Thumbnail

გამოთქმა, რომლის თანახმად ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, მუსიკის სამყაროში აქტუალურობას არასდროს კარგავს. ათწლეულების განმავლობაში ამა თუ იმ ჩანაწერის სხვა ტრეკთან აშკარა მსგავსების ასობით შემთხვევა გვინახავს. ამას ხშირად საავტორო უფლებებთან დაკავშირებული დავები მოსდევს, მათი ნაწილი სასამართლომდეც კი მიდის.

ჩვენს სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ პოპულარულ სიმღერას, რომელიც სხვა არტისტების მიერ დაწერილ კომპოზიციებს ძალზედ საეჭვოდ წააგავს.

5. Radiohead - Creep (1992) • The Hollies - The Air that I Breathe (1972)

Radiohead-ის პირველი ჰიტისა და მანჩესტერული პოპ როკ ჯგუფ The Hollies-ის კომპოზიციის აკორდების პროგრესია და ცალკეული მონაკვეთების მელოდია თითქმის იდენტურია.

თავის დროზე "რედიოჰედის" წევრებმა გულწრფელად აღიარეს, რომ მათი სიმღერის მცირე მონაკვეთი მართლაც The Hollies-ის ნამუშევრიდანაა ნასესხები, ალბერტ ჰამონდი და მაიკ ჰეზლვუდი კომპოზიციის ავტორებს შორის მოიხსენიეს და შესაბამისი ჰონორარიც გადაუხადეს.

4. Sam Smith - Stay With Me (2015) • Tom Petty and the Heartbreakers - I Won’t Back Down (1989)

ლეგენდარული მუსიკოსების, ტომ პეტისა და ჯეფ ლინის სიმღერას I Won’t Back Down ამერიკელთა გულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, რადიოსადგურები მსმენელთა გამხნევების მიზნით ეთერში სწორედ ამ კომპოზიციას უშვებდნენ. 

სემ სმიტის ტრეკის Stay With Me გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ორი ჩანაწერი ერთმანეთს ძალზედ ჰგავს. ტომ პეტი არ თვლიდა, რომ სმიტმა მისი ნამუშევრის კოპირება სცადა და ახალგაზრდა კოლეგის მსგავსად, ამ ყველაფერს დამთხვევად თვლიდა. თუმცა, მისმა ლეიბლმა სასამართლოში სარჩელი მაინც შეიტანა. საბოლოოდ, პეტის და ლინს საავტორო უფლებები გადაუნაწილდათ.

3. Deep Purple - Child in Time (1970) • It’s a Beautiful Day - Bombay Calling (1969)

მსგავსი შემთხვევები ყოველთვის სასამართლო დავით არ სრულდება. მაგალითად, ლეგენდარულმა Deep Purple-მა როკ ბალადის Child in Time მელოდია ჯგუფის It’s a Beautiful Day კომპოზიციიდან Bombay Calling აიღო. 

სანაცვლოდ, It’s a Beautiful Day-ის წევრებმა "ფარფლებისგან" ტრეკის Wring that Neck ელემენტები ისესხეს და მორიგი ფსიქოდელიური შედევრი Don and Dewey შექმნეს. როგორც მიხვდით, ეს ყველაფერი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ყოველგვარი კონფლიქტების გარეშე მოხდა. 

2. Robin Thicke ft. T.I. & Pharrell Williams - Blurred Lines (2013) • Marvin Gaye - Got to Give It Up (1977)

ამერიკელი პოპ შემსრულებლის, რობინ თიქის სიმღერაზე Blurred Lines გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ თავის დროზე, ეროტიკული შინაარსისა და აშკარა სექსიზმის გამო, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მცირე ხანში კი 1984 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული არტისტის, მარვინ გეის ოჯახმა განაცხადა, რომ თიქს სასამართლოში ელოდებოდნენ. საქმე Blurred Lines-ის გეის სიმღერასთან Got to Give It Up მსგავსებას ეხებოდა.

იმის მიუხედავად, რომ კომპოზიციების ცალკეული მუსიკალური ელემენტები და ჟღერადობა ერთმანეთს საკმაოდ წააგავს, ამ შემთხვევის პლაგიატად მონათვლა გაგვიჭირდება. თუმცა, თიქსა და ფარელს 7.4 მილიონი დოლარი ჯარიმა მაინც დაეკისრათ. 

1. Coldplay - Viva la Vida (2008) • Cat Stevens - Foreigner Suite (1973)

2008 წელს ჯო სატრიანიმ განაცხადა, რომ "ქოლდფლეის" ჰიტის Viva la Vida მელოდია მისი კომპოზიციიდან If I Could Fly იყო მოპარული. ვირტუოზმა გიტარისტმა ბენდს სასამართლოშიც კი უჩივლა. თუმცა, მისი სარჩელი უსაფუძვლოდ სცნეს.

არადა რეალურად, ორივე ეს ტრეკი ძალიან წააგავს ნაწყვეტს ფოლკ შემსრულებლის, ქეთ სტივენსის კომპოზიციიდან Foreigner Suite. "ქოლდფლეის" ჩანაწერთან აშკარა მსგავსების ფაქტი თავად ამ უკანასკნელმაც დაადასტურა. თუმცა, გულში კოლეგების მიმართ წყენა არ ჩაუდია და არც დამატებითი ღონისძიებებისათვის მიუმართავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული