Thumbnail

სიმღერა თავდაპირველად ამერიკელი საესტრადო მომღერლისთვის, ტონი ბენეტისთვის დაიწერა, თუმცა, მუსიკოსმა მის შესრულებაზე უარი თქვა. მაშინ ავტორებმა კომპოზიცია ლუი არმსტრონგს შესთავაზეს, რომელიც იმ პერიოდში ახალ ალბომზე მუშაობდა.

What a Wonderful World არმსტრონგმა 1967 წელს ლას ვეგასში, ორკესტრთან ერთად, ცოცხალი შესრულებით ჩაწერა. სიმღერაზე მუშაობა რთულად მიდიოდა. სტუდიასთან ახლოს გამავალი სარკინიგზო ხაზის გამო მუშაობა ორჯერ შეწყდა - მუსიკოსის ხმას მატარებლის სიგნალი ფარავდა.

ABC Records-ის ხელმძღვანელი, ლარი ნიუტონი ლუისგან მისი წინა ჰიტის Hello, Dolly-ის მსგავს კომპოზიციას ელოდა, მაგრამ ლას ვეგასში ჩასულს ენერგიული და მხიარული სიმღერის ნაცვლად, ხელში ნელი ბალადა შერჩა. ნიუტონმა ჩაწერის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რის საპასუხოდაც ის სტუდიიდან გააძევეს. კამათი გარეთაც გაგრძელდა, თუმცა, არმსტრონგმა ხმამაღალი სიცილით სიტუაცია განმუხტა.

სიმღერაზე მუშაობა საბოლოოდ დილის 6 საათზე დასრულდა. მუსიკოსებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დამატებითი ანაზღაურება ეკუთვნოდათ. მაგრამ არმსტრონგმა მხოლოდ სტანდარტული ჰონორარი, 250 დოლარი აიღო, დანარჩენი კი ორკესტრის წევრებს გაუნაწილა.

What a Wonderful World-ის დებიუტი ამერიკაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ლარი ნიუტონმა შური იძია და სიმღერის რეკლამირებაზე უარი განაცხადა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, სინგლის მხოლოდ 1000 ეგზემპლარი გაიყიდა. სამაგიეროდ, დიდ ბრიტანეთში კომპოზიცია მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა და 1968 წლის ბესტსელერად იქცა. ლუი არმსტრონგი კი 66 წლის ასაკში ყველაზე ხანდაზმული არტისტი გახდა, რომლის ჩანაწერმაც ჰიტ აღლუმებში პირველი ადგილი დაიკავა. მხოლოდ ბრიტანეთში მიღწეულმა წარმატებამ აიძულა ლეიბლის ხელმძღვანელი მუსიკოსის ახალი ნამუშევრის პიარკამპანიაში ფული ჩაედო.

სიმღერის გამოსვლა ამერიკის ისტორიის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. ქვეყანა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. სწორედ ამ წელს მოკლეს მარტინ ლუთერ კინგი და რობერტ კენედი. დიდ ქალაქებში რასობრივ ნიადაგზე მასობრივი არეულობები მიმდინარეობდა. ზოგიერთ მათგანში კომენდანტის საათიც მოქმედებდა. ამ ყველაფერს კი ვიეტნამში ომის საწინააღმდეგო აქციები ემატებოდა.

"ახალგაზრდები ხშირად მეკითხებიან - რა მშვენიერი სამყარო, ბაბუ? გარშემო ყველგან ომია. ამას ეძახი მშვენიერ სამყაროს? მე კი ვპასუხობ, სამყარო კი არ არის ცუდი, არამედ ის, რასაც ჩვენ მას ვუკეთებთ. ნახეთ, რა მშვენიერი შეიძლება ყოფილიყო სამყარო, ერთი შანსი მაინც რომ მიგვეცა მისთვის", - ამბობდა არმსტრონგი.  

What a Wonderful World-ის პოპულარობის მეორე ტალღა 1986 წელს დაიწყო, ბარი ლევინსონის ფილმის "დილა მშვიდობისა, ვიეტნამო" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ. რობინ უილიამსის პერსონაჟი რადიოეთერში სწორედ ამ სიმღერას სთავაზობდა მსმენელს.  

სიმღერის ქავერებს შორის აღსანიშნავია The Ramones-ის წევრის, ჯო რემოუნის პანკ როკ ვერსია:

ნიკ ქეივისა და შეინ მაკგოვანის მიერ შესრულებული ვერსია:

2007 წელს კი ქეთი მელუამ ევა კესიდის მიერ წლების წინ ჩაწერილ What a Wonderful World-ს საკუთარი ხმა დაამატა და სიმღერა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ პოზიციაზე კიდევ ერთხელ მოახვედრა:  

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული