Thumbnail

60-იან წლებში 50-იანების მუსიკალურმა რეალობამ ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო. თბილისში ამუშავებულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ და რესპუბლიკის მასშტაბით გახსნილმა ფირფიტების მცირე საწარმოებმა (თბილისში ასეთი იყო მინიმუმ ოთხი, ბათუმში - ორი, ქუთაისსა და სოხუმშიც თითო-თითო) ქართული მუსიკის უფრო ხშირად ჩაწერის საშუალება გააჩინა.

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: დასაწყისი და 50-იანი წლები

ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 70-იანი წლები

ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 80-იანი წლები

ათწლეულის დასაწყისში უკვე უმეტესობას სახლში ედგა ტელევიზორი, რომელიც პირველი არხის ტრანსლაციებს იჭერდა. 1961-67 წლებში კი 78-ბრუნიანი შელაკის გრამფირფიტები 33-ბრუნიანმა ვინილებმა ჩაანაცვლა, რომლებიც თითო გვერდზე არა 3-4, არამედ საშუალოდ 15-20 წუთს იტევდნენ. ამან ნელ-ნელა შეცვალა ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ფორმატი, რომელიც სინგლებიდან მინიონებისა და სრულმეტრაჟიანი ალბომების ტირაჟირებაზე გადაერთო.

60-იან წლებში, კონსტანტინ პევზნერის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროს" შემოქმედებითი მოღვაწეობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ამან ორკესტრთან ასოცირებულ ახალგაზრდა მომღერლებს მეტი პოპულარობის მოპოვების საშუალება მისცა. სულიკო კოროშინაძემ, ლილი გეგელიამ და ვენერა მაისურაძემ, რომლებმაც კარიერა 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს, 78-ბრუნიანი ჩანაწერების კეთება ახალ ათწლეულშიც განაგრძეს. მართალია, მაშინ ყველაფერი 2-3 პატარა ფირფიტით შემოიფარგლა, მაგრამ უკვე შემდეგ ათწლეულებში ეს სიმღერები არქივიდან შეკრიბეს და კრებულის სახით ერთ დისკ-გიგანტზე (ასე უწოდებდნენ საბჭოთა კავშირში LP-ს) გამოსცეს.

ვენერა მაისურაძე - Manhã De Carnaval (1967)

"რერომ" 1966 წელს ერთი მინიონი დამოუკიდებლადაც გამოსცა. ის ბიგ ბენდ სტილში დამუშავებულ 4 სიმღერას შეიცავდა, სადაც გადმომღერებული ჯაზ სტანდარტების გვერდით ქართული მოტივებიც იყო წარმოჩენილი.

რერო - საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო" (1966) EP

60-იანების ბოლოს, თბილისში კიდევ ერთი, სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის საესტრადო ორკესტრი შეიქმნა. მას სათავეში გივი გაჩეჩილაძე ჩაუდგა. ორკესტრმა 1969-1982 წლებში სხვადასხვა სახელით (საქართველოს რადიოს საკონცერტო-საესტრადო ანსამბლი, საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის საკონცერტო-საესტრადო ანსამბლი, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო საესტრადო-სიმფონიური ორკესტრი და სხვა) ხუთი სრულმეტრაჟიანი ალბომი და ერთი მინიონი გამოსცა.

საქართველოს რადიოს საკონცერტო-საესტრადო ანსამბლი - ისევ შენ (1969)

იმ პერიოდში იყვნენ მომღერლებიც (მაგალითად, ნაზი დუმბაძე, ნანული აბესაძე, სერგო ნონიაშვილი), რომელთა შესრულებაც ვინილზე მინიმალურად აღიბეჭდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათი სტუდიური და სატელევიზიო ჩანაწერები მაინც შემოგვრჩა. ზოგიერთი მათგანის მუსიკა მომდევნო ათწლეულებში გამოიცა.

ნაზი დუმბაძე - სად იყავი მაშინ (196?)

ქართული პოპულარული მუსიკის სცენაზე ფეხი ნელ-ნელა ჯაზმაც მოიკიდა. გიული ჩოხელი, რომლის კარიერაც 50-იანი წლების შუაში დაიწყო, 60-იანებში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ მომღერალი გახდა. თავდაპირველად ის თბილისში, "რეროში" მოღვაწეობდა, შემდეგ კი მოსკოვში გადაბარგდა და ჯერ ოლეგ ლუნდსტრემის ორკესტრთან თანამშრომლობდა, მერე კი ქმართან, ბორის რიჩკოვთან ერთად ჯაზ ანსამბლ "ჩანგში" მღეროდა. 

გიული ჩოხელის პირველი სრულმეტრაჟიანი ჩანაწერი 1963 წელს გამოვიდა. მისმა პოპულარულობამ კი მწვერვალს 1967 წელს მიაღწია, როდესაც მუსიკოსმა აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ჯაზ ფესტივალები (ტალინი, მოსკოვი, პრაღა) შემოიარა და სოპოტის პოპ ფესტივალის ლაურეატი გახდა.

გიული ჩოხელი - ჩემო კარგო (1963)

60-იანების კიდევ ერთი, მოულოდნელი ჯაზ-სენსაცია ირმა სოხაძე გახდა. ის 8 წლის ასაკში უკვე "რეროს" სოლისტი იყო. კონსტანტინე პევზნერის მიერ მისთვის დაწერილმა Оранжевая Песня-მ ირმას საკავშირო მასშტაბით გაუთქვა სახელი, კომპოზიცია კი საბჭოთა საბავშვო სიმღერის კლასიკად იქცა. თუმცა, ამ ჰიტის გარდა, სოხაძე ძალზე ბუნებრივად და ხალასად ასრულებდა ბილი ჰოლიდეის, ელა ფიცჯერალდისა თუ ჯაზის სხვა ლეგენდების ტექნიკური თვალსაზრისით ურთულეს რეპერტუარს.

წარმოგიდგენთ 1967 წელს პოლონეთის ტელევიზიის მიერ გადაღებულ 15-წუთიან ფილმ-კონცერტს, სადაც 9 წლის ირმა ჯაზ სტანდარტებს მღერის.

ირმა სოხაძე - Recital (1967) 

იმდროინდელ ქართულ პოპულარულ მუსიკაში ყველაზე მეტად აკუსტიკური სასიმღერო ფორმატი იყო გავრცელებული, თუმცა, ამან ჩანაწერებზე ასახვა გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ჰპოვა. ამის მიუხედავად, 60-იანებში რამდენიმე საინტერესო ფირფიტა მაინც ჩაიწერა.

1962 წელს მარეხ გოძიაშვილის, ამირან ებრალიძისა და კოტე მაკარიძის ტრიომ „ლილე“ 5-სიმღერიანი ჩანაწერი გამოუშვა, რომელიც ქართული საავტორო მუსიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიზია. ამ სიმღერებიდან სამი - "ყვავილებში დამეკარგე", "ახ, ტურფავ, ტურფავ" და "წაღვერი და თბილისი" ქართული საესტრადო მუსიკის კლასიკად იქცა. 

ტრიო "ლილე" - წაღვერი და თბილისი (1962)

ქართული საავტორო მუსიკაში გამორჩეული ფიგურაა ინოლა გურგულია. განათლებით უცხო ენების სპეციალისტმა, ტრიო "სამაიას" შემადგენლობაში, მან იმ უნიკალური მუსიკალური ხელწერის პოვნა შეძლო, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ გიტარა და ზოგჯერ სასიმღერო სამხმოვანება სჭირდებოდა.

50-იანებში ამ ტრიოს მიერ ინსტიტუტში დამოუკიდებლად ორგანიზებულ კონცერტებზე ხალხი ვერ ეტეოდა და იმდროინდელი ხმის ჩამწერი ინდუსტრიის მიერ გურგულიას მუსიკის იგნორირების მიუხედავად, მისი სიმღერები ნელ-ნელა კინოში მაინც გაჟღერდა. 

ტრიო "სამაია" - ია ია (1962)

კინემატოგრაფის საშუალებით მოპოვებული პოპულარობის ტალღაზე, 60-იანების და 70-იანების მიჯნაზე, ინოლამ ტრიო "სამაიასთან" ერთად ხუთი მინიონის ჩაწერა მოახერხა. თუმცა, გაუგებარი მიზეზებით, ეს ფირფიტები ერთ-ერთი ყველაზე ხელმიუწვდომელი ოფიციალური ჩანაწერებია ქართულ მუსიკაში.

ამ უნიჭიერეს მომღერალსა და კომპოზიტორს საბჭოთა პერიოდში სრულმეტრაჟიანი ალბომი არ გამოუცია. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ გამოვიდა მუსიკოსის მიერ სახლში, მაგნიტოფონზე გაკეთებული ჩანაწერების კრებული "... პირველად იყო სიმღერა", რომელიც ნამდვილი საგანძურია ქართული საავტორო სიმღერის დამფასებლებისთვის.

ინოლა გურგულია - ძეგლად გადმომეფარე (1966) 

ქართულ პოპულარულ მუსიკაში 60-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, ალბათ,  ანსამბლ "ორერას“ ჩამოყალიბება უნდა მივიჩნიოთ.

"ორერა" ვოკალური კვარტეტის სახით ჯერ კიდევ 1958 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა, ზურაბ იაშვილმა, თეიმურაზ დავითაიამ და თამაზ ფანჩვიძემ შექმნეს. 1961 წელს ისინი თბილისის ფილარმონიაში გაფორმდნენ, შემდეგ ნელ-ნელა მუსიკოსები დაიმატეს და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლად იქცნენ.

კვარტეტი "ორერა" -  დაგეძებ და ვერ გპოულობ (1962)

ამით ქართულ მუსიკაში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების (ვია) ეპოქა დაიწყო, რომლის დომინაციამ პიკს სამოცდაათიანი წლების შუაში მიაღწია. ეს ოფიციალურად დაშვებული, ე.წ. ფილარმონიული კოლექტივები ადრეული ქართული პოპ მუსიკის ჯაზურ და აკუსტიკურ სასიმღერო საწყისებს აერთიანებდნენ და თანამედროვე დასავლურ ჟანრებთან მათ შერწყმას ცდილობდნენ. 

იმ პერიოდში, ინფორმაციის მიმოქცევის დაბალი სიჩქარე საბჭოთა მუსიკოსებს დასავლური მუსიკის სწრაფი პროგრესის საფუძვლიანად აღქმისა და ათვისების საშუალებას არ აძლევდა. ამავე დროს, შემოქმედებითი ცენზურა ცდილობდა გაეფილტრა "საეჭვო" მუსიკალური ელემენტები. ამიტომაც, უცხოური გავლენების ინტეგრაცია 5-6 წლით გვიანდებოდა და ისინი ხშირად ზედაპირული რჩებოდა. ცენზურის გავლით კი  ჩანაწერებზე ძირითადად არაკონფრონტაციული მუსიკა ხვდებოდა.

"ორერა" 60-იან წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით საოცრად პოპულარული იყო. მისი ფირფიტები მილიონობით იყიდებოდა. იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჭირდა სრულმეტრაჟიანი ალბომების ჩაწერა და ტირაჟირება, ანსამბლმა 6 ვინილის გამოცემა მოახერხა. მათგან პირველი 1964 წელს გამოვიდა.

ვია "ორერა" - ორერა ’64 (1964) LP

ამ პოპულარულობას უარყოფითი მხარეც გააჩნდა. ანსამბლს არაერთ კომპრომისზე უწევდა წასვლა. მაგალითად, სიმღერების ნაწილის მშობლიურ ენაზე, ნაწილის კი რუსულად ნათარგმნი ტექსტით შესრულება, რაც მათ ბევრ ნამუშევარს აფუჭებს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მუსიკოსების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და საქმის ცოდნით შესრულებულმა არანჟირებებმა შექმნა ერთგვარი ნიმუში, რომელსაც ხშირად ეყრდნობოდნენ უფრო გვიანდელი პერიოდის ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები.

60-იანებში "ორერას" შემადგენლობაში საკავშირო მასშტაბის პოპ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა ნანი ბრეგვაძე. 1964 წელს ანსამბლში მისმა მისვლამ "ორერას" ვოკალურ მხარეს კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შესძინა. სწორედ ამ ჯგუფის ფესვებზე აღმოცენდა ის საოცრად წარმატებული სოლო კარიერა, რომელიც ნანიმ უკვე 70-იან წლებში დაიწყო.

ნანი ბრეგვაძე & ვია "ორერა" - როცა გულში გაზაფხული მენთო (1968)

1967 წელს ვახტანგ კიკაბიძის დამატებით "ორერამ" ქარიზმატული ფრონტმენი იპოვა. მან კოლექტივის შემოქმედებაში ჯაზისა და ქალაქური მუსიკის გავლენა შემოიტანა, რომელიც "ორერას" მუსიკაში ნელ-ნელა სულ უფრო მეტად დამკვიდრდა. 

ამავე წელს კანადაში ჩატარებულ "ექსპო 67"-ზე, ეპოქალურ მსოფლიო გამოფენაზე, რომელმაც დასწრების ყველა რეკორდი მოხსნა, საბჭოთა კავშირიდან ერთ-ერთი წარგზავნილი სწორედ "ორერა" იყო. 

ვია "ორერა" - კრიმანჭული (1969)

საინტერესოა, რომ 1965 წელს "ორერას" ლეგენდარული აზერბაიჯანელი პიანისტი ვაგიფ მუსტაფაზადეც შეუერთდა, რომელიც ბენდში 2 წლის განმავლობაში უკრავდა. ოდნავ ადრე, 1963 წელს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მუსიკოსმა თბილისში ჯაზ ტრიო "კავკასია" ჩამოაყალიბა, სადაც კონტრაბასისტი "ორერას" კიდევ ერთი მომავალი წევრი გენო ნადირაშვილი, დრამერი კი ფელიქს შაბსისი იყო. ამ ტრიოს მიერ 1966 წელს გამოშვებული ალბომი, მუსტაფაზადეს შემოქმედებაში პირველი ჯაზ ჩანაწერია.

ჯაზ ტრიო "კავკასია" - ჯაზ ტრიო "კავკასია" (1966) 

"ორერას" გარდა, 60-იანების დასასრულამდე, საქართველოში მხოლოდ ერთი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი მოღვაწეობდა. ეს იყო 1961 წელს შექმნილი "დიელო".

"დიელოს“ ევოლუცია "ორერას" მსგავსი იყო -  ვოკალური კვარტეტიდან, მუსიკოსების დამატებით, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლამდე. თავიდან "დიელოს" მასზე გაცილებით უფრო პოპულარული კოლეგების ჩრდილში უწევდა ყოფნა, მაგრამ 60-იანების ბოლოდან, ანსამბლმა ნელ-ნელა შეძლო სახასიათო, მკვეთრად ჯაზური მიმართულების პოვნა და კოლექტივის ინსტრუმენტული ჟღერადობა ისევე, როგორც ვოკალური ჰარმონია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახდა იმდროინდელ ქართულ მუსიკაში.

ვია "დიელო" - Basta (1965)

1968 წელს შეიქმნა ყველასათვის კარგად ცნობილი "ივერია". 60-იანებში მას თავი დიდად არაფრით გამოუჩენია, მაგრამ შემდეგ ათწლეულებში ალექსანდრე ბასილაიას კომპოზიტორული ნიჭისა და შემსრულებელთა შთამბეჭდავი კრებულის წყალობით "ივერია“ რესპუბლიკაში ყველაზე პოპულარული ანსამბლი გახდა და თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიაში არაერთი საინტერესო ფურცელი ჩაწერა.

ეს "ივერიას" 60-იანი წლებიდან შემორჩენილი, ერთ-ერთი იშვიათი საკონცერტო ჩანაწერია.

ვია "ივერია" - რაჭული (1968)

არსებობდა თუ არა 60-იანების საქართველოში იატაკქვეშა მუსიკა? ვინაიდან იმდროინდელი არაოფიციალური ჩანაწერები მსმენელთა ფართო წრისთვის ცნობილი არ არის (რაც ბოლომდე მაინც არ გამორიცხავს კერძო კოლექციებში მათი მოძიების შესაძლებლობას), ინფორმაციის ერთადერთი წყარო ზეპირი მონაყოლია.

პირველ ქართულ ანდერგრაუნდ ბენდად ბაჩი ქიტიაშვილის და ამირან იობაშვილის მიერ შექმნილი როკ ჯგუფი "ბერმუხა" ითვლება, რომელმაც 1965-დან 2016 წლამდე, ქიტიაშვილის გარდაცვალებამდე იარსება და საკულტო სტატუსიც მოიხვეჭა.

ასევე თითქმის არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, იწერებოდა თუ არა ქართული მუსიკა რენტგენის სურათებზე. იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში სწორედ ასე ვრცელდებოდა არალეგალური აუდიოჩანაწერები. არსებობს ფოტო, რომელზეც კუსტარულად დამზადებული ფირფიტაა გამოსახული, გადმოცემის მიხედვით, იმდროინდელი საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის შესახებ შეთხზული სატირული ქართული სიმღერით. აუდიო ჯერ კიდევ იძებნება.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ იმდროინდელმა ინერტულმა საბჭოთა ხმის ჩამწერმა ინდუსტრიამ ვერ შეძლო 60-იანი წლების ქართული მუსიკისთვის დამახასიათებელი ტენდენციების ობიექტური მასშტაბით და დროულად აღბეჭდვა.

ცენტრალიზებული ფილარმონიული სისტემის ბიუროკრატიულობა ართულებდა ახალი მუსიკალური კოლექტივების ჩამოყალიბებას და ცალკეული მუსიკოსების ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში ინტეგრირებას. შედეგად, ამ ათწლეულში ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების მხრივ ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული პოპულარული მუსიკის პროგრესი და არ მისცა მას გლობალური პროცესებისთვის ფეხის აწყობის საშუალება.

თუმცა ამ ხელისშემშლელი ფაქტორების და მკაცრი შემოქმედებითი კონტროლის მიუხედავად, დასავლურმა გავლენებმა ქართულ მუსიკაში 60-იანებში კიდევ უფრო გაიდგა ფესვი, რაც მასშტაბურად უკვე შემდეგი დეკადის, 70-იანების მუსიკაში აისახა.

► ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: დასაწყისი და 50-იანი წლები

ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 70-იანი წლები

ქართული პოპულარული მუსიკის ისტორია: 80-იანი წლები

 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული