Thumbnail

გია ხადური: 70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

გია ხადური პროფილის ფოტო
გია ხადური

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

სამოცდაათიანები, ალბათ, ყველაზე მრავალფეროვანი დეკადაა თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. ამიტომაც, გადავწყვიტე ათეული ისე დამეკომპლექტებინა, რომ სიაში რაც შეიძლება მეტი ჟანრი მოხვედრილიყო. ტრადიციისამებრ კი ისეთი ტრეკები შევარჩიე, რომლებიც ჩვენში ნაკლებადაა გაპიარებული.

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

10. Cat Stevens - Hard Headed Woman (1970)

ბერძნული წარმოშობის ბრიტანელი ქეთ სტივენსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სამოცდაათიანების მეინსთრიმში სინგერ-სონგრაითერული ესთეტიკა დაამკვიდრა. ამ კაცის ისტორია უნიკალური და უპრეცედენტოა. 18 წლის ასაკში უკვე ჰიტების ავტორი იყო. შემდეგ ტუბერკულოზი შეეყარა, მთელი წელი საავადმყოფოში დაჰყო და ყველამ მიივიწყა.  

საავადმყოფოში პარანოიაც განუვითარდა. ეგონა, ექიმები სიმართლეს უმალავდნენ და კვდებოდა. სულიერი ხილვებიც მაშინ დაეწყო. მსოფლიო რელიგიებითა და მედიტაციით დაინტერესდა და რაც მთავარია, 40-ზე მეტი სიმღერა დაწერა. 

ამ ყველაფრის შედეგი კი მისი სენსაციური დაბრუნება გახდა 1970 წლის ალბომით Tea for the Tillerman. მასში შესული სუპერჰიტების ფონზე "ცივგონებიანი ქალი" კი დაიჩრდილა, მაგრამ აკორდების მოულოდნელი ცვალებადობით, არანჟირებითა და არაერთგვაროვანი დინამიზმით, ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა მუსიკოსის შემოქმედებაში. განსაკუთრებით ემოციური სიმღერის ლაივ ვერსიაა, სადაც სტივენსი ბოლომდე იხსნება და უაღრესად შთამბეჭდავად ჟღერს.

1977 წელს ქეთ სტივენსმა ისლამი მიიღო, იუსუფ ისლამი დაირქვა, მუსიკას საერთოდ ჩამოშორდა და სალმან რუშდის წინააღმდეგ ფატვის გამოცხადებასაც კი დაუჭირა მხარი. თუმცა, 2006 წელს მოულოდნელად ისევ დაიწყო ჩანაწერების გამოშვება და "როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც" დაიმკვიდრა კუთვნილი ადგილი.  

9. Isaac Hayes - Shaft (1971)

"შავ მოსედ" წოდებული აიზეკ ჰეისი 60-იანებში უკვე ძალიან ცნობილი კომპოზიტორი იყო და ლეგენდარულ Stax Records-შიც მუშაობდა, მაგრამ როგორც არტისტი სუპერპოპულარული სწორედ "შაფტის" შემდეგ გახდა. ეს ტრეკი, ისევე როგორც მთელი ალბომი, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია და თავის დროზე ოსკარიც კი აიღო შესაბამის ნომინაციაში.

უმნიშვნელოვანესი კომპოზიცია, შეიძლება ითქვას, გარდამტეხიც კი სოულის, როგორც ჟანრის განვითარების ისტორიაში. მუსიკალური თემის მდიდრული არანჟირებით გაშლა, უზარმაზარი ორკესტრი, პლუს რაღაც უცნაური საუნდ ჰედონიზმი, მოფანკო რიტმი და ჰეისის ნარატიული ბარიტონი - ეს ყველაფერი სიახლე იყო იმდროინდელი აფროამერიკული პოპ მუსიკისთვის.

ძალიან საინტერესო ვიდეოა, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა საკრალური ადგილი იყო სტუდია იმ წლებში. თითოეული ახალი ალბომის ჩაწერა კი ღირსშესანიშნავი მოვლენა, რომელსაც მუსიკალური სამყარო სულმოუთქმელად ელოდებოდა.

8. Earth & Fire - Memories (1972)

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ჰოლანდიური ბენდის შემოქმედებაში ყველა ის ტრენდი იყრის თავს, რომელიც 70-იანების პირველი ნახევრის როკ მუსიკაში დომინირებდა - ჰარდ როკი, მელოდიური მეინსთრიმი, გლემი, პროგრესივი. ამას აშკარად გამოკვეთილი პოპ სენსიტიურობაც დავუმატოთ და ნათელი გახდება, თუ რატომ არის ეს ტრეკი უნიკალური.

უნაკლო სიმღერისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი აქ იდეალურადაა დამუშავებული, საბაზისო აკვიატებული რიფი კი საკვანძო მომენტებში ისე ალოგიკურად ტივტივდება, რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევს - სულ დამუხტული ხარ. მოკლედ, კლასიკური პოპ როკის ნამდვილი შედევრია. თანაც ისეთი, ცინიკოს სნობებსაც რომ ხმას ჩააკმენდინებს.

ეს კომპოზიცია ჰოლანდიის გარდა დღეს ალბათ უკვე ყველგან მივიწყებულია, მაგრამ სტაჟიან ქართველ მელომანებს შეიძლება ჯერ კიდევ ახსოვდეთ. ან თუ არ ახსოვთ, პირველივე აკორდზე გაახსენდებათ. სწორედ ასე დამემართა მეც და უნდა ითქვას, რომ ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. 

7. Francoise Hardy - Message Personnel (1973)

70-იანებში ანგლო-ამერიკულ სივრცეში ტრადიციული პოპ მუსიკა შავ დღეში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ცალკეული პოპ ტრეკები კვლავინდებურად ჰიტდებოდნენ, მაგრამ როკის ან ფანკის გარდა, სერიოზულად უკვე აღარაფერი აღიქმებოდა. აი, კონტინენტურ ევროპაში კი სულ სხვა ვითარება იყო - საფრანგეთში და ნაწილობრივ, იტალიაშიც ე.წ. მსუბუქი პოპ მუსიკა ჰყვაოდა.

ხარისხიანი "პაპსის" გაკეთებას მუსიკის სერიოზული ცოდნა და არანჟირების კარგი უნარი სჭირდება. ამ მხრივ ფრანგები ისედაც არავის ჩამორჩებოდნენ, 70-იანებისთვის კი როკის ჟღერადობაც აითვისეს, თავის მთავარ კოზირს, ნარატიულ სასიმღერო ფრაზირებას მოარგეს და შედეგიც სახეზეა.  

ვერ ვიტყვი, რომ მიშელ ბერჟეს მიერ შექმნილი ამ მელოდრამატული კომპოზიციით დიდად აღტაცებული ვარ, მაგრამ ფრანსუაზ არდის ქარიზმა ყველაფერს "აპრავებს". მისი მგრძნობელობა, დახვეწილობა და ინტელიგენტურობა უკიდეგანოა. Sex Pistols-ის მენეჯერი მალკოლმ მაკლარენი იხსენებდა, როცა არდი ლონდონში ჩამოვიდა, ყველა მონუსხა, ყველა მასთან რომანზე ოცნებობდაო. ამ ვიდეოს შემხედვარე, ძნელია, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო. 

6. Genesis - Back in N.Y.C. (1974)

სამოცდაათიანების კონტექსტში, პროგ როკს ნამდვილად ვერ ავცდებოდი. არჩევანი დიდი მქონდა, მაგრამ მე მაინც ეს კომპოზიცია ავარჩიე. გეტყვით რატომაც. 

ჯენესისის" მიერ 1974 წელს გამოშვებულ ამ ალბომში უკვე მკაფიოდ იგრძნობა პროგრესივის დიდი ნარატივის დასასრულის დასაწყისი. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო და Back in N.Y.C. მისი ერთგვარი აკუსტიკური დოკუმენტია. იშვიათად თუ მომისმენია ისეთი აპათიური, კლაუსტროფობიული და უპერსპექტივო ვოკალი, როგორიც ამ ტრეკშია. არც კი აქვს მნიშვნელობა ტექსტის შინაარსს, პიტერ გებრიელი, ფაქტობრივად, პროგ როკის რექვიემს მღერის.  

პროგრესივის მთელი პროდუქცია მუსიკალური თემებზე სკრუპულოზური მუშაობით ხასიათდებოდა. ყველა დეტალი ვირტუოზულად იყო გათვლილი. ეს კომპოზიცია კი ხისტად, სპონტანურად ვითარდება, თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა ჩაწერილი. თუმცა, ბენდის ხელწერა, მისთვის ჩვეული, მოულოდნელი აკუსტიკური ტრაექტორიები კვლავაც სახეზეა. Back in N.Y.C. შეიძლება არცაა ალბომის საუკეთესო კომპოზიცია, მაგრამ მე ის ყოველთვის ძალიან მომწონდა. შეიძლება იმიტომ, რომ ნათლად გვიჩვენებს, თუ რატომ გადაწყვიტა პიტერ გებრიელმა ბენდის დატოვება.

5. Neu! - Hero (1975)

ის, თუ რა არის კრაუტროკი, ამაზე ყველაზე ზუსტ პასუხს სწორედ Neu!-ს შემოქმედება იძლევა. ჯგუფის დრამერი კლაუს დინგერი და გიტარისტი მიხაელ როტერი ადრეულ ეტაპზე ლეგენდარულ Kraftwerk-ში უკრავდნენ და ახალი გერმანული მუსიკის დიუსელდორფულ სკოლასაც ქმნიდნენ. "ნოიც" ამ ალბომამდე ინსტრუმენტულ კომპოზიციებზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ შემდეგ დინგერმა სიმღერა მოინდომა. როტერი ამის წინააღმდეგი იყო. ამიტომაც გადაწყვიტეს ალბომის ერთი, ინსტრუმენტული მხარე როტერს გაეკეთებინა, მეორე, სასიმღერო კი დინგერს. 

ის, რომ "ნოის" და დევიდ ბოუის ტრეკების სახელწოდებები თითქმის იდენტურია, შემთხვევითი არაა. დევიდის 1977 წლის ორივე გერმანული ალბომი სწორედ ამ ჯგუფის  ნამუშევრითაა ინსპირირებული. ბოუის ისიც კი სურდა, Heroes-ზე მათთან ერთად ემუშავა, მაგრამ მისმა ლეიბლმა უცნობ მუსიკოსებთან თანამშრომლობაზე უარი განუცხადა. ისე, იმ პერიოდისთვის, დინგერს და როტერს უკვე ისე სძულდათ ერთმანეთი, რომ არა მგონია, ბოუის იდეიდან რამე ხეირიანი გამოსულიყო.

4. Junior Murvin - Police and Thief (1976)

ჯუნიორ მარვინის მიერ კინგსტონში ჩაწერილი ეს ტრეკი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა დიდ ბრიტანეთში. მის უკან გაცილებით მეტი რამ დგას, ვიდრე უბრალოდ კარგი მუსიკა.

1977 წელს სიმღერა The Clash-მა დააქავერა. ამით ჯო სტრამერმა და მისმა ჯგუფმა საკუთარი უკომპრომისო პოზიცია გამოხატეს იმ დროს ბრიტანეთში მომძლავრებული რასისტული განწყობების მიმართ. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი იამაიკური რეგეის, სკასა და დაბის მასიურ იმპლანტირებას ბრიტანულ პანკსა თუ ნიუ ვეივში. 

საინტერესოა, რომ ტრეკის პროდიუსერი დაბის გამომგონებელი ლი სკრეჩ პერია, რაც მყისვე იგრძნობა - მძიმე ბასი, რომელიც ბიძგს აძლევს და ამავდროულად თითქოს მიათრევს მუსიკალურ მასას და საოცრად მოქნილს ხდის ამ ტრეკს. სიმღერის მოსმენისას ძალაუნებურად გახსენდება გამონათქვამი, რომ მხოლოდ კინგსტონშია შესაძლებელი ჩაწერო ისეთი კომპოზიცია, რომელსაც რეგეის და დაბის მაგია მოაქვს.

3. Donna Summer - I Feel Love (1977)

გასაგებია, რომ 80-იანებიდან პოპ მუსიკის მასობრივი "კრაფტვერკიზაცია" დაიწყო, მაგრამ 1977 წელს ჯორჯო მოროდერის პროდიუსირებით გამოცემულმა ამ ტრეკმა უდიდესი გავლენა მოახდინა არა მარტო საცეკვაო მუსიკაზე, არამედ ბევრ პანკიდან წამოსულ ახალ ტალღელზეც. 

თუ ადრეულ ელექტრონულ მუსიკაში საუნდი კარნახობდა მუსიკალურ ფორმებს და ქმნიდა კომპოზიციის აკუსტიკურ ხასიათს, ამ ტრეკში ყველაფერი პირიქითაა - მუსიკალური ფორმა განსაზღვრავს ჟღერადობას. მოროდერმა სიმღერის შესაქმნელად მხოლოდ სინთეზატორები და სექვენსერი გამოიყენა და ფაქტობრივად, დისკო ტრეკის ახლებურად აწყობის მეთოდიც შეიმუშავა. ამით მან ელექტრონიკა ექსპერიმენტატორ არტისტებს გამოსტაცა და საცეკვაო პოპ მუსიკაში შეაგდო. 

დონა სამერსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას. იმის გარდა, რომ ტექსტის ავტორია, მისი მანერული, სინთეზატორულ-რეპეტიტული ვოკალიც ნამდვილი ფუტურისტული მანიფესტია. ტყუილად კი არ თქვა ბრაიან ინომ ამ სიმღერის შესახებ წინასწარმეტყველური ფრაზა, მომავლის საუნდი მოვისმინე, ეს ტრეკი შეცვლის საკლუბო მუსიკასო.

2. Ian Dury and the Blockheads - Hit Me with Your Rhythm Stick (1978)

იენ დიური უნიკალური მოვლენაა ბრიტანულ სცენაზე. ბავშვობაში პოლიომიელიტი გადაიტანა და ხეიბრად დარჩა, ალბათ ამან განუვითარა ხისტი იუმორის გრძნობა და ცინიზმი. ამავდროულად, ნამდვილი ინტელექტუალი იყო და ახალგაზრდობაში ხელოვნებასაც ასწავლიდა რომელიღაც კოლეჯში. მუსიკალურად ძნელია, რომელიმე ჟანრს მიაკუთვნო. მის შემოქმედებაში ტრადიციული პაბ სონგის უწმაწურობაც გვხვდება, ბრიტანული მიუზიკ ჰოლის ვულგარულობაც, პანკის ეპატაჟიც და სასცენო მაიმუნობაც. სიტყვაც ისე ერჩის, როგორც მახვილგონიერ კონფერანსიეს.

ეს ტრეკი საუკეთესოდ ითვლება იენის კარიერაში, ჩარტებშიც ყველაზე წარმატებული იყო და თითქმის ყველა მისი ზემოხსენებული ტალანტიც ყველაზე ეფექტურად სწორედ აქ გამოიკვეთა. თუმცა, რაზეა სიმღერა, ცოტა გაუგებარია. თვითონ ძალადობის წინააღმდეგ დაიწერაო, კი თქვა, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, გვატყუებდეს და პირიქითაც იყოს.

ლოს ანჯელესში გადასახლებულმა ჯონი როტენმა ერთხელ განაცხადა, ინგლისში დაბრუნება ხანდახან იმიტომ მინდება, რომ იქ იენ დიური ცხოვრობსო. იენი ამ თხუთმეტიოდე წლის წინ გარდაიცვალა და ალბათ, ამიტომაც აწუხებს ჯონიც ლონდონს ასე ხშირად.

1. The Slits - Typical Girls (1979)

სამოცდაათიანების მეორე ნახევრიდან, უკვე მასობრივად წამოვიდნენ ძალიან საინტერესო ქალთა ბენდები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ თავის კოლეგა მამაკაცებს. ეს ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რომ დაკვრის ტექნიკა შეიცვალა და ინსტრუმენტების ვირტუოზული, ხანგრძლივი წვალებაც მოდიდან გადავარდა.

ფრენკ ზაპას ფრაზამაც, ქალებს გიტარაზე დაკვრა იმიტომ უჭირთ, რომ ძუძუები უშლითო, აქტუალობა დაკარგა. გიტარამ სხეულზე ადგილი შეიცვალა, დაბლა დაიწია, ამით პრობლემა მოიხსნა და აი, შედეგიც - The Slits, უნიჭიერესი ბრიტანული ფიმეილ პანკ ბენდი. გოგონებმა, სამწუხაროდ, მხოლოდ დეკადის მიწურულს მოახერხეს სადებიუტო ალბომის ჩაწერა, რომლის მშვენებაც სწორედ ეს ტრეკი გახდა. 

უკვე ალბომის გაფორმებიდან ნათელი იყო, რომ საქმე ნამდვილ ამორძალებთან გვქონდა. ასე გაშიშვლებულნი, დღემდე ვერ ბედავენ მუსიკოსი ქალები გარეკანზე გამოჭიმვას. აქ, ფაქტობრივად, საქმე ფემინიზმისა და ქალური სექსიზმის აღრევასთან გვაქვს. სწორედ ასეთია ეს სიმღერაც, განსხვავებული აკუსტიკური იდეებით გაჯერებული, მხიარულად დამცინავი, მსუბუქი და მოულოდნელი.

რა თქმა უნდა, ეს ტრეკი წმინდა მუსიკალურად არ არის 1979 წლის საუკეთესო კომპოზიცია, მაგრამ სამაგიეროდ, ქალური ლოგიკის ნამდვილი მუსიკალური კვინტესენციაა. ასეთი უცნაური დინების ტრეკი წარმოუდგენელია კაცს დაეწერა. ამიტომაც გამოვიდა გამარჯვებული. 


0. The Rutles - Piggy in the Middle (1978)

The Rutles საკულტო ბრიტანული კომედიური კოლექტივის "მონტი პაიტონის" წევრმა ერიკ აიდლმა და The Bonzo Dog Band-ის ვოკალისტმა და კლავიშისტმა ნილ ინესმა ჩამოაყალიბეს. სატელევიზო შოუსთვის შექმნილი ბენდი The Beatles-ის პაროდიად მოიაზრებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ნამდვილ ჯგუფად გადაიქცა, რომელიც ალბომებს წერდა და საკონცერტო ტურნეებსაც კი აწყობდა. 

ფართო საზოგადოების ყურადღება Тhe Rutles-მა 1978 წელს მიიპყრო, როდესაც აიდლმა და ინესმა ლივერპულურ ოთხეულზე ფსევდოდოკუმენტური ფილმის All You Need Is Cash გადაღება გადაწყვიტეს. მათ ლეგენდარული ბენდის ისტორიის ყველა საკვანძო მომენტი გააშარჟეს და გაამასხარავეს, უფრო მეტი სიხალისისთვის კი "ბითლზის" 20 სიმღერაც გადააკეთეს.  

ფილმი იმდენად სასაცილო გამოვიდა, რომ თვით ჯონ ლენონის აღტაცება გამოიწვია. ჯორჯ ჰარისონი კი გადამღები ჯგუფის კონსულტანტი იყო და ეპიზოდურ როლსაც თამაშობს (ისევე, როგორც ბიანკა და მიკ ჯაგერები, რონი ვუდი, პოლ საიმონი, დენ ეიკროდი და ჯონ ბელუში). ეს ალბომი სწორედ ამ სურათის საუნდტრეკია, ხოლო ტრეკი Piggy in the Middle "ბითლზის" I'm the Walrus-ის პაროდია, თუმცა, ამას წესით უჩემოდაც მიხვდებით.

► 60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

► 80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული