Thumbnail

მუსიკოსები, საკუთარ ალბომებზე მუშაობისას, მათში შესატანი კომპოზიციების გარდა, ნამუშევრის ვიზუალურ მხარესაც არანაკლებ ყურადღებას უთმობენ. თუმცა, ხშირად არტისტების თამამი ხედვა ლეიბლების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება და შედეგად, თავდაპირველი ჩანაფიქრი ცენზურის მსხვერპლი ხდება. 

გთავაზობთ 9 ალბომის გარეკანს, რომელთა თავდაპირველმა ვერსიამ სხვადასხვა მიზეზის გამო დღის სინათლე ვერ იხილა.

9. The Jimi Hendrix Experience - Electric Ladyland (1968)

ელექტროგიტარის ვირტუოზის რიგით მესამე და უკანასკნელი სტუდიური ალბომის გარეკანზე შიშველი ლამაზმანები იყვნენ აღბეჭდილი, რომელთაც ხელში ჰენდრიქსის ფირფიტა ეჭირათ. თუმცა, ჯიმის ლეიბლმა ამერიკაში გასაყიდი ჩანაწერების ყდა შეცვალა და მასზე მუსიკოსის სახე გამოსახა.

8. Kanye West - My Beautiful Dark Twisted Fantasy (2010)

ალბომის ყდა, რომელზეც ქანიეზე ამხედრებული შიშველი არსება იყო გამოსახული, მუსიკოსის ლეიბლმა დაიწუნა. როგორც მისმა ავტორმა, ჯორჯ კონდომ განაცხადა, ასეთი ნახატი თავად ვესთმა მოითხოვა. მას საკუთარი ნამუშევრისთვის პროვოკაციული გარეკანი სურდა, რომელსაც ცენზურა აკრძალავდა. 

7. Guns N' Roses - Appetite For Destruction (1987)

თავდაპირველად ალბომის გარეკანზე რობოტი იყო გამოსახული, რომელიც ქალაქის ქუჩებში ქალებს აუპატიურებდა. როგორც ჩანს, ეს ყდა თვით ექსლ როუზისა და მისი თავზეხელაღებული მეგობრებისთვისაც კი ზედმეტად პროვოკაციულად ჩათვალეს და საბოლოოდ, კლასიკური თავის ქალებით ჩაანაცვლეს.

6. The Coup - Party Music (2001)

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ალბომის გარეკანი 11 სექტემბრის ტერაქტამდე შეიქმნა. გასაგები მიზეზების გამო, ჩანაწერის გამოსვლის წინ მუსიკოსებს ნახატის შეცვლა მოუწიათ და ცეცხლმოდებული ცათამბჯენების ნაცვლად ყდაზე გაცილებით უწყინარი კოქტეილის ჭიქა გამოსახეს. 

5. John Lennon & Yoko Ono - Unfinished Music No. 1: Two Virgins (1968)

60-იანი წლებში ჯონ ლენონის პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ექსპერიმენტებით იყო სავსე. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იოკო ონო და მასთან ერთად ჩაწერილი ალბომის ყდისთვის საკმაოდ თამამი ფოტოს გამოყენებაც გადაწყვიტა. თუმცა, საბოლოოდ, ჯონისა და იოკოს შიშველი სხეულები ყავისფერი ქაღალდით დაფარეს.

4. The Black Crowes - Amorica (1994)

ამ ალბომის გარეკანი იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ შეუძლიათ შეზღუდული თვალსაწიერის მქონე ადამიანებს ეფექტური ნამუშევრის გაუბრალოება. ამერიკის დროშის გამოსახულებიანი ბიკინი, საბოლოო ჯამში ბანალურ ფსევდოპატრიოტულ სამკუთხედად გადაიქცა.   

3. U2 - Achtung Baby (1991)

ალბომის თავდაპირველ გარეკანზე ირლანდიური ჯგუფის მონდომებულ თაყვანისმცემლებს ბასისტ ადამ კლეიტონის შიშველი ფოტოს ხილვა შეეძლოთ. როგორც ჩანს, ლეიბლის მესვეურები ამ ფაქტით დიდად ვერ აღფრთოვანდნენ და მისი სხეულის ინტიმური ნაწილი ფოთლით დაფარეს. 

2. The Beatles - Yesterday and Today (1966)

ალბომის თავდაპირველ ყდაზე ყასბის სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები ხორცის ნაჭრებთან და დანაწევრებულ თოჯინებთან ერთად იყვნენ აღბეჭდილი. თუმცა, ლეიბლმა ეს გარეკანი ზედმეტად ბრუტალურად მიიჩნია და საბოლოოდ, ლივერპულური ოთხეული უზარმაზარ ჩემოდანთან ერთად გამოსახეს. 

1. Roxy Music - Country Life (1974) 

ცენზურამ ბრაიან ფერის ჯგუფის ალბომის ყდიდან ბუჩქების ფონზე მდგარი ორი მოდელი გააქრო და განსაკუთრებით მდიდარი ფანტაზიის მქონე მელომანებისთვის მხოლოდ ბუჩქები დატოვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული