Thumbnail

7 მუსიკოსი, რომელთა საიმიჯო დეტალების მიღმა სხვა რამ იმალება 

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

რა აერთიანებთ ცნობილ მუსიკოსებს შემოქმედებითი ნიჭის გარდა? ყველა მათგანს საკუთარი განუმეორებელი სტილი აქვს. გაიხსენეთ ჯონ ლენონის მრგვალმინიანი სათვალე, ან თუნდაც ელვისის ვარცხნილობა. 

თუმცა, დღეს იმ შვიდი მუსიკოსის შესახებ მოგითხრობთ, რომელთა საიმიჯო დეტალების მიღმა სხვა რამ იმალება.

7. სლეშის სათვალე, ქუდი და ვარცხნილობა

სლეშს სტილი ბოლო 30 წელზე მეტია არ შეუცვლია - სახეზე ჩამოფარებული ხუჭუჭა თმა, მზის სათვალე და ცილინდრი. დაფიქრებულხართ, რომ ეს დეტალები მუსიკოსს არა მხოლოდ განსაკუთრებულობას სძენს, არამედ ზედმეტი ყურადღებისგანაც იცავს?

იმის მიუხედავად, რომ არტისტი ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა (დედამისი კოსტიუმების დიზაინერი იყო), სცენის შიში მისთვის რთული დასაძლევი აღმოჩნდა. საკუთარი იმიჯის დამსახურებით კი, Guns N' Roses-ის გიტარისტი ხალხის მზერას თვალს არიდებს და მათგან დისტანცირებასაც ახერხებს. 

6. დევიდ ბოუის სხვადასხვა ფერის თვალები

როკ მუსიკის ქამელეონმა ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში უამრავი სტილი მოირგო, თუმცა, მის გარეგნობაში არასდროს შეცვლილა ერთი დეტალი - თვალები. ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსმა მარცხენა თვალი 15 წლის ასაკში დაიზიანა, როდესაც მეგობარს, ჯორჯ ანდერვუდს ეჩხუბა.

ბოუის სწორედ ის გოგო მოსწონდა, რომელთანაც ანდერვუდს პაემანი ჰქონდა დანიშნული. მან ყველაფერი იღონა შეხვედრის ჩასაშლელად, შემდეგ კი საჯაროდ ტრაბახობდა, რომ ჯორჯს შეყვარებული წაართვა. ამას მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც მომავალმა მუსიკოსმა მარცხენა თვალის გუგა დაიზიანა. საბოლოოდ, მეგობრები მაინც შერიგდნენ, დევიდმა კი მისი განუმეორებელი მზერა შეიძინა. 

5. მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი

სოლო კარიერის დასაწყისში მაიკლ ჯექსონის წარმოდგენა ლეგენდარული ხელთათმანის გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა, ამ აქსესუარის დანიშნულებაზე პოპის მეფე ბევრს არ საუბრობდა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჯექსონი პიგმენტაციის დარღვევით, ვიტილიგოთი იტანჯებოდა, რის გამოც კანის გაღიავება და ფერის გათანაბრება გადაწყვიტა. დაავადების საწყის სტადიაზე მაიკლს ლაქები მხოლოდ ცალ ხელზე ჰქონდა და ხელთათმანი მათ დასაფარად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ერთ-ერთ აუქციონზე მუსიკოსის ხელთათმანი 330 ათას დოლარად გაიყიდა.

4. ჰენკ უილიამს უმცროსის წვერი და სათვალე

ჰენკ უილიამს უმცროსს ქანთრის მოყვარულები კარგად იცნობენ - გრძელი წვერი, სათვალე, ღია ფერის ქუდი. თუმცა, იყო დრო, როდესაც მომღერალი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა.
მისი გარეგნობის ცვლილებას ხშირად მამის, ასევე მუსიკოსის, გავლენისგან გათავისუფლების სურვილს უკავშირებენ, თუმცა, საქმე რეალურად სხვა რამეშია.

70-იან წლებში ალპინიზმით გატაცებული უილიამსი 152 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა, რის გამოც, როგორც გამოცემამ People დაწერა, "სახე ორად გადაეხლიჩა“. არაერთი ოპერაციის შემდეგ მას რამდენიმე ნაწიბური დარჩა, რომელთა შესანიღბადაც წვერი ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. 

3. ჩაკ ბერის მოძრაობა - Duckwalk

ჩაკ ბერი როკ-ენ-როლის მამად ითვლება. თუმცა, მუსიკის წინაშე ეს მისი ერთადერთი დამსახურება არაა. მასვე ეკუთვნის მოძრაობა, რომელიც მოგვიანებით "ლედ ზეპელინმა" და AC/DC-მაც აიტაცეს - ე.წ. იხვის სიარული. ჩაკ ბერი ბავშვობაში ასე უფროსებს ართობდა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში ამ მოძრაობის გამეორებაზე არც კი უფიქრია, სანამ ეს საჭიროებამ არ მოითხოვა.

ნიუ-იორკში ერთ-ერთი გამოსვლისას მუსიკოსმა აღმოაჩინა, რომ მისი პიჯაკი საშინლად დაჭმუჭნული იყო და რაკი სცენიდან უთოს ვერ მოითხოვდა, გადაწყვიტა, ბავშვობა გაეხსენებინა. გიტარამ და მოხრილმა პოზამ თითქმის სრულად დაფარეს სამოსის ნაკეცები, Duckwalk კი როკ-ენ-როლის ისტორიის ნაწილად იქცა. 

2. შინეიდ ო'კონორის გადაპარსული თავი

კარიერის პიკში შინეიდ ო'კონორი გამბედავ, უშიშარ და თავხედ გოგოდ ითვლებოდა. გაიხსენეთ, როგორ გადახია მომღერალმა რომის პაპის სურათი SNL-ში გამოსვლისას, ან როგორ თქვა გრემიზე უარი ამ პრესტიჟული დაჯილდოების კომერციალიზაციის გამო. გადაპარსული თავი მშვენივრად ჯდებოდა საერთო სტილში, თუმცა, ეს მხოლოდ ვარცხნილობა კი არა, სერიოზული განაცხადი იყო. 

შინეიდს არ სურდა, კარიერული წინსვლისთვის საკუთარი გარეგნობა გამოეყენებინა. ის თვლიდა, რომ ეს საბოლოო ჯამში მისი წარმატებას, პირიქით, ხელსაც კი შეუშლიდა. ამიტომაც, მუსიკოსმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი მაქსიმალურად "დაემახინჯებინა", რათა პროდიუსერების თუ ლეიბლების მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი არ გამხდარიყო. რამდენად გამოუვიდა მას ეს, თავად განსაჯეთ. 

1. ბონოს სათვალე

U2-ს ვოკალისტს სათვალის გარეშე თითქმის ვერასდროს იხილავთ. ამას კონკრეტული მიზეზი აქვს - მუსიკოსი 20 წელზე მეტია თვალის სერიოზული დაავადებით, გლაუკომით იტანჯება.

იმისთვის, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანმა მხედველობა არ დაკარგოს, მზის სათვალის ტარება აუცილებელია. თუ გავითვალისწინებთ დამაბრმავებელ სასცენო განათებებსა და მისკენ მიმართულ სანათიან ფოტოაპარატებს, ბონოს ამ აქსესუარის გამოყენების გარდა სხვა გზა ნამდვილად არ აქვს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული