Thumbnail

პოპვარსკვლავობაზე მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს. გამონაკლისი არც სამხრეთკორეელები არიან. თუმცა, კორეულ შოუბიზნესში დამკვიდრებულ სტანდარტებზე მოსარგებად, არტისტებს არაერთი სიძნელის გადალახვა უწევთ. მათი "მომხიბვლელი" ცხოვრების უკან ხშირად ნამდვილი ჯოჯოხეთი იმალება. 

ამიტომ მოემზადეთ, დღეს სამხრეთკორეული მუსიკალური ინდუსტრიის ბნელ მხარეებს გაგაცნობთ, რომლებმაც შესაძლოა, კეიპოპზე თქვენი წარმოდგენები სამუდამოდ შეცვალოს.

კაბალური კონტრაქტები

სანამ კონტრაქტზე ხელის მოწერას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, პოპვარსკვლავობის სანაცვლოდ, წახვალთ თუ არა არაერთ უსიამოვნო დათმობაზე. 

როგორც წესი, ლეიბლები არტისტებთან გრძელვადიან ხელშეკრულებებს აფორმებენ. პირობების თანახმად, კეიპოპ ბენდის წევრის ამპლუაში თქვენ 7-დან 15 წლამდე პერიოდის გატარება მოგიწევთ. კომპანიები პირობას დებენ, რომ ცნობად სახედ გაქცევენ, სანაცვლოდ კი თქვენი ცხოვრების თითოეული დეტალის გაკონტროლების უფლებას ითხოვენ.

პოპულარული კეიპოპ ბენდის JJCC ყოფილი წევრი პრინს მაკი ასეთ კონტრაქტებს "მონურს" უწოდებს. მისი თქმით, დამწყებ მუსიკოსებს არაადეკვატურად ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის გავლა უწევთ და გაუთავებელ რეპეტიციებსა თუ ვარჯიშში შესაძლოა, 10 წელზე მეტიც გაატარონ.

პრინს მაკი კორეული შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ანაზღაურების საკითხსაც ასახელებს. როგორც წესი, მუსიკოსს შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი ერგება. ჯგუფის შემთხვევაში კი, მის წევრებზე ეს თანხა თანაბრად ნაწილდება. ამასთანავე, კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არტისტებს მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ლეიბლის მიერ დახარჯული თანხის ანაზღაურებაც ევალებათ. 

სექსი პოპულარობის სანაცვლოდ

ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კორეელი მუსიკოსების ნაწილი მიზნის მისაღწევად პროდიუსერებთან და ქასთინგის ხელმძღვანელებთან სექსზეც არ ამბობს უარს. ამ პრაქტიკას კეიპოპში "თავდებში ჩადგომა“ ან "გარიგება" ეწოდება. 

სამხრეთ კორეის სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის ხელმძღვანელს პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო 20 თვიანი პატიმრობაც კი შეუფარდა. როგორც აღმოჩნდა, ის კომპანიაში დასაქმებულ გოგონებს მეძავებად ამუშავებდა. 

ეს ყველაფერი კი სტერეოტიპებს აძლიერებს. შედეგად, 2015 წელს, პოპ ჯგუფის Oh My Girl წევრებს ლოს ანჯელესის აეროპორტში 15 საათის გატარება მოუხდათ. ჩემოდნებში აღმოჩენილი სექსუალური  კოსტიუმების გამო, სამართალდამცველებს ისინი მეძავები ეგონათ. მათი თქმით, გოგონები ერთმანეთს "დებს" უწოდებდნენ (კორეაში ახლო მეგობრებს სწორედ ასე მიმართავენ), რამაც ეჭვი გააძლიერა. საბოლოოდ მომღერლები სამშობლოში გააბრუნეს.

პლასტიკური ოპერაციები 

ცნობილია, რომ პლასტიკურ ქირურგიას ყოველი მესამე სამხრეთკორეელი ქალი მიმართავს. მაშინ, როდესაც აშშ-ის ოცი მოქალაქიდან ასეთი ოპერაცია მხოლოდ ერთს აქვს გაკეთებული.

კორეაში დასავლური თვალის ჭრილი, პატარა სახე და ცხვირი ძალზედ პოპულარულია. ამიტომაც, პოპვარსკვლავები ვიზუალური "სრულყოფილების" მისაღწევად ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ხშირად სტუმრობენ. 

არის შემთხვევები, როდესაც პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არტისტს ლეიბლი და პროდიუსერი აიძულებს. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რადგანაც მათი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ანტიფანებისგან მომავალი საფრთხეები

კეიპოპში ხშირია შემთხვევები, როდესაც ანტიფანები თავიანთ საძულველ მუსიკოსს ზიანს აყენებენ. ისინი არტისტებს ჭორებს უვრცელებენ, ან სულაც მათ მოკვლას ცდილობენ.

ბოიბენდის g.o.d წევრმა იუნ ქე სანგმა ერთ-ერთი ანტიფანისგან "საჩუქრად" მოწამლული სასმელი მიიღო. მისი დაგემოვნების შემდეგ, მუსიკოსის დედა საავადმყოფოში მოხვდა.

ჯგუფიდან 2PM ჯეი პარკის წასვლის შემდეგ კი, განაწყენებულმა თაყვანისცემლებმა შემსრულებლის თვითმკვლელობის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ხელი 3,000-მა ადამიანმა მოაწერა.

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ფანები

კეიპოპ ვარსკვლავად ყოფნა მარტივი არაა. არტისტს თვითკონტროლი და თმენის ვალდებულება მოეთხოვება, რადგან შესაძლოა, მის მიერ დაშვებულმა სულ მცირე შეცდომამაც კი ფანები "ჭკუიდან შეშალოს". 

სამხრეთ კორეაში სპეციალური ტერმინიც კი არსებობს - "სასენგი", რომელიც ისეთ თაყვანისმცემელს აღნიშნავს, რომელსაც საკუთარი კერპი აკვიატებული ჰყავს, გამუდმებით უთვალთვალებს, მის პირად სივრცეში შეჭრას ცდილობს და სულაც არ მიიჩნევს, რომ ამით, შესაძლოა, კანონს არღვევდეს. 

სწორედ ასეთმა სასენგმა ბოიბენდ TVXQ-ს აპარტამენტებში მოსასმენი აპარატურა განათავსა და მუსიკოსების სატელეფონო ზარებს იწერდა. 

მეორემ ჯგუფ 2PM-ის წევრ თექიონს ბინასა და მანქანაში ფარული კამერა დაუმონტაჟა. თუმცა, ამით არ შემოიფარგლა და პერიოდულად თავისივე მენსტრუალური სისხლით დაწერილ წერილებსაც უგზავნიდა. 

მუდმივი უძილობა და მკაცრი დიეტები

კეიპოპ ვარსკვლავებისთვის ძილი ნამდვილი ფუფუნებაა. 20-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში მუსიკოსები დასვენებას მხოლოდ მცირე ხნით ახერხებენ. დარჩენილ დროს კი ხმის ჩამწერ სტუდიაში ან რეპეტიციებზე ატარებენ. 

KpopStarz Reports-ის ინფორმაციით, ცნობილი ბენდის SHINee წევრ მინჰოს, რომელსაც დასასვენებლად რამდენიმე დღე მისცეს, მეგობრის სახლში 48 საათის განმავლობაში ეძინა.

უძილობის გარდა, სამხრეთკორეელი მუსიკოსები მუდმივი დიეტითაც იტანჯებიან. დამკვიდრებული სტანდარტით, კეიპოპ არტისტები უკიდურესად გამხდრები უნდა იყვნენ. ზოგჯერ ვარსკვლავებს დროის მცირე მონაკვეთში წონის მნიშვნელოვანი კლება უწევთ.

Hello K-Pop-ის ცნობით, არაერთი კეიპოპ ვარსკვლავი აღიარებს, რომ მუდმივად მკაცრ დიეტაზე ყოფნა მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. 

კორეაში წონაში დასაკლებ ყველაზე პოპულარულ საშუალებად საზამთროს, კიტრისა და სალათის ფოთლების დიეტა ითვლება. გავრცელებულია ასევე ე.წ "ქაღალდის ჭიქის" დიეტა, როდესაც პატარა ზომის ქაღალდის ჭიქაში ჯანსაღ საკვებს ათავსებენ და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მას მიირთმევენ. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ პოპ ჯგუფის Nine Muses წევრები.

რასიზმი

ბევრი კეიპოპ არტისტი აღიარებს, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ერთხელ მაინც გამხდარა. ჯგუფის Miss A ყოფილი წევრის თქმით, კარიერის დასაწყისში, ჩინური წარმომავლობის გამო დაცინვის ატანა ხშირად უწევდა.  

2017 წელს, ჯგუფის Mamamoo  წევრებმა სეულში გამართულ კონცერტზე ბრუნო მარსის სიმღერა Uptown Funk შეასრულეს. გოგონებს ბრუნოს მსგავსად ეცვათ და სახე შავად ჰქონდათ შეღებილი. პერფორმანსმა კანის ფერზე ხაზგასმის გამო, ბენდის თაყვანისცემლები გააღიზიანა. მუსიკოსებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. 

რამდენიმე წლით ადრე კი, ბოიბენდის Big Bang ლიდერი ჯი-დრეგონი ფლორიდაში პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ტრეივონ მარტინის მკვლელობას დასავლელ არტისტებთან ერთად აპროტესტებდა. მან ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელშიც გარდაცვლილის მგავსად ჰუდი ეცვა და სახე შავად ჰქონდა შეღებილი. კეიპოპ ვარსკვლავი რასიზმში დაადანაშაულეს, თავად დრეგონმა კი ამ ყველაფერს "დიდი გაუგებრობა" უწოდა და პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა. 

ფიზიკური ტრავმები

ტკივილმა სცენაზე გამოსვლასა და სიმღერაში ხელი არ უნდა შეგიშალოს - ასეთია სამხრეთკორეულ შოუბიზნესში მოქმედი კანონი. 

პოპ ბენდ Gfriend-ის წევრმა სინბიმ სიმღერის Navillera შესრულებისას მხარი დაიზიანა. იმის მიუხედავად, რომ მუსიკოსს ეტყობოდა, რა ტკივილის ატანაც უწევდა, მას პერფორმანსში მონაწილეობა არ შეუწყვეტია.

ბოიბენდ BTS-ის წევრს ჯონგუქს კონცერტის დროს დაზიანებული ხელიდან სისხლდენა დაეწყო, თუმცა, მუსიკოსმა მაყურებლების წინაშე გამოსვლა განაგრძო. 

2016 წელს კი, ჯგუფ Stellar-ის წევრ გაიონგს ერთ-ერთ ფესტივალზე გამოსვლა კისრის ორთოპედიული კორსეტით მოუწია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული