Thumbnail

პოლიცია XXXTentacion-ის მკვლელობის დეტალებს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ორშაბათს, ამერიკის დროით, 16:00 საათზე პოპულარულ ფლორიდელ ჰიპ ჰოპ არტისტს ჯასეი დუეინ ონფროის, ფსევდონიმით XXXTentacion, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რეპერი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

► მაიამიში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი XXXTentacion მოკლეს

► ცნობილი მუსიკოსები XXXTentacion-ის მკვლელობას გამოეხმაურნენ

ბროუარდის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მოტოციკლების მაღაზიიდან გამოსულ რეპერს თავს ორი შეიარაღებული პირი დაესხა. მათ კაპიუშონიანი ზედები ეცვათ და სახეს ნიღბებით იფარავდნენ. გასროლის შემდეგ, მძარცველებმა მუსიკოსის მანქანიდან "ლუი ვიტონის" ჩანთა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან სპორტული ავტომობილით მიიმალნენ. ამ დროისთვის ბოროტმოქმედები იძებნებიან. პოლიციამ მათ დაჭერაში დახმარების სანაცვლოდ ჯილდოდ 3,000 აშშ დოლარი დააწესა.

ფოტო: AP

უახლოეს მომავალში XXXTentacion-ის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. მას ბრალი მეგობარი გოგონას სისტემატურ ცემაში ედებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო ძალადობის დროს მსხვერპლი ორსულად იყო.

ერთი თვის წინ სწორედ ამ მიზეზით, მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify არტისტის შემოქმედება საკუთარი ფლეილისტებიდან და ალგორითმული რეკომენდაციებიდან ამოიღო.

► "სპოტიფაიმ" R. Kelly-სა და XXXTentacion-ის შემოქმედება ფლეილისტებიდან ამოიღო

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა ინსტაგრამზე ატვირთულ ვიდეოში საკუთარ სიკვდილზე ისაუბრა: 

"თუ მოვკვდები, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემმა ცხოვრებამ მინიმუმ 5 მილიონი ბავშვი ბედნიერი გახადა. იმედი მაქვს, რომ მათ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მოძიებაში დავეხმარები, იმის მიუხედავად, თუ რა ნეგატივი ასოცირდება ჩემს სახელთან", - ამბობს მუსიკოსი.

The artist always pays the price #ripxxxtentacion

A post shared by lilduval (@lilduval) on

ჯასეი დუეინ ონფროიმ, სასცენო სახელით XXXTentacion, კარიერა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსმა გარდაცვალებამდე მხოლოდ 2 ალბომის "17" და "?" გამოცემა მოასწრო. მისი ყველაზე პოპულარული ტრეკებია Sad!, Changes და Jocelyn Flores.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული