Thumbnail

10 სიმღერა, რომელიც რეალურ დანაშაულს ეფუძნება

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

როგორც წესი, მუსიკოსები სიმღერებს საკუთარი გამოცდილებისა თუ შეგრძნებების საფუძველზე ქმნიან. მათი შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება გახდეს. მაგალითად, სხვა ადამიანების მიერ ჩადენილი შემზარავი მკვლელობა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

წარმოგიდგენთ 10 კომპოზიციას, რომელიც რეალურ დანაშაულებს ეფუძნება.

10. The Smiths - Suffer Little Children

შეიძლება ამ სიმღერის სიმსუბუქემ შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ მას საფუძვლად მანჩესტერში მომხდარი საშინელი მკვლელობების სერია უდევს. 1963-დან 1965 წლამდე იან ბრეიდიმ და მირა ჰინდლიმ 5 ბავშვი გაიტაცეს და დახოცეს.

The Smiths-ის ფრონტმენისთვის ეს მოვლენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მორისი მსხვერპლების თანატოლი იყო და დანაშაულის ადგილის მახლობლად ცხოვრობდა. 

9. Elvis Costello - Let Him Dangle 

1980-იანების ჰიტს საფუძვლად ბრიტანელი თინეიჯერის, დერეკ ბენტლის ისტორია დაედო, რომელიც 1953 წელს პოლიციელის მკვლელობისთვის ჩამოახრჩეს. ამ საქმემ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ბენტლის სამართალდამცველისთვის თავად არ უსვრია. იარაღი მის მეგობარს, კრისტოფერ კრეიგს ჰქონდა. ბენტლიმ მას მხოლოდ უყვირა: "მიდი, მიართვი, კრის!" (Let him have it, Chris).

ფრაზა, რომელიც 19 წლის მოზარდს  სიცოცხლის ფასად დაუჯდა, შეცვლილილი სახით კოსტელოს სიმღერის სათაურად იქცა. 

8. Bon Jovi - August 7, 4:15 

ჯონ ბონ ჯოვი მსუბუქი, მელოდიური ნამუშევრებითაა ცნობილი, თუმცა, მასაც აქვს ერთი კომპოზიცია მძიმე თემატიკაზე. August 7, 4:15 მუსიკოსის ბენდის, "ბონ ჯოვის" ტურნეს მენეჯერის შვილის, კეტრინ კორზილიუსის მკვლელობის მისტიკურ გარემოებებს ეხება, სიმღერის სათაურად კი გოგონას გაუჩინარების დროა შერჩეული.

6 წლის კეტრინი გარეთ საფოსტო ყუთის შესამოწმებლად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. მისი ცხედარი მოგვიანებით სახლის მახლობლად იპოვეს. დანაშაული დღემდე გაუხსნელია.

7. Bruce Springsteen - Nebraska

"ნებრასკა" ბრიუს სპრინგსტინის მეექვსე ალბომის მთავარი ტრეკია. სიმღერაში მუსიკოსი 19 წლის სერიული მკვლელის, ჩარლზ სტარკვეზერის პერსპექტივიდან გვესაუბრება. თინეიჯერმა 14 წლის შეყვარებულთან ერთად, 1950-იან წლებში ვაიომინგისა და ნებრასკას შტატებში 11 ადამიანი დახოცა. 

6. The Boomtown Rats - I Don’t Like Mondays

ირლანდიური ბენდის ამ სიმღერის სათაური, უბრალოდ, მუშაობით გადაღლილი ადამიანის ნათქვამს ჰგავს, თუმცა, სიტყვები რეალურად 1979 წელს მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ჯგუფის ვოკალისტი ბობ გელდოფი ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ რადიოსადგურს სტუმრობდა, როდესაც ახალი ამბავი ტელექსის აპარატზე ამოიკითხა.

16 წლის ბრენდა ენ სპენსერმა კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის სათამაშო მოედანზე ცეცხლი გახსნა, რასაც ორი ზრდასრული ადამიანი ემსხვერპლა, რვა ბავშვი და პოლიციელი კი დაიჭრა. როდესაც თინეიჯერს ჰკითხეს, რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული, მან უპასუხა: "უბრალოდ გავერთე. ვერ ვიტან ორშაბათებს“. 

5. Nick Cave and The Bad Seeds - Stagger Lee 

1895 წლის შობის ღამეს სენტ ლუისის ერთ-ერთ სალუნში ორ მეგობარს, "სტაგ" ლი შელტონსა და ბილი ლაიონსს შორის პოლიტიკის შესახებ კამათი სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ბილიმ შელტონს ქუდი წაართვა და დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის საპასუხოდაც მუცელში ტყვია მიიღო.

ამ მკვლელობის შესახებ უამრავი სიმღერაა შექმნილი, თუმცა, ჩვენ ნიკ ქეივის ვერსია შეგირჩიეთ. 

4. Johnny Cash - Mr. Garfield

ეს ტრეკი პრეზიდენტ ჯეიმს გარფილდის მკვლელობას ეძღვნება. თუმცა, სხვა მსგავსი სიმღერებისგან განსხვავებით, სისხლიანი დანაშაულის დეტალების ნაცვლად, ჯონი კეში ამერიკელთა განცდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ქვეყნის ლიდერის დაკარგვითაა გამოწვეული. 

3. Pearl Jam - Jeremy

სიმღერის ტექსტი ბენდის ვოკალისტ ედი ვედერს ეკუთვნის. მან ერთ-ერთ გაზეთში ტექსასელი მოსწავლის ისტორია წაიკითხა, რომელმაც 1991 წლის 8 იანვარს ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლისა და 30 თანაკლასელის თვალწინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სკოლაში დაგვიანების შემდეგ, 16 წლის ჯერემი ვეიდ დელი სარეგისტრაციო ოთახში სავალდებულო ცნობის მოსატანად გაგზავნეს. ის კი რევოლვერით დაბრუნდა და მასწავლებელს მიმართა: „მის, ის მოვიტანე, რისთვისაც წავედი“. ამ სიტყვების შემდეგ თინეიჯერმა იარაღის ლულა პირთან მიიტანა და გაისროლა.

„სიკვდილის შემდეგ არაფერი იცვლება. ცხოვრება გრძელდება, შენ კი წახვედი. საუკეთესო გამოწვევაა ისაა, რომ იცხოვრო და თავი დაიმკვიდრო. იყო სხვებზე ძლიერი. ვიცნობდი ერთ ადამიანს ჩემს სკოლაში, რომელმაც გაკვეთილზე ცეცხლი მოსწავლეებს გაუხსნა. ჩემი სიმღერა ამ შემთხვევასაც ეხმიანება“, - განაცხადა ვედერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2. Interpol - Pioneer To The Falls

"ინტერპოლის" ეს სიმღერა 25 წლის სტუდენტის, იმეტ გუილენის მკვლელობას შეეხება. კომპოზიცია იმ პერიოდში დაიწერა, როდესაც დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მეგობრის მონათხრობით, გოგონა მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ნიუ იორკის ერთი ბარიდან The Pioneer მეორეში The Falls მიდიოდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ტრეკის სათაურიც.

1. Alabama 3 - Have You Seen Bruce Richard Reynolds?

1963 წელს ბრიუს რიჩარდ რეინოლდსმა მატარებელი გაძარცვა. ეს იმ დროისთვის ბრიტანეთში ჩადენილი ყველაზე მასშტაბური დანაშაული იყო. ყაჩაღებმა 2,631,684 გირვანქა სტერლინგი გაიტაცეს, რაც დღეს £ 50 მილიონის ექვივალენტია. რეინოლდსი ხუთი წელი იმალებოდა, თუმცა, შემდეგ ის დაიჭირეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მომხდარს ნაიჯელ დენვერმა საინტერესო სიმღერა მიუძღვნა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, რეინოლდსი და მასზე შექმნილი კომპოზიციაც მიივიწყეს. 

ათწლეულების შემდეგ ბრიტანულმა ჯგუფმა Alabama 3, რომლის შემადგენლობაშიც რეინოლდსის შვილი ნიკი ირიცხება, ნამუშევარი გააცოცხლა და ერთი საინტერესო დეტალიც დაუმატა - ეს ერთადერთი სიმღერაა ჩვენი სიიდან, რომელშიც ამბის "მთავარი გმირის", დამნაშავის ხმის მოსმენა შეგიძლიათ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული