ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსიკოსებს სწორედ ის სიმღერა ეზიზღებათ, რომელმაც მათ ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. ალბათ, მართლაც რთულია, არ შეგძულდეს კომპოზიცია, რომლის შესრულებაც წლიდან წლამდე ყველა კონცერტზე გიწევს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 მუსიკოსს, რომლებსაც საკუთარი ჰიტები არ უყვართ.
10. რობერტ პლანტი - Stairway to Heaven
Stairway to Heaven თავისუფლად შეიძლება ის მიზეზი იყოს, რის გამოც "ლედ ზეპელინის" წევრები გაერთიანებაზე უარს ამბობენ. გიტარისტ ჯიმი პეიჯის აზრით, ეს სიმღერა ყველაზე კარგად გამოხატავს ჯგუფის არსს, რობერტ პლანტს კი მისი შესრულება უბრალოდ აღარ შეუძლია.
9. კურტ კობეინი - Smells Like Teen Spirit
სიმღერა, რომელსაც ხშირად ოთხმოცდაათიანელთა ჰიმნსაც კი უწოდებენ, კობეინის ფავორიტი ნამდვილად არ ყოფილა. როცა მის დაკვრას მთხოვენ, მინდა, გიტარა მოვისროლო და იქაურობას გავეცალო. არ შემიძლია ხალხს თავი მოვაჩვენო, თითქოს Smells Like Teen Spirit მომწონსო, თქვა მუსიკოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
8. The Who - Pinball Wizard
ეს კომპოზიცია ერთადერთი მიზნით - მუსიკის კრიტიკოსისა და პინბოლის დიდი მოყვარულის, ნიკ კონის გულის მოსაგებად შეიქმნა. თავად ჯგუფის წევრებს ის არასდროს მოსწონდათ. სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც საშინლად მოუქნელი მეჩვენებაო, ამბობდა მისი ავტორი, The Who-ს გიტარისტი პიტ თაუნშენდი.
7. ნილ იანგი - Heart of Gold
Heart of Gold ნილ იანგის ერთადერთი სინგლია, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰიტ აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, თავად იანგი ფიქრობს, რომ სიმღერა ძალიან მოსაწყენია. რთულია, მუსიკოსს ამაში არ დავეთანხმოთ.
6. მადონა - Like a Virgin და Holiday
ძალიან დიდი თანხის მოძიება მოგიწევთ, თუ გსურთ, რომ პოპის დედოფალმა Like a Virgin ან Holiday გიმღეროთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ სიმღერების შესრულებას როდესმე კვლავ შევძლებ, თუ ამაში სულ მცირე 30 მილიონ დოლარს არ გადამიხდიანო, განაცხადა მადონამ.
5. ტომ იორკი - Creep
ტომ იორკის განცხადებით, სიმღერა, რომელმაც "რედიოჰედი" მეინსტრიმის ნაწილად აქცია, ნამდვილი "ნაგავია".
4. ჯონ ლენონი - Beatles-ის ყველა სიმღერა
მუსიკოსმა 1980 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ბითლზის" შექმნილი ყველა სიმღერით უკმაყოფილოა. შემდეგ კი დაამატა, ამას წინათ Lucy in the Sky with Diamonds მოვისმინე და უბრალოდ საშინელებააო.
3. ლორდი - Royals
ლორდის აზრით, ამ კომპოზიციის მელოდია 2006 წლის ნოკიას ზარს ჰგავს და ძალიან გაცვეთილია. "სიმღერის არცერთი მონაკვეთი არ არის მაგარი ან თუნდაც კარგი. კატასტროფაა. საშინელება“, - ამბობს ახალზელანდიელი მომღერალი გრემის მფლობელ ნამუშევარზე.
2. ფრენკ სინატრა - New York, New York და My Way
ფრენკ სინატრას ხანგრძლივი კარიერის მანძილზე საკუთარი ჰიტები საშინლად შესძულდა. ერთ-ერთ წვეულებაზე კი, როდესაც მისი გამოჩენისას New York, New York ჩართეს, მომღერალმა ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა იყვირა, ეს სიმღერა აღარასდროს დაუკრათ და გთხოვთ, My Way-სავით ნუ შემაზიზღებთო.
1. ლიამ გალაჰერი - Wonderwall
სიმღერა "ოაზისის" გიტარისტის, ნოელ გალაჰერის დაწერილია. მისმა ძმამ, ამავე ბენდის ვოკალისტმა ლიამ გალაჰერმა კი ერთხელ გამოაცხადა, ვერ ვიტან ამ **ეობა სიმღერას, ყოველი შესრულების წინ მინდოდა, ხმა ჩამწყვეტოდაო. ძმებს შორის არსებული, მსუბუქად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ლიამს ნოელის სიმღერა ეზიზღება.
კომენტარები