Thumbnail

10 არტისტი, რომელთა სახელებსაც არასწორად წარმოვთქვამთ (ნაწილი II)

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ ირჩევენ არტისტები უჩვეულო და რთულად წასაკითხ სახელებს ასეთი სიხშირით. თუმცა, მათი სწორად გამოთქმის საქმეში ნამდვილად შეგვიძლია დახმარება გაგიწიოთ.

► 10 არტისტი, რომელთა სახელებსაც არასწორად წარმოვთქვამთ (ნაწილი I) 

გთავაზობთ კიდევ 10 არტისტს, რომელთა სახელებსაც ხშირად არასწორად წარმოვთქვამთ. 

10. Tame Impala - თეიმ იმპალა

ავსტრალიური ბენდის სახელწოდება ითარგმნება, როგორც "მოათვინიერე იმპალა“. თუ არ იცით, იმპალა მცირე ზომის აფრიკული ანტილოპაა. მუსიკოსების თქმით, ეს მოწოდება დასავლური ცივილიზაციის მიერ ველური სამყაროს დამორჩილების სიმბოლოა.

9. Haim - ჰაემი

სამი დის მიერ ჩამოყალიბებული ბენდის სახელწოდებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია არსებობდა - "ჰაიმი", "ჰეიმი" და ა.შ. თუმცა, 2013 წელს გოგონებმა განაცხადეს, რომ სწორი ფორმა მხოლოდ "ჰაემი" არის.

8. David Guetta - დევიდ გეთა

ელექტრონული მუსიკის ფრანგი პროდიუსერის გვარში ასო U არ იკითხება. ასე რომ, ფართოდ გავრცელებული "დავიდ გუეტა" არასწორი ფორმაა.

7. Lykke Li - ლიუკე ლი

ლი ლიუკე ტიმოთეი ზაკრისონი - შვედები მაინცდამაინც მარტივად გამოსათქმელი სახელებით არ გამოირჩევიან.

6. Deadmau5 - დედმაუსი

თუ აქამდე ვერ ხვდებოდით, ჯოელ ციმერმანის ფსევდონიმში ხუთიანი ლათინური ასო S-ის როლს ასრულებს. შესაბამისად, არანაირი "დედმაუფაივი" არ არსებობს.

5. Stromae - სთრომეი

ბელგიელმა მუსიკოსმა თავის სასცენო სახელი სიტყვაში Maestro მარცვლების გადაადგილებით მიიღო. სთრომეი - სწორედ ასე გამოითქმის პოლ ვან ამერის ფსევდონიმი. 

4. Rae Sremmurd - რეი შრიმერდი

ამ ამერიკული ჰიპ ჰოპ დუეტის სახელწოდების თითოეულ სიტყვას უკუღმა თუ წაიკითხავთ, ხელთ Ear Drummers (ყურის დრამერები) შეგრჩებათ. კოლექტივის წევრთა თქმით, მათი სახელი გამოითქმის, როგორც "რეი შრიმერდი".

3. Sufjan Stevens - სუფიან სტივენსი

აბუ სუფიან იბნ ჰარბი წინაისლამურ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი არაბული ტომის, ყურაიშების წინამძღოლი იყო. სწორედ მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი ახალშობილ სტივენსს მშობლებმა, რომლებიც მოძრაობა სუბუდის წევრები იყვნენ. 

2. Michael Bublé - მაიკლ ბუბლეი

წარმოშობით ხორვატი პოპ შემსრულებელი კანადაში დაიბადა და გაიზარდა. თუმცა, ფესვებს არ ივიწყებს და ზაგრებსაც რამდენჯერმე ეწვია. მისი გვარი კი გამოითქმის, როგორც ბუბლეი (და არა ბაბლი ან ბაბლე).

1. XXXTentacion - ექს ექს ექს ტენტასიონი

სწორედ ასე წარმოითქმის ნაადრევად გარდაცვლილი ჯასეი ონფროის ფსევდონიმი. Тentación ესპანურად ცდუნებას ნიშნავს, XXX კი პორნოგრაფიისადმი რეპერის სიყვარულს უსვამდა ხაზს. 

და ბოლოს, ჩვენი რედაქცია უაღრესად მადლობელი დაგრჩებათ, თუ კომენტარებში აღარ დაგვიწყებთ მტკიცებას, რომ არტისტი კვლავ ცოცხალია. მოასვენეთ ადამიანი საფლავში!

► 10 არტისტი, რომელთა სახელებსაც არასწორად წარმოვთქვამთ (ნაწილი I) 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული