Thumbnail

როცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხარ, შესაძლოა, რეალობის აღქმა დაკარგო და სისულელე წამოგცდეს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცნობილი ადამიანების ასეთი "შეცდომები" ისტორიას რჩება და მათი მეხსიერებიდან ამოშლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 

გადავხედოთ მუსიკოსების მიერ ნათქვამ ფრაზებს, რომლებსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა.

10. ელვის პრესლი

"სერ, მე მჯერა, რომ თქვენ ამერიკის ათ ყველაზე გამორჩეულ ადამიანს შორის ხართ". (1970)

როკ-ენ-როლის მეფემ 1970 წელს პრეზიდენტ ნიქსონს 6-გვერდიანი წერილი მისწერა, რომელშიც ღიად უჭერდა მხარს და გულმხურვალედ აქებდა. წერილს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გახმაურებული შეხვედრაც მოჰყვა. ერთი ვერსიით, ელვისს პრეზიდენტისგან კოლექციისთვის ფედერალური აგენტის ჟეტონი სჭირდებოდა, თუმცა, ისიც დასაშვებია, რომ მისი პატივისცემა ნიქსონისადმი სავსებით გულწრფელი იყო.  

9. ჯონი ბორელი

"Razorlight-ის ალბომს თუ შევხედავთ, დილანი, უბრალოდ, ჩიპსებს ამზადებს, მე კი შამპანურს ვსვამ". (2004)

თვითკმაყოფილება მუსიკოსებისთვის უცხო არაა, მაგრამ უსაფუძვლო ნარცისიზმს საზოგადოება არავის პატიობს. გამოსვლიდან პირველ კვირაში ციტატაში ნახსენები ალბომის მხოლოდ 594 ეგზემპლარი გაიყიდა. ბობ დილანი კი ცოტა ხნის წინ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. აბა, ვინ სვამს შამპანურს ახლა?

8. ნოელ გალაჰერი

"ჯეკ უაითმა ცოტა ხნის წინ კოკა-კოლასთვის სიმღერა დაწერა. წერტილი, ის ჩვენს კლუბში ყოფნას აღარ იმსახურებს". (2005)

ამ პრეტენზიული განცხადების მიუხედავად, 2015 წელს თავად ნოელმა საკუთარ პრინციპებს გადაუხვია და უნივერმაგების ქსელს John Lewis ნებართვა მისცა, "ოაზისის" სიმღერის Half the World Away ქავერი საშობაო რეკლამისთვის გამოეყენებინა. მართალია, შემდეგ მუსიკოსმა დანანებით აღნიშნა, რომ მისი კომპოზიცია სამუდამოდ შობასთან იქნება ასოცირებული, მას კი ეს დღესასწაული არ უყვარს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ სარფიანი გამოდგა.

7. სტინგი

"The Police-ის დაბრუნება უკან გადადგმული, არასწორი ნაბიჯი იქნება. ეს არასდროს მოხდება". (1986)

ბრიტანული ჯგუფი The Police, რომლის ვოკალისტიც ყველასთვის კარგად ცნობილი მუსიკოსი სტინგი იყო, 1977 წელს ჩამოყალიბდა და 1986-ში დაიშალა. შემსრულებელი ირწმუნებოდა, რომ კოლექტივის წევრებთან აღარასდროს გაერთიანდებოდა. თუმცა, 2007 წლის გრანდიოზული ტურნესთვის სტინგმა კატეგორიულობა გვერდზე გადადო. შედეგად ბენდმა 362 მილიონი აშშ დოლარი იშოვა.

6. ქანიე ვესთი

"მე ღვთისგან მოვლენილი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი კი ისაა, რომ ვერასდროს ვნახავ საკუთარ ცოცხალ შესრულებას". (2009)

რთულია, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის უამრავი ნარცისული გამონათქვამიდან ერთი კონკრეტული აარჩიო, მაგრამ ეს, ალბათ, ყველაზე პრეტენზიული ფრაზაა. (მაღალი ალბათობით, ახლაც ამავეს იტყოდა). ქანიეს თვითკმაყოფილება უკვე იმდენად სასაცილო გახდა, რომ ფსიქოლოგებმა მისი ტვიტერის გვერდის გაანალიზება სრულიად სერიოზულად დაიწყეს. 

5. ლანა დელ რეი

"ვისურვებდი, უკვე მკვდარი ვყოფილიყავი". (2014)

მომღერალმა ეს ფრაზა Guardian-თან ინტერვიუში წარმოთქვა, მოგვიანებით კი სცადა, თავი გაემართლებინა და ყველაფერი ჟურნალისტს გადააბრალა. თუმცა, ამ უკანასკნელმა ინტერვიუს აუდიოვერსია ინტერნეტში განათავსა და ლანასაც, უბრალოდ, გაჩუმება მოუწია. 

4. ჯონ ლენონი

"ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო". (1966)

თუ ჯონ ლენონის პირველ ცოლს, სინტიას დავუჯერებთ, მუსიკოსმა ამ ფრაზის საჯაროდ თქმა ნამდვილად ინანა, თუმცა, საკუთარი სიტყვები ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია. ციტატას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ათიოდე წლის შემდეგ კი "ბითლზის" ყოფილმა წევრმა განმარტა, ეს რომ არ მეთქვა, ამ ჯგუფიდან თავს ვერასდროს დავაღწევდიო. 

3. მაილი საირუსი

"ვარსკვლავი ისაა, ვისაც სექსუალობის საჩვენებლად გახდა არ სჭირდება". (2009)

"სექსი იყიდება", - თქვა მაილიმ 2009 წელს, 2013-ში კი ეს სტრატეგია თავადაც გამოიყენა. სწორედ ამ წელს გამოვიდა ვიდეოკლიპი სიმღერაზე Wrecking Ball.

2. არ ქელი

"უეცრად ამერიკის ბინ ლადენი გავხდი. ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ძალიან კარგად ესმის, რასაც ახლა განვიცდი". (2003)

მუსიკოსმა ოსამა ბინ ლადენის განცდებს საკუთარი შეგრძნებები მაშინ შეადარა, როცა ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობას ედავებოდნენ (რაც არ დადასტურებულა). ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტთან პარალელის გავლებით, რეპერს საზოგადოებაში თანაგრძნობის გამოწვევა სურდა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. 

1. ბაუ ვაუ

"თავს ვერ ვაკონტროლებ... ჯანდაბა... რატომ ვზივარ ლამბორჯინის საჭესთან". (2009)

რეპერმა ეს ფრაზა ახალი წლის წინა დღეს, არაფხიზელ მდგომარეობაში ტვიტერზე დაწერა. მოგვიანებით, მან პოსტი წაშალა და სინანული საჯაროდ გამოთქვა: "ბოდიშს ვიხდი ამ ტვიტისთვის, სულელური საქციელი იყო. არ მინდა, რომ 2010 წელი ასე დავიწყო. უამრავი კარგი რამ მაქვს დაგეგმილი. ჩემი ბრალია". მისთვის საბედნიეროდ, არტისტი არ დაუკავებიათ.
 

კომენტარები

ბოლოს დამატებული