Thumbnail

სიახლე არ არის, რომ პოპ მუსიკაში კარგი ვოკალური მონაცემების გარდა, დიდი მნიშვნელობა მომღერლის ვიზუალურ მხარესა და ჩაცმულობას ენიჭება. ამიტომაც, ცნობილი შემსრულებლები მუდმივად ცდილობენ იმ დიზაინერების სამოსი მოირგონ, რომლებსაც ორიგინალური და გემოვნებიანი ხედვა აქვთ.

ჩვენი ქვეყანა თანამედროვე მოდის რუკაზე ბოლო წლებია გამოჩნდა. თბილისში გამართულ ჩვენებებსა თუ ქართველ დიზაინერებზე ისეთი გამოცემები წერენ, როგორებიც არიან Vogue ან Elle Magazine.

საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი დემნა გვასალიაა, რომელიც 2015 წლიდან ფრანგული მოდის სახლის "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია. ის ასევე თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან, ერთად საკუთარ ბრენდს Vetements ფლობს.

კრიტიკოსები ხშირად უწოდებენ გვასალიას რევოლუციურ ხელოვანს, რომელმაც მოკლე პერიოდში მოდის ინდუსტრიაზე გავლენის მოხდენა შეძლო.

"ვეტმანი" ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია, რომლის მომხმარებელიც არაერთი ცნობილი სახეა, მათ შორის მუსიკოსები რიანა, ქანიე ვესტი, ლიამ პეინი და სელინ დიონი.

2017 ქართული მოდის სამყაროსთვის გამორჩეულ წლად დარჩება. შარშან ადგილობრივი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო.

გასულ წელს ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა კეტი პერიმ თავი ახალგაზრდა დიზაინერ დებთან, გვანცა და ნინა მაჭარაშვილებთან თანამშრომლობით დაგვამახსოვრა. მუსიკოსმა არჩევანი გოგონების ბრენდის MACH & MACH შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან რამდენიმე მოდელზე შეაჩერა.

მეხუთე სტუდიური ალბომის Witness მხარდასაჭერი პროექტის Witness World Wide ფარგლებში კეტი პერი მაყურებლის წინაშე MACH & MACH-ის ვერცხლისფერ კომბინიზონში გამოწყობილი წარდგა.

მუსიკოსს ქართველმა დიზაინერებმა სიმღერისთვის Swish Swish სპეციალური წითელი კოსტუმებიც შეუკერეს, რომლებიც კეტის ავსტრალიურ "ვოისსა" და ამავე კომპოზიციაზე გადაღებულ კლიპშიც ეცვა.

ავსტრალიაში ყოფნისას შემსრულებელს არც MACH & MACH-ის ვარდისფერ პალტოში პოზირება დავიწყებია.

ლედი გაგა თანამედროვე შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო არტისტად ითვლება, რადგანაც ჩაცმის ეპატაჟური სტილით გამოირჩევა. შემსრულებელი ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა "შანელი", "ვერსაჩე" და "არმანი". შარშან მუსიკოსმა ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელშიც გიორგი ქებურიას 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან თეთრი კაბა აცვია.

გიორგი ქებურია ერთადერთი ქართველი დიზაინერი არ არის, ვისი შექმნილი სამოსიც "მონსტრების დედამ" მოირგო. 2017 წელს ლას ვეგასში გამართულ ლაიონელ რიჩის კონცერტს გაგა "ავთანდილის" კაბაში გამოწყობილი დაესწრო. სამოსი ავთანდილ ცქვიტინიძის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც გასული წლის ნოემბერში Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში წარადგინა.

On the way to see Lionel. 🌹

A post shared by Lady Gaga (@ladygaga) on

წელს სუპერვარსკვლავი პაპარაცებმა ნიუ იორკში, ცნობილი პროდიუსერის ბობი კემპბელის დაბადების დღეზეc დააფიქსირეს. მომღერალი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას ლურჯი ტყავის კაბით იწონებდა თავს.

აპრილში კი გაგამ ინსტაგრამზე გაავრცელა ფოტოები, რომელებშიც ასევე ინგოროყვას 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან თეთრი ქურთუკი აცვია.

ცქვიტინიძის სამოსზე არჩევანი გასულ წელს კიდევ ერთმა პოპ ვარსკვლავმა, მერი ჯეი ბლაიჯმაც შეაჩერა. ამერიკული გამოცემის Essence მიერ გამართულ ფოტოსესიაზე მუსიკოსს "ავთანდილის" ჯინსის ქურთუკი და შარვალი ეცვა.

2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ჰიტის Havana ავტორი წარმოშობით კუბელი სუპერვარსკვლავი კამილა კაბეიოა. კომპოზიცია აშშ-ის მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერიც გახდა. ჩანაწერის მსოფლიო პრემიერა ჯიმი ფელონის შოუში შედგა, სადაც მომღერალი მაყურებლის წინაშე თამუნა ინგოროყვას წითელი ტყავის კომბინიზონით წარდგა.

2018 წელს თებერვალში კამილა იაპონიას ეწვია. ერთ-ერთ ტელეშოუში სტუმრობისას კი კომპოზიცია Havana გიორგი ქებურიას ბლუზაში გამოწყობილმა შეასრულა.

დემნა გვასალიას შემდეგ ყველაზე ცნობილი ქართველი დიზაინერი "მუგლერის" მოდის სახლის ყოფილი კრეატიული დირექტორი დათო კომახიძე, იგივე დევიდ კომაა. ის არაერთი ცნობილი მსახიობისა თუ მოდელის ფავორიტი დიზაინერია. უკვე წლებია, მისი ერთგული კლიენტი ამერიკელი მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესია, რომელიც დათოს კაბებში გამოწყობილი დაჯილდოებებსა თუ პრესტიჟულ საღამოებზე ხშირად ჩნდება.

"დევიდ კომას" ბრენდის ერთგული მომხმარებელია ასევე ავსტრალიური პოპის დედოფალი კაილი მინოუგი.

ვინც მუსიკალურ დაჯილდოებებს სისტემატურად ადევნებს თვალს, 2009 წელს ევროპული MTV-ის ცერემონიალზე (EMA) ბიონსეს ჩაცმულობა არ გამოეპარებოდა. ის ღონისძიებაზე ასევე კომახიძის კაბებში გამოწყობილი გამოჩნდა.

კომას გამორჩეული ხედვა აქვს. მას ესთეტიკურად დახვეწილი ქალის სამოსის შექმნა იდეალურად გამოსდის. ამიტომაც ამ დიზაინერის კაბებით ისეთი ცნობილი არტისტები ინტერესდებიან, როგორებიც არიან რიანა, ქეთი მელუა, ალიშა კისი, ტეილორ სვიფტი და სელენა გომესი.

კაბების გარდა, ცნობილი მუსიკოსები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარებითაც იწონებენ თავს. გასული წლის ჰიტი გიორგი ქებურიას სათვალე გახლდათ, რომელიც არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო.

2017 წელს ბრიტანული გამოცემისთვის Dazed & Confused გამართულ ფოტოსესიაზე ბარბადოსელი სუპერვარსკვლავი რიანა ქებურიას სათვალით პოზირებდა. გიორგის აქსესუარით Surface Magazine-ის 2018 წლის იანვრის ნომერში ამერიკელი არტისტი სოლანჟიც ვიხილეთ.

ბიორკი ბრიტანელი დიზაინერის, ალექსანდრ მაკქუინის მუზა იყო. ისლანდიელი არტისტი ჟან-პოლ გოტიესთანაც თანამშრომლობდა. კომპოზიციის The Gate ვიდეოკლიპისთვის კი "გუჩის" კრეატიულმა ხელმძღვანელმა ალისანდრო მიკელემ სპეციალური კოსტუმიც შეუქმნა, რომლის ხელით შეკერვასაც სამი კვირა დასჭირდა.

შარშან ბიორკი საქართველოში იმყოფებოდა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე პოპ ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე ირმა შარიქაძის ბრენდის Irma de Flore თმის აქსესუარით წარდგა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული