Thumbnail

„აუ, ეგ ვიცი, მაგის ის სიმღერა მომწონს“ - ეს ფრაზა ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც წარმოგითქვამთ ან მოგისმენიათ. როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში საუბარი ისეთ შემსრულებლებს ეხებათ, რომლებმაც მხოლოდ ერთი პოპულარული კომპოზიციის ჩაწერა შეძლეს და ამის შემდეგ ჩრდილში მოექცნენ. მაგალითისთვის, გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, Take Me to Church-ის გარდა სხვა რომელ ტრეკს გაიხსენებთ ჰოზიერის შემოქმედებიდან? (ჩაკეცეთ იუთუბი, გხედავთ).

მაშ ასე, ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ ათ არტისტს, რომლებსაც მსმენელთა უდიდესი ნაწილი მხოლოდ ერთი ჰიტით იცნობს.

10. Vanilla Ice - Ice Ice Baby (1990)

Ice Ice Baby მუსიკალური პლაგიარიზმის სანიმუშო შემთხვევად ითვლება. დალასელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ყველასგან დაუკითხავად გადმოიღო ბასის პარტია "ქუინის" და დევიდ ბოუის შედევრიდან Under Pressure. მოგვიანებით კი ამაყად განაცხადა, რომ მის მიერ გამოყენებული მელოდია ორიგინალისგან განსხვავდებოდა, რადგანაც მან იქ ერთი (!) ნოტი ჩაამატა.

რა თქმა უნდა, ვანილა აისს საავტორო უფლებების გაყოფა მოუწია, Ice Ice Baby კი პირველი და უკანასკნელი ჰიტი აღმოჩნდა მის კარიერაში. მთელი შემდგომი წლები რეპერი სწორედ ამ ტრეკის უმოწყალო ექსპლუატაციის ხარჯზე ცდილობდა პოპულარობის შენარჩუნებას - დაწყებული სატელევიზიო შოუში მის ფონზე სრიალით და დამთავრებული ათობით ახალი ვერსიის ჩაწერით (რომელთაგანაც უმეტესობა ყურებიდან ქრონიკულ სისხლდენას იწვევს). შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსმენელთა უმეტესობა მას მხოლოდ Ice Ice Baby-ის შემსრულებლად იცნობს.

9. а-ha - Take on Me (1985)

ნორვეგიულმა სინთპოპ ბენდმა პოპულარობა სადებიუტო ალბომის Hunting High and Low გამოსვლისთანავე მოიპოვა. ჩანაწერის წარმატება კი დიდწილად კომპოზიციამ Take on Me განაპირობა. ჯგუფის ვოკალისტის, მორტენ ჰარკეტის ხმის გამორჩეული ტემბრის, დასამახსოვრებელი მელოდიიისა და ორიგინალური ანიმაციური კლიპის წყალობით, სიმღერა ჩარტების სათავეში მოექცა და არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.

შემდგომში ჰარკეტმა და კომპანიამ არაერთი შესანიშნავი ალბომი ჩაწერეს. თუმცა, არცერთ მათგანს ღირსებია ისეთივე პოპულარობა, როგორც ამ კლასიკად ქცეულ ტრეკს, რომელიც ათობით სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტმა გადაიმღერა.

8. Crazy Town - Butterfly (1999)

ამერიკულმა რეპ როკ ჯგუფმა Crazy Town პოპულარობა სწორედ ამ ტრეკის წყალობით მოიპოვა. რიგით მესამე სინგლი კოლექტივის სადებიუტო ალბომიდან თხუთმეტი სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებს ლიდერობდა. თუმცა, Butterfly-ის შემდეგ მათგან დასამახსოვრებელი ჩანაწერი აღარ გვსმენია. პრინციპში, არც ეს კომპოზიცია წარმოადგენს თავიდან ბოლომდე მათ ქმნილებას - მისი მელოდია ხომ Red Hot Chili Peppers-ის ტრეკიდან Pretty Little Ditty დაისემპლა.

ბენდის მომდევნო ალბომი გაყიდვების მხრივ ჩავარდა. მთელი ნამუშევარში ერთი სიმღერაც კი არ აღმოჩნდა, რომელიც პოპულარობით Butterfly-ის ოდნავ მაინც მიუახლოვდებოდა. მცირე ხანში ჯგუფი დაიშალა კიდეც და მსმენელებს ახალი ნამუშევრით მხოლოდ 2015 წელს დაუბრუნდა.

7. Coolio – Gangsta’s Paradise (1995)

თუ გსურთ, ვინმეს ტერმინის One-hit wonder მნიშვნელობა აუხსნათ, ეს სიმღერა იდეალურ მაგალითად გამოგადგებათ. ლეგენდარული სტივი უანდერის კომპოზიციიდან Pastime Paradise აღებული სემპლით შექმნილმა ტრეკმა ქულიოს მილიონები და ვარსკვლავის სტატუსი მოუტანა.

შემდგომში ქულიომ არაერთი კარგი ნამუშევარი გამოსცა, ათობით ფილმსა თუ სერიალში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი კულინარიული შოუც კი შექმნა, მაგრამ არცერთ მის სხვა კომპოზიციას ისეთივე პოპულარობა აღარ ღირსებია, როგორც 90-იანების სიმბოლოდ ქცეულ ჰიტს, რომელიც რეპერმა საქართველოშიც რამდენჯერმე შეასრულა.

6. Gotye - Somebody That I Used to Know (2011)

21-ე საუკუნეშიც გადმოვინაცვლოთ. გოტიემ Somebody That I Used to Know ბელგიაში, ხმის ჩამწერ სტუდიად გადაკეთებულ მშობლების ფერმაში ჩაწერა. სიმღერამ ორი გრემი მოიპოვა, მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვაც დააგროვა.

მარტივად დასამახსოვრებელი, მელანქოლიური კომპოზიცია ვისაც არ დაეზარა, ყველამ გადაამღერა და რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შესრულება გასართობ შოუებსა თუ მუსიკალურ კონკურსებში ჩვეულებრივი რუტინა გახდა. თავად გოტიეს კი ჯერჯერობით ახალი ალბომი არ ჩაუწერია და ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სინგლის გამოცემით შემოიფარგლა, რომელთაც მისი პირველი ჰიტის პოპულარობის მეათედიც კი ვერ ხვდათ წილად.

5. Edwyn Collins - A Girl Like You (1994)

შოტლანდიელი მუსიკოსის, ედვინ კოლინზის ეს სიმღერა დიდი ალბათობით რომელიმე ფილმიდან ან სერიალიდან გეცნობათ - "ჩარლის ანგელოზები", "ლუციფერი", "ოსტინ ფაუერსი" და ა.შ. A Girl Like You წლების შემდეგაც კი ჰოლივუდის ფავორიტ ტრეკად რჩება.

სოულის შემსრულებლის, ლინ ბარის კომპოზიციიდან 1-2-3 აღებული სემპლით აწყობილი კომპოზიცია, რომლის ჩაწერაშიც ლეგენდარული Sex Pistols-ის დრამერი პოლ კუკი მონაწილეობდა, კოლინზის კარიერაში ერთადერთ ჰიტად დარჩა. თუმცა, მისი შემოქმედების უკეთესად გაცნობას მაინც გირჩევთ - პოპ როკისა და სოულის ხარისხიანი ნაზავი თქვენს ინტერესს თუ იმსახურებს, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

4. Natalia Imbruglia - Torn (1997)

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არტისტის კარიერაში ერთადერთ ჰიტად არა უშუალოდ მისთვის დაწერილი კომპოზიცია, არამედ მის მიერ გადამღერებული ტრეკი დარჩა. ავსტრალიელი მსახიობის, ფოტომოდელისა და მუსიკოსის, ნატალი იმბრულიას სახელი პირველ რიგში 1997 წლის ჰიტთან Torn ასოცირდება, რომლის ორიგინალური ვერსიაც Brændt დანიელ პოპ შემსრულებელს, ლიზ სორენსენს ეკუთვნის.

სიმღერის ათობით ქავერსა და რემიქსს შორის სწორედ იმბრულიას ვერსია გახდა ყველაზე პოპულარული. ეს ფაქტი გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მის ჩაწერაზე ნაიჯელ გოდრიჩმა იმუშავა - ადამიანმა, რომელიც წლებია "რედიოჰედის" უცვლელ პროდიუსერად და ხმის ინჟინრად რჩება. კომპოზიციამ ნატალის გრემის ნომინაციაც მოუტანა, თუმცა, მსგავსი წარმატება მუსიკოსის კარიერაში აღარ განმეორებულა.

3. Los del Rio - Macarena (1993)

ესპანურ პოპ დუეტს ამ კომპოზიცის შექმნა პოპულარულმა ვენესუელელმა მოცეკვავემ, დაიანა პატრისიამ შთააგონა. სიმღერის ტექსტი მომხიბვლელი, მაცდური ქალის პერსპექტივიდანაა დაწერილი, რომელიც მისი ცეცხლოვანი მოძრაობებით მოჯადოებულ მამაკაცებს ეფლირტავება.

Macarena მეგაჰიტად იქცა, რომელსაც აბსოლუტურად ყველგან უკრავდნენ. ჩანაწერის წარმოუდგენელი პოპულარობის მაგალითად შეგიძლიათ 1996 წელს შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გადაღებული ეს ვიდეო იხილოთ. Los del Rio კი სხვა კომპოზიციით ჩარტებში აღარასდროს მოხვედრილა.

2. Bronski Beat - Smalltown Boy (1984)

საზოგადოების ნაწილის მხრიდან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების გარიყვა 1984 წელს ისეთივე მძიმე პრობლემას წარმოადგენდა, როგორც დღეს. ინგლისური სინთპოპ კოლექტივის Bronski Beat სადებიუტი ალბომი The Age of Consent სწორედ მსგავსი თემებით იყო დატვირთული.

იმის მიუხედავად, რომ ჩანაწერში რამდენიმე დასამახსოვრებელი კომპოზიცია შევიდა, ნამდვილ ჰიტად მხოლოდ Smalltown Boy იქცა, რომელიც ათწლეულებია არაოფიციალურ LGBT ჰიმნად რჩება. ვოკალისტმა, უნიკალური ფალცეტის მფლობელმა ჯიმი სომერვილმა ბენდი სულ რაღაც ერთ წელიწადში დატოვა. სავარაუდოდ, სწორად ამან გამოიწვია ჯგუფის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა.

1. Black - Wonderful Life (1987)

ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პოპ ბალადამ Wonderful Life გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერის სათაური - "მშვენიერი ცხოვრება" და მისი ტექსტი მსმენელებს, როგორც წესი, ოპტიმისტურ და დადებით შთაბეჭდილებას უტოვებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ კოლინ ვირნკომბმა ეს კომპოზიცია მისი ცხოვრების მძიმე პერიოდის შესახებ დაწერა.

"იმ დროისთვის ორ ავტოავარიაში მოვხვდი, დედას ექიმებმა მძიმე დაავადება დაუდგინეს, ხმის ჩამწერმა კომპანიამ კონტრაქტი გამიუქმა, პირველ ცოლს გავეყარე და ამ ყველაფერთან ერთად, უსახლკაროდაც დავრჩი", - იხსენებს მუსიკოსი. Wonderful Life ერთადერთი ჩანაწერია "ბლექის" შემოქმედებაში, რომელიც მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა. თავად კოლინი 2016 წელს გარდაიცვალა და იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე არაერთი შესანიშნავი სიმღერა ჩაწერა, მისი სახელი მსმენელებს სწორედ ამ ერთი კომპოზიციით დაამახსოვრდათ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული