Thumbnail

1996 წელს გამოცემული California Love ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტების 2Pac Shakur-ის და Dr. Dre-ის პირველი კოლაბორაციული ტრეკი იყო. კომპოზიცია თუფაქის ციხიდან გამოსვლის აღსანიშნავად შეიქმნა და შემდგომში რეპერის ორმაგ ალბომში All Eyez On Me შევიდა. პირველ ნამუშევარში, რომელიც მუსიკოსმა ლეიბლზე Death Row გაავრცელა. 

სიმღერის ჩაწერის დროისთვის, დოქტორ დრეს ჰიპ ჰოპ ინდუსტრიაში ათწლიანი კარიერით შეეძლო ეტრაბახა. მის აქტივში კალიფორნიული სცენისათვის უმნიშვნელოვანესი კოლექტივის, NWA-ის ჩამოყალიბება და მისი დაშლის შემდეგ, წარმატებული სოლო მოღვაწეობა იყო. 

თუფაქისთვის კი ეს რთული პერიოდი იყო. 1995 წელს გამოშვებული ალბომის Me Against The World კომერციული წარმატების ფონზე, რეპერი სექსუალური ძალადობის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. რთული მდგომარეობიდან გამოსავალი არტისტს Interscope Records-ის შვილობილი სტუდიის, Death Row-ს დამაარსებელმა შუგ ნაითმა შესთავაზა. მან მუსიკოსის დასახსნელად სასამართლოს მიერ დადგენილი გირაო, ერთი მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ თანხა სწორედ Interscope Records-მა გაიღო. სანაცვლოდ, რეპერი Death Row-ს არტისტი გახდა. 

სინგლის ინსტრუმენტალზე დრე მუშაობდა. მან სემპლი ჯო კოკერის 1972 წლის სიმღერიდან Woman to Woman აიღო.

“როდესაც California Love იქმნებოდა, თუფაქი ტექსტის დასაწერად პირდაპირ ხმის ჩასაწერ ოთახში შევიდა. ეს უცნაური იყო. თუმცა, ცოტა ხანში მას ლირიკა მზად ჰქონდა და სიმღერის საბოლოო ვარიანტიც სულ რაღაც ორი ცდით ჩავწერეთ“, - იხსენებს დრე. "თუფაქის მუშაობის ეთიკა ყოველთვის მაოცებდა. ერთი სესიის განმავლობაში, მას რამდენიმე პროექტის დასრულება შეეძლო. ხმის ჩასაწერ ოთახში საათობით რჩებოდა და იქიდან ჟესტებით მანიშნებდა, რომ შემდეგ სიმღერაზე გადავსულიყავით“. 

California Love-ის კლიპი ცნობილი რეჟისორის ჰაიფ უილიამსის გადაღებულია. ვიდეორგოლი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში მოვლენები 2095 წელს, პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ვითარდება. დაახლოებით ისეთში, როგორიც შეშლილი მაქსის შესახებ 80-იან წლებში შექმნილ კინოსურათებში გვხვდება. მასში  ფანკის ლეგენდა ჯორჯ კლინტონი და ჰოლივუდის მსახიობი კრის ტაკერი მონაწილეობენ.

მუსიკალური ვიდეოს მეორე ნაწილი კი, სიმღერის რემიქს ვერსიით, კალიფორნიის ქალაქ კომპტონშია გადაღებული და რეპერებს დისტოპიური მომავლიდან აწმყოში აბრუნებს. 

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული რეპ შემსრულებელი ქენდრიქ ლამარი იხსენებს, რომ გადაღებების ნაწილი მის უბანში მიმდინარეობდა.

„ალბათ, რვა წლის ვიქნებოდი, როდესაც თუფაქი და დრე გადასაღებ მოედანზე ვნახე. ამან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ პირველად ვიოცნებე, რომ მეც ჰიპ ჰოპ არტისტი გავმხდარიყავი", - ამბობს მუსიკოსი.

California Love-ის შექმნიდან ოც წელზე მეტი გავიდა. დროთა განმავლობაში  სიმღერამ საკულტო სტატუსი შეიძინა. დოქტორ დრე მას თითქმის ყველა თავის კონცერტზე ასრულებს.  

ცოცხალ შესრულებებს შორის აღსანიშნავია ამ უკანასკნელის მიერ 2001 წლის Up In Smoke Tour-ის დროს გაჟღერებული ვერსია: 

ქენდრიქ ლამარის 2014 წლის პერფორმანსი iHeart-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე: 

და დრეს პერფორმანსი მისი კომპანიის, Beats Music-ის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე: 

კომენტარები

ბოლოს დამატებული