Thumbnail

ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ შესრულებული 10 სიმღერა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პოპულარული ფეხბურთელები ხშირად სხვა, მათთვის უჩვეულო სფეროებშიც ავლენენ ნიჭს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ის შემთხვევებია, როდესაც მწვანე მინდვრის ვარსკვლავები მუსიკალური შესაძლებლობებით იწონებენ თავს. დღეს სწორედ ასეთ სპორტსმენებს გაგაცნობთ.

10. ნეიმარი

სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მუსიკისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. 2012 წელს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი პოპ შემსრულებელ მიშელ ტელოს სცენაზე შეუერთდა და მასთან ერთად სიმღერა Ai Se Eu Te Pego შეასრულა.

9. პეტერ ჩეხი

აუღებელი დარტყმების მოგერიებით განთქმული გოლკიპერი დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესანიშნავად უკრავს. 2015 წელს, ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში ყოფნისას, თანაგუნდელებთან, ალექსის სანჩესთან და ნაჩო მონრეალთან ერთად, ჩეხმა გასახდელში საშობაო მუსიკალური შოუ მოაწყო.

8. პელე

ფეხბურთის მეფეს მუსიკაშიც არაერთხელ გამოუვლენია არაჩვეულებრივი ნიჭი. ის შესანიშნავად მღერის და გიტარაზეც უკრავს. ლეგენდარული სპორტსმენი თავისუფალ დროს ძირითადად სიმღერების წერას უთმობს. პელეს რამდენიმე კომპოზიცია მისი ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის საუნდტრეკების ალბომშიცაა შესული.

7. მადრიდის "რეალი"

აქ ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი გვაოცებს მუსიკალური შესაძლებლობებით. 2016 წელს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუმ, მარსელომ, სერხიო რამოსმა და სხვა ვარსკვლავებმა ლეგენდარულ საოპერო მომღერალთან და "რეალის" თავგამოდებულ გულშემატკივართან, პლასიდო დომინგოსთან ერთად კლუბის ჰიმნის შესრულებით აღნიშნეს.

6. სლავენ ბილიჩი

სლავენ ბილიჩი განსაკუთრებით კარგად უფროსი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ. ხორვატი მცველი ინგლისური "ვესთ ჰემის" და "ევერტონის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ კი, სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და მშობლიურ ნაკრებს ედგა სათავეში.  წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ფეხბურთელი ბობ დილანის ჰიტს ასრულებს.

5. იტალიის ეროვნული ნაკრები

ფეხბურთის მოყვარულებს ამ ვიდეოს ხილვა, დიდი ალბათობით, ნოსტალგიურ განწყობაზე დააყენებს. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის წინ იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ადრიანო ჩელენტანოს ჰიტი Azzuro შეასრულა. დელ პიერო, კანავარო, გატუზო, პირლო და სხვები - მოკლედ, ფეხბურთის ლეგენდების ნამდვილი თანავარსკვლავედია. 

4. პოლ გასკოინი

ინგლისის ნაკრების, "ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" ვარსკვლავმა და შეთავსებით, გამოუსწორებელმა ხულიგანმა, პოლ გასკოინმა 1990 წელს მუსიკაშიც სცადა ბედი. შედეგად ჩაწერილი სიმღერა და კლიპი კი ზუსტად ისეთია, როგორსაც მისნაირი ჭკუამხიარული ადამიანისგან უნდა ელოდოს კაცი. 

3. დიეგო მარადონა

გენიალურმა ფეხბურთელმა და განუმეორებელი ქარიზმის მქონე პიროვნებამ, დიეგო არმანდო მარადონამ ეს სიმღერა მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ გადაღებული ფილმისათვის შეასრულა. Le Mano de Dios ესპანურად "ღმერთის ხელს" ნიშნავს. სწორედ ასე მოიხსენიებენ ლეგენდარული არგენტინელის მიერ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისის ნაკრების კარში ხელით გატანილ მეორე გოლს.

2.  კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუსა და მისი თანაგუნდელების მიერ შესრულებული სიმღერა ზემოთ უკვე ვიხილეთ. თუმცა, ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი ნამდვილად იმსახურებს, პერსონალურადაც იყოს წარმოდგენილი ჩვენს სიაში. ბანკის Espirito Santo სარეკლამო ვიდეორგოლისათვის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პოპულარული სიმღერა Amore Mio შეასრულა.

1. რონალდინიო

ფეხბურთის სამყაროში ძნელად თუ მოიძებნება პიროვნება, რომელიც ისეთი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, როგორც რონალდინიო. 2016 წელს მწვანე მოედნის მარადმომღიმარი ჯადოქარი ბრაზილიელ პოპვარსკვლავს, ვესლი საფადაუს სცენაზე შეუერთდა და მასთან ერთად კომპოზიცია Solteiro de Novo შეასრულა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული