Thumbnail

1969 წელს გამოსული Space Oddity დევიდ ბოუის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა. ის ნილ არმსტრონგისა და მისი Apollo 11-ის მთვარეზე დაშვებამდე ხუთი დღით ადრე გამოიცა და არტისტის რიგით მეორე ალბომში David Bowie შევიდა. აღსანიშნავია, რომ სიმღერის შექმნისას ბოუის შთაგონების  წყარო სტენლი კუბრიკის ფილმი "2001: კოსმოსური ოდისეა" გახდა. 

Space Oddity გამოგონილი ასტრონავტის, მაიორი ტომის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დედამიწასთან კავშირს წყვეტს და სივრცეში მოგზაურობს. თუმცა, ბოუის ფანებს შორის პოპულარული თეორიის მიხედვით, მუსიკოსი არა კოსმოსურ, არამედ ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის თრიფს აღწერდა. ამ თეორიის გავრცელებას ხელი იმ ფაქტმაც  შეუწყო, რომ სიმღერაში Ashes to Ashes, რომელიც Space Oddity-ს გაგრძელებად მიიჩნევა, მაიორი ტომი უკვე ნარკოდამოკიდებულ პიროვნებად გვევლინება.

სიმღერამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არტისტის შემდგომ წარმატებაზე. ის ბოუის პირველი ჩანაწერი იყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. Space Oddity ერთ-ერთია არტისტის იმ ოთხი ნამუშევრიდან, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი. ის არაერთი მუსიკოსის ინსპირაციის წყარო გახდა. მაგალითად, გერმანელმა სინთპოპ არტისტმა პეტერ შილინგმა 1983 წელს, კომპოზიციაში Major Tom (Coming Home) ბოუის მიერ გამოგონილი პერსონაჟის კოსმოსში მოგზაურობის ისტორია საკუთარი ინტერპრეტაციით გააგრძელა. 

მიიჩნევა, რომ ელტონ ჯონის Rocket Man ბოუის სიმღერის გავლენითაა შექმნილი.

2013 წელს Space Oddity კანადელმა ასტრონავტმა კრის ჰედფილდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიისას შეასრულა. 

2014 წელს სიმღერის საკუთარი ვერსია ქართულმა ჯგუფმა Lady Heroine შემოგვთავაზა. 

სიმღერის ქავერებს შორის ასევე აღსანიშნავია ამერიკულ როკ ჯგუფის The Flaming Lips ვერსიაც, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.

2018 წლის თებერვალში კი, ილონ მასკის მიერ რაკეტა Falcon Heavy-ით კოსმოსში გაშვებულ წითელ Tesla Roadster-ში ბოუის სხვა კომპოზიციებთან ერთად, სწორედ Space Oddity ისმოდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული