Thumbnail

1970-იანი წლების მიწურულს, ნიუ იორკში პირველობისათვის დიჯეებს შორის დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. საუკეთესოს გამოსავლენად, ოპონენტები ხმის აპარატურას ერთმანეთის პირისპირ ალაგებდნენ ისე, რომ მათ შორის ცეკვისთვის საკმარისი სივრცე დარჩენილიყო. ჟიურის ფუნქციას კი იქ შეკრებილი მსმენელი ასრულებდა, რომელიც გამარჯვებულს ყვირილითა და შეძახილით ირჩევდა. დაპირისპირების საბოლოო შედეგი დამოკიდებული იყო როგორც არტისტების შესაძლებლობებზე, ისე მათ მიერ ხელით აწყობილი საუნდსისტემის სიმძლავრეზე. მსგავსი პაექრობები ჰიპ ჰოპის ისტორიაში "ბეთლის" სახელით დამკვიდრდა.

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა

Afrika Bambaataa და Kool Herc

ერთ-ერთი ასეთი ბეთლი ჰიპ ჰოპის პიონერებს აფრიკა ბამბაატასა და ქულ ჰერქს შორის გაიმართა. შეჯიბრის დროს ქაოსის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე დაუწერელი კანონი მოქმედებდა. მათ შორის ყველაზე მთავარი დიჯეების მიერ თავიანთი სეტების მონაცვლეობით შესრულება იყო. ბამბაატა, რომლის ტექნიკაც ჰერქთან შედარებით უფრო დახვეწილი იყო, მისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვისას, ცდილობდა მუსიკა უხეშად არ გაეწყვიტა და დაკვრას განაგრძობდა. ლოდინით დაღლილმა ჰერქმა, რომელიც ბრონქსში ყველაზე მძლავრ ხმის აპარატურას ფლობდა, ორჯერ მოუწოდა მოწინააღმდეგეს საუნდსისტემის გათიშვისკენ, მაგრამ ამაოდ - ბამბაატა ჯიუტად არ ჩერდებოდა. მაშინ ჰერქმა ბასს ბოლომდე აუწია და მეტოქის დინამიკების ხმა საერთოდ ჩაახშო. ეს ბეთლში გამარჯვებას ნიშნავდა.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

ერთ-ერთი პირველი ხელით აწყობილი ხმის სისტემა

ქულ ჰერქი თავის წვეულებებზე, ბრეიქებს შორის შუალედებში, მიკროფონისა და ექოს ეფექტის გამოყენებით, აუდიტორიას მარტივი, გარითმული ფრაზებით მიმართავდა. მას შემდეგ, რაც ჰერქი დასაკრავად ნიუ იორკის კლუბებში მიიწვიეს, მან გადაწყვიტა სცენაზე ემსი (MC, Master of Ceremonies ანუ ცერემონიის ოსტატი) დაეყენებინა, რომელიც დამსწრე საზოგადოებასთან ურთიერთობას საკუთარ თავზე აიღებდა და დიჯეის ფირსაკრავებზე სრულად კონცენტრირების საშუალებას მისცემდა. 

რეპერი, როგორც დიჯეის პროტეჟე, მის სახელს ხშირად იმეორებდა და მოცეკვავეთა გართობას გარითმული ფრაზებით ცდილობდა. შედეგად, ჰიპ ჰოპ საღამოები უფრო მრავალფეროვანი გახდა. ემსი სულ უფრო და უფრო ხშირად ერთვებოდა რეჩიტატივით და მის მიერ წარმოთქმული ტექსტიც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა. 

ჰიპ ჰოპის პოპულარიზაციასთან ერთად, არტისტებს გაზრდილ კონკურენციასთან გამკლავება ახალ-ახალი ხერხებით უწევდათ. ამიტომაც, თანდათან დიჯეებმა არა მხოლოდ კლუბებში, არამედ ბეთლებზეც რამდენიმე ემსისგან დაკომპლექტებული ჯგუფებით დაიწყეს გამოსვლა. რეპერები დიჯეის მიერ გაჟღერებულ რიტმებზე, რიგ-რიგობით წარმოთქვამდნენ გარითმულ წინადადებებს და სინქრონულად ცეკვავდნენ. 

Coke La Rock და Kool Herc

ქულ ჰერქს კოუქ ლა როკი უმაგრებდა ზურგს. გრენდმასტერ ფლეშს ჯგუფი The Furious Five. აფრიკა ბამბაატას კი რამდენიმე ასოცირებული კოლექტივი ჰყავდა, რომლებიც ზულუს ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდნენ. 

1970-იანი წლების დასასრულს, პიონერი დიჯეები უკვე რეგულარულად უკრავდნენ ნიუ იორკის კლუბებში. ამ დროს სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ საფუძველი ეყრებოდა სრულიად ახალ კულტურას, რომელიც არსებულ ჟღერადობას საკუთარ გარემოს, გეტოს არგებდა. თუმცა, ჰიპ ჰოპი ჯერ მხოლოდ საკლუბო სივრცით შემოიფარგლებოდა და საკუთარი მუსიკის შექმნამდე გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი.

იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი არტისტები ბრონქსში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, არავის უჩნდებოდა განცდა, რომ რაიონის გარეთ ამ ყველაფერს კომერციული წარმატების მოტანა შეეძლო. თუმცა, 1979 წლის ზაფხულის ერთ დღეს, რადიოში ამერიკული დისკო ჯგუფ Chic-ის სიმღერის Good Times სემპლის ფონზე პირველად გაისმა რითმა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

Rapper’s Delight

Sugarhill Records-ის დამაარსებელს, სილვია რობინსონს 18 წლის შვილი ჰყავდა და მისი წყალობით მაშინდელი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ სცენის შესახებ საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული. ბრონქსში ჩასახული კულტურის ადრეული პერიოდიდანვე გაცნობა, სილვიას მიმდინარე მოვლენების გაანალიზებაში დაეხმარა. მოხერხებული მენეჯერი თავიდანვე მიხვდა, რომ ამ ყველაფრის კომერციალიზაცია საკმაოდ სარფიანი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, შვილის დახმარებით სამი რეპერი შეკრიბა და ჯგუფი The Sugarhill Gang დააარსა.

The Sugarhill Gang

"შუგარჰილ გენგის" Rapper’s Delight პირველი ჰიპ ჰოპ ტრეკი იყო, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. კომპოზიციამ ჩარტში 36-ე ადგილი დაიკავა, რაც იმ დროისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო.

"როდესაც ეს სიმღერა პირველად მოვისმინე, რეპერების ვინაობას გარშემომყოფებს ვეკითხებოდი. ისინი ბრონქსის სცენაზე სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ", - იხსენებს გრენდმასტერ ფლეში. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი Big Bank Hank დაცვის თანამშრომლად იმ დისკო კლუბში მუშაობდა, რომლის სცენასაც ქულ ჰერკი და პოპულარული რეპ კოლექტივი Cold Crush Brothers რეგულარულად სტუმრობდნენ. ბიგ ბენკ ჰენკის მიერ Rapper’s Delight-ში წარმოთქმული რეჩიტატივი სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს Grandmaster Caz-ს ეკუთვნის. ქეზის თქმით, მან ერთხელ ბიგ ჰენკს საკუთარი ტექსტებით სავსე ბლოკნოტი ათხოვა, ჰენკმა კი მისი ნდობა ბოროტად გამოიყენა. 

Cold Crush Brothers

რობინსონმა, რომელიც უბადლო ბიზნეს ინსტინქტებით გამოირჩეოდა, ჰიპ ჰოპის ისტორიაში პირველი კლიპის გადაღებაც გადაწყვიტა. მუსიკალურმა ვიდეომ Rapper’s Delight-ს კომერციული წარმატება დიდ ბრიტანეთშიც მოუტანა და ახალი კულტურა ოკეანის გაღმა გაავრცელა.

Kurtis Blow

ჰიპ ჰოპის ტრანსფორმაცია დენსფლორიდან ფირფიტამდე, რეპის ანუ ემსიინგის აღზევებას უკავშირდება. დიჯეების მიერ ენაკვიმატი არტისტებით დაკომპლექტებული ჯგუფებისთვის ასპარეზის დათმობამ, ჰიპ ჰოპ მუსიკას ვერბალური ელემენტი შესძინა. ძალიან მალე გამოჩნდნენ ისეთი რეპერებიც, რომლებიც სცენაზე არა დიჯეის ასისტენტის, არამედ შოუს მთავარი ვარსკვლავის სახით გამოდიოდნენ. პირველი ასეთი ემსი, რომელმაც საყოველთაო აღიარებას დიჯეის გარეშე მიაღწია, კერტის ბლოუ იყო.

Kurtis Blow

კერტის უოკერი, სასცენო სახელით Kurtis Blow, მუსიკით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. თავდაპირველად, ის სკოლის წვეულებებზე უკრავდა. 13 წლის ასაკში კი უკვე ყალბი პირადობა ჰქონდა და ნიუ იორკის ცნობილ კლუბებში შეპარვასაც ახერხებდა.

სკოლის ბოლო წლები მისთვის ტურბულენტური აღმოჩნდა. ჯერ ნიუ იორკის მუსიკალური სასწავლებლიდან გააგდეს მარიხუანით ვაჭრობის გამო, შემდეგ კი მსგავსი პრობლემა ახალ სკოლაშიც შეექმნა. თუმცა, მისი დირექტორი კერტისს ნიჭს ამჩნევდა და გარიცხვის ნაცვლად, სასჯელის სახით სააბიტურიენტო გამოცდა ჩააბარებინა. სწორედ ასე მოხვდა კერტისი ნიუ იორკის ერთ-ერთ კოლეჯში. 

Kurtis Blow

ამ პერიოდში კერტის ბლოუ ჰარლემისა და ბრონქსის ანდერგრაუნდ კლუბებში უკრავდა.

"იმ დროს მუსიკა ძალზედ ერთფეროვანი იყო. მე, როგორც დიჯეის, ამის შეცვლა და სიახლის შემოტანა მევალებოდა", - იხსენებს არტისტი.

ამიტომაც, კერტისმა საკუთარ სეტებში მისივე რეჩიტატივების გამიქსვა დაიწყო. რეპი უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და კლუბებიც ისეთ დიჯეებს, რომლებიც ემსიინგითაც ართობდნენ მსმენელს, დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კლუბში აღმოაჩინა ჟურნალ "ბილბორდის" ავტორმა რობერტ ფორდმა კერტისი და მისი მეგობარი, შემდგომში ლეიბლ Def Jam Recordings-ის დამაარსებელი რასელ სიმონსი.

"შუგარჰილ გენგის" წარმატებით მოტივირებულმა ფორდმა სიმონსსა და კერტისს სიმღერის ჩაწერა შესთავაზა. ასე შეიქმნა სინგლი Christmas Rappin’, რომლის ხარჯებიც ერთ-ერთმა უოლ სთრითელმა ფინანსისტმა საკუთარი ჯიბიდან დაფარა.

სიმღერის წარმატებამ ცხადყო, რომ "შუგარჰილ გენგის" კომერციული მიღწევები ერთჯერადი მოვლენა არ იყო და მათი გამეორება შეიძლებოდა. კერტის ბლოუ კი პირველი ემსი გახდა, რომელსაც მსხვილმა ხმისჩამწერმა სტუდიამ კონტრაქტი შესთავაზა.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი Kurtis Blow 1980 წელს გამოვიდა. მასში შესული Christmas Rappin’ 400,000-იანი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო მეორე სინგლმა The Breaks ჰიპ ჰოპის ისტორიაში პირველად ოქროს სტატუსი მოიპოვა. კერტისმა კი, ასევე პირველმა ჟანრის წარმომადგენლებს შორის, ჯერ აშშ-ში და შემდეგ მის ფარგლებს გარეთ საკონცერტო ტურნე გამართა. 

Planet Rock

სიმღერებმა Rapper’s Delight და Christmas Rappin’ ჰიპ ჰოპის შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინეს. თუმცა, ჟანრის პიონერები ამ პროცესს ეჭვის თვალით აკვირდებოდნენ. აფრიკა ბამბაატა შიშობდა, რომ მისი მუსიკის ვინილზე დაპრესვა საცეკვაო მოედნის სულისკვეთებას მოკლავდა. მას სამი წელი დასჭირდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ რელიზი და ფართი ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ.

