Thumbnail

როკ მუსიკის ისტორიაში პინკი ალბათ ყველაზე უნივერსალური პერსონაჟია. Pink Floyd-ის საკულტო ნამუშევრის The Wall მთავარი გმირი იმ შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოა, რომლის გამოცდაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს. დამღლელი სამუშაო დღე, პრობლემები პირად ცხოვრებაში, დეპრესია - ხანდახან საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ უბრალოდ ყველაფერს გაერიდო და კომფორტულ უგრძნობლობაში უსმინო პინკის ყველაზე გულახდილ აღსარებას.

კომპოზიციის ტექსტი ბენდის ბასისტისა და ვოკალისტის, როჯერ უოტერსის უსიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება. 1977 წელს ფილადელფიაში მას მუცლის მწვავე ტკივილების გამო ძლიერი მედიკამენტების მიღება მოუწია და ნახევრად გათიშული გავიდა სცენაზე. ალბათ, ამიტომაც იყო სიმღერის თავდაპირველი სათაური The Doctor.

სიმღერის ჩაწერის პროცესს თან ხანგრძლივი და მძაფრი დავა ახლდა. ბენდის გიტარისტი და მეორე ვოკალისტი დევიდ გილმორი განსხვავებულ მიქსს მოითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ უოტერსმა გადაწყვიტა, თავად ეკისრა სიმღერის პირველი ნაწილის შესრულება, დევიდის პარტია და სოლოები კი ბოლოში მოექციათ. მოგვიანებით გილმორი იხსენებდა, რომ მათი უკანასკნელი საერთო ნამუშევარი ნათელი (დევიდის) და ბნელი (როჯერის) ნაწილებისგან შედგებოდა.

კომპოზიციის უზომო პოპულარობა და ავტორიტეტი პირველ რიგში სწორედ გილმორის დამსახურებაა.

"რა თქმა უნდა, დევიდი რამდენიმე მძლავრ ეფექტს იყენებს, მაგრამ ეს მაინც მისი თითები, მისი სმენა და მისი ვიბრატოა. მეცინება, როდესაც გიტარისტები იგივე მუსიკალური ეკიპირების ხარჯზე ცდილობენ მას მიბაძონ, რადგანაც შინაგან სამყაროს, პიროვნებას ვერ დააკოპირებ", - ამბობდა "პინკ ფლოიდის" გიტარის ტექნიკოსი ფილ ტეილორი.

ლეგენდარულ დევიდ ბოუისთან ერთად შესრულებული ამ პერფორმანსის შემდეგ, რთულია, მის სიტყვებში ეჭვი შეიტანო.

Comfortably Numb როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიციად ითვლება. ბენდის ფანებმა ის "პინკ ფლოიდის" შემოქმედებაში საუკეთესო ნამუშევრად დააასახელეს, ხოლო ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაში შეიყვანა. პოპულარობიდან გამომდინარე, Comfortably Numb მრავალი ფილმისა თუ სერიალის საუნდტრეკად გვევლინება, მათ შორისაა The Departed, The Sopranos, Family Guy და სხვა. აქვე, გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ შესრულებას.

როდესაც სცენაზე შენთან ერთად შერლოკ ჰოლმსი გამოდის:

არაორდინარული, სინთპოპის ჟღერადობის მქონე ქავერი:

ბერლინის კედლის დანგრევის აღსანიშნავად შესრულებული ცოცხალი პერფორმანსი:

უკომენტაროდ:

Comfortably Numb-ის უნივერსალურობაზე უკვე ვისაუბრეთ და კომპოზიციის გიტარის სოლოს ეს ქავერი ამ ფაქტს ყველაზე კარგად ადასტურებს. თხუთმეტი საუკუნის ისტორიის მქონე ტრადიციული კორეული ინსტრუმენტი ისეთივე სრულყოფილებით გადმოგვცემს სიმღერის ხასიათს, როგორც გილმორის "ფენდერ სტრატოკასტერი":

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული