Thumbnail

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღემდე გაიგებთ გამოთქმას, თუ 60-იანებიდან რაიმე გახსოვს, ესე იგი 60-იანებში არ გიცხოვრიაო. ჰიპების, საპროტესტო მოძრაობებისა და სექსუალური რევოლუციის ეპოქა კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად იქცა. ეს ტაბუების ნგრევისა და თავისუფლების ხანა იყო, რომელზეც ათასგვარი ფსიქოდელიური საშუალების დახმარებით, ადამიანებს ფერადი მოგონებები შემორჩათ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ამ საოცარ დეკადაშიც კი ერთი გამორჩეული მონაკვეთი არსებობს - 1967 წელს სადებიუტო ალბომები ისეთმა არტისტებმა გამოსცეს, რომ ძნელი დასაჯერებელიცაა ამდენი კოლოსალური მნიშვნელობის მქონე შემსრულებლის ერთდროულად გამოჩენა. მათ პარალელურად კი, წარმატებულ მოღვაწეობას უკვე სახელმოხვეჭილი მუსიკოსებიც განაგრძობდნენ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 1967 წელს გამოცემულ ათ საუკეთესო ჩანაწერს.

10. The Rolling Stones - Their Satanic Majesties Request

1967 წელს მიკ ჯაგერმა და კომპანიამ მკვეთრად გადაუხვიეს მათთვის ტრადიციულ ჟღერადობას და ექსპერიმენტებით სავსე ალბომი Their Satanic Majesties Request ჩაწერეს. ეს ნაბიჯი აშკარად ეპოქის სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი - 60-იანებისთვის დამახასიათებელი ფსიქოდელია ამ ჩანაწერში ყველგან იგრძნობა, დაწყებული აფრიკული თუ აზიური რიტმებით და დამთავრებული უიშვიათესი ინსტრუმენტების გამოყენებით.

დღეს ეს ნამუშევარი როკ მუსიკის კლასიკაა, თუმცა, თავის დროზე მსმენელები და კრიტიკოსები მას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ამიტომაც, ჯგუფი ისევ ბლუზ როკსა და როკ-ენ-როლს დაუბრუნდა და სწორედ ამ ჟანრებში მოღვაწეობით იქცა მილიონობით ადამიანის საყვარელ კოლექტივად.

9. Aretha Franklin - I Never Loved a Man the Way I Love You

1967 წელი სოულის დედოფლისთვის ერთობ ნაყოფიერი აღმოჩნდა - სულ რაღაც 12 თვის განმავლობაში მან საკუთარ დისკოგრაფიას ოთხი ახალი ალბომი შემატა. მათგან I Never Loved a Man the Way I Love You ცალსახად გამორჩეულია. ნამუშევარი იმ წლის ჩარტების ლიდერი გახდა და დღემდე მუსიკის ისტორიაში პოპისა და სოულის სინთეზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

სწორედ ამ ჩანაწერში გადაამღერა მუსიკოსმა ლეგენდარული ოტის რედინგის მიერ დაწერილი Respect, რის შემდეგაც ეს კომპოზიცია მის საფირმო ჰიტად იქცა. ალბათ, გახსოვთ, 2000 წლის საკულტო მიუზიკლი "ძმები ბლუზები", რომელშიც არეტამ ეს სიმღერა კიდევ ერთხელ გააცოცხლა.

8. The Doors - The Doors

The Doors-ის სადებიუტო ალბომმაც 1967 წელს იხილა დღის სინათლე. ჩანაწერის ტექსტების კონტროვერსიულობამ და ჯიმ მორისონის შესრულების გამომწვევმა მანერამ თვით იმ ეპოქის მრავლისმნახველი საზოგადოებაც კი შოკში ჩააგდო.

ნამუშევარში ისეთი სიმღერები მოხვდა, როგორებიცაა Light My Fire, The Crystal Ship, Break on Through (To The Other Side) და The End. "ხვლიკების მეფისა" და სამი საოცარი მუსიკოსის ეს ქმნილება დღეს შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის არქივშია დაცული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ნიმუში.

7. Тhe Beach Boys - Smiley Smile

თუ The Doors-ის სიყვარული კონსერვატორი ამერიკელებისათვის მკრეხელობად ითვლებოდა, Тhe Beach Boys-ის მუსიკა ყველა ტრადიციულ ოჯახსა თუ სოლიდურ წვეულებაზე იმსახურებდა მოწონებას. თუმცა, მათი პლაჟზე ნებივრობისას მოსასმენი, ერთი შეხედვით უწყინარი სიმღერების მიღმა, ჯგუფის წევრებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და პირადული დრამები იმალებოდა.

Smiley Smile ერთ-ერთია ბენდის იმ ნამუშევრებიდან, რომლებშიც ბრაიან ვილსონმა გამოკვეთილი ლიდერის როლი მოირგო. მისი ლირიკული გენიისა და მუსიკალური ინოვაციების შედეგად კი, ნახევარსაათიანი მასტერკლასი მივიღეთ თემაზე, როგორ დავწეროთ იდეალური პოპ სიმღერა. Good Vibrations, With Me Tonight, Heroes and Villains, Whistle In - რომელიმე ერთი კომპოზიციის გამორჩევა ამ შედევრიდან ნამდვილად ძალიან რთულია.

6. Jefferson Airplane - Surrealistic Pillow

1960-იანების დასავლური პოპკულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰალუცინოგენებითა და მათი მეშვეობით გამოწვეული ფსიქოდელიური შეგრძნებებით იყო შთაგონებული. კალიფორნიული როკ ბენდი Jefferson Airplane ამ გავლენების ნათელი მაგალითია. ჯგუფის ვოკალისტის, გრეის სლიკის საოცარი ქარიზმის წყალობით, მათი მუსიკა მსმენელებს ხან გონებას უბინდავდა, ხანაც ველური, პირველყოფილი ენერგიით მუხტავდა.

Surrealistic Pillow უდავოდ საუკეთესო ჩანაწერია Jefferson Airplane-ის დისკოგრაფიაში. ალბომის გამოსვლიდან ორ წელიწადში ვუდსტოკის ფესტივალზე ჯგუფის გამოსვლა ღონისძიების კულმინაციად სწორედ ამ ნამუშევარში შესული სიმღერების ხარჯზე იქცა.

5. Leonard Cohen - Songs of Leonard Cohen

ლეონარდ კოენმა არაორდინალური ლიტერატურული ნიჭი ჯერ კიდევ მოზარდობისას გამოავლინა. 22 წლის ასაკში მან ლექსების პირველი კრებული გამოაქვეყნა, 29 წლისამ კი თავისი პირველი რომანიც შემოდო წიგნის თაროზე. თუმცა, მუსიკის სიყვარულმა თავისი მაინც გაიტანა.

1967 წელს კოენი კანადიდან საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. ნიუ იორკში მომავალმა ვარსკვლავმა ენდი უორჰოლი გაიცნო. მოგვიანებით უორჰოლი ამტკიცებდა, ლეონარდის მუსიკაზე გავლენა ჩემმა პროტეჟემ, ნიკომ მოახდინაო. ასეა თუ ისე, კოენის პირველმა სიმღერებმა ამერიკაში დიდი მოწონება დაიმსახურეს. ერთ-ერთი მათგანი, Suzanne ჯუდი კოლინზის შესრულებით გაჰიტდა კიდეც.

ამავე წელს კოენმა სადებიუტო ალბომი The Songs Of Leonard Cohen გამოუშვა, სადაც, სხვა კომპოზიციებთან ერთად, თავად მის მიერ ნამღერი Suzanne შევიდა. დანარჩენი კი ისტორიაა - ამბავი ლეგენდაზე, რომლის სახელიც უშრეტ პოეტურ ტალანტთან და დაუვიწყარ, მელანქოლიურ ბალადებთან ასოცირდება.

4. The Jimi Hendrix Experience - Are You Experienced

ჯიმი ჰენდრიქსი პატარა ამერიკული კლუბის სცენაზე გამოდიოდა, როდესაც ჯგუფ The Animals-ის ბასისტმა, ჩეს ჩენდლერმა აღმოაჩინა. მისი დახმარებით, ვირტუოზი გიტარისტი ოკეანის გადაღმა, ლონდონში აღმოჩნდა, სადაც ბენდი The Jimi Hendrix Experience ჩამოაყალიბა და მასთან ერთად ჩაწერილი ალბომით Are You Experienced როკ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ნამუშევარმა კრიტიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დებიუტად შეირაცხა. კომპოზიციები Foxey Lady, Purple Haze და Hey Joe კი როკის კლასიკად იქცა.

3. The Beatles - Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band

ჩვენი ათეულის მსგავსი სიები რომ ყველა იმ წლის მიხედვით შეგვედგინა, როდესაც The Beatles-ის ალბომი გამოიცა, ლივერპულური ოთხეულის ნამუშევარი აუცილებლად მოხვდებოდა თითოეულ მათგანში. ეს ჯგუფი ხომ შექმნიდან მოკლე დროში გასცდა ბრიტანული და მთლიანად ინგლისურენოვანი მუსიკალური სცენის ფარგლებს და საკუთარი შემოქმედება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად აქცია.

1967 წლის ალბომი Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band სწორედ ამ უნივერსალურობას უსვამს ხაზს, როგორც მუსიკალური მასალის მრავალფეროვნებით, ასევე გარეკანით, რომელზეც, "ბითლზის" წევრებთან ერთად, არაერთი ცნობილი ადამიანია გამოსახული, დაწყებული კარლ მარქსიდან და დამთავრებული კარლ იუნგით. თუმცა, ამავე დროს, თითოეულ კომპოზიციაში იგრძნობა 60-იანების, როგორც უკიდურესად თვითმყოფადი და გამორჩეული ეპოქის გავლენა.

2. Pink Floyd - The Piper at the Gates of Dawn

როდესაც სიდ ბარეტის ეპოქის Pink Floyd-ის ჩანაწერებს უსმენ ან იმ პერიოდის ვიდეომასალას ნახულობ, ძალზედ რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც ნამდვილად მოხდა. 1967 წელს ახალგაზრდა მუსიკოსებმა ლეგენდარულ სტუდიაში Abbey Road 60-იანების დიდი ბრიტანეთის ფსიქოდელიური პორტრეტი შექმნეს. ოღონდ, ეს ის ბრიტანეთი არ არის, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვსწავლობდით. ეს ალტერნატიული განზომილებიდან გადმოსული სამყაროა.

სიზმარი სახელად The Piper at the Gates of Dawn აღარასოდეს განმეორებულა - ჩანაწერი ხომ მუსიკის სიდ ბარეტისეულ ხედვას და მის უნიკალურ შინაგან სამყაროს ასახავდა. მან კი ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარებისგან ჯერ საკუთარ თავზე კონტროლის კარგვა დაიწყო, მცირე ხანში კი სცენიდან სამუდამოდ გაუჩინარდა.

1. The Velvet Underground & Nico - The Velvet Underground & Nico

წარმოიდგინეთ, რომ ენდი უორჰოლს არასდროს მოსვლოდა თავში ლუ რიდისა და ჯონ კეილისთვის ნიკოს გაცნობა და ერთობლივი ალბომის ჩაწერაში დახმარება. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ისტორიის ყველა სახელმძღვანელოს გადაკეთება მოგვიწევდა, რადგან 1967 წელს გამოსული The Velvet Underground & Nico-ს გარეშე არა მხოლოდ ათობით მუსიკალური ჟანრი არ იარსებებდა, არამედ დასავლური კულტურის დიდ ნაწილსაც გამოეცლებოდა იდეოლოგიური საფუძველი.

60-იანი წლების დასასრულს, როდესაც მუსიკოსების უმეტესობა, ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, ყვავილებს ყნოსავდა და პაციფიზმზე საუბრით ირთობდა თავს, უორჰოლის სტუდიაში შეკრებილი, მუდამ შავებში ჩაცმული Velvet Underground-ის წევრები პანკსა და არტ როკს უყრიდნენ საფუძველს და ნარკოტიკებზე, პროსტიტუციასა და სხვადასხვა სახის სექსუალურ პერვერსიებზე მღეროდნენ. ამ ალბომში არტისტებმა ხაზი გადაუსვეს როკ-ენ-როლის ტრადიციულ კლიშეებს და მუსიკის ორიგინალური ხედვა შემოგვთავაზეს. მოკლედ, ზედმეტად არ მოგაბეზრებთ თავს ამ საოცარ ნამუშევარზე საუბრით, თავად მოისმინეთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული