Thumbnail
ფოტო: Getty Images

მოუსმინეთ: BBC Radio 4-ის ეთერში Aphex Twin-ზე დოკუმენტური გადაცემა გავიდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

BBC Radio 4-ის ეთერში ცნობილი ელექტრონული მუსიკოსის Aphex Twin-ის შესახებ დოკუმენტური გადაცემა გავიდა. 30-წუთიანი გამოშვება მას შემდეგ მომზადდა, რაც გასულ თვეში არტისტის სტუდიური ნამუშევარი Selected Ambient Works 85–92 ხელმეორედ გამოიცა.

რადიოშოუს The Cult of Aphex Twin წამყვანმა, მუსიკის კრიტიკოსმა და გამოცემა The Quietus-ის რედაქტორმა ჯონ დორანმა არტისტის შემოქმედების გარდა, მასზე გავრცელებულ ლეგენდებსა და უცნაურ ისტორიებზეც ისაუბრა.

"მართლა ცხოვრობდა თუ არა მუსიკოსი სეიფში? ჰყავს თუ არა წყალქვეშა ნავი? წერს თუ არა კომპოზიციებს ძილში? შედის თუ არა ელექტრონული მუსიკის ფორუმებზე, სადაც მსმენელთა დატროლვის მიზნით საკუთარ თავზე უცნაურ ისტორიებს ავრცელებს? ნამდვილად დადიოდა თუ არა კორნვოლის საგრაფოში ტანკით?"

გადაცემის ჩანაწერის მოსმენა BBC Radio 4-ის ვებსაიტზე შეგიძლიათ.

რიჩარდ დევიდ ჯეიმსი, ფსევდონიმით Aphex Twin, თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული