Thumbnail

ნარკოტიკის ზედოზირების შემდეგ, დემი ლოვატოს სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი დემი ლოვატო, რომელიც ჰეროინის ზედოზირების გამო ლოს ანჯელესის საავადმყოფოში იმყოფება, რეაბილიტაციის კურსს გაივლის. მუსიკოსის მეგობრის თქმით, მომღერალმა ქალაქიდან მოშორებით სპეციალური დაწესებულება შეარჩია, სადაც მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარებიან.

► დემი ლოვატო, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

"დემის არ უნდა სიკვდილი და მადლიერია, რომ გადარჩა. საავადმყოფოდან მას სარეაბილიტაციო ცენტრში გადავიყვანთ", - განაცხადა შემსრულებლის ახლობელმა. 

მუსიკოსი წარსულში ნარკოდამოკიდებულების, ფსიქიკურ პრობლემებისა და კვებითი დარღვევების გამო რეაბილიტაციის ცენტრში ორჯერ უკვე იმყოფებოდა.

მიმდინარე წლის მარტში დემიმ აღნიშნა, რომ 6 წელია, ნარკოტიკული საშუალება და ალკოჰოლი არ მიუღია. თუმცა, ივნისში მან სიმღერა Sober გაავრცელა, რომელშიც საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე კვლავ ალაპარაკდა.

არტისტს თანადგომა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა. არიანა გრანდემ ტვიტერზე დაწერა: "მიყვარხარ, დემი".

"დემი ძალიან მიყვარს. გული მეტკინა, რომ ასეთ მდგომარეობაშია. ის მსოფლიოს ალამაზებს. მომღერალსა და მის ოჯახს ჩემს სიყვარულს ვუგზავნი", - წერს ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესიც.

დემი ლოვატომ კარიერა 2002 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2009 წელს გამოშვებულ სტუდიურ ალბომს Here We Go Again უკავშირდება, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა არტისტს სიმღერებმა Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident მოუტანა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული