Thumbnail

მუსიკალური ინსტრუმენტის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება, თუ მისი ისტორია ღირსშესანიშნავ მოვლენას ან ცნობილი არტისტის სახელს უკავშირდება. ხშირად მათი ფასი ასტრონომიულ მაჩვენებელსაც კი აღწევს.

►  10 ყველაზე ძვირადღირებული ფორტეპიანო

ჩვენს სტატიაში 15 ყველაზე ძვირადღირებულ გიტარას წარმოგიდგენთ.

15. პოლ მაკკარტნის Rex Acoustic ($ 615,000)

ლეგენდარული "ბითლზის" წევრის, პოლ მაკკარტნის პირველი გიტარა 2006 წლის ივლისში გაიყიდა. მაკკარტნის ბავშვობის მეგობარმა იენ ჯეიმსმა, რომელმაც პოლს აკორდების დაკვრა სწორედ ამ ინსტრუმენტზე ასწავლა, მის სანაცვლოდ 615 ათასი დოლარი მიიღო.

მარცხნივ იენ ჯეიმსს ხედავთ, პოლის მიერ გადაღებულ ფოტოზე, მარჯვნივ კი თავად მაკკარტნის მისი პირველი გიტარითა და ზედ დამაგრებული იენის ფოტოსურათით.

14. სტივი რეი ვონის Fender "Lenny" 1965 Stratocaster ($ 623,500)

80-იან წლებში ბლუზის რენენსანსი დიდწილად სწორედ სტივი რეი ვონის სახელს უკავშირდება. 1990 წელს ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპულ მუსიკოსს ეს გიტარა დაბადების დღეზე მისმა ცოლმა, ლენიმ აჩუქა.

სტივი რეი ვონის ინიციალებიანი "ფენდერ სტრატოკასტერი" 2004 წელს 623,500 დოლარად გაიყიდა.

13. ჯორჯ ჰარისონის Rickenbacker 1962 425 ($ 657,000)

ჯორჯ ჰარისონი ამ გიტარაზე 1963 წლის ოქტომბერში, "ბითლზის" პირველი სატელევიზიო ეთერის დროს, გადაცემაში Ready Steady Go! უკრავდა. შემდეგ კი ამავე წლის დეკემბერში, პროგრამაში Thank Your Lucky Stars. 

2014 წელს ინსტრუმენტი აუქციონზე უცნობმა პირმა 657 ათას დოლარად შეიძინა. 

12. ერიკ კლეპტონის Martin 1939 000-42 Acoustic ($791,500)

სწორედ ამ გიტარაზე უკრავდა ერიკ კლეპტონი 1992 წელს Tears in Heaven-ის ჩაწერისას და მისივე თანხლებით გამოვიდა ლეგენდარულ MTV Unplugged-ზე.

2004 წლის აუქციონზე ინსტრუმენტის საწყისი ფასი 80,000 დოლარი იყო, თუმცა, ღირებულებამ საბოლოოდ 791,500 დოლარს მიღწია.

11. ერიკ კლეპტონის Gibson 1964 ES335 TDC ($ 847,500)

1964 წელს ნაყიდი ეს ინსტრუმენტი კლეპტონის მიერ ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში შეძენილი რიგით მეორე გიტარა იყო. მუსიკოსი მას ისეთ ჯგუფებში დაკვრისას იყენებდა, როგორებიცაა Cream, The Yardbirds და Blind Faith. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა მისი თანხლებით კი 1996 წლის 29 ივნისს ლონდონის ჰაიდ პარკში ჰქონდა. 

2004 წელს გიტარა 847,500 დოლარად გაიყიდა. 

10. ჯერი გარსიას Doug Irwin Tiger ($ 957,500)

ჯერი გარსიას ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ, დაგ ირვინის მიერ საგანგებოდ მუსიკოსისთვის დამზადებული ხუთივე გიტარა ხელოსანს უნდა დაბრუნებოდა. თუმცა, Grateful Dead-ის დანარჩენ წევრებთან სასამართლო დავის შემდეგ, ირვინმა მათგან მხოლოდ ორი - Tiger და Wolf მიიღო.

2002 წელს ვეფხვის გამოსახულებიანი ინსტრუმენტი 957,500 დოლარად გაიყიდა. 

9. ერიკ კლეპტონის Fender "Blackie" Stratocaster ($ 959,500) 

1970 წელს კლეპტონმა 50-იანებში გამოშვებული ექვსი "ფენდერ სტრატოკასტერი" შეიძინა. სამი მათგანი პიტ თაუნშენდს, ჯორჯ ჰარისონს და საკუთარი ბენდის წევრს, სტივ ვინვუდს აჩუქა, დანარჩენები კი დაშალა და მათი საუკეთესო ნაწილებით "ბლექი" ააწყო.

მუსიკოსი ინსტრუმენტს 1985 წლამდე თითქმის ყველა კონცერტზე იყენებდა, სანამ გრიფის დაზიანების გამო, მისი სხვა გიტარით ჩანაცვლება არ მოუხდა. 

8. ბობ დილანის Fender 1964 Stratocaster ($ 965,000)

ამ "ფენდერ სტრატოკასტერზე" ბობ დილანი 1965 წელს ნიუპორტის ფოლკ ფესტივალზე, თავის პირველ ელექტრონულ ლაივზე უკრავდა და დამსწრე საზოგადოებაც გვარიანად გააღიზიანა - მსმენელებს არტისტის ახალი ჟღერადობა არ მოეწონათ. 

კონცერტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დილანს გიტარა ერთ-ერთ კერძო თვითმფრინავში დარჩა. პილოტი შეეცადა მუსიკოსის წარმომადგენლებს დაკავშირებოდა და ინსტრუმენტი დაებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, გიტარამ თითქმის 50 წლით მისი სახლის სხვენზე დაიდო ბინა, 2013 წელს კი აუქციონზე 965 ათას დოლარად გაიყიდა. 

7. კით რიჩარდსის Gibson 1959 Les Paul Standard ($ 1,000,000) 

კით რიჩარდსს სცენაზე თითქმის ყოველთვის "ფენდერ ტელეკასტერით" ვხედავთ, თუმცა, "როლინგ სთოუნზის" არსებობის პირველ წლებში მუსიკოსის ძირითადი ინსტრუმენტი 1959 წელს გამოშვებული "ლეს პოლ სტანდარტი" იყო.

კითის ეს გიტარა ხშირად აღმოჩენილა სხვა არტისტების ხელში. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ჩაწერის დროს მუსიკოსმა ინსტრუმენტი ჯიმი პეიჯს ათხოვა, 1966-ში მასზე ერიკ კლეპტონი უკრავდა, მომდევნო წელს კი რიჩარდსმა ის მიკ ტეილორს მიჰყიდა. 2003 წლამდე გიტარამ კიდევ არაერთი მფლობელი გამოიცვალა და საბოლოოდ 1 მილიონ დოლარად კერძო კოლექციაში დაიმკვიდრა ადგილი. 

6. ბობ მარლის Washburn 22-Series Hawk ($ 1,200,000 - 2,000,000)

"ვოშბერნის" ფირმის მიერ სპეციალური შეკვეთით დამზადებული ერთ-ერთი პირველი ელექტროგიტარა ბობ მარლიმ 1979 წელს ვანკუვერში ჩატარებული კონცერტის შემდეგ გიტარის ტექნიკოსს, გარი კარლსონს აჩუქა.

კარლსონს საჩუქრის გამორთმევა არ სურდა: "ვუთხარი, რომ უამრავი გიტარა მქონდა და კიდევ ერთი არ მჭირდებოდა, მაგრამ მარლიმ შემომხედა და მითხრა, ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებიო". ორი წლის შემდეგ მუსიკოსი გარდაიცვალა, უნიკალურ გიტარას კი უზარმაზარი ფასი დაედო.

"არ ვიცი, რატომ მაჩუქა. შეიძლება იმის გამო, რომ არასდროს არაფერს ვთხოვდი. თითოეულ ჯერზე, როცა ვანკუვერში ჩამოდიოდა, ბექსთეიჯზე მივდიოდი და გიტარების აწყობაში ვეხმარებოდი. როგორ წესი, მას თან ტექნიკოსი არ ჰყავდა ხოლმე", - იხსენებს გარი.

რეგეის მეფის კუთვნილი გიტარა იამაიკის ხელისუფლებამ შეიძინა და ეროვნულ საგანძურად გამოაცხადა. ინსტრუმენტის ღირებულება არ გახმაურებულა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 1,2-დან 2 მილიონ დოლარამდეა. მარლის ამ გიტარაზე საჯაროდ არასდროს დაუკრავს. არ არსებობს ასევე ვიდეო ან ფოტოსურათი, რომელზეც ლეგენდარული მუსიკოსი მასთან ერთად იქნება გამოსახული.

5. ჯერი გარსიას Doug Irwin Wolf ($ 1,900,000)

დაგ ირვინის მიერ სანაგებოდ ჯერი გარსიასთვის დამზადებული, მგლის გამოსახულებიანი გიტარა თავდაპირველად იმავე აუქციონზე გაიყიდა, რომელზეც მისი მეორე ინსტრუმენტი - Tiger.

2002 წელს ფასმა 789,500 დოლარი შეადგინა. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ გიტარამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი, ამჯერად უკვე 1,9 მილიონ დოლარად. 

4. პიტერ გრინის და გარი მურის Gibson 1959 Les Paul Standard ($ 2,000,000) 

ეს "ლეს პოლი" თავდაპირველად Fleetwood Mac-ის დამაარსებელს, პიტერ გრინს ეკუთვნოდა. გრინმა ის 60-იან წლებში, ჯონ მეიოლის The Bluesbreakers-ში ყოფნისას, 300 დოლარად იყიდა. 1970 წელს კი იმავე ფასად ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობ გარი მურს გადაულოცა, რომელმაც სწორედ ამ გიტარაზე შესრულებული კომპოზიციებით მოიპოვა საყოველთაო აღიარება. 

2014 წელს Mettalica-ს გიტარისტმა კირკ ჰემეტმა ინსტრუმენტი 2 მილიონ დოლარად შეიძინა. 

3. ჯიმი ჰენდრიქსის Olympic White Fender 1968 Stratocaster ($ 2,000,000)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი 1969 წელს სწორედ ამ ინსტრუმენტით გამოვიდა ვუდსტოკის ფესტივალზე. 

1998 წელს კი ლეგენდარული მუსიკოსის გიტარა "მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელმა, პოლ ალენმა ორ მილიონ დოლარად შეიძინა.

2. ჯონ ლენონის Gibson J-160E ($ 2,410,000)

1962 წლის 10 სექტემბერს ლეგენდარული "ბითლზის" მენეჯერმა ბრაიან ეპშტეინმა ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონისთვის 161 გირვანქა სტერლინგად ამერიკიდან გამოწერილი ორი იდენტური აკუსტიკური გიტარა შეიძინა. მეორე დღეს კი ლონდონის სტუდიაში EMI ამ ინსტრუმენტებით ჯგუფის სიმღერები P.S. I Love You და Love Me Do ჩაიწერა. მოგვიანებით, მათი გამოყენებით შეიქმნა ასევე This Boy, She Loves You, I Want to Hold Your Hand, Please, Please, Me და სხვა ცნობილი კომპოზიციები. თუმცა, 1963 წლის დეკემბერში, საშობაო კონცერტის დროს, ლენონის გიტარა გაუჩინარდა და 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, სანამ ნიუ იორკში, ერთ-ერთ მუსიკალურ მაღაზიაში არ აღმოაჩინეს. 

2015 წელს ლენონის "გიბსონი" 2,41 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ყველაზე დიდი ფასია, რაც დღემდე ამა თუ იმ მუსიკოსის კუთვნილ გიტარაში გადაუხდიათ. 

1. ხელმოწერილი Fender "Reach Out To Asia" Stratocaster ($ 2,700,000)

2004 წელს ინდოეთის ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ეს გიტარა აუქციონზე 2,7 მილიონად გაიყიდა.

ინსტრუმენტზე ავტოგრაფი 19-მა როკ ვარსკვლავმა დატოვა. მათ შორის პოლ მაკკარტნიმ, მიკ ჯაგერმა, კიტ რიჩარდსმა, ჯიმი პეიჯმა, დევიდ გილმორმა, ერიკ კლეპტონმა, ანგუს იანგმა, ტონი აიომიმ, რიჩი ბლექმორმა, ლიამ გალაჰერმა, მარკ ნოფლერი და ბრაიან ადამსმა, რომელსაც ეკუთვნის კიდეც ამ საქველმოქმედო კამპანიის იდეა. 
 

კომენტარები

ბოლოს დამატებული