Thumbnail

"ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე არ მომწონს ასეთი მიდგომა. დამერწმუნეთ, ეს გაცილებით მნიშვნელოვანი რამაა",- ლეგენდარული მოთამაშისა და მწვრთნელის, ბილ შენკლის ეს ფრაზა იდეალურად გამოხატავს მილიონობით ადამიანის დამოკიდებულებას სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის მიმართ. 

განსაკუთრებით მძაფრად საფეხბურთო სიგიჟე მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში იჩენს თავს. მუსიკა ამ ერთთვიანი სპორტული დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. 1962 წლიდან მოყოლებული, ყოველ მუნდიალს საკუთარი ოფიციალური სიმღერა ახლავს თან და გულშემატკივრებისთვის თითოეული მათგანი დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. ერთი სიტყვით, წარმოგიდგენთ ათ საუკეთესო ჰიმნს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში.

10. Ennio Morricone – El Mundial (არგენტინა 1978) 

1978 წელს არგენტინაში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა პოლიტიკური თუ სპორტული სკანდალების ფონზე ჩაიარა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიების საუნდტრეკად კი იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მიერ დაწერილი კომპოზიცია იქცა. ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნის შექმნა განსაკუთრებული მომენტი გახდა ლეგენდარული მაესტროს ისედაც ბრწყინვალე კარიერაში.

9. Stephanie Lawrence – A Special Kind of Hero (მექსიკა 1986)

დიეგო მარადონასა და კომპანიის ტრიუმფით დასრულებული 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი ინგლისელმა მომღერალმა და მსახიობმა, სტეფანი ლოურენსმა შეასრულა. სიმღერა სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა, ნიკ კერშოუმ დაწერა, პროდიუსერად კი ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის Yes კეიბორდისტი, რიკ უეიქმენი მოგვევლინა.

8. Anastacia – Boom (იაპონია / სამხრეთ კორეა 2002)

"ფიფამ" ტურნირის გასამართად არჩევანი ამ ქვეყნებზე აზიაში ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით შეაჩერა. ჩემპიონატისთვის ოფიციალური ჰიმნი ანესთეიშამ ჩაწერა. ამერიკელი პოპ ვარსკვლავი იმ დროისათვის კარიერული წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა. ტურნირი მოულოდნელობებითა და სკანდალებით გამოირჩეოდა. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა სამიდან ორი მატჩი წააგო, ერთი ფრედ დაამთავრა, ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა და ქვეჯგუფშიც ჩარჩა. თასი კი ბრაზილიამ აღმართა. 

7. Youssou N’Dour & Axelle Red – La Cour des Grands (საფრანგეთი 1998)

ყველაზე პოპულარული აფრიკელი არტისტიდან სენეგალის ტურიზმის მინისტრობამდე იუსუ ნ’დურმა ძალზედ საინტერესო გზა გაიარა. მისი კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად კი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ჰიმნის ჩაწერა რჩება. კომპოზიციაში მასთან ერთად ბელგიელი მომღერალი, აქსელ რედი მონაწილეობს.

6. Santana & Wyclef Feat. Avicii & Alexandre Pires – Dar um Jeito (ბრაზილია 2014)

2014 წელს ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისათვის (რომელიც მასპინძლებისთვის კატასტროფულად დასრულდა) ჩაწერილმა ჰიმნმა სხვადასხვა თაობისა და ჟანრის წარმომადგენლები გააერთიანა - ლეგენდარული გიტარისტი კარლოს სანტანა, რეპერი ვაიკლეფ ჟანი, პოპ შემსრულებელი ალექსანდრე პირესი და დიჯეი ავიჩი.

5. K'naan – Wavin’ Flag (სამხრეთ აფრიკა 2010)

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ჩემპიონატის ხსენებისას პირველივე, რაც გონებაში ამოტივტივდება, წყეული ვუვუზელას ხმაა. თუმცა, რამდენადაც საშინლად ეს საყვირები ჟღერდნენ, იმდენად სასიამოვნოდ მოსასმენი იყო ეს კომპოზიცია. ბრწყინვალე მარკეტინგით განთქმული "კოკა-კოლას" მესვეურებმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ბრენდის პრომოს საუნდტრეკად კანადელი რეგეი არტისტის Wavin’ Flag შეარჩიეს.

4. Il Divo & Toni Braxton – The Time of Our Lives (გერმანია 2006)

ჯგუფს Il Divo და პოპ მომღერალ ტონი ბრექსტონს ერთი რამ აერთიანებთ - ორივე არტისტმა პოპულარობა დიდწილად დაიან უორენის მიერ დაწერილი კომპოზიციის Unbreak My Heart (ესპანურად Regresa a mi) შესრულებით მოიპოვა. 2006 წელს გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატისათვის მათ მიერ ერთობლივად ჩაწერილი ჰიმნი ვოკალური ჰარმონიის ბრწყინვალე ნიმუშია.

3. Shakira & Freshlyground – Waka Waka (სამხრეთ აფრიკა 2010)

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ჰიმნებიდან ქეი'ნაანის ტრეკი აგვერჩია, თუ შაკირას ჰიტი. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ სიაში ორივე უნდა ყოფილიყო . Waka Waka 80-იანი წლების კამერუნული ბენდის Golden Sounds-ის სიმღერის Zangalewa-ს მოტივებზე შეიქმნა. ოფიციალურ ვიდეოში კი ლიონელ მესისთან, დანი ალვეშთან და სხვა პოპულარულ ფეხბურთელებთან ერთად, კატალონიის „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი, ჟერარდ პიკეც იღებს მონაწილეობას. თუ რატომ, ამას ალბათ თავადაც ხვდებით. 

2. Los Ramblers – El Rock del Mundial (ჩილე 1962)

მსოფლიო ჩემპიონატისათვის ოფიციალური ჰიმნის შექმნის ტრადიცია სწორედ ჩილეს 1962 წლის მუნდიალიდან იღებს სათავეს. პირველი ასეთი კომპოზიცია კი ჯაზ როკ ჯგუფს Los Ramblers ეკუთვნის. ჩვენი სიის მეორე პოზიციაზე გასული El Rock del Mundial არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობით, არამედ წმინდა მუსიკალური ღირებულებითაც გამოირჩევა.

1. Edoardo Bennato & Gianna Nannini – Un’estate Italiana (იტალია 1990)

ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში და ყველა ღირსებით შემკული ოფიციალური ჰიმნი. პრინციპში, გასაკვირიც არაფერია. ამ კომპოზიციის დაწერაში ხომ ლეგენდარულმა იტალიელმა მუსიკოსმა, ჯორჯო მოროდერმა მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო საფეხბურთო დღეებსა და დაუვიწყარ სანახაობას გისურვებთ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული