Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Alan Price - Lucky Man

"ო, იღბლიანო!" (რეჟისორი: ლინდსეი ანდერსონი) 1993 

არასდროს დამავიწყდება ის ეფექტი, რაც ამ ფილმმა ჩემზე (და მთელ ჩემს თაობაზე) პირველად ნახვისას მოახდინა.

მაშინ 12-13 წლის ვიყავი და გაოგნებული შევცქეროდი ეკრანს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ლინდსეი ანდერსონმა იქ, ინგლისში, სურათი ჩვენთვის, რკინის ფარდის მიღმა მცხოვრები მოზარდებისთვის გადაიღო, რათა ოდნავ მაინც შეგვეგრძნო ის უცნაური და მაშინ ჯერ კიდევ მიუწვდომელი სამყარო, რასაც დასავლეთი და მისი კონტრკულტურა ჰქვია. 

გადამწყვეტი ჩვენთვის ალან პრაისის სიმღერები იყო, რომლებიც ისეთი ფორმითა და პრინციპით იყო გადანაწილებული ფილმში, როგორც ბრეხტი ანაწილებდა კურტ ვაილის სიმღერებს თავის სპექტაკლებში. დღემდე მიკვირს, როგორ დაუშვეს ეს ფილმი საბჭოთა გაქირავებაში. 

9. Goblin - Suspiria

"სუსპირია" (რეჟისორი: დარიო არჯენტო) 1977

დარიო არჯენტოს (აზია არჯენტოს მამა) ეს სურათი ე.წ. მისტიკური ჰორორის ჟანრის ერთ-ერთ მწვერვალად ითვლება. არანაკლებ საკულტო სტატუსის მატარებელია ფილმის საუნდტრეკი. იტალიური პროგ როკ ბენდი Goblin იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი კი იყო, მაგრამ პოპულარობის პიკზე სწორედ არჯენტოს ორი სურათისთვის (მეორე ფილმია "მუქი წითელი") ავისმომასწავებელი საუნდტრეკების შექმნის შემდეგ მოექცა. 

არჯენტო ისედაც ნარკოტიკების დიდი მოყვარული კაცი იყო, მაგრამ "სუსპირიას" გადაღებისას სულ თავი გაუგიჟებია - უკვე ჩაწერილ საუნდტრეკს ასმენინებდა მსახიობებს, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევდა, უკეთ რომ შესულიყვნენ როლში. უნდა ითქვას, რომ მუსიკა ფილმის გარეშე ისე მძაფრად ვერ მოქმედებს. არადა ამ კომპოზიციის ხეირიანი ფუტაჟი არსად დევს. მაგრამ სიაში მაინც შევიყვანე, როგორც ერთადერთი არასასიმღერო კინოტრეკი ჩვენს ათეულში. 

8. David Bowie - Cat People (Putting Out Fire)

„კატა ადამიანები“ (რეჟისორი: პოლ შრეიდერი) 1982

ბოუის რამდენიმე ძალიან კარგი სიმღერა აქვს ფილმებისთვის ჩაწერილი, მაგრამ ვერცერთი ისე ეფექტურად ვერ დააჯდა მათ ხასიათს, როგორც Cat People პოლ შრადერის ამავე სახელწოდების ეროტიკულ ტრილერს ნასტასია კინსკისა და მალკოლმ მაკდაუელის მონაწილეობით.

ეს სურათი კი გაასწორა მიწასთან კრიტიკამ თავის დროზე, მაგრამ სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა. ოღონდ მოგვიანებით, ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბოუიმ თავიდან ჩაწერა თავისი 1983 წლის ალბომისთვის Let’s Dance. ჩაწერა ისე, როგორც თვითონ უნდოდა, უფრო ხისტად და ისტერიულად. 

სურათში ჯორჯო მოროდერის ვერსია შევიდა, რადგანაც სწორედ მოროდერია მუსიკის ავტორი (ბოუის ტექსტი ეკუთვნის) და ფილმის მუსიკალური რედაქტორიც. რომელი სჯობს, ძნელი სათქმელია. მე ორივე მომწონს და ფილმიც სხვათა შორის.

7. Tito & Tarantula - After Dark 

"დაისიდან აისამდე" (რეჟისორი: რობერტ როდრიგესი) 1996

ეს ფილმი, ცხადია, ყველამ იცის. ავხორცი სალმა ჰაიეკის ცეკვის ეპიზოდი, შეუძლებელია, ვინმეს ოდესმე დაავიწყდეს და დარწმუნებული ვარ, ყველაზე უიმედო იმპოტენტსაც კი პირველი ნახვისთანავე ლიბიდოს აუფეთქებს.

არანაკლებ შთამბეჭდავია ე.წ. ლათინო-როკის სტილში შესრულებული ეს სიმღერა, რომელიც კონკრეტულად ამ ეპიზოდისთვის დაიწერა და კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალურ-ეროტიკულ იმპულსებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ხიფათის შემცველი ლათინოამერიკული ვნებებია. თუმცა, შავ იუმორი და ავისმომასწავებელი ჰორორ კონტექსტიც თავისას შვება. 

უნდა ითქვას, რომ რობერტ როდრიგესი, თავის მეგობარ კვენტინ ტარანტინოსგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობდა საკუთარი ფილმებისთვის ორიგინალური სიმღერები შეეკვეთა. ამიტომაც ჟღერს მისი მექსიკური კინოეპოპეის საუნდტრეკები ასე ეფექტურად. შემთხვევითი არც ისაა, რომ Tito & Tarantula-ს საუკეთესო სიმღერები სწორედ როდრიგესის ფილმებისთვის აქვს შექმნილი. ხოლო სალმა ჰაიეკი რომ ვეღარასოდეს იქნებოდა ისეთი მომნუსხველი, როგორც ამ ეპიზოდშია, ეს იმთავითვე ნათელი იყო.

6. Manfred Hubler & Siegfried Schwab - The Lions and the Cucumber

"ლესბოსელი ვამპირები" (რეჟისორი: ხესუს ფრანკო) 1971

ესპანელი რეჟისორი ხესუს ფრანკო, უპირობოდ შეიძლება ჩაითვალოს ევროპული "გრაინდჰაუსის" ნათლიად. მის ფილმებში ყოველგვარი მხატვრული კონცეფციის გარეშეა არეული ჰორორი, ტრილერი, მისტიკა და ეროტიკა (როგორც სოფთქორი, ასევე ჰარდქორი).

ხესუსის ფილმებში კინოენაზე ან ესთეტიკაზე საუბარი სრულიად ზედმეტია. ერთადერთი, რაც მას ადარდებდა, ეპატაჟი და პროვოკაციაა. ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა მის კარიერაში, თუმცა "ლესბოსელი ვამპირების"  მთავარი ხიბლი მაინც საუნდტრეკია, რომელის ავტორები გერმანელი მუსიკოსები, მანფრედ ჰუბერი და ზიგფრიდ შვაბი არიან.

ჰუბერი და შვაბი მუსიკას უმთავრესად ხესუს ფრანკოს ფილმებისთვის წერდნენ და საკუთარ პროდუქციას იდეალური დეფინიციაც მოუძებნეს - Sexadelic Dance Party. The Lions and the Cucumber ამ ალბომში საუკეთესო კომპოზიცია ნამდვილად არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც კვენტინ ტარანტინომ თავის ფილმში "ჯეკი ბრაუნი" გამოიყენა, სწორედ ამ ტრეკს ხვდა წილად საკულტო სტატუსი და MTV-ის როტაციაშიც კი მოხვდა. თუმცა, ყველა გურმანს გირჩევთ "ლესბოსელი ვამპირების“  სრულ საუნდტრეკს მოუსმინოთ, რომელიც იმდენად ორიგინალური და უცნაურია, რომ სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით კინომუსიკის შედევრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

5. Simon & Garfunkel - Mrs. Robinson

"კურსდამთავრებული" (რეჟისორი: მაიკ ნიკოლსი) 1967

ამ ფილმის გადაღების მომენტისთვის, 25 წლის მაიკ ნიკოლსი უკვე წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა. კინოკრიტიკოსები მას ახალ ორსონ უელსს ეძახდნენ. რეჟისორის სადებიუტო სურათი „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ 1966 წელს ამერიკულმა კინოაკადემიამ 5 ოსკარით დააჯილდოვა. 

პოლ საიმონის და არტ გარფანკელის დუეტმაც სწორედ ამ წელს მიაღწია პირველ დიდ წარმატებას. თუმცა, მაშინ ჰოლივუდი და პოპ კულტურა ჯერ კიდევ სხვადასხვა განზომილებაში იყვნენ და ერთმანეთთან იშვიათად იკვეთებოდნენ. გადამწყვეტი 1967 წელი გახდა, როდესაც პოპ მუსიკამ მანამდე არნახული გავლენა მოიპოვა. სწორედ ამიტომ გარისკა მაიკ ნიკოლსმა და თავის მეორე ფილმისთვის მუსიკის დაწერა სრულიად ახალგაზრდა პოლ საიმონს ანდო. 

შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "კურსდამთავრებულმა" ნიკოლსს საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ოსკარი მოუტანა, დამწყები მსახიობი დასტინ ჰოფმანი ვარსკვლავად აქცია, პოლ საიმონის სიმღერა კი ყველა დროის უპოპულარეს პოპ-სონგად. ასეთად ითვლება ის დღესაც და სრულიად დამსახურებლადაც.

4. Cyril Collard - La-bas

"ველური ღამეები" (რეჟისორი: სირილ კოლარი) 1992

ჩვენში ფაქტობრივად სრულიად უცნობი სირილ კოლარი - მწერალი, პოეტი, მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი, საკულტო ფიგურა იყო ფრანგი 80-იანელებისთვის. ღიად ბისექსუალი, ჟან ჟენეს უშუალო მემკვიდრედ თვლიდა თავს და არცთუ უსაფუძვლოდ. როდესაც შიდსით დაავადდა, სწორედ მაშინ დაიწყო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "ველური ღამეების" გადაღება, რომელიც ყველაზე დრამატულ და ტრაგიკულ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული. 

კოლარმა სურათი კი დაასრულა, მაგრამ მის ტრიუმფს ვეღარ მოესწრო. საუნდტრეკიც თვითონ დაწერა და შეასრულა. სიმღერა La-bas როგორც ფილმის, ასევე მისი ცხოვრების ნამდვილი აკუსტიკური კულმინაციაა. 

სხვათაშორის კოლარს თავიდანვე არავისთვის დაუმალავს საკუთარი ავადმყოფობა, მაგრამ არც არასდროს სპეკულირებდა ამით. როდესაც დრო იკუმშება, ვერ მოიტყუები, უბრალოდ აზრს კარგავს, რადგანაც განწირული ხარ გულწრფელობისთვის ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. სწორედ ამაშია როგორც ფილმის, ასევე ამ ტრეკის ძალა.

3. Audrey Hepburn - Moon River

"საუზმე ტიფანისთან" (რეჟისორი: ბლეიქ ედვარდსი) 1961 

ბლეიქ  ედვარდსის ეს სურათი სიმბოლურად შეიძლება ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ დასასრულის მაცნედაც ჩაითვალოს. ამ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს ჰენრი მანჩინის მიერ ფილმისთვის შექმნილი მუსიკა და სიმღერა Moon River, საოცრად ლამაზი, ნაღვლიანი და ნოსტალგიური. 

ოდრი ჰეპბერნს არც მანამდე და არც, თუ არ ვცდები, მერე, კინოში არ უმღერია. მისი სუსტი ხმა და შესრულების რომანტიკულ-უმანკო მანერა კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი დასრულდა, მომავალი კი ბურუსითა და გაურკვევლობითაა მოცული. არა და წინ ბობოქარი სამოციანებია, რომელიც თავდაყირა დააყენებს იმ ფასეულობებს, ასე რუდუნებით რომ ქმნიდა ჰოლივუდი ათწლეულების მანძილზე.

2. Curtis Mayfield - Superfly

"მაგარი ტიპი" (რეჟისორი: გორდონ პარკს უმცროსი) 1972

70-იან წლებში, ამერიკულ კინემატოგრაფში ახალი ჟანრი, Blaxploitation გაჩნდა. მცირებიუჯეტიან ბლექსპლოითეიშნ ფილმებში აფროამერიკელი რეჟისორები მეგაპოლისების გეტოებში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის ბრუტალურ-კრიმინალურ, ავთენტურ ყოფას ასახავდნენ.

1990-იანებში, კვენტინ ტარანტინო ამ ჟანრის ფილმებისთვის დამახასიათებელი, ძალადობის ნატურალიზაციაზე აგებული ესთეტიკის რეანიმაციას მოახდენს. მაგრამ საწყის ეტაპზე ასეთ სურათებს სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდათ, ამიტომაც მუსიკის შავკანიანი ვარსკვლავები მათ წარმოებაში აქტიურად ჩაერთვნენ.

კერტის მეიფილდის საუნდტრეკი კინოფილმისთვის Super Fly ნამდვილი შედევრია, იმდენად მძლავრი, რომ საერთოდ დაჩაგრა სურათი. და თუ დღეს ეს ფილმი ვინმეს ახსოვს, სწორედ იმიტომ, რომ მასში მეიფილდის სიმღერები ჟღერს, რომლებიც ყველა ერთმანეთზე უკეთესია. ასე რომ არჩევანს ტრეკზე Superfly მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს.

1. David Lynch & Peter Ivers - In Heaven

"საშლელთავა" (რეჟისორი: დევიდ ლინჩი) 1977

პრინციპში, "ამას" კომენტარი არ სჭირდება. უბრალოდ აზრი არ აქვს. ეს უნდა ნახოთ (ვისაც ნანახი არ გაქვთ). 

ის, რასაც დევიდ ლინჩი და  პიტერ ივერსი ორწუთნახევარში ახერხებენ, სხვა რეჟისორები და მუსიკოსები მთელ ცხოვრებას ანდომებენ. "თავის კომპოზიტორს", ანჯელო ბადალამენტის, ლინჩი მოგვიანებით, 80-იანების მიწურულს იპოვის. მანამდე კი სად მოძებნა მან პიტერ ივერსი, რომელსაც არც მანამდე და არც ამის მერე, არაფერი ხეირიანი გაუკეთებია, გაუგებარია.

ვინ მღერის, ესეც უცნობია. მოკლედ ნამდვილი მისტიკა, სიურეალიზმი და მაგიაა, ფრანც კაფკასაც რომ შეშურდებოდა, ისეთი.


0. Vijay Benedict - I Am a Disco Dancer

"დისკოს მოცეკვავე" (რეჟისორი: ბაბარ სუბჰაში) 1982

ინდურ ფილმებზე ღლიცინი, ხარხარი და მაიმუნობა, ჩემი, ალბათ, ყველაზე ფაქიზი და გულისამაჩუყებელი თინეიჯერული მოგონებაა. ხშირად კულმინაცია სიმღერების დროს დგებოდა, როდესაც კინოთეატრების ადმინისტრაცია, აცრემლებული პუბლიკის დაჟინებული მოთხოვნით, მე და ჩემს მეგობრებს დარბაზიდან დემონსტრაციულად გვაძევებდა.

ეს ფილმი, ისევე როგორც მისი საუნდტრეკი, უპირობო ფენომენია, ეპონიმური მოვლენა, რომელმაც წალეკა საბჭოთა კინომაყურებლის სული, გული და  გონება. საუნდტრეკის ორმა სიმღერამ კი, Jimmy Jimmy Jimmy Aaja და I Am a Disco Dancer, თავის დროზე ლამის მასობრივი ფსიქოზი გამოიწვია.

იმ "ბედნიერი ეპოქის" შემდეგ, ალბათ, პირველად გადავიმეორე ორივე ტრეკი და მოხდა პარადოქსი, 7-წუთიანმა ოპუსმა "მე ვარ დისკო მოცეკვავე" უბრალოდ აღმაფრთოვანა. აღმოჩნდა, რომ თურმე ეს სიმღერა იმ ეპოქის დისკო შედევრებზე გაცილებით ორიგინალურად და მახვილგონივრულადაც კი ჟღერს. ვიზუალური მხარეც უბადლოა, ნამდვილი შედევრი. საბედნიეროდ, თავად ფილმის თავიდან ნახვის სურვილი არ გამჩენია. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ საბოლოო ბებრულ მარაზმში ჯერ არ გადავარდნილვარ, რაც ძალიან მახარებს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული