინიმალიზმშია, ზოგში გადამწყვეტ როლს ფარული სიმბოლო თამაშობს, ხანდახან კი, უბრალოდ, ეფექტური ფოტოს გადაღებაც საკმარისია. ფაქტი ერთია - ბევრი ჩანაწერის გარეკანი პოპ კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა და მათი გავლენაც დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ მუსიკის ფარგლებს.

ამ სერიის სტატიებში მუსიკალური ალბომების გამორჩეულ ყდებს შემოგთავაზებთ.

Deep Purple - In Rock (1970)

1969 წელს "დიფ ფარფლს" ვოკალისტი იენ გილანი და ბასისტი როჯერ გლოვერი შეუერთდნენ. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის კლასიკური შემადგენლობა, რომლის მიერ ჩაწერილი ალბომი In Rock ერთ-ერთი საუკეთესოა კოლექტივის დისკოგრაფიაში. ჩანაწერის გარეკანზე რაშმორის მთას ვხედავთ. ამერიკის შეერთებული შტატების ოთხი პრეზიდენტი კი ბენდის წევრთა გამოსახულებებითაა ჩანაცვლებული.  

Nick Cave and the Bad Seeds – Push the Sky Away (2013)

ამ ალბომზე მუშაობისას ნიკ ქეივი თან პატარა უბის წიგნაკს დაატარებდა, რომელშიც ინტერნეტში აღმოჩენილ უცნაურ და ამოუხსნელ ფაქტებს იწერდა. მისი თქმით, ნამუშევრის მთავარი თემა სწორედ რეალობაზე ვირტუალური სამყაროს უზომოდ დიდი ზეგავლენაა. ჩანაწერის ყდაზე კი ქეივი ცოლთან, მოდელ სიუზი ბიკთან ერთადაა გამოსახული. 

Madonna – True Blue (1986)

True Blue მადონას დისკოგრაფიაში ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო  ნამუშევარია. ჩანაწერის შექმნის პროცესში მომღერლისთვის შთაგონების წყაროდ მის მაშინდელ ქმართან, პოპულარულ მსახიობ შონ პენთან ურთიერთობა იქცა. ამ ალბომის მოსმენისა და მისი გარეკანის ხილვის შემდეგ გასაგები ხდება ბრიტნი სპირსის სიტყვები - მირჩევნია მადონას შევხვდე, ვიდრე შეერთებული შტატების პრეზიდენტსო.  

The Rolling Stones – Sticky Fingers (1971)

ლეგენდარული კოლექტივის მეთერთმეტე სტუდიური ალბომის ყდა პოპ არტის მამამთავარმა ენდი უორჰოლმა შექმნა. გარეკანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასზე რეალური ელვა შესაკრავია დატანებული. დღემდე უცნობია, ვინ არის გამოსახული ფოტოზე. ზოგის აზრით, ეს დიზაინერი კორი ტიპინსია, სხვა ვერსიის თანახმად კი, უორჰოლმა მოდელად მისი მეგობარი მამაკაცი ჯედ ჯონსონი გამოიყენა. 

Led Zeppelin – Physical Graffiti (1975)

თუ "ლედ ზეპელინის" თაყვანისმცემელი ბრძანდებით, ნიუ იორკში მოხვედრისას, სენტ მარკს ფლეისზე მდებარე 96-ე და 98-ე შენობები მოინახულეთ. სწორედ აქ არის გადაღებული ფოტო, რომელიც ჯგუფის მეექვსე ალბომის ყდაზეა გამოსახული. სხვათა შორის, ჩანაწერის ზოგიერთ გამოცემაში სახლის ფანჯრებში ლი ჰარვი ოსვალდთან, მარსელ დიუშანთან, ნილ არმსტრონგთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ბენდის წევრების ხილვაა შესაძლებელი. 

Sex Pistols – Never Mind the Bollocks, Here’s the Sex Pistols

საკულტო ბრიტანული ჯგუფის ერთადერთი სტუდიური ალბომის ყდა ისეთივე მარტივი და პირდაპირია, როგორც მათი შემოქმედება. სწორედ Sex Pistols-ის დახმარებით მოხდა იმ სოციალური პროტესტისა და უმართავი აგრესიის მთელი ძალით ამოფრქვევა, რომელიც პანკების მოძრაობის სახით მთელ მსოფლიოს მოედო.  

Nirvana – Nevermind (1991)

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გრანჟის უზომო პოპულარობა, პირველ რიგში, "ნირვანას" ამ ალბომის დამსახურებაა. მის გარეკანზე ბავშვია გამოსახული, რომელიც ანკესზე წამოცმული დოლარის კუპიურისკენ მიცურავს. კურტ კობეინის თქმით, ეს იდეა თავში მაშინ მოუვიდა, როდესაც   გროლთან ერთად წყალში მშობიარობის შესახებ გადაღებულ სატელევიზიო შოუს უყურებდა.

Miles Davis – Bitches Brew (1970)

უეინ შორტერი, ჯო ზავინული, ჯონ მაკლაფლინი, ჩიკ კორია, დეივ ჰოლანდი - მაილს  დევისს ამ ალბომზე მუშაობისას სწორედ ისეთი მუსიკოსები უმაგრებდნენ ზურგს, როგორც მის მსგავს გენიოსს შეეფერებოდა. ჩანაწერისთვის ყდა ცნობილმა გრაფიკოსმა, აბდულ მატი კლარვეინმა შექმნა. ამ ფერებით დატვირთულ, სიურრეალისტურ გარეკანში პირველი შეხედვისთანავე იგრძნობა ის აფროფუტურისტული იდეები და სრული მუსიკალური სიგიჟე, რომლითაც ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი გამოირჩევა.

The Beatles – Abbey Road (1969)

1969 წლის 8 აგვისტოს ლონდონში, ები როუდზე "ბითლზები" ახალი ალბომის გარეკანისთვის ფოტოს გადასაღებად ჩამწკრივდნენ. სწორედ ამ დღეს შეიქმნა როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყდა, რომელიც ასობით სხვა არტისტის შთაგონების წყარო გახდა. ამ ადგილზე დღემდე არ წყდება ბენდის თაყვანისმცემელთა ნაკადი. თუ ჩვენს არ გვენდობით, შეგიძლიათ პირდაპირი ტრანსლაცია იხილოთ იქვე დამონტაჟებული კამერიდან.

Pink Floyd - Dark Side of the Moon (1973)

როდესაც "პინკ ფლოიდის" ლეგენდარული ალბომისთვის ყდის შექმნის დრო დადგა, ჯგუფის წევრმა რიკ რაიტმა დიზაინერ სთორმ თორგერსონს განუცხადა, რომ მისგან მაქსიმალურად ელეგანტურ და სადა ნამუშევარს ელოდებოდა. ამ უკანასკნელსაც ბევრი არ უფიქრია და გარეკანზე უბრალოდ პრიზმაში გარდატეხილი სინათლის სხივი გამოსახა. ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ჩანაწერში შესული კომპოზიციებით იყო შთაგონებული, ნაწილობრივ კი იმ საოცარი სასცენო განათებით, რომლის ხილვაც ბენდის კონცერტებზე იყო შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული