Thumbnail

Fleetwood Mac-ის ყოფილი გიტარისტი, დენი ქირვანი გარდაიცვალა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ჯგუფ Fleetwood Mac-ის ყოფილი გიტარისტი, დენი ქირვანი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ქირვანი Fleetwood Mac-ს 1968 წელს, 18 წლის ასაკში შეუერთდა და ჯგუფის ხუთი სტუდიური ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. 1972 წელს, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მუსიკოსსა და კოლექტივის დანარჩენ წევრებს შორის უთანხმოება დაიწყო, რის გამოც დენი ბენდიდან გააგდეს. 

დენი ქირვანი (მარცხნივ) Fleetwood Mac-ის წევრებთან ერთად, 1969 წელი. ფოტო: Chris Walter

Fleetwood Mac-იდან წასვლის შემდეგ, დენი ქირვანმა სოლო კარიერა დაიწყო. თუმცა, მის მიერ გამოშვებულ ალბომებს წარმატება არ მოჰყოლია. მითუმეტეს, რომ არტისტი კატეგორიულ უარს აცხადებდა კონცერტების ჩატარებაზე. 70-იანების ბოლოს, ფსიქიკური აშლილობის გამო, მუსიკოსი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას საბოლოოდ ჩამოშორდა. 1993 წელს კი გაირკვა, რომ ქირვანი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო წლებში, დენიმ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა და Fleetwood Mac-ის წევრებთან ურთიერთობაც აღადგინა. თუმცა, ჯგუფთან ერთად აღარ დაუკრავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული