Thumbnail

მუსიკა ჩრდილოეთ კორეაში

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

პლატონი "სახელმწიფოში" წერდა, რომ ხელოვნების ნებისმიერი ფორმა რეალობის იმიტაციაა. სწორედ ამიტომ, ფილოსოფოსი მმართველობის იდეალურ მოდელში ხელოვნების არსებობას არარაციონალურად და მიუღებლად მიიჩნევდა. თუმცა, ის მუსიკის სახით გამონაკლისს უშვებდა, რადგანაც თვლიდა, რომ სამხედრო ჰიმნებსა და პატრიოტულ ოდებს მასების სულისკვეთების ამაღლება და ამ გზით საზოგადოების პროდუქტიულობის გაზრდა შეეძლოთ. 

რამდენად სარგებლობენ დიქტატორული რეჟიმები  პლატონის იდეებით, სხვა და გაცილებით ხანგრძლივი საუბრის საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ტოტალიტარული სისტემების ხელში მუსიკა ხალხის სამართავ ინსტრუმენტად არაერთხელ ქცეულა. ამის ბევრი მაგალითი არსებობს, დაწყებული საბჭოთა კავშირითა თუ ნაცისტური გერმანიით და დამთავრებული ჩრდილოეთ კორეით.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კორეა გავლენის სფეროებად გადაინაწილეს. 1948 წელს ქვეყანა ორ ნაწილად საბოლოოდ გაიხლიჩა და 37-ე პარალელის გასწვრივ საზღვარი გაივლო. აქედან  მოყოლებული, ჩრდილოეთ კორეა თვით საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებშიც კი გაოგნებას იწვევს მისი აბსურდამდე მისული რეალობით.

ქვეყანაში ამჟამად 106 წელია, წელთაღრიცხვა ჩრდ. კორეის პირველი ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადების დღიდან, 1912 წლის 15 აპრილიდან იწყება. სახელმწიფოს ხელმძღვანელადაც ოფიციალურად ის ითვლება, იმის მუხედავად, რომ ათწლეულების წინ გარდაიცვალა. ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ 28 ოფიციალურად ნებადართულ ვარცხნილობას შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება. მარიხუანა რატომღაც ლეგალურია, ბიბლიის კითხვა და პორნოგრაფიის გავრცელება ერთნაირად ისჯება, სამხრეთ კორეას მუქარის წერილებს კი ყოველდღიურად ფაქსის მეშვეობით უგზავნიან. მსგავსი ტრაგიკომიკური შემთხვევების პარალელურად, არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი გვხვდება - უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი უმკაცრესი სასჯელი სამ თაობაზე გადადის, 200,000 ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებში, კატასტროფული სიღარიბე და ა.შ.

არსებული დისტოპიური რეალობის თვალსაჩინო მაგალითად თუნდაც ის ფაქტი გამოდგება, რომ ფხენიანის მოსახლეობას ყოველ დილის 06:00 საათზე, უცნაური, ემბიენთ ჟღერადობის მუსიკა აღვიძებს, რომელიც ძალზედ წააგავს ლეგენდარული ვანგელისის საუნდტრეკს ფილმისთვის Blade Runner. პრინციპში, ჩრდილოეთ კორეა რიდლი სკოტის კინოშედევრში აღწერილი მძიმე სურათისგან დიდად არც განსხვავდება.

ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში მოსახლეობის მხრიდან უსიტყვო მორჩილების უზრუნველსაყოფად, ჩრდილოკორეული რეჟიმი ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურასაც აკონტროლებს. ათწლეულების განმავლობაში პოპ მუსიკა უმეტესად ერთი და იმავე ფორმატით სრულდება - მომღიმარი გოგონების ანსამბლი სასულე ორკესტრის თანხლებით და პროპაგანდისტული შინაარსის მქონე სიმღერები, რომელთა სათაურებიც, როგორც წესი, ასე ჟღერს - "ჩემი ბედნიერებით სავსე სამშობლო", "ჩვენი საამაყო კარტოფილის მეურნეობა", "ჩვენი უძლეველი გენერალი" და ა.შ.

როგორც წესი, სისტემის მხრიდან ზეწოლას არტისტები კონტრკულტურით პასუხობენ, რაც არაერთხელ გამოვლენილა, მაგალითად, პანკისა თუ ჰიპ ჰოპის სახით, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში მსგავსს ვერაფერს წააწყდებით - ყველა მუსიკალური მიმართულება, რომელიც კულტურული დევიაციის სიმბოლოდ ითვლება, აქ ან მკაცრად აკრძალულია, ან საგულდაგულოდ გაწერილი ტექსტებით იქმნება. რაც შეეხება ჯაზსა და სოულს, ეს ჟანრები ფხენიანის საკონცერტო დარბაზებში მხოლოდ 1997 წლიდან გაისმის.

ჩრდილოკორეული მუსიკის სამყაროს დიდ ნაწილს რამდენიმე ნაციონალური ორკესტრი იკავებს, რომლებიც ძირითადად საზეიმო მარშებს ასრულებენ, მათ შორისაა Pochonbo Electronic Ensemble, Mansudae Art Troupe და Wangjaesan Light Music Band.

ამჟამინდელ დიქტატორს კიმ ჩენ ინს არაერთი უცნაური ახირება ახასიათებს - დაწყებული კალათბურთის ვარსკვლავ დენის როდმანთან გულითადი მეგობრობით, დამთავრებული ბალისტიკური რაკეტებისადმი ტრფიალით. თუმცა, კორეელმა ბელადმა საკუთარ თავს აჯობა, როდესაც გადაწყვიტა ჩრდილო კორეული Spice Girls შეექმნა. ასე ჩამოყალიბდა Moranbong - გოგონებით დაკომპლექტებული პირველი  პოპ კოლექტივი ქვეყნის ისტორიაში, რომლის წევრებიც სათითაოდ პირადად კიმმა შეარჩია.

დიადი ბელადის ავისმოსურნენი გულმოდგინედ ავრცელებენ ჭორს, რომლის თანახმადაც Moranbong საპასუხო სვლა იყო სამხრეთ კორეელი შემსრულებლის Psy-ის საყოველთაოდ ცნობილ მეგაჰიტზე - ბენდის დებიუტი ხომ Gangnam Style-ის გამოსვლიდან ერთ თვეში შედგა. 2015 წლის ივლისიდან გოგონები დროებით გაქრნენ სცენიდან, მაგრამ ნუ იდარდებთ, არც დაუხვრეტიათ და არც საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებიან. აი, თუ არ გჯერათ.

კიდევ ერთი უცნაურობა (თითქოს ატომური ბომბის ფონზე ფართოდ გაკრეჭილი დენის როდმანი არ კმარა) - ჩრდილოეთ კორეაში აკორდეონის ნამდვილი კულტი არსებობს. თითოეული სკოლის მასწავლებელს ევალება, იცოდეს და ასწავლოს ამ ინსტრუმენტზე დაკვრა. აკორდეონი შეგხვდებათ ქუჩებში, საზეიმო ღონისძიებებზე, აბსოლუტურად ყველგან. რა უხდება ახალი სამხედრო ბაზის გახსნის ცერემონიას ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, გულანთებული ამხანაგი აკორდეონით ხელში.

სწორედ აკორდეონზე სრულდება იმ სიმღერის ქავერ ვერსია, რომელზეც ყველაზე ნაკლებად  იფიქრებდით, რომ შეიძლებოდა ჩრდილოეთ კორეაში დაეკრათ.

ფოლკლორული მუსიკის შესახებ ინფორმაცია, პრაქტიკულად, არ მოიპოვება. სავარუდოდ, იგივე საკრავებია გავრცელებული, რაც სამხრეთ კორეაში - აიაანგი და გაეაგომი. ეს უკანასკნელი ძალზედ ლამაზი ჟღერადობით გამოირჩევა. 

თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერზე უცნაურს დღეს ვეღარაფერს წაიკითხავთ, ნამდვილად ცდებით ჩვენსა და ჩრდილოკორეელთა შესაძლებლობებში. სლოვენიაში 1980 წლიდან მოღვაწეობს ინდასტრიალ ბენდი Laibach, რომლის წევრებიც იმდენად ოსტატურად ირგებენ ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელ უნიფორმებსა და ალტერ ეგოებს, რომ ხან ნაცისტები აბრალებენ კომუნისტობას, ხანაც კომუნისტები ნაცისტობას.

ერთი სიტყვით, უკიდურესად არაორდინარული კოლექტივია და დიახ, სწორად მიხვდით, 2017 წელს Laibach გახდა პირველი უცხოური ჯგუფი, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში კონცერტი გამართა. ვისი იდეა იყო ან რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, ნუ დაგვეკითხებით, ჩვენი რეაქციაც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ამ პატიოსანი ადამიანის 01:53-ზე.

ჩვენი სტატიის ირონიული განწყობის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილოკორეელი ხალხი უმძიმეს პირობებში აგრძელებს ცხოვრებას. თუ აბზაცის ბოლოს მოცემულ ბმულზე გადახვალთ, დიდი ალბათობით, გაოგნდებით 6-7 წლის ბავშვების საოცარი მუსიკალური პროფესიონალიზმით. წარმოდგინეთ, რა ჯოჯოხეთური ზეწოლის ქვეშ უწევთ ყოფნა პატარებს, რომ ინსტრუმენტზე სინქრონულად დაკვრის ტექნიკის ასეთ დონეს მიაღწიონ. ჩვენი რედაქციის რამდენიმე წევრმა ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და დავასკვენით, რომ, დიდი ალბათობით, რეპეტიციისას არასწორად შესრულებული თითოეული ნოტის სანაცვლოდ, საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტილი მათი მშობლები თითის ან თვალის გარეშე რჩებიან (6 ბილეთი ჯოჯოხეთამდე, თუ შეიძლება).

ერთი სიტყვით, ჩრდილოკორეული რეჟიმის სახით ოცდამეერთე საუკუნეში სახელმწიფოს მხრიდან ძალმომრეობის ყველაზე მახინჯი მაგალითი არსებობას კვლავ განაგრძობს. რაოდენ ოდიოზური და სასაცილოც არ უნდა იყოს კიმ ჩენ ინის პერსონა, ფაქტია, რომ მისი კომიკური გარეგნობისა და ქცევების მიღმა ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი იმალება. ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ჩრდილოკორეელ ხალხსაც ეღირსება ადამიანის უმთავრესი მონაპოვარი - თავისუფლება, და მასთან ერთად, მუსიკა. ის მუსიკა, რომლის ტექსტებიც დიქტატორის „გმირობების“ შესახებ არ მოგვიყვება და რომლის ჟღერადობაც პარტიის პოლიტიკით აღარ იქნება განსაზღვრული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული