Thumbnail

Afternoon Version 1994 წელს თბილისში შეიქმნა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში გიორგი სიხარულიძე (ბას გიტარა, ვოკალი, პროგრამირება), ნიკა წერეთელი (კლავიში, ბექ ვოკალი, პროგრამირება), გოგა ქავთარაძე (დრამი), ზურა ძაგნიძე (გიტარა), მიშა აბესაძე (ვოკალი) და დათო თოიძე (გიტარა) შედიოდნენ. ჯგუფმა პირველი კონცერტი 1995 წელს კლუბ "ყაზბეგის" გახსნაზე ჩაატარა. 

Afternoon Version - Out (1995)

1995 წელს კოლექტივმა სადებიუტო EP Forest ჩაწერა. ამავე წელს გამოვიდა სინგლი Afternoon on Sunday, რის შემდეგაც მიშა აბესაძემ ჯგუფი დატოვა.

Afternoon Version - Champagne Gold (1996)

ჯგუფის ჟღერადობა 90-იან წლებში პოპულარულ საცეკვაო ელექტრონულ მუსიკასა და ალტერნატიულ როკს აერთიანებდა. კომპოზიციები კი ცოცხლად, სექვენსერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გარეშე სრულდებოდა. 

Afternoon Version - Endless Life (1998) 

90-იან წლებში Afternoon Version-ის მოღვაწეობა ძირითადად კონცერტებით შემოიფარგლებოდა. იმ პერიოდის ჩანაწერებმა ალბომის სახით მსმენელამდე მხოლოდ ჯგუფის დაშლის შემდეგ მიაღწია. Together - ასე ერქვა სტუდიურ ნამუშევარს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით 2000 წელს გავრცელდა. ამ დროისთვის კოლექტივი უკვე აღარ არსებობდა, მისი წევრების დიდი ნაწილი კი უცხოეთში ცხოვრობდა. 

Afternoon Version - Together (1998) 

2011 წელს, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, Afternoon Version-ის სამმა წევრმა, გიორგი სიხარულიძემ, ზურა ძაგნიძემ და გოგა ქავთარაძემ "საუნდქლაუდზე" ჯგუფის ახალი სტუდიური ნამუშევრები And და Renegade გაავრცელეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ ალბომებში შესული კომპოზიციების ჩაწერის დროს მუსიკოსები სამ სხვადასხვა ქალაქში - ლონდონში, შტუტგარტსა და ნიუ იორკში იმყოფებოდნენ. 

Afternoon Version - Romance (2011)

Afternoon Version-ისადმი ინტერესი ახალი ძალით 2012 წელს განახლდა, როდესაც პოპულარულმა ქართულმა დუეტმა SvanSikh მათი სიმღერა Champagne Gold დააქავერა.

2014 წელს ჯგუფი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა - გიორგი სიხარულიძე (ვოკალი), ნიკა კოჩაროვი (ბას გიტარა), ზურა ძაგნიძე (გიტარა), დათო თოიძე (გიტარა), სანდრო სულაქველიძე (დრამი). კოლექტივმა მორიგი სინგლი You Оnly Come To Me In My Sleep გამოუშვა და რამდენიმე კონცერტიც ჩაატარა.

Afternoon Version - You Оnly Come To Me In My Sleep (2014)

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული