Thumbnail

Light My Fire 1966 წელს შეიქმნა და The Doors-ის სადებიუტო ალბომში შევიდა. ეს ერთადერთი კომპოზიცია იყო, რომლის ტექსტიც არა ჯგუფის ლიდერ ჯიმ მორისონს, არამედ გიტარისტ რობი კრიგერს ეკუთვნოდა.

"ერთ-ერთი რეპეტიციისას მორისონმა გვითხრა, სიმღერები არ გვყოფნის, ამიტომ სახლებში წავიდეთ და შევეცადოთ დავწეროთ. მე ვკითხე, რის შესახებ უნდა ყოფილიყო ეს სიმღერები. მან კი მიპასუხა, რაიმე უნივერსალურზე, რაც ორ წელიწადში არ გაქრება. გადავწყვიტე, ოთხი ელემენტის - ცეცხლის, წყლის, ჰაერის და მიწის შესახებ დამეწერა. საბოლოოდ, The Rolling Stones-ის Play with Fire-ის გავლენით, ცეცხლი ავირჩიე",- იხსენებს მუსიკოსი.   

სიმღერამ გამოსვლისთანავე "ბილბორდის" ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა და The Doors-ის სავიზიტო ბარათად იქცა. პოპულარობის პიკზე მყოფი ჯგუფი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სატელევიზიო პროექტში, "ედ სალივანის შოუში" მიიწვიეს. პროდიუსერებმა ტექსტში ფრაზის Girl, we couldn't get much higher (უფრო მაგრად ვერ ვიკაიფებთ), სიტყვებით Girl, we couldn't get much better (უფრო მაგრად ვერ ვიქნებით) ჩანაცვლება მოითხოვეს. მიზეზად კი ტელეეთერში ნარკოტიკების პროპაგანდის დაუშვებლობა დაასახელეს.

ბენდის თანხმობის მიუხედავად, მორისონმა ცოცხალი შესრულების დროს, ტექსტის თავდაპირველი ვარიანტი იმღერა. შემდგომში მან სალივანს აუხსნა, რომ გამოსვლის დროს ნერვიულობდა და შესწორებული სიტყვები უბრალოდ დაავიწყდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ჯგუფი შოუში მეორედ აღარ მიუწვევიათ.

1968 წელს The Doors-ს 75,000 აშშ დოლარი შესთავაზეს სიმღერის ადაპტირებული ვერსიის "ბიუიკის" მარკის ავტომობილის სარეკლამო რგოლში გამოსაყენებლად. ჯგუფის წევრები შემოთავაზებას დათანხმდნენ ისე, რომ მორისონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მუსიკოსებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება ბენდის ყველა წევრის თანხმობით უნდა მიღებულიყო. როდესაც მორისონმა რეკლამის შესახებ შეიტყო, მისი ეთერში გაშვების შემთხვევაში, "ბიუიკის" საჯაროდ დამტვრევით დაიმუქრა. შედეგად პროექტი ჩაიშალა.  

Light My Fire 1970 წელს, The Doors-ის მიერ სცენაზე ერთობლივად შესრულებული ბოლო სიმღერა აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ მორისონი გარდაიცვალა.

გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში კომპოზიცია Billboard-ის ასეულში მეორედაც გამოჩნდა. ამის მიზეზი, ხოსე ფელისიანოს მიერ სიმღერის ქავერ-ვერსიის შესრულება გახდა, რომლითაც მან ერთი წლის შემდეგ გრემიც მოიგო. შედეგად, Light My Fire იმ იშვიათ ნამუშევართა შორის აღმოჩნდა, რომლის ორიგინალიც და ქავერ-ვერსიაც ერთდროულად იკავებდნენ პოზიციებს მუსიკალურ ჩარტებში. 

სიმღერის სხვა ქავერებს შორის აღსანიშნავია უელსელი პოპ დივას, შირლი ბეისის მიერ შესრულებული სოულ ვერსია.

და ინგლისური ჯგუფის, UB 40-ის რეგეი ვერსია.

1993 წელს, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში The Doors-ის წარდგენისას, მუსიკოსებმა საკუთარი ჰიტი Pearl Jam-ის ვოკალისტთან ედი ვედერთან ერთად იმღერეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული