Thumbnail

კონცერტი გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდება, თუმცა, ბევრი ხალხის შეკრება რისკთანაც არის დაკავშირებული. ორგანიზატორების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა თუ უბედური შემთხვევის გამო, შოუ მარტივად შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს.

10. "ჯოჯოხეთის ანგელოზები" ალტამონტის ფესტივალზე

1969 წელს ალტამონტის ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "ჯოჯოხეთის ანგელოზები" დაექირავებინათ. 500 დოლარის ღირებულების ლუდის სანაცვლოდ, თავზეხელაღებული ჩხუბისთავების რეპუტაციის მქონე ბაიკერთა კლუბმა ტერიტორიის დაცვა საკუთარ თავზე აიღო.

ანგელოზებმა სცენის გარშემო "ჰარლი დევიდსონები" დააყენეს და სულმოუთქმელად დაიწყეს პირველი ადამიანის ლოდინი, ვინც მათი მოტოციკლებისთვის თუნდაც ერთი თითის შეხებას გაბედავდა. ისინი ჯაჭვებითა და ჯოხებით იყვნენ შეიარაღებული, კონცერტს კი 300,000-ზე მეტი მუსიკის მოყვარული ესწრებოდა.

სიტუაცია იმდენად დაძაბული იყო, რომ ჯგუფმა The Grateful Dead დაკვრაზე უარი განაცხადა. The Rolling Stones-ის გამოსვლის დროს კი ერთ-ერთმა მსმენელმა, 18 წლის მერედიტ ჰანტერმა სცენაზე ასვლა სცადა. "ჯოჯოხეთის ანგელოზებმა“ თინეიჯერი მუსიკოსებს მოარიდეს. საპასუხოდ მერედიტმა რევოლვერი ამოიღო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბაიკერმა ის დანით დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა - უბედური შემთხვევების შედეგად ფესტივალზე კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. 

9. ჭყლეტა სიყვარულის აღლუმზე

ელექტრონული მუსიკის უფასო ფესტივალმა Love Parade 2010 წელს გერმანიის ქალაქ დუისბურგში 1.4 მილიონი ადამიანი მიიზიდა.

სტუმრებს ფესტივალის ტერიტორიაზე მოსახვედრად ვიწრო გვირაბი უნდა გაევლოთ, რამაც მცირე ზომის სივრცეში მოხვედრილ ხალხის მასაში პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. დამსწრეთა ნაწილმა გვირაბიდან თავის დაღწევა სცადა და ამ პროცესში სხვები გადათელა. ფესტივალზე 21 ადამიანი დაიღუპა, 500 კი დაშავდა.

8. ხანძარი კლუბში The Station

2003 წელს, როდ აილენდის შტატის ქალაქ ვესთ უორიკის ერთ-ერთ კლუბში, როკ ჯგუფ Great White-ის მოსასმენად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. შოუს ნაწილი იყო პიროტექნიკაც, რომელმაც ხანძარი გამოიწვია. ფეიერვერკი ქაფპლასტისგან დამზადებულ ხმის საიზოლაციო პანელებს მოხვდა, რომლებითაც შენობის კედლები იყო დაფარული. 4 წუთში მთელი კლუბი ცეცხლით იყო მოცული. ცოტა ხანში კი სახურავიც ჩამოინგრა. 

თუ თვითმხილველებს დავუჯერებთ, ხანძრის ჩაქრობას პერსონალი წყლით სავსე ჭიქებით ცდილობდა, გასასვლელების ნაწილი კი ჯაჭვებით იყო ჩაკეტილი. კონცერტის ორგანიზატორების არაპროფესიონალიზმის გამო, კლუბში მყოფი 100 ადამიანი (მათ შორის როკ ჯგუფის გიტარისტი) დაიღუპა, 230 კი დაშავდა. 

7. ქაოსი Guns N' Roses-ისა და Metallica-ს ერთობლივ კონცერტზე

1992 წელს მონრეალში ამ ორი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, უბედური მოვლენების მთელმა კასკადმა ყველაფერი ჩაშალა.

თავიდან ერთ-ერთი დეკორაცია აალდა და "მეტალიკას" ვოკალისტმა მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. შემდეგ კი აქსელ როუზს ხმა ჩაუწყდა, რის გამოც შოუზე 55-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. მსმენელები ლოდინით დაიღალნენ და სტადიონის ფანჯრების მსხვრევა და განათების ბოძების დაზიანება დაიწყეს. პოლიციას ამბოხებულების დაშლა ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით მოუხდა. 

6. ტერაქტი არიანა გრანდეს კონცერტზე

2017 წლის 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:31 საათზე, როდესაც სცენაზე პოპვარსკვლავი არიანა გრანდე იდგა, მანჩესტერ არენაზე ტერაქტი მოხდა.

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი მძიმედ დაშავდა. მომღერალმა მწუხარება ტვიტერის მეშვეობით გამოთქვა: "სიტყვები არ მყოფნის. მომხდარმა გამანადგურა. ყველას დიდ ბოდიშს გიხდით“. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო. 

5. სცენის ჩამონგრევა ინდიანას ფესტივალზე

ინდიანას ფესტივალის სტუმრებს 2011 წელს საშინელი სტრესის გადატანა მოუხდათ. საშინელმა ქარმა და წვიმამ მთავარი სცენა ჩამოანგრია და იქ განთავსებული ტექნიკაც გადმოაყირავა. შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 58 კი დაშავდა. 

4. ჭყლეტა The Who-ს კონცერტზე

1979 წლის 3 დეკემბერს ინგლისური როკ ბენდის The Who კონცერტზე ცინცინატში 11 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. მიზეზად არენაზე შესასვლელების სიმცირე დასახელდა. 7,000 ადამიანი ერთდროულად ცდილობდა კუთვნილი ადგილის დაკავებას, მომსახურე პერსონალი კი მათთან გამკლავებას ვერ ახერხებდა. 

მსხვერპლის მიუხედავად, კონცერტი გაგრძელდა, რადგან ორგანიზატორებს კიდევ უფრო დიდი არეულობის შეეშინდათ. 

3. უბედური შემთხვევა მუაზინის ფესტივალზე

2009 წლის 24 მაისს მაუაზინის ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე ჯებირის ჩამონგრევის შედეგად მაროკოს დედაქალაქ რაბათში 11 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სტადიონზე მოხდა, სადაც მაროკოელი მომღერლის, აბდელაზიზ სტატის მოსასმენად 70,000 ადამიანი იყო შეკრებილი.

2. ჯგუფური გაუპატიურება 1999 წლის ვუდსტოკზე

ვუდსტოკის ფესტივალის ფარგლებში, ამერიკული სოულ ბენდის The Chambers Brothers ალბომის Love, Peace and Happiness 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე სწორედ ის მოხდა, რასაც ღონისძიების დამაარსებლები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ.

ქალი, რომელიც ხალხს სცენის წინ ხელში ჰყავდა აყვანილი, ძირს დავარდა, რის შემდეგაც ის ჯგუფურად გააუპატიურეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ თვალი მოკრეს 25-დან 32-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც ქალს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქვემოთ ექაჩებოდნენ. ეს ყველაფერი ჯგუფ Korn-ის გამოსვლის მომენტში ხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა Limp Bizkit-ის პერფორმანსის დროსაც განმეორდა. 

გაუპატიურების საქმეზე 44 ადამიანი დააკავეს, მაგრამ სასჯელი მათგან მხოლოდ ერთს შეეფარდა. გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევები კამერებს არ დაუფიქსირებიათ. თუმცა, მათ ობიექტივში ის ხანძრები მოხვდა, რომლებიც უმართავმა ბრბომ ფესტივალის ტერიტორიაზე გააჩაღა.

1. ჯებირის წაქცევა სნუპ დოგისა და ვიზ ქალიფას კონცერტზე

2016 წლის 5 აგვისტოს ნიუ ჯერსიში სნუპ დოგისა და ვიზ ქალიფას კონცერტზე 42 ადამიანი დაშავდა. მიზეზი იმ ჯებირის წაქცევა აღმოჩნდა, რომელსაც ასობით გულშემატკივარი ეყრდნობოდა. ინციდენტის შედეგად დამსწრეთა ნაწილი 3 მეტრის სიმაღლიდან პირდაპირ ასფალტზე აღმოჩნდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ისინი ფიზიკურ დაზიანებას გადაურჩნენ, თუმცა, უსიამოვნება ვერ აირიდეს. როგორც აღმოჩნდა, თავად რეპერები მოუწოდებდნენ აუდიტორიას, უფრო ახლოს მისულიყვნენ სცენასთან, რამაც გამოიწვია კიდეც უბედური შემთხვევა. 

► 10 კონცერტი, რომელზეც მუსიკოსებმა იჩხუბეს 

► 5 კონცერტი, რომელიც არეულობასა და ქაოსში გადაიზარდა​​​​​​

კომენტარები

ბოლოს დამატებული