Afrika Bambaataa

ფრიკა ბამბაატა პირველი თაობის ნიუ იორკელი დიჯეი იყო. მისი სეტები იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ ფანკის ლეგენდებს ჯორჯ კლინტონსა და ჯეიმს ბრაუნს ელექტრონული მუსიკის პიონერი Kraftwerk ენაცვლებოდა. სწორედ ამ გერმანული ჯგუფის ერთ-ერთი კომპოზიცია Trans-Europe Express გახდა ბამბაატას ტრეკის Planet Rock შექმნის ინსპირაცია.

"იმ დროს, Trans-Europe Express ყველგან ისმოდა - კლუბებში, ქუჩაში, სახლებში, მანქანებში. Kraftwerk-ს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა გავლენა მოახდინა მათმა შემოქმედებამ აფროამერიკულ კულტურაზე", - იხსენებს მუსიკოსი. 

1981 წელს, მშობლებისგან ნასესხები ხუთი ათასი აშშ დოლარით, ნიუ იორკის კიდევ ერთმა მკვიდრმა ტომ სილვერმენმა ლეიბლი Tommy Boy Records დააარსა. აფრიკა ბამბაატას პირველი სინგლის ჩაწერის იდეაც სწორედ მას ეკუთვნოდა.

"ვიფიქრე, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა Kraftwerk-ის რიტმებისა და ჟღერადობის ჩვენს უნიკალურ მუსიკალურ ხედვასთან შეთავსება", - ამბობს სილვერმენი ერთ-ერთ ინტერვიუში.

Planet Rock 1982 წელს გამოვიდა და კიდევ ერთი ჰიპ ჰოპ რელიზი გახდა, რომელიც ბილბორდის საუკეთესო 100 სიმღერას შორის მოხვდა. კომპოზიციის შექმნაში მონაწილეობა აფრიკა ბამბაატას ელექტრო-ფანკ ჯგუფის Soulsonic Force წევრებმაც მიიღეს. 

Afrika Bambaataa &  Soulsonic Force

"პლანეტ როკი" ჰიპ ჰოპისა და საცეკვაო მუსიკის ყველაზე ცნობილ სინთეზად იქცა. ის იყო პირველი ჰიპ ჰოპ სიმღერა, რომელიც საკულტო დრამ მანქანის Roland TR808 დახმარებით შეიქმნა.

“TR808 იმ დროს ახალი გამოსული იყო და მისი გამოყენება არავინ ვიცოდით. ამიტომაც, გაზეთში ნანახი განცხადებით, 20 დოლარად ხმის ინჟინერი დავიქირავეთ, რომელსაც ჩვენი იდეები ტექნიკურად უნდა განეხორციელებინა", - ჰყვება სიმღერის პროდიუსერი არტურ ბეიკერი.

სწორედ ამ ტრეკში დრამ მანქანის საშუალებით მიღწეულმა ჟღერადობამ მოახდინა უდიდესი გავლენა ისეთი არტისტების სტილზე, როგორებიც იყვნენ Run DMC. ამასთანავე, თუ "პლანეტ როკამდე" მუსიკოსები ინსტრუმენტალის შესაქმნელად გრძელ მუსიკალურ ამონარიდებს იყენებდნენ, ბამბაატამ სემპლების ხანგრძლივობა მაქსიმალურად შეამოკლა.

შედეგად, ბამბაატას მიერ დამუშავებულ მონაკვეთებსა და "კრაფტვერკის" ორიგინალურ კომპოზიციას შორის მსგავსების პოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამის მიუხედავად, გერმანული ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ ისინი "პლანეტ როკის" თანაავტორებად უნდა დასახელებულიყვნენ და ფინანსური მოგებაც ენახათ. მათ ბამბაატას სასამართლოშიც კი უჩივლეს, თუმცა უშედეგოდ. 

"პლანეტ როკის" ინოვაციურმა ჟღერადობამ ჰიპ ჰოპ კულტურაში ელექტრონული მუსიკის ელემენტების გამოყენებას ჩაუყარა საფუძველი.

"პირველად რომ მოვისმინე, მაშინვე მივხვდი, რომ ისტორიული მნიშვნელობის სიმღერა შევქმენით", - ჰყვება  ბეიკერი.

სინგლის პრემიერა ბრონქსში მდებარე Boys’ Club-ში შედგა.

"ხალხი გაუჩერებლად ცეკვავდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინსტრუმენტული ვერსია დავუკარი. მათ ისე მოეწონათ, რომ ზედიზედ ხუთჯერ მომიწია მისი გამეორება,“ - იხსენებს ბამბაატა.

მანჰეტენზე მდებარე კლუბი The Fun House ის ადგილი იყო, სადაც Tommy Boy Records-ის არტისტები მელომანებს თავის ახალ ნამუშევრებს უზიარებდნენ. 80-იანი წლების დასაწყისისთვის კლუბში, სადაც ძირითადად საშუალო კლასის თეთრკანიანი მსმენელი იკრიბებოდა, ბრონქსელი დიჯეის გამოჩენა იშვიათობა იყო. თანაც ისეთი დიჯეის, რომელიც "კრაფტვერკის" ტრეკებს აფროამერიკელი სამოქალაქო აქტივისტის, მალკოლმ იქსის მგზნებარე გამოსვლებს უმიქსავდა. სწორედ იქ გაჟღერდა პირველად "პლანეტ როკი" ფართო აუდიტორიისთვის, რამაც გარკვეულწილად განაპირობა კიდეც მისი შემდგომი კომერციული წარმატება.

The Message 

პიონერი ბრონქსელი ჰიპ ჰოპ დიჯეების "დიდი სამეულის" კიდევ ერთი წარმომადგენელი, გრენდმასტერ ფლეში რელიზებით Rapper’s Delight-ის გამოსვლისთანავე დაინტერესდა და სილვია რობინსონის ლეიბლსაც მიაშურა.

Grandmaster Flash and the Furious 5

"შუგარჰილის" სტუდიაში მომუშავე ერთ-ერთ ხმის ინჟინერს თავში ერთი მელოდია უტრიალებდა და მისი სრულფასოვან კომპოზიციად გადაქცევა ჰქონდა ჩაფიქრებული. მან სიმღერის დემო ვერსია სილვიას მოასმენინა, რომელმაც სინგლის გამოშვება სწორედ გრენდმასტერის ავტორობით გადაწყვიტა. ასე შეიქმნა The Message. 

თუ აქამდე ჰიპ ჰოპ ნამუშევრებში პროდიუსერები მაღალტემპიან დისკო ტრეკებს იყენებდნენ, The Message-ის ავტორებმა უპირატესობა დაბალტემპიან ინსტრუმენტალს მიანიჭეს. ეს იყო მცდელობა მუსიკის დახმარებით აქცენტი არა დიჯეის პერფორმანსზე, არამედ რეპერ Melle Mel-ის რეჩიტატივზე გაკეთებულიყო. ამასთანავე, არტისტის ტექსტი, ჰიპ ჰოპის ისტორიაში პირველად, წვეულებაზე ორიენტირებულ თემებს გასცდა და რასობრივი უმცირესობების სოციალურ პრობლემებს შეეხო.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ჰიპ ჰოპს?

რიგითი ამერიკელი კვირა საღამოს ბეისბოლის ტრანსლაციის ყურებისას თუ ნახავდა ცეცხლის ალში გახვეულ ბრონქსს. "მესიჯი" კი, ზედმიწევნით კარგად შერჩეული სახელით, ის სიმღერა იყო, რომელიც ფართო საზოგადოებას ამ უბნის მაცხოვრებლების გასაჭირს და მის გამომწვევ მიზეზებს აცნობდა. ის იყო ერთგვარი კატალიზატორი იმ პარადიგმის ცვლილებისა, რაც ჟანრმა 1980-იანი წლების დადგომასთან ერთად განიცადა - დიჯეიზე ორიენტირებული მუსიკიდან, ჰიპ ჰოპი სოციალურ-პოლიტიკური დატვირთვის მატარებელ ჟანრად გარდაიქმნა. 

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი პირველი. დიჯეინგი

ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მესამე. ახალი სკოლა

► ჰიპ ჰოპის ისტორია: ნაწილი მეოთხე. Def Jam-ის ეპოქა

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